ფეისბუქის შემცვლელები

ყოველთვის ვწუწუნებ იმაზე რომ ინტერნეტში ბოდიალი უამრავ დროს მაკარგვინებს და სულ ვცდილობ სხვადასხვა მეთოდებით ვებრძოლო ამ დამოკიდებულებას. არადა თავისუფალ დროს ძალიან ბევრი სასარგებლო რაღაცის გაკეთება შეიძლება ფეისბუქის რეფრეშის მაგივრად. ჰოდა, რამდენიმე შესანიშნავი მეთოდი მაქვს, რის გამოც შემიძლია ლეპტოპი დავხურო და სასარგებლო საქმიანობას შევუდგე.

გარდა იმისა, რომ ცოტ-ცოტას ვკითხულობ, მოგეხსენებათ ვქსოვ ხოლმე . ძალიან კარგი რამეა, შედეგიც დიდხანს გრჩება, შექმნილი პროდუქტი სასარგებლოა და გამოსაყენებლად ვარგისი, თუ რა თქმა უნდა ეს საქმე ჩემსავით კარგად გამოგდით, მაგრამ მხოლოდ ზამთრობით და გვიან შემოდგომით, როცა სეზონია . სხვა დროს გულს ვერ ვუდებ, ეგება და მერე აღარც მომეწონოს რაც გავაკეთე. ადრე ვკერავდი კიდეც, მაგრამ ახლა საკერავ მანქანაზე ხელი აღარ მიმიწვდება, არადა ეს უკანასკნელი შეიძლება ზამთარშიც ისევე კარგად აკეთო, როგორც დანარჩენ სეზონებზე.

მოკლედ, ვინაიდან და რადგანაც ახლა გაზაფხულია, ზემოთხსენებული საქმიანობა აღარ გამომადგება და “მიმართულება” შევიცვალე: სამკაულების კეთებას მივყავი ხელი. თანაც, ეს უფრო იოლია, ბევრ დროს არ გართმევს და რამდენიმე საათში შეიძლება მშვენიერებების კეთება:


წეღან ვუყურებდი იუთუბზე ხატვის ტუტორიალებს და გამახსენდა , რომ ოდესღაც ვხატავდი კიდეც 🙂 არ იქნებოდა ურიგო, შემეხსენებინა, ბოლოსდაბოლოს ცარიელ კედლებს შევავსებ. ამისთვის უბრალოდ ფურცლები და რამდენიმე სახეობის შავი ფანქარი მჭირდება. მრავალფეროვნებისთვის ჯანდაბას, ფერადი ფანქრებიც.

ხანდახან ვარჯიშიც კარგია, ბოლოსაბოლოს ყველაზე სასარგებლო რამეა ჩამოთვლილთაგან. ზოგჯერ სახლში ვვარჯიშობ, ზოგჯერ იპოდრომზე დავრბივართ მე და ყვავა. მერე ამაყად ვისინჯავ ფეხის კუნთებს და კმაყოფილი ვბრუნდები სახლში. თიდანში ვარჯიშიც კარგი იყო, მაგრამ ფულის ზედმეტად ხარჯვას ვარჩიე სახლში მეკეთებინა იგივე და მგონი არ მოვქცეულვარ ურიგოდ.

მოკლედ, ჯერჯერობით ესაა რასაც მონაცვლეობით ვაკეთებ ხოლმე რომ არ მოვიწყინო. მართლა ძალიან კარგი რამეა რაღაცების კეთება, იმისდამიხედვით, რა უნარებს ფლობთ და არ დაიზაროთ, ადექით ხოლმე კომპიუტერიდან 😉

knitted crafts

ამბობენ, ქსოვა კაცების მოგონილიაო, მაგრამ ეს ალბათ უხსოვარზე უხსოვარ დროში მოხდა, რადგან სიცოცხლის მანძილზე სულ ორიოდე მამრი მინახავს ძაფით და ჩხირით ხელში. აი მეკი ძალიან მიყვარს ქსოვაც, კერვაც და ა.შ, რაზეც ჩემი არაერთი პოსტიც მეტყველებს , სადაც სულ იმაზე ვლაპარაკობ , თუ როგორ მოვქსოვე ესა თუ ის ნივთი და თუ რა ლამაზები არიან ისინი. მაგრამ ჯერაც არაფერი გინახავთ.

დღეს რაღაცებს ვეძებდი გუგლში და ძალიან ლამაზი რამეები აღმოვაჩინე, ოდესმე თუ დრო მექნა, მეც გავაკეთებ ასეთ რამეებს:

ეს მოყელსახვევო ელემენტი პრაქტიკულია და ძალიან იოლი.

იდეაში ჩებურაშკაა, ყურებჩამოყრილი.

საინტერესოა, ვის მოუვიდა თავში აზრად, სუში მოექსოვა ?:)

ძალიან საინტერესო უზორია, ბალიშისთვის ამის გაფუჭება საცოდაობაა. ოდესმე აუცილებლად მოვქსოვ ამით უფრო საჭირო ნივთს^^

სრულიად უბრალო სათვალის ბუდე ^^

პატარა ბუ ^^ ქეთოს უყვარს ბუები ..

მოკლედ, გადავქექე ფეისბუქის ვოლფოტოები და რამდენიმე ვებკამერით გადაღებული ფოტო აღმოვაჩინე და აჰა, ბოლოს, ჩემი ქმნილებების ხილვის საშუალება გეძლევათ:

 

ორი კვირა ერთ პოსტში

გამარჯობა მკითხველო. რამდენი ხანია არაფერი დამიწერია? სულ რამდენიმე დღეა. ალბათ ვიღაც ყოველდღე შემოდიოდა ბლოგზე და ამოწმებდა, ახალი ხომ არაფერი დამიპოსტავს, მაგრამ არა, ბოლო პოსტიდან დღემდე აქ არაფერი განახლებულა. ჩემს საყვარელ ბლოგებს როცა ვსტუმრობ და ახალი არაფერი მხვდება, ცნობისმოყვარეობა მიპყრობს და ვცდილობ წარმოვიდგინო, რას აკეთებს, რატომ არ წერს? ალბათ თქვენც გაინტერესებთ , თუკი წინა თვეში ყოველდღე ვწერდი და წესით ასეც უნდა გამეგრძელებინა, რა დამემართა სექტემბრის დადგომისთანავე?

ორი კვირის წინ პირველად შემცივდა და წინდები ჩავიცვი. აივანზე გავედი, დავჯექი და დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ფეისბუქის რეფრეშის სანაცვლოდ, ბევრად საინტერესო და სასარგებლო? დიდხანს არ მიფიქრია, სიცივემ მიმახვედრა რა უნდა მეკეთებინა : ქსოვა დავიწყე. ერთი წელია ჩხირებისთვის ხელი არ მომიკიდია, სხვა რაღაცებმა, მაგალითად ჩემმა ბლოგერად ქცევამ დამავიწყდა რომ ამქვეყნად კიდევ არაერთი საინტერესო საქმე არსებობს და რაც მთავარია ისინი მე მშვენივრად გამომდის. ასე გადმოვაწყვე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ნაყიდი ძაფები და საქმეს შევუდექი.

გაგიკვირდებათ და ორ კვირაში მოვქსოვე ჟაკეტი, კაშნე , ჩანთა და ქუდი. მინდოდა ყველასთვის გადამეღო ფოტოები და ამ პოსტშივე დამედო, მაგრამ ვებკამერით გადაღებული ფოტოები შემაძრწუნებლად ცუდი გამოდის და გადავიფიქრე. ცუდია, სასწრაფოდ ვსაჭიროებ ახალ ფოტოაპარატს, თუნდაც იმიტომ რომ ესენი გადავიღო ნორმალურად. თბილისში ჩამოსვლისთანავე ვითხოვებ ციფრულს და ცალკე პოსტს მივუძღვნი ჩემს “პირმშოებს” 🙂 ახლა შესვენება მაქვს, უფრო სწორად ძაფები შემომელია და გადავწყვიტე ცოტა ხნით შევწყვიტო ქსოვა. ფესტივალამდე დარჩენილ რამდენიმე დღეში “იდიოტის” წაკითხვას მოვასწრებ ალბათ.. უცნაურია, წლებია ამ წიგნს ვეძებ და რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე ჩემს ცხვირწინ, თაროში :/ ცრუმორწმუნე რომ ვიყო, ალბათ ვიტყოდი, განგებას არ სურდა ბავშვობაში დამემთავრებინა და მისი გაქრობა ჩემს სასიკეთოდ მოხდათქო 😀

ჰო, ამ ორი კვირის განმავლობაში თბილისში ჩამოსვლაც მოვახერხე რამდენიმე დღით, ჩემი ჩხირები და ძაფები ყველგან თან დამქონდა. ალუკარდთან რომ დავრჩი, ღამით ქეთი და ყვავა ფილმს უყურებდნენ , მე პარალელურად ვქსოვდი 😀 ელვისი მომენატრა ისევ . სხვა დანარჩენი უცვლელადაა, არაფერი არ ხდება. ან რა უნდა მოხდეს, ცხვირი ძაფებში მაქვს ჩარგული, თბილ პლედში ვარ გახვეული და ამქვეყნის არაფერი გამეგება, რამდენიმე წუთით თუ შევიჭყიტები ფეისბუქზე მოვალეობის მოხდის მიზნით, ტელეფონი კი ისე დაჯდება და გაითიშება ხოლმე, ვერც კი ვიგებ.

მართლა იდეალურად დავისვენე ამ ზაფხულზე და შემოდგომაც ასევე იდეალურად გრძელდება : ჩემი აქეთ-იქეთ მოგზაურობა პენსიონერული დასვენებით ჩავანაცვლე და ბათუმისთვის ვემზადები: კინოფესტივალი წინ მაქვს და გული მიგრძნობს, ძილი ძალიან დამაკლდება. სულ რამდენიმე დღე დარჩა წასვლამდე და ცოტა გული მწყდება : ძალიან მინდოდა ნათია, ან ქეთი წამოსულიყო, არც ერთთან არ მიჭირს ყოფნა, არც ჭირში და არც ლხინში, გამოცდილი თანამეინახეები არიან უკვე , ახლა ვისთან, სად როგორ ვიქნები, ღმერთმა იცის და ვისი წუწუნის ატანა მომიწევს 🙂 რაც მთავარია, თან რა ჯანდაბა წავიღო არ ვიცი, როგორი ამინდები იქნება, ეშმაკმა უწყის , მეკი ბევრი ბარგის თრევა ჭირივით მეზარება ხოლმე :/

ეს დღეები უნივერსიტეტზეც ვფიქრობ. ვაღიარებ, ცოტა მომენატრა. რაც არ უნდა იყოს, ძველი შეცდომების გამოსწორების და შეტენილი საგნების თავიდან შესწავლის და რაც მთავარია კარგად შესწავლის შანსი მაქვს. მართალია ყოველ წელს ამას ვამბობ, რომ უკეთესად ვისწავლი და აღარ გავახალტურებ არაფერს, მაგრამ ახლა მართლა! აღარ დავუშვებ კიდევ რამე შემეტენოს და პატიოსან სიტყვას აქაც, ბლოგზეც დავდებ 🙂

მოკლედ, ყველაფერი მიხარია და ყველაფერი გენიალურადაა: ან რატომ არ უნდა მიხაროდეს, ბოლოსდაბოლოს, როცა ფესტივალიდან თბილისში დავბრუნდები, მარტო ვიქნები და იმედია ნათიასაც გამოუშვებენ ხოლმე ჩემთან დასარჩენად. შარშანდელი დღეები მომენატრა, ისევ აუცილებლად იქნება ჩემთან შეკრებები და mad bloggers ფართები 🙂

მგონი არაფერი გამომრჩენია, ის კიარადა ცოტა მომავალშიც გადავიჭერი, ასე რომ ზუსტად ის დროა პოსტი დავაფაბლიშო ^^