რატომ არ უნდა იარო elvis american diner-ში

ალბათ გახსოვთ, როგორ მიყვარს ელვისი. ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ. უფრო სწორად, მიყვარდა.

რამდენიმე თვეა, ფაქტიურად შემზიზღდა იქაურობა რამდენიმე მიზეზის გამო, რომლებიც იხილეთ ქვემოთ:

  • მიმტანების არაადეკვატური თავხედობა და კლიენტებთან მოქცევის უცნაური მეთოდები , უზრდელობაში გადასული ფამილარობა.

მაგალითად, როდესაც არ გშია და კოკაკოლას უკვეთავ და გვერდით მეგობარი გიზის: “ორი საწრუპი ხომ არ მოგიტანოთ? ერთი ჭიქიდან აბა როგორ დალევთ? ” – მიმტანის კომენტარი.

მაგალითი მეორე: მეგობარმა მოითხოვა იგივე კოკაკოლა. პასუხი მოტანაზე – მკაცრი არა. გაგვიკვირდა და მეორე მიმტანს  ვუთხარით იგივე. პასუხი ისევ არა. შემდეგ მოვიხმეთ და ვკითხეთ, რატომ არა? თურმე იმიტომ, რომ როცა ქვემოთ უკვეთავ რამეს და არ სარგებლობ მიმტანების მომსახურებით თავიდანვე, შემდეგ აღარ გაქვს უფლება მოითხოვო შეკვეთა. ძალიან იოლი იყო არასთან ერთად მცირე ახსნა-განმარტება მოეყოლებინათ, მაგრამ არა!

  • საშინლად ცუდი ვაიფაი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არ იჭერს და როცა იჭერს, უსაზიზღრესად. მგონი ამაზე საუბარიც არ ღირს, თუ რატომ უნდა ჰქონდეს ისეთ პრესტიჟულ კვების ობიექტს, როგორიც ელვისია, კარგი ვაიფაი.
  • და ბოლოს: სიბინძურე. 

მგონი არც ისე სასიამოვნოა, როცა შენი მაგიდის ქვემოთ წინა კლიენტის ნაჭამ პიცის ნაჭერს ხედავ. აღარაფერს ვამბობ დანამცეცებულ მაგიდებზე, რომელის გადაწმენდა თავად არაერთხელ მიწევდა. მოკლედ, გემრიელი საკვები (თუმცა უნდა აღვნიშნო რომ მე მხოლოდ ქათმის სეჩუანს, სოკოს სალათს და ნაყინს გეახლებით ელვისში და დანარჩენ საჭმელში კომპეტენტური არ ვარ) და ლამაზი გარემო საკმარისი არ არის. კარგი მომსახურება უპირველეს ყოვლისა, რაც სამწუხაროდ ზემოთხსენებულ დაწესებულებაში მგონი საერთოდ არ იციან რა არის .