გასაუბრება

მოქმედება ვითარდება ორ პერსონაჟს: დამსაქმებელსა და დასასაქმებელს შორის. უფრო კონკრეტულად რიგით დამსაქმებელსა და ჩემს შორის. სფერო, პიარი და სოციალური მედია.
დამსაქმებელი- “იცი რა არის სოციალური მედია? ჩამომითვალე სოციალური ქსელები”

მე- თვალები მიფართოვდება და უკმაყოფილოდ ვიწყებ სოციალური მედიის “რაობის” ახსნას და სოც.ქსელების ჩამოთვლას.

დამსაქმებელი-რამდენ ბლოგერს იცნობ?

მე-ძალიან ბევრს. ვინმე კონკრეტული “სახეები გაინტერესებთ?

დამსაქმებელი-არა, მაინც არ ვიცნობ მე არავის; ბლოგზე რამდენი კომენტარი გაქვს პოსტზე? ბლოგის ფან ფეიჯი გაქვს?

მე-ვცდილობ ავუხსნა, რომ კომენტარების რაოდენობა პოსტის აქტუალური შინაარსითაა გამოწვეული და საშუალო არითმეტიკული ამ დროს არ ჭრის.

დამსაქმებელი-რას გვირჩევ, ბლოგი ბლოგსპოტზე გავაკეთოთ თუ ვორდპრესზე? ge-დომენი გვინდა?

მე-სრულიად ობიექტურად ვორდპრესის ძრავიან და ge-დომენიან ბლოგს ვურჩევ.

დამსაქმებელი-კომპანიის ფან-ფეიჯს რა გზებით მოუპოვებდი ლაიქებს?

მე-ლაიქების მოპოვება საინტერესო კონტენტის ფეიჯზე დადება-გავრცელებით ხდება. მსხვილ კომპანიებს შეუძლიათ განათავსონ რეკლამა ფეისბუქზე… “საკმარისია”- მაწყვეტინებს.

დამსაქმებელი-ვთქვათ ორი ერთი და იმავე პროდუქტის მწარმოებელი კომპანიაში მუშაობის პერსპექტივა გაქვს. ერთში, რომელშიც მუშაობ, დაბალი ხელფასი გაქვს, მეორე კი მაღალს გთავაზობს. რას იზამ?

მე-ხელფასს ავირჩევ.

დამსაქმებელი ფრიად უკმაყოფილოდ – იცი, თანამშრომელმა კომპანიის განვითარებაზე უნდა იზრუნოს პირველ რიგში, აბა რა წესია, მაღალ ხელფასზე გაცვალოს სამსახური?

მე, ფრიად აღშფოთებული- თქვენ რა გგონიათ, დღეს ხალხი კომპანიების განვითარებაზე ზრუნავს და იმის მიხედვით იცვლის სამსახურს, აქაოდა ბევრი კომპანია გავაუმჯობესოო, თუ საკუთარი პირობების გასაუმჯობესებლად?

დამსაქმებელი-მმმ, ეს სულ სხვა შემთხვევაა, ჩვენთან თანამშრომლები კომპანიაზე ზრუნავენ.. რაც შეეხება ხელფასს და სამუშაო გრაფიკს: დილის ათის ნახევრიდან საღამოს 6მდე, ერთსაათიანი შესვენებით. შესაძლოა ზოგჯერ უფრო დიდ ხანს დარჩენა მოგიწიოს. კომპანიებთან მოლაპარაკების გამართვა შეგიძლია? სწავლა ხელს ხომ არ შეგიშლის? იცოდე, დაგვიანებაში ხელფასი დაგექვითება. ჩვენ არც ისე დიდი ხანია ვმოღვაწეობთ და ამიტომ ვცდილობთ მინიმალური დანახარჯი ვიქონიოთ, ამიტომ დაბალი ხელფასებია. 250 ლარი, პლიუს ბონუსები.

მე-კარგი, მოვიფიქრებ, ნახვამდის.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ვაკანსია სოციალური ქსელების კოორდინატორობას შეეხებოდა, გასაუბრება კი , გუმანით მივხვდი რომ საშინლად არაპროფესიონალ და უხეშად რომ ვთქვა, უვიც ადამიანთან მომიწია. ბევრს არ გავაგრძელებ, უბრალოდ მართლა მაინტერესებს, როგორ მიმდინარეობს გასაუბრება ნორმალური კომპანიების წარმომადგენლებსა და შესარჩევ კანდიდატებს შორის?

კორპორატიული პატრიოტიზმი

ადამიანებს მგონი ჩვევად ექცათ, ის მოსწონდეთ, ის უყვარდეთ და ის აკეთონ, რისკენაც მათი ზემდგომი ორგანოები თუ პირები მიუთითებენ. საერთოდ, ძალიან იოლია ასეთი მავნე ჩვევების გამომუშავება ქვეყანაში, სადაც რიგითი კადრის ნებისმიერი წინააღმდეგობა უარყოფითად აისახება მის კარიერაზე.

მაღალფარდოვანი სიტყვების ბრახუნით არ დაგღლით და პატარა ისტორიას მოგიყვებით:

დედაჩემი ბიძინასთან მუშაობს. ალბათ გახსოვთ, ფილარმონიაში ქართულ ოცნებას რომ იხდენდა სრულიად საქართველო და შევჩენკო. ჰოდა, იმ დღეებში, ბატონმა ბიძინამ გასცა ბრძანება და ყველა მისი ხელქვეითი თბილისში მობილიზდა. დედაჩემმა ტელეფონი გამორთო და არ წავიდა. კაცმა რომ კითხოთ, არც ბიძინა დაათრევს აქეთ-იქეთ თავის მხარდამჭერებს და არც მიშა მიერეკება ნახირივით შეჯგუფებულ ხალხს თავის მორიგ შადრევანთან თუ კოტეჯთან. ეს ყველაფერი ისეთი ბუნებრივია, ხალხსაც რომ კითხო, გაიკვირვებს და წაგეჩხუბება, როგორ კაცო, მე ხომ ჩემი ნებით დავდივარ, მე მიყვარს ჩემი კანდიდატიო!

ერთი სიტყვით , ადამიანები პანტაპუნტით ხდებიან ამა თუ იმ პარტიის, კომპანიის და ადამიანის აზრის გამტარებლები, ოღონდ კი ჰქონდეთ სამსახური.

სად არიან ამ დროს პროფკავშირები? არ არიან. ან იმ სახით, რა სახითაც აყვავებულ და ბედნიერ კომუნიზმის ეპოქაში არსებობდა: ისინი ახლაც ისევე სწმენდნენ საჯდომს უფროსებს, როგორც ადრე. წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა და მომსახურე პერსონალს დამოუკიდებლობა არ უგრძვნია.

მე ძალიან მეშინია. მეშინია, როცა მუშაობას დავიწყებ , ალბათ იმავე კორპორატიული პატრიოტიზმის მსხვერპლი გავხდები, ან ზიზღით მომიწევს დაკისრებული სამუშაოს შესრულება. მეშინია იმის , რომ ვერასდროს ვერაფერს შევცვლი, ვერ გავაუმჯობესებ და ყოველთვის შავი სამუშაოს შემსრულებელი მარიონეტი ვიქნები. მეშინია რომ ხმის ამაღლებას ვერ შევძლებ, იმიტომ რომ მარტოდმარტო დავრჩები და გადამწყვეტ მომენტში ყველა შეიყუჟება სადმე, კუთხეში.

რა მოხდება ამ დროს სხვაგან? ქუჩები დაინგრევა აღშფოთებული მუშახელით, როცა ისინი მოითხოვენ ხელფასის მომატებას, დაზღვევას , სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ა.შ. ეს ყველაფერი მხოლოდ სხვაგან მოხდება. ჩვენგან კი მხოლოდ ოჯახებში , ჩურჩულით ნათქვამ აუგს თუ წავაწყდებით უფროსობაზე. ხალხში კი პირზე ღიმილით და ბედნიერი სახით ვალდებულები ვართ ყველას გავაგებინოთ, რომ :

ჩვენ გვიყვარს პრეზიდენტი;

ჩვენ გვიყვარს ჩვენი უფროსი;

ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამსახური;

ჩვენ გვიყვარს საქართველო;

ჩვენ გვიყვარს სხვის დაკრულზე ცეკვა .