ფიტნესი. after & before

დღეს ზუსტად ერთი თვე გახდა, რაც ფიტნესზე სიარული დავიწყე. მოგეხსენებათ უნდა გავზომილიყავი თვის ბოლოს და შედეგები დამეწერა, ჰოდა დღეს გამზომა თინამ.

როცა პირველად მივედი, 56 კილო ვიყავი, 89 – 66- 93 პარამეტრებით. არც ესაა ურიგო, დიეტის მერე ჩამოვედი ამ პარამეტრებზე, მანამდე კი შიშით არც ვიწონებოდი არც ვიზომებოდი, გული რომ არ გამხეთქვოდა. საგანგაშო წონა არ მქონია არასდროს მაგრამ სასწორზე შედგომის შიში მკლავდა სულ. როგორც წესი იმაზე მეტი ვიყავი , ვიდრე წარმომედგინა ხოლმე.

ვარჯიშის დაწყებიდან ორ კვირაში შუალედური გაზომვა მქონდა, მალევე შემიმცირდა გარშემოწერილობები დაახლოებით 2-2 სანტიმეტრით, მაგრამ თვის ბოლომდე მოვიცადე, ნაადრევი შედეგების დადებისგან. ჩემი ამჟამინდელი პარამეტრები კი არის : 85-60-88. ვქრები 🙂

ვარჯიშს რა თქმა უნდა, ვაგრძელებ და დიდი იმედი მაქვს, არასდროს შევწყვეტ. ჩემი კლებაც, ბუნებრივია სამუდამო არაა და სასურველი ფორმების მიღწევის შემდეგ უბრალოდ მათ შენარჩუნებას ვეცდები

ეს ერთ-ერთი ვარჯიშისას გადამიღო მეგობარმა. ფეხების მონაცვლეობით აწევ-დაწევას ვახორციელებ.

ვარჯიშის პარალელურად კანის გამამკვრივებელ კრემს ვისვამ, ცელულიტის, სტრიების და მისთანების საწინააღმდეგოდ და მშვენიერი შედეგი აქვს. ჩემი პოსტი ტელემარკეტის ტრენაჟორებით გაბედნიერებული მომხმარებლების აჟიტირებულ მონაყოლს გავს მგონი, მაგრამ, რატომ არ უნდა მიხაროდეს? ძალიან ბედნიერი ვარ, დიახ.


დიდხანს ვფიქრობდი დამედო თუ არა ეს after & before ფოტო ბლოგზე, მრცხვენოდა ცოტა და ბოლოს აჰა, გადავწყვიტე. თქვენ თვითონ ნახეთ განსხვავებები. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ზაფხულზე, როცა ეს ფოტოები და მანამდე, როცა ამის მსგავსი არაერთი ფოტო გადაღებულა, სრულიადაც არ მიმაჩნდა ტრაგედიად თუ ტანსაცმელი დიდად არ მიხდებოდა. მხოლოდ შემოდგომით ჩამერთო სიგნალიზაცია- რატომ არ უნდა გავხდე უკეთესი! 

ხვალიდან შევიფუთები პარკში და ისე განვაგრძობ ვარჯიშს-მეტი ეფექტისთვის. მისურვეთ წარმატებები ^_^

im a fitness girl

მოკლედ, დიდი ხნის სურვილის, გაწელვის და გადადების მერე ფიტნესზე სიარული დავიწყე. ჩემი წინა პოსტი ალბათ გახსოვთ, დიეტის შედეგად მოკლებულ რამდენიმე კილოგრამზე. ბუნებრივია , ეს არ მეყო და გადავწყვიტე სრულად მოვიყვანო თავი ფორმაში. ანუ რას ვგულისხმობ:

ვარ 56 კილო და ერთი შეხედვით სულაც არ გამოვიყურები ცუდად ჩემი 1.70 სიმაღლის გათვალისწინებით, მაგრამ არის ერთი პრობლემა. საოცრად ფაფუკი და რბილი სტრუქტურა მაქვს: უფრო გასაგებ ენაზე რბილი ხორცები , რაც მთელი ცხოვრებაა ნერვებს მიშლის.

შარშანაც დავიწყე ვარჯიში, ტრენაჟორებზე ვიარე ერთი თვე, მაგრამ ეს ძალიან მცირე დრო იყო შედეგის მისაღწევად, მით უმეტეს, როცა კვირაში ორჯერ დადიხარ და ინსტრუქტორი სათანადო ვარჯიშების დანიშვნაზე სულაც არ ზრუნავს. ამიტომ ძვირი მომეჩვენა თვეში 70 ლარი არაფერში და შევეშვი.

დღეს პირველი ვარჯიშები ჩამიტარდა. ინსტრუქტორმა გამზომა, გამომკითხა ჯანმრთელობის მდგომარეობა და დიაგნოზი დამისვა:

ჩემი პარამეტრები როგორც აღმოჩნდა სასურველთან ძალიან ახლოსაა. ვიდრე გამზომავდა, მკითხა კიდეც, რატომ მივედი და რას ვერჩოდი ჩემს ფიგურას, მაგრამ ხელი რომ შემახო, მკითხა, რატომ მაქვს ასეთი რბილი სხეულის სტრუქტურა. აბა მე რა ვიცი? ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მე მჭირდება მცირეოდენი ვარჯიში, რა თქმა უნდა, რეგულარული და ყველაფერი კარგად იქნება. რაც შეეხება კვებას, რაციონიდან ისედაც ამოღებული მაქვს ტკბილეული და ცომეული და ასე გავაგრძელებ.

ახლა რაც შეეხება ლოკაციას:

ჭავჭავაძეზე, 41 ნომერში არის ასეთი ფიტნესკლუბი, თიდანი. ვინაიდან და რადგანაც ერთ-ერთი ჩემი მეგობარი აღფრთოვანებული ყვებოდა იქაურ გარემოზე, გადავწყვიტე მეც მეცადა, რატომაც არა. ნორმალური ფასები და კარგი გარემო. ფასი ნორმალური კიარა გადასარევია, ყოველდღე  ვარჯიში, თვეში 70 ლარი. არ არის ურიგო ნამდვილად. პროგრამის შერჩევა ინდივიდუალურია და როგორც მე ამზომ/ამწონეს და დამკითხეს, ისე ურჩევენ ყველა მსურველს სათანადო პროგრამას. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ესეც ფეიჯი.

რაც მთავარია, მარტო არ ვარ. მე და ნათია ერთად დავდივართ. ზუსტად ერთი თვის შემდეგ დავდებ შთაბეჭდილებებს და დიდი იმედი მაქვს შედეგებსაც.

დარჩით ჩვენთან 😀