აბა რა, აბა რა…

წარმოიდგინეთ, რა პირობებში უნდა სწავლობდეს ადამიანი, უნივერსიტეტის საპირფარეშოში შესვლისას ქაღალდი რომ დახვდება და ეს ფაქტი გააბედნიერებს. ბიბლიოთეკაში ვაირლესს რომ დაიჭერს და სიხარულით ცას ეწევა. ჰო, ჰო, ერთ-ერთი ასეთი “ბედნიერი” მე გახლავართ, რომელსაც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დაეწყო.

მოკლედ, ეს ორი ფაქტი ერთდღიანი სიხარულისთვის სრულიად საკმარისი იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკვე  ერთი კვირაა ვიტანჯები სხვადასხვა გაუგებრობებით: დროზე არ გამეხსნა ბაზა, როცა გამეხსნა, ვეღარ ავირჩიე სასურველი ლექტორები, ადგილების აღარარსებობის გამო და ისევ ის ნაგავი შემრჩა, რაც წინა წელს. აი შემდეგი წლისთვის, საკუთარ თავს ვპირდები, საიტის რეფრეშით გავსკდები და საყვედურს არ მივიღებ ადმინისტრაციისგან იმის თაობაზე, თუ სად ვიყავი მანამდე, როცა ადგილები საკმარისად იყო..

პრინციპში, ყველაფრის ღირსი ვარ, უმადურობისგან დაბრმავებული თსუს ღირსებებზე რომ დაიწყებს კაცი ლაპარაკს და დედა უნივერსიტეტის სახელს დახარბდება, იმსახურებს კიდეც ტუალეტში ქაღალდის დანახვაზე ხტუნვას იწყებდეს ..

არადა , როცა თეუსუ გაუქმდა და თსუს შემოვუერთდით, პატარა ბავშვივით მიხაროდა, აქაოდა, მომეცა შეცდომის გამოსწორების შანსი-მეთქი. ახლა, თავიდან რომ ვაბარებდე, არათუ მეორეს, თსუს საერთოდ არ ჩავწერდი იმ 7 ფაკულტეტში! სულ სხვანაირ უნივერსიტეტზე ვოცნებობდი, სულ სხვანაირზე: ფილმებში რომ ლექციებიდან გამოსული სტუდენტები სხედან მწვანე მოლზე წიგნებით ხელში და ბედნიერებას ასხივებენ ხოლმე, ეგ მინდა…

წიგნებით გადაჭედილი , დიდი და ნათელი ბიბლიოთეკები მინდა, სადაც ყოველთვის დამხვდება სათანადო ლიტერატურა და არა გვერდებამოხეული და გაჭირვებით ნაშოვნი აკინძული ქსეროასლები. უგემური გუდფუდის ნაცვლად მყუდრო და მოწესრიგებული , ვრცელი კვების ობიექტს ვისურვებდი.

ნუთუ ეს ყველაფერი ელემენტარული არ არის, რასაც სტუდენტი უნდა ითხოვდეს უნივერსიტეტიდან, რომლის სახელი და დიდებაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ “ქუხს”? აბა რა, აბა რა..

დღეს თსუში განათლების მინისტრი და რექტორი მივლენ და ასწლიანი რემონტის შედეგად გაწკრიალებული პირველი კორპუსის მისადგომებიდან იდემაგოგებენ იმის შესახებ, თუ რა ფასდაუდებელია სწავლა უნივერსიტეტის დიად კედლებში და რა პატივი ხვდათ წილად პირველკურსელებს იქ სწავლით.აბა რა, აბა რა..  გამოუცდელი სტუდენტებიც სიხარულით ცას ეწევიან და თავს დაიბრმავებენ , როცა ელემენტარული თხოვნის შემთხვევაშიც კი ადმინისტრაციიდან სამდივნოში გაუძახებენ, სამდივნოდან სადმე, სადმედან კიდევ სადმე და სადმედან ისევ სადმე და ასე დაუსრულებლად.თავს დაიბრმავებენ მაშინ, როცა გამოცდებისას უკანასკნელ წუთებში სიებში არ იქნებიან და დარეტიანებულები ირბენენ აქეთ-იქეთ ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

თავს დაიბრმავებენ მაშინ, როცა მეორე კურსზე გადავლენ და ბაზაში არ აღმოჩნდებიან, ან რატომღაც სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ექნებათ, ზემოთხსენებულ “ელმენტარულ” მოთხოვნებზე კი ხმის ამაღლება არც კი ღირს: როგორ, განა ახლახანს არ გვეღირსა ესოდენ ნანატრი პირველი კორპუსის ეზო? როგორ, განა ბიბლიოთეკაში საკმარისი რაოდენობით არ მოიპოვება ქსეროასლები? როგორ, ის მე არ ვიყავი, ვინც ბიბლიოთეკაში ვაირლესი დაიჭირა და საპირფარეშოში ქაღალდი დახვდა? გუდფუდს არ ვსტუმრებივარ და ხმის ამოღების უფლება მაქვს განა? აბა რა, აბა რა, ეს უბრალოდ ეს მე ვარ უმადური.

რამე გამომრჩა და არ ვიწუწუნე? მეც ვცდილობ თავი დავიბრმავო და კმაყოფილი ვიყო ყველაფრით, ბოლოსდაბოლოს მეც იმ სტუდენტთაგანი არ ვარ , ამხელა პატივში რომ იმყოფებიან? ამ ყველაფერს დაფასება უნდა, გავა დრო და მეც დავაფასებ სახელმწიფოს ამაგს. თუმცა, ვიდრე ეს დრო გავა , შემიძლია ისევ ვწერო პოსტები, გუგლში დასერჩილი მშვენიერი ფოტოებითურთ, ისევ ვუყურო ჰაი სქულ მუვის და ვიოცნებო. აბა რა, აბა რა…

სტუდენტური კონკურსი

მახსოვს, შარშანწინ, ამ დროს რა აფორიაქებული , გახარებული და მონდომებული პირველკურსელი სტუდენტი ვიყავი 🙂 მოკლედ, როგორც იქნა, ყველამ გაიგო სად ჩაირიცხა და მგონი უმეტესობა სასურველ ადგილზე მოხვდა. ამ ქაოსის და მოლოდინის შორიდან ყურება ძალიან სახალისოა, როცა არც ნერვიულობ, თავი ქუდში გაქვს და აღარაფერი გადარდებს. არადა პირველი სიხარულის გადავლის მერე იმდენი წვრილმანი პრობლემა ჩნდება, ვიდრე ყველაფერი დალაგდება, ლამის თავი გაგისკდეს. პირველ რიგში დაფინანსება: თუ გრანტი ვერ აიღე, მართლა ძალიან ჭირს საკმაოდ დიდი ოდენობის თანხის გადახდა.

როცა ჩავაბარე, საკმაოდ მაღალი ქულები მქონდა და 70 %იანი გრანტიც ავიღე, ასე რომ თითქმის ვერც ვგრძნობ, უფრო სწორად ჩემები ვერ გრძნობენ გადასახადის “სიმძიმეს”.

გუშინწინ ფეისბუქზე ვნახე საქართველოს ბანკის მორიგი კონკურსის ვიდეოჩანაწერი, რომელიც სტუდენტებისთვისაა, განურჩევლად კურსისა, იქნება ეს მაგისტრატურის თუ ბაკალავრიატის.  მოკლედ, ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება და მონაწილეთაგან, რა თქმა უნდა, ლაიქების მიხედვით გამოვლინდება სამი გამარჯვებული და ერთი საქართველოს ბანკის რჩეული. ამ უკანასკნელის საჩუქარი მაკბუქი იქნება, დანარჩენ მონაწილეებს ადგილებისდა მიხედვით გადაეცემათ 5 000, 3 000  და 2 000 ლარიანი სტიპენდიები.

ჰო, რა უნდა გააკეთოთ მონაწილეობის მისაღებად: კონკურსში მონაწილეობისთვის, მონაწილემ  istudy.ge-ზე უნდა ატვირთოს 1 წუთიანი ვიდეო avi ან mov ფორმატში, სადაც დააფიქსირებს თუ რატომაა განათლების მიღება მნიშვნელოვანი. გამარჯვებული გამოვლინდება 3 ოქტომბერს და მანამდე მონაწილეებს შეუძლიათ მაქსიმალური ლაიქების რაოდენობა დააგროვონ და გახდნენ გამარჯვებულები.

ესეც ვიდეო, რომელმაც მიიპყრო ჩემი ყურადღება.

მე მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ, ვკმაყოფილდები ჩემი უკვე მოპოვებული გრანტით, მაგრამ საინტერესო იქნებოდა, გავიმარჯვებდი თუ არა კონკურსში მონაწილეობა რომ მიმეღო.  მართალია თქვენ ვერ ნახავთ ჩემს ვიდეოჩანაწერს იმაზე, თუ რატომაა სწავლა მნიშვნელოვანი, მაგრამ მე სიამოვნებით ვნახავ თქვენსას 🙂

მე რომ ვიდეო ჩამეწერა:

აუცილებლად ვიტყოდი რომ განათლება აუცილებელია თავდაჯერებულობის ასამაღლებლად;

საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად;

გარანტირებული სამსახურისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ… მე აქ დავასრულებ, საკუთარი ვერსიები კი თქვენ მოიფიქრეთ და ატვირთეთ აქ !