თქვენი სახლი რომ იწვოდეს თან რას წაიღებდით

წეღან e-store.ge ზე ვნახე პოსტი, სათაურით, თქვენი სახლი რომ იწვოდეს, თან რას წაიღებდით? საერთოდ, მსგავს უბედურებებზე და სახლიდან გასწრებებზე ხშირად არ ვფიქრობ, მაგრამ დღეს აგერ უკვე მეორედ იყო მიწისძვრა და მომიწია დავფიქრებულიყავი, თუნდაც მიწისძვრის, ან თუნდაც ხანძრის შემთხვევაში, რას დავავლებ პირველ რიგში ხელს.

ისე, ახლა გამახსენდა, რომ ბავშვობაში, როცა ძალიან ძლიერად შეირყა ჩვენი სახლი, საერთოდ არ გამხსენებია არავითარი ნივთი, იანვარში ყინვაში პიჟამოთი გამოვვარდი გარეთ და მერე გამახსენდა რა უნდა გამომეყოლებინა თან: ბებიაჩემი, რომელიც არც ისე სწრაფად მოძრაობდა და დიდი შანსი იყო, სახლში ჩარჩენილიყო. ვიდექი და უმწეობისგან ვღრიალებდი, რადგან დედაჩემი სახლში აღარ მიშვებდა.

ეს ამბავი კარგად დამთავრდა , ისევე როგორც დღევანდელი ბიძგები, ჰოდა მოდი ისევ ხანძარს მივუბრუნდები, ვინაიდან არ გამომიცდია, თუ რას ნიშნავს ცეცხლმოკიდებულ სახლში ყოფნა, უფრო თამამად ვილაპარაკებ:

  • ფული – პირველ რიგში ალბათ ფულს ავიღებდი.
  • სტივენი!
  • შემდეგ- ჩემს ლეპტოპს, რომელიც ძალიან ძალიან მიყვარს და არამგონია განსაცდელში მიმეტოვებინა. წამოღების ფაქტორი მარტო ულეპტოპოდ დარჩენის შიში არ იქნებოდა. საერთოდ, ჩემი ნივთების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მიუხედავად იმისა, რომ არც ისე კარგად ვუვლი და ვუფრთხილდები ხოლმე. ჰო, ფოტოაპარატსაც..
  • ჩემი ტანსაცმელი- განსაკუთრებით ჩემი ხელით გაკეთებული რაღაცები, ქუდები ჯემპრები და ა.შ დამენანებოდა და ვეცდებოდი გადამერჩინა.
  • სხვათაშორის, როცა გადასარჩენი ნივთების სიაზე ვფიქრობდი, ოთახში რომ მიმოვიხედე, ჩემი ფოტოალბომი დავინახე და გული ჩამწყდა. აუცილებლად წავიღებდი მასაც თან.
  • სამკაულებზეც შეიძლება მეფიქრა, თუ რა თქმა უნდა, ბევრი ფიქრის დრო მექნებოდა .

რაც შეეხება დანარჩენს, ამ ეტაპზე დიდად ფასეული სახლში არაფერი მეგულება, რის გამოც გული დამწყდებოდა. მით უმეტეს, ჩემი სახლი არცაა და ავეჯზე და მისთანებზე დიდად არ ვფიქრობ.

როგორც ზემოთხსენებულ საიტზე ეწერა, ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ტესტია, ადამიანების პრიორიტეტების განსაზღვრისთვის.

ძალიან მაინტერესებს ფსიქოლოგი ჩემი სიის მიხედვით რას დაასკვნიდა.

მატიანეი ბლოგისაი და სამომავლო გეგმები

დღეს 26 აგვისტოა. ზაფხულის დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა – ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ზაფხულის დასრულებამდე. ჩემი მეხსიერების პატრონს, პოსტებს რომ არ ვწერდე და ადრე დღიურები რომ არ მეწერა, ბევრი რაღაც , თვეების წინ მომხდარი, აღარც კი მემახსოვრებოდა. ჩემი პოსტების მეშვეობით, ახლა ქრონოლოგიურად გავიხსენებ ზაფხულს და თქვენც შეგახსენებთ:

  • ივნისი ახლა უკვე ისე შორეულად მეჩვენება, ნაწერებს რომ გადავხედე, ძლივს გავიხსენე ზოგი რამ რისთვის დავწერე. სწორედ ივნისში აღმოვაჩინე ჩემი  სიყვარული და მოსასვენებელი ადგილი, რომელსაც რაღა დაგიმალოთ და სათანადო ყურადღებას ვეღარ ვუთმობ აგერ უკვე თვენახევარია.  ქართული ბლოგინგის დღეებიც ივნისში იყო, სადაც დაუვიწყარი და უძილო სამი დღე გავატარე და მოუთნელად ველოდები შემდეგ წელს.
  • გაცილებით დინამიური აღმოჩნდა ივლისი: სწორედ ამ თვეში გაიმართა სოციალური მედიის დღე, ვიყავი სიღნაღში პოკერ რინგზე. ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრა ახალი სოციალური ქსელი გუგლ+ და ჩემი ცხოვრებიდან მალევე გაიჭრა უკანმოუხედავად 🙂 ბევრი ცრემლიც დამიღვრია ივლისში, თუმცა ტირილს წელიწადის სხვა დანარჩენ დროებშიც მშვენივრად ვახერხებ.  ავტობუსების გაძვირება ვერც კი ვიგრძენი, ისე გადის ზაფხული აქეთ-იქეთ სიარულში. ჩემს საყვარელ გმირებსაც სამუდამოდ გამოვეთხოვე, საკმაოდ ცივად.
  • აგვისტოს პირველი ნახევარი ნათიას სოფელში გავატარე აღფრთოვანებულმა: კიდევ კარგი ლეპტოპი და მოდემი წავიღე და მონდომებით აღვწერე იქაური ამბები აქ და აქ. ორკვირიანი ცხონების და დასვენების შემდეგ ჩამოვედი და ქეთოსთან დავრჩი რამდენიმე დღით, რათა ერთად წავსულიყავით ბირთვისში, ფართიზე. ორ დღეში საჩხერეში წამოვედი და აქაც ვერ მოვისვენე: ქუთაისში აღმოვჩნდი რამდენიმე დღეში. ბოლო სამი დღე არსად გადაადგილებას და არაფრის ჩადენას აღარ ვაპირებ და ჟამთააღწერასაც მოვრჩები .

რაც შეეხება აწმყოს: დღეს ჩემი მეორე ბლოგი გამოვაცოცხლე , სწავლის დაწყებამდე სულ რომ არ მოკვდეს. მთელი ზაფხული არც სათანადო მასალებზე მიმწვდებოდა ხელი რეგულარულად და სიცხე-პაპანაქებასა და მუდმივ რბენაში არც სურვილი მქონდა იქ წერის 😦  4 დღეში თბილისში მივდივარ, სახლის საქმეებზეც წასასვლელი ვარ, მეგობრებიც მომენატრნენ და ბოლოსდაბოლოს ჩემი მიტოვებული ელვისიც ! ერთი კვირით დავრჩები დაახლოებით და ყველაფრისთვის მკაცრ განრიგს გავწერ : ამასობაში თვის შუა რიცხვებიც მოაღწევს და ბათუმის კინოფესტივალზე წავალ, საიდანაც ფესტივალის ბლოგერის რანგში კრიტიკის ქარცეცხლში გატარებულ თითოეული დღის აღწერას შემოგთავაზებთ.

მგონი მოვრჩი, სულ ეს მინდოდა მეთქვა 🙂

გინება – მარტივი გამოსავალი

მხოლოდ უახლოეს ადამიანებს შეუძლიათ, საკუთარ ჭერქვეშ გაგჭორონ, დილაადრიან, მაშინ, როცა გონიათ რომ ჯერ კიდევ ღრმა ძილით გძინავს:

ვიღვიძებ და მეორე ოთახიდან ჩემი ნათესავების ჭორაობას მესმის, რომელიც ძირითადად ბიძაშვილ-მამიდაშვილების კრიტიკით შემოიფარგლება. ლამისაა ისევ დავიძინო, არაფერი საინტერესო და ახალი არ მესმის, მაგრამ უცებ ხმას უწევენ და სმენას ვამახვილებ: ძლივს მესმის ჩურჩულით ნათქვამი:

-დედამისი მეცოდება. საწყალი ქალი ამის ხელში. აი ჩემი შვილები ისეთები დავზარდე, ხმას ვერ იმაღლებდნენ ჩემს წინაშე. ეს კიდევ , ყოველ საწინააღმდეგო სიტყვაზე, მზადაა ყელში გეცეს. აუტანელია.

თავში ათასი ვერსია მიტრიალებს, რა შეიძლება გავაკეთო ამ დროს. ავდგე, თავზე დავადგე, ბილწსიტყვაობით შემოვიფარგლო თუ კინწისკვრით გავუძახო ჩემი სახლიდან, დავიბოღმო და გადავყლაპო უმეცრებით ჩადენილი დანაშაული თუ უბრალოდ დავიკიდო? რადგან დილაა და მეც ჯერ კიდევ ძილბურანში ვარ, ამ უკანასკნელს ვირჩევ და თან ფიქრს ვიწყებ, რატომ შეიძლება ვიყო აუტანელი ნათესავისთვის, რომლისთვისაც ერთი შეხედვით არაფერი დამიშავებია.

პრინციპში მართალია, რას ვერჩი:

აუტანელი ვარ რადგან არასდროს გამითვალისწინებია ნათესაური კავშირების ძალა და გამუდმებით ვთვითნებობდი. პატივს არ ვცემდი ოჯახურ შეკრებებს და ყალბ პირმოთნეობას. არც უხუცესთა ჩამორჩენილ აზროვნებას ვეთანხმებოდი, მაშინ როცა ჩემგან ყველა უსიტყვო თავის დაქნევას ელოდა. არც მათ რჩევას ვითვალისწინებდი, რჩევებს პირიქით, ჩემგან იღებდნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი სანათესაო უბრალოდ მეკიდა, უფრო სწორად ახლაც მკიდია და მხოლოდ მაშინ მენატრებიან ხოლმე, როცა ჩემგან შორს არიან და მათი უცებადად თავზე დასხმის საშიშროება არ მემუქრება.

სიმართლე გითხრათ, არც მე მეხატებიან გულზე ისინი: მათ არამარტო საკუთარ ჭერქვეშ შენი გაჭორვა, სასურველი საქმროს თუ უნივერსიტეტის ურცხვად შერჩევაც კი შეუძლიათ. ისინი არამხოლოდ მშობლის , არამედ თავიანთ მორჩილებას და პატივისცემას მოთხოვენ შენგან. ისინიც კი, ვისაც წელიწადში ორჯერ ხედავ, საკუთარ თავს შენს უახლოეს მეგობარზე წინ აყენებენ ერთადერთი რამის გამო: თქვენ ხომ ერთი სისხლი გაქვთ!

ამ აღშფოთებულმა ფიქრებმა რამდენიმე წუთის განმავლობაში იტრიალეს ჩემს გონებაში და მერე სადღაც მიიკარგნენ.

-ერთი თქვენი კარგიც მოვსტყან – ამის გაფიქრებაღა მოვასწარი ხელახლა ჩაძინებისას.