პერსონალური კოლექცია

ალბათ ყველა ადამიანში დევს მეტნაკლებად კოლექციონერობის ჟინი. ჩვენ ვაგროვებთ მონეტებს, ხელსახოცებს , წიგნებს და კიდევ უამრავ წვრილმანს, რომელთა თვალის შევლება გვეამაყება, გვეღიმება და მოთმინებით ვაგრძელებთ კოლექციის გამდიდრებას.

ბოლო დროს, მგონი, საკუთარი გამოსახულებიანი ნივთების შეგროვების სურვილმა ამიტანა.

ამ ფოტოზეც ჩემი კარიკატურით დამშვენებული მაისური მაცვია და ამაყი ვარ. რამდენიმე კვირის წინ სამსუნგ გალაქსი ნოუთის პრეზენტაციაზე რომ დავინახე, როგორ ხატავდა ვიღაცას გალაქსიანი ყმაწვილი, სასწრაფოდ “ჩავეწერე” რიგში.

ესეც შედეგი, რაც თუ რომელიც დიდად არ მგავს, მაგრამ რაც მთავარია ჩემი სახელი აწერია და იდეაში მე გახლავართ.

რამდენიმე წუთის მერე დავინახე რომ თურმე შესაძლებელი იყო ნახატის ჭიქაზე და ქუდზე გადატანა, თუმცა ჩემი მხრიდან მეტისმეტი უსინდისობა იქნებოდა მეორედ მეთხოვა დახატვა, ან იმავე ნახატით რომელიმე მათგანი მომეთხოვა, ამიტომ მაისურს დავჯერდი.

რამდენიმე დღის წინ ჩემს ნიუსფიდში ამომხტარმა გალაქსი ნოუთის ფეიჯის პოსტმა  მამცნო, რომ ასეთი აქციები სხვადასხვა ადგილებზე იმართება. წინა შაბათ-კვირას, მაგალითად კინორუსთაველში იყო, სადაც წასვლის შანსს ბუნებრივია გამოვიყენებდი  ; უბრალოდ უნდა გადამეწყვიტა, ჭიქა მინდოდა თუ ქუდი? წავიყვანე, ჩემი რამდენიმე მეგობარი და წავედი.

ძალიან ბევრი ხალხი დაგვხვდა და რიგში მოგვიწია ჩაწერამ, თუმცა ამჯერად სამი მხატვარი გახლდათ და საქმეს საკმაოდ სწრაფ-სწრაფად ართმევდნენ თავს. მოკლედ, როგორც იქნა სკამზე შემოვსკუპდი და ესეც ჭიქა:
აქ სულ სხვანაირი ვარ და ასეთი “მე” უფრო მომწონს. მგავს მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ბევრად უკეთესი შესრულებაა.

მერე ქეთო, ნათია და კნუტი დაიხატნენ, თუმცა ჩემგან განსხვავებით , მაისურებზე: მშვენიერია, ახლა ისღა დარჩენიათ, მომავალ აქციებზე ჭიქებზე იფიქრონ 🙂

სხვათაშორის, როცა ეს ფოტოები ფეისბუქზე დავდე, ბევრმა იკითხა, რა ღირს ჭიქა/მაისური/ქუდის დამზადება , ჰოდა ბარემ გამახსენდა და იმასაც გეტყვით, რომ სრულიად უფასოა, ჰოდა რაღას უცდით, მე ნუ მეკითხებით, წადით შაბათს, ქარვასლაში:D
ქარვასლაში მეც წავალ, ქუდით დავასრულებ ჩემს კოლექციას.

ვერ მოვითმინე ეს ფოტო რომ არ დამედო, სადაც ისევ ჯიუტად ვცდილობ რაღაცების მოხაზვას.

აქ უკვე მხატვარი ცდილობს ჩემს დახატვას 🙂

ვიდრე ჭიქის დამზადებას ველოდებოდი, როგორღაც მოვახერხე გადამეღო რამდენიმეწუთიანი კადრი , თუ რა მსუბუქად და ლამაზად ხატავენ. მაპატიეთ, რომ კადრი  მოძრაობს, წარმოიდგინეთ, ყოველ წამში ვიღაც მეჯახებოდა და ამისგადაღებაც ძლივს მოვახერხე.

ორი კვირა ერთ პოსტში

გამარჯობა მკითხველო. რამდენი ხანია არაფერი დამიწერია? სულ რამდენიმე დღეა. ალბათ ვიღაც ყოველდღე შემოდიოდა ბლოგზე და ამოწმებდა, ახალი ხომ არაფერი დამიპოსტავს, მაგრამ არა, ბოლო პოსტიდან დღემდე აქ არაფერი განახლებულა. ჩემს საყვარელ ბლოგებს როცა ვსტუმრობ და ახალი არაფერი მხვდება, ცნობისმოყვარეობა მიპყრობს და ვცდილობ წარმოვიდგინო, რას აკეთებს, რატომ არ წერს? ალბათ თქვენც გაინტერესებთ , თუკი წინა თვეში ყოველდღე ვწერდი და წესით ასეც უნდა გამეგრძელებინა, რა დამემართა სექტემბრის დადგომისთანავე?

ორი კვირის წინ პირველად შემცივდა და წინდები ჩავიცვი. აივანზე გავედი, დავჯექი და დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ფეისბუქის რეფრეშის სანაცვლოდ, ბევრად საინტერესო და სასარგებლო? დიდხანს არ მიფიქრია, სიცივემ მიმახვედრა რა უნდა მეკეთებინა : ქსოვა დავიწყე. ერთი წელია ჩხირებისთვის ხელი არ მომიკიდია, სხვა რაღაცებმა, მაგალითად ჩემმა ბლოგერად ქცევამ დამავიწყდა რომ ამქვეყნად კიდევ არაერთი საინტერესო საქმე არსებობს და რაც მთავარია ისინი მე მშვენივრად გამომდის. ასე გადმოვაწყვე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ნაყიდი ძაფები და საქმეს შევუდექი.

გაგიკვირდებათ და ორ კვირაში მოვქსოვე ჟაკეტი, კაშნე , ჩანთა და ქუდი. მინდოდა ყველასთვის გადამეღო ფოტოები და ამ პოსტშივე დამედო, მაგრამ ვებკამერით გადაღებული ფოტოები შემაძრწუნებლად ცუდი გამოდის და გადავიფიქრე. ცუდია, სასწრაფოდ ვსაჭიროებ ახალ ფოტოაპარატს, თუნდაც იმიტომ რომ ესენი გადავიღო ნორმალურად. თბილისში ჩამოსვლისთანავე ვითხოვებ ციფრულს და ცალკე პოსტს მივუძღვნი ჩემს “პირმშოებს” 🙂 ახლა შესვენება მაქვს, უფრო სწორად ძაფები შემომელია და გადავწყვიტე ცოტა ხნით შევწყვიტო ქსოვა. ფესტივალამდე დარჩენილ რამდენიმე დღეში “იდიოტის” წაკითხვას მოვასწრებ ალბათ.. უცნაურია, წლებია ამ წიგნს ვეძებ და რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე ჩემს ცხვირწინ, თაროში :/ ცრუმორწმუნე რომ ვიყო, ალბათ ვიტყოდი, განგებას არ სურდა ბავშვობაში დამემთავრებინა და მისი გაქრობა ჩემს სასიკეთოდ მოხდათქო 😀

ჰო, ამ ორი კვირის განმავლობაში თბილისში ჩამოსვლაც მოვახერხე რამდენიმე დღით, ჩემი ჩხირები და ძაფები ყველგან თან დამქონდა. ალუკარდთან რომ დავრჩი, ღამით ქეთი და ყვავა ფილმს უყურებდნენ , მე პარალელურად ვქსოვდი 😀 ელვისი მომენატრა ისევ . სხვა დანარჩენი უცვლელადაა, არაფერი არ ხდება. ან რა უნდა მოხდეს, ცხვირი ძაფებში მაქვს ჩარგული, თბილ პლედში ვარ გახვეული და ამქვეყნის არაფერი გამეგება, რამდენიმე წუთით თუ შევიჭყიტები ფეისბუქზე მოვალეობის მოხდის მიზნით, ტელეფონი კი ისე დაჯდება და გაითიშება ხოლმე, ვერც კი ვიგებ.

მართლა იდეალურად დავისვენე ამ ზაფხულზე და შემოდგომაც ასევე იდეალურად გრძელდება : ჩემი აქეთ-იქეთ მოგზაურობა პენსიონერული დასვენებით ჩავანაცვლე და ბათუმისთვის ვემზადები: კინოფესტივალი წინ მაქვს და გული მიგრძნობს, ძილი ძალიან დამაკლდება. სულ რამდენიმე დღე დარჩა წასვლამდე და ცოტა გული მწყდება : ძალიან მინდოდა ნათია, ან ქეთი წამოსულიყო, არც ერთთან არ მიჭირს ყოფნა, არც ჭირში და არც ლხინში, გამოცდილი თანამეინახეები არიან უკვე , ახლა ვისთან, სად როგორ ვიქნები, ღმერთმა იცის და ვისი წუწუნის ატანა მომიწევს 🙂 რაც მთავარია, თან რა ჯანდაბა წავიღო არ ვიცი, როგორი ამინდები იქნება, ეშმაკმა უწყის , მეკი ბევრი ბარგის თრევა ჭირივით მეზარება ხოლმე :/

ეს დღეები უნივერსიტეტზეც ვფიქრობ. ვაღიარებ, ცოტა მომენატრა. რაც არ უნდა იყოს, ძველი შეცდომების გამოსწორების და შეტენილი საგნების თავიდან შესწავლის და რაც მთავარია კარგად შესწავლის შანსი მაქვს. მართალია ყოველ წელს ამას ვამბობ, რომ უკეთესად ვისწავლი და აღარ გავახალტურებ არაფერს, მაგრამ ახლა მართლა! აღარ დავუშვებ კიდევ რამე შემეტენოს და პატიოსან სიტყვას აქაც, ბლოგზეც დავდებ 🙂

მოკლედ, ყველაფერი მიხარია და ყველაფერი გენიალურადაა: ან რატომ არ უნდა მიხაროდეს, ბოლოსდაბოლოს, როცა ფესტივალიდან თბილისში დავბრუნდები, მარტო ვიქნები და იმედია ნათიასაც გამოუშვებენ ხოლმე ჩემთან დასარჩენად. შარშანდელი დღეები მომენატრა, ისევ აუცილებლად იქნება ჩემთან შეკრებები და mad bloggers ფართები 🙂

მგონი არაფერი გამომრჩენია, ის კიარადა ცოტა მომავალშიც გადავიჭერი, ასე რომ ზუსტად ის დროა პოსტი დავაფაბლიშო ^^