დაპირებული პოსტი: after & before diet

ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც, დანაპირები უნდა შეგისრულოთ. ადრე  ვწუწუნებდი, რომ ვერაფერი მოვუხერხე ფეხებს და აღნაგობასთან შედარებით მსხვილი მქონდა. ამაზე პოსტის დაწერიდან კიდევ კარგა ხანი გავიდა ვიდრე თავს მოვაბამდი დიეტას და რამე მეშველებოდა. დიეტის დაწყება საშინელებაა, პირველ დღეს ისე გშია, მზად ხარ გარშემომყოფები დახოცო, თუ ირგვლივ არავინ გყავს, რამე ნივთი დალეწო და ა.შ 🙂

ასეა თუ ისე, დავიწყე. თან სტიმული იმანაც მომცა რომ რაც სწავლა დაიწყო და აქეთ-იქეთ სირბილი და ნაკლები ჭამა მიწევდა, თავისთავად დავიკელი ცოტა, ჰოდა გადავწყვიტე გამეგრძელებინა წონაში კლება.


აი ეს არის ის შედეგი, რასაც ზაფხულის შემდეგ მივაღწიე. საერთოდ, დიეტების დიდად არ მჯერა ხოლმე, მით უმეტეს, როცა სხეულის ცალკეული ნაწილების ცვლილებისთვის იყენებენ მას, თუმცა როგორღაც, და არცთუ ისე რთულად მოვახერხე ფეხები შემეთხელებინა.


აი ის შორტი, რომელშიც ზაფხულზე გაჭედილი ვიყავი და ზედ მასკდებოდა. მგონი ურიგო შედეგი არ უნდა იყოს.

რაც შეეხება ტანის დანარჩენ ნაწილებს, ანუ წელს, მკლავებს და ა.შ, ფეხებთან შეუსაბამობაში აღარაა. ახლა ვვარჯიშობ. ვაკეთებ პრესებს, უმეტესად ფეხის გასამკვრივებელ ვარჯიშებს. დიეტას ცოტა ხანი გავაგრძელებ კიდევ… გაგიმხელთ და ინტენსიური დიეტა სულ რაღაც ათი დღეა რაც დავიწყე, არც მიშიმშილია და არც დამირღვევია.

მოკლედ, ძალიან მიხარია: მიხარია, რომ დავიკელი და მიხარია, რომ ბლოგზე დადებული პირობა შევასრულე 🙂

 

ბრძოლა სქელი ფეხების წინააღმდეგ

ნებისყოფა საერთოდ რომ არ გამაჩნია, მაშინ ვხვდები, როცა საქმე დიეტას ეხება. დედაჩემთან ხანგრძლივი ურთიერთობისას ვხვდები ხოლმე, როგორ ვსუქდები დღითიდღე, ამის შესაჩერებლად კი ერთადერთი ხერხი ვიცი – ერთ კვირაზე დიდ ხანს არ გავჩერდე იქ, სადაც დედა და საჭმელებია.

თუ გაინტერესებთ, როგორ ვიქცეოდი ბავშვობაში, როცა სულ ერთად ყოფნა გვიწევდა, პასუხი მარტივია: სამი ზომით მსუქანი ვიყავი, ვიდრე ახლა ვარ . რაც თბილისში გადმოვცხოვრდი, ცოტა ხელი შევაშველე, ორიოდე თვით დიეტაზე ვიჯექი და მერე თავისთავად დავრჩი იმ წონაზე, რაზეც ახლა ვარ. მოკლედ, ერთი შეხედვით, არაფერს ვუჩივი, მაგრამ მაინც მაწუხებს მსუქანი ფეხების სინდრომი:

:|

😐

:|

😐

რაც ყველაზე ძალიან მიშლის ნერვებს, ჩემი კანის სირბილეა, რასაც არანაირი დიეტა არ უშველის: ვარჯიში, ვარჯიში და ვარჯიში! ამ უკანასკნელის ნებისყოფაც არ გამაჩნია. შარშანაც, მხოლოდ ერთი თვე ვიარე ტრენაჟორებზე და შედეგი ნული 😀 ხშირად ნერვები მეშლება ხოლმე, რატომ არ უნდა მოვიკრიბო ძალა, სულ ცოტაოდენ დიეტაზე დავჯდე და ვარჯიშიც წავაშველო? ყველაფერს ეშველებოდა და 20 წლიან მსუქანი ფეხების კომპლექსსაც მოვაშთობდი, მაგრამ ამის ნაცვლად დღეს იცით რა ვქენი? უამრავი კატლეტი შევსანსლე !

:|

😐

ახლა, როცა შიმშილი არ მაწუხებს, იმასაც ვფიქრობ, მუცლისთვისაც რომ მიმეხედა, არ იქნებოდა ურიგითქო, მაგრამ ეს თავდაჯერებულობა და იმედები მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდება, ვიცი – მანამ, სანამ არ მომშივდება 🙂

ალბათ მიხვდით, დედაჩემი დამტრიალებს თავს და ამიტომაც მაწუხებს შიშები . თან სწორედ ის დროა, შემოდგომამდე რომ რამდენიმე კვირაა დარჩენილი და საკუთარ თავს უკვე მერამდენედ, პირობას აძლევ რომ რამდენიმე კილოგრამით ნაკლებს გიხილავენ მეგობრები .

ერთი პირობით მეტი იქნება თუ ნაკლები , უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს და ჩათვალეთ პირობა დავდე:

სექტემბრამდე ვივარჯიშებ, ნაკლებს შევჭამ და ეგებ მეშველოს რამე! თვალყური მადევნეთ და ელოდეთ სავარაუდო პოსტს, შედეგითურთ 😀