14 ივლისი – გათხოვილი ქალის დღიურებიდან

რამდენიმე კვირის წინ დავწერე რომ ვთხოვდებოდი. ჰოდა, 14-მა ივლისმაც მოაღწია. როცა ქორწინების სახლში ვიყავით და თარიღზე შევთანხმდით, ჯერ კიდევ ძალიან არარეალური და შორეული მეჩვენებოდა ჩემი გათხოვების ამბავი. ჰოდა ცოტას მოვყვები 🙂

ზოგადად, ქორწილები არ მაინტერესებს და შესაბამისად, ფუშფუშა და ულამაზესი დედოფლობის პრეტენზია არ მქონია, არც წინასაქორწინო ვნებათაღელვებს შევუპყრივარ. თუმცა, ვინაიდან საჭირო იყო, საკუთარ ქორწილში ჩვეულებრივზე ოდნავ ლამაზი ვყოფილიყავი, დილიდან დავჯექი სალონში და შევუდექი თავიდან აწყობას. გავიკეთე წარბები და ვერავინ მიხვდება რამხელა მსხვერპლი იყო ეს. გავიკეთე მაკიაჟი და თმა. ფრჩხილებს წინა დღით მივხედე და სარკეში ჩახედვისას YveLaZe LaMaZoBiS ამბიციებმაც კი შემომიტია 😀

ტაქსში ჩავჯექი და ვცდილობდი ჩემს სახეს არაფერი დამართნოდა. სახლში ყურებამდე გაბადრული შევედი და ყველაფერი მაშინ დამთავრდა, როცა უბედური შემთხვევის გამო ჩემი ლამაზი კულული დაიშალა. როცა სასოწარკვეთილი ვღნაოდი, მაშინ მივხვდი რამხელა ყურადღებას უთმობენ ქალები ქორწილის დღეს თავიანთ გარეგნობას. კუსტარული მეთოდებით ჩემი ვარცხნილობა მკვდრეთით აღდგა და სახლიდან გასვლამდე ბოლო წუთებში ყვავამაც ჩაიცვა ტანსაცმელი და სიძეს დაემსგავსა.

წავედით ბარათაშვილზე მდებარე ქორწინების სახლში. იმ უხერხულ მომენტს გამოვტოვებ, როცა ქმრის ნათესავებთან პირველი შეხვედრა შედგა, იცით ალბათ, როგორც ხდება ხოლმე 😀

ხელის მოწერისას შანსი არ დაგვიტოვეს უარი გვეთქვა ქორწინებაზე და არ უკითხავთ, თანახმა ვიყავით თუ არა, უბრალოდ დოკუმენტზე ხელი მოგვაწერინეს ჩვენ და მეჯვარეებს და გამოგვიშვეს .

ჰო მართლა, ჩემი მეჯვარე ნათია იყო, ყვავასი აჩო.

ბოლოს თაიგული ვისროლე. რატომღაც თავიდანვე ვიცოდი რომ ქეთო დაიჭერდა. ვნახოთ ამართლებს თუ არა მითი თაიგულის შესახებ.  მკითხველი ალბათ არ მიწყენს, თუ ე.წ “სუფრის” მომენტსაც გამოვტოვებ, ხომ იცით როგორც ხდება ხოლმე. თუმცა არა, ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი იოლად იყო, ძალიან პატარა, უახლოესი ადამიანებით დაკომპლექტებულ სუფრაზე მომიწია ჯდომა პატარძლის რანგში და რაც მთავარია, ცოტა ხნით.

ქორწილიდან ყველაზე საინტერესო ფოტოებია ხოლმე. ჰოდა თხრობით თავს აღარ შეგაწყენთ, იხილეთ ფოტოები და მომილოცეთ, ბოლოსდაბოლოს მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ ერთმანეთი გვიყვარს, იმიტომ რომ ყველაფერი იდეალურადაა, იმიტომ რომ ვხედავდი როგორ უხაროდათ ირგვლივ ჩვენი დაქორწინება ^_^

my wedding

ბავშვობაში, როცა უფროსები მეხუმრებოდნენ, ანა დიდი გოგო ხარ, არ თხოვდები? ყოველთვის დაჟინებულ არას ვპასუხობდი თანდართული არასდროს-ით. მართლა მეგონა რომ არასდროს გავთხოვდებოდი, არ გავიკეთებდი საქორწინო ბეჭედს და ოფიციალური დოკუმენტი არ იარსებებდა იმის შესახებ, რომ გათხოვილი ვარ.

ჰო, სულ რამდენიმე კვირაში ქორწილი მაქვს. არა ჯვრისწერით და ათასგვარი დავიდარაბით, როგორც ხდება ხოლმე, არამედ პატარა ცერემონიალით. ხელს მოვაწერთ და ცოლის სტატუსი ოფიციალურად მომენიჭება.

ჩემი ბეჭედი უკვე მზადაა. მივეჩვიე, ცოტა გამიჭირდა ხელზე რაღაც ახალი სხეულის აღქმა, მით უმეტეს არასდროს მკეთებია ბეჭედი, არც ერთ თითზე. ველოდები ყვავას ბეჭდის დამზადებას ❤

კაბა გამოვიწერე. მართალია ამაყად არ ვუშვებდი აქამდე ჩემი გათხოვების შესაძლებლობას, მაგრამ გულის სიღრმეში, თუ ეს მოხდებოდა, წარმოდგენილი მქონდა როგორ კაბას ჩავიცვამდი. ამიტომაც შავ-თეთრ მინი კაბაში ვიქნები გამოწყობილი, სურვილისამებრ.  ფოტოს არ დავდებ, დაე მაინც სიურპრიზად დარჩეს ჯერ.

სამწუხაროდ არ მაქვს ფეხსაცმელი და ყიდვას არც ვჩქარობ. ის ვიცი, რომ არ მინდა ჩვეულებრივი თეთრი, საქორწინო ფეხსაცმლის ჩაცმა.

ალბათ უინტერესო იქნება იმ დეტალების მოყოლა, რაც ასეთ ცერემონიებს ახლავს ხოლმე თან, ამიტომ გამოვტოვებ.

იმას ვამბობდი, რომ კატეგორიულად უარს ვამბობდი-მეთქი გათხოვებაზე. იმიტომ, რომ მეშინოდა უარესობისკენ ცვლილების, მეშინოდა არ დავმსგავსებოდი იმ ქალებს, თვალებამოღამებულები, უმისამართო მზერით რომ დადიან ხოლმე.

მიუხედავად ჩემი შიშების თუ სიფრთხილისა, არადროს მითქვამს უარი ურთიერთობების დაწყებისას. არც გაგრძელების შემშინებია  და აჰა, შედეგი.

ვერ ვიტყვი იმას, რასაც ასეთ შემთხვევებში ამბობენ: რომ ჩვენმა ურთიერთობამ ათას დაბრკოლებას გაუძლო და ა.შ. 10 თვისთავზეც ყველაფერი ისევ ისე დაუბრკოლებლად და  ბედნიერადაა, როგორც დასაწყისში, “შეყვარებულები” რომ გვერქვა. ქორწინებაზეც ზუსტად იმიტომ დავთანხმდი დაუფიქრებლად, რომ ვიცი, შემდეგაც ყველაფერი ისევ ძველებურად გაგრძელდება, ისევ ისეთი ლაღი და თავისუფალი ვიქნები, როგორც მანამდე. უბრალოდ ახლა თითზე ბეჭედი მიკეთია, ცოტა ხანში კი ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი მექნება ხელთ.

მოკლედ, მისურვეთ წარმატებები, მე კი ჩემსავით ბედნიერებას გისურვებთ სანაცვლოდ ^^