უფასო სწავლა?!

მე თსუს სტუდენტი ვარ. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას რომ უნდა ვწუწუნებდე, ასეც მოვქცეულვარ არაერთხელ, თუმცა სამართლიანად.

მე ვარ ის სტუდენტი, რომელიც თვითთმართველობის წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობდა;

მე ვარ ის სტუდენტი, რომელმაც თსუს სტუდენტების ცემის ფაქტი გააპროტესტა;

მე ვარ ის სტუდენტი რომელიც უნივერსიტეტის მოუწესრიგებელ სტრუქტურას აპროტესტებს;

მე ვარ ის სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.

მაგრამ მე არასდროს გამიპროტესტებია სწავლის გადასახადის არსებობა არც თსუ-ში და არც რომელიმე უნივერსიტეტში. თუ იმას დავამატებ, რომ თავის დროზე 70%იანი გრანტი ავიღე, შესაძლოა იფიქროთ, რომ არაფერი მაწუხებს, წელიწადში  შვიდასი ლარის გადახდას ძალიან იოლად ვახერხებ და ამის გამო ვარ გულგრილი ამ საკითხის გამო, მაგრამ არც ასეა საქმე.  გადასახადი გადასახადია და ის ნაწილ-ნაწილ გადასახდელი 170 ლარი ყოველთვის ისეთ დროს მომისწრებს ხოლმე, როცა  ფულის არსებობის აღარც კი მჯერა.

თუმცა არსებობენ სტუდენტები, რომლებიც გამწარებით ითხოვენ სწავლის გადასახადის გაუქმებას და ამას რკინის არგუმენტით ამტკიცებენ: ჰო, ყველა სტუდენტს უნდა გააჩნდეს სწავლის საშუალება და ამისთვის სასურველია თუ სახელმწიფო სწავლის გადასახადს მოაშთობს. ჰო, აბა რა. ასეთ დროს, როგორც წესი, ევროპული მაგალითი მოყავთ ხოლმე, იქ ხომ არსებობენ უნივერსიტეტები, სადაც სტუდენტები გადასახადს არ იხდიან?! ჰო, არსებობენ, მაგრამ ის სტუდენტები ძალიან ყოჩაღები, ჭკვიანები, ნიჭიერები არიან და სათანადო გრანტებსაც ფლობენ სახელმწიფოსგან. ამიტომ თავისუფლდებიან გადასახადისგან. საქართველოში კი, როგორც წესი, ასეთი მოთხოვნებით ის სტუდენტები გამოდიან, აუდიტორიები თვალითაც რომ არ უნახავთ და გამოცდების შესატენი ადგილი აღარ დარჩენიათ. ნუ, ძალიან დიდი ნაწილი მაინც.

მოკლედ, ჩავთვალოთ რომ კარგი სწავლით გადასახადის პრობლემის მოგვარება ნაწილობრივ შეიძლება. თუ იესემში და მისთანებში ჩაბარება არ გინდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გარკვეულ ფაკულტეტებზე 100% დაფინანსების გარდა სხვა სახის დაფინანსებები მოიხსნა, ჩემს არგუმენტს წყალი შეუდგა, მაგრამ არსებობს ე.წ გონივრული მოთხოვნებიც, მაგალითად სწავლის გადასახადის შემცირება და არა სრულიად გაქრობა. სახელმწიფო, გაგიკვირდებათ და ზოგჯერ დათმობებზე მიდის ხოლმე. ადამიანებს, ამ შემთხვევაში სტუდენტებს რომ რეალური მოთხოვნები გააჩნდეთ, შესაძლოა რაღაც გამოსულიყო კიდეც. თუმცა აქციების და მით უმეტეს აქციებზე გამოტანილი ლოზუნგების და მოთხოვნების ერთსულოვნებით ვერ დავიკვეხნით რატომღაც.

ახლა ისევ ჩემი მოსაზრების განმტკიცებას დავუბრუნდები: რატომ არ უნდა იყოს უფასო სწავლა? უნივერსიტეტები არსებულ რაოდენობაზე ასჯერ მეტი იდიოტით გაივსება. დიახ, დიახ, უფასო დიპლომს დახამებული სტუდენტით. თანაც,  ცნობილი ფაქტია ადამიანებს ყველაფერი ძვირადღირებული გვიყვარს და მოგვწონს, აქ რატომ ვუშვებთ გამონაკლისს? თანაც ფაქტია, ძვირადღირებული უნივერსიტეტები სწავლის ხარისხით ბევრად აღემატებიან ხოლმე იაფფასიან და სკოლის შენობებში გახსნილ სასწავლებლებს. მოკლედ, მე არ მესმის, ხალხს როგორც უნდა ისე ატრაკებს. სწავლა უფასო, მანქანა კი ყველაზე ძვირადღირებული? თუ ხარისხი ფასშია, ლოგიკურად სწავლის ხარისხიც დაეცემა.

შესაძლოა ოდესმე სახელმწიფომ ჩაიდინოს სისულელე და სწავლის გადასახადი გააუქმოს, მანამდე კი გთავაზობთ გამოსავალს: საკუთარი თავებისთვის თავად იშრომეთ. სწავლის პარალელურად იმუშავეთ, რაც ოჯახის დანახარჯებს ოდნავ შეამსუბუქებს, იშრომეთ სტიპენდიების, გრანტების მოპოვებაზე, თორემ მე რა, იმ 170 ლარსად გადავიხდი როგორმე, წლევანდელი სემესტრის დასაფარად.

კორპორატიული პატრიოტიზმი

ადამიანებს მგონი ჩვევად ექცათ, ის მოსწონდეთ, ის უყვარდეთ და ის აკეთონ, რისკენაც მათი ზემდგომი ორგანოები თუ პირები მიუთითებენ. საერთოდ, ძალიან იოლია ასეთი მავნე ჩვევების გამომუშავება ქვეყანაში, სადაც რიგითი კადრის ნებისმიერი წინააღმდეგობა უარყოფითად აისახება მის კარიერაზე.

მაღალფარდოვანი სიტყვების ბრახუნით არ დაგღლით და პატარა ისტორიას მოგიყვებით:

დედაჩემი ბიძინასთან მუშაობს. ალბათ გახსოვთ, ფილარმონიაში ქართულ ოცნებას რომ იხდენდა სრულიად საქართველო და შევჩენკო. ჰოდა, იმ დღეებში, ბატონმა ბიძინამ გასცა ბრძანება და ყველა მისი ხელქვეითი თბილისში მობილიზდა. დედაჩემმა ტელეფონი გამორთო და არ წავიდა. კაცმა რომ კითხოთ, არც ბიძინა დაათრევს აქეთ-იქეთ თავის მხარდამჭერებს და არც მიშა მიერეკება ნახირივით შეჯგუფებულ ხალხს თავის მორიგ შადრევანთან თუ კოტეჯთან. ეს ყველაფერი ისეთი ბუნებრივია, ხალხსაც რომ კითხო, გაიკვირვებს და წაგეჩხუბება, როგორ კაცო, მე ხომ ჩემი ნებით დავდივარ, მე მიყვარს ჩემი კანდიდატიო!

ერთი სიტყვით , ადამიანები პანტაპუნტით ხდებიან ამა თუ იმ პარტიის, კომპანიის და ადამიანის აზრის გამტარებლები, ოღონდ კი ჰქონდეთ სამსახური.

სად არიან ამ დროს პროფკავშირები? არ არიან. ან იმ სახით, რა სახითაც აყვავებულ და ბედნიერ კომუნიზმის ეპოქაში არსებობდა: ისინი ახლაც ისევე სწმენდნენ საჯდომს უფროსებს, როგორც ადრე. წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა და მომსახურე პერსონალს დამოუკიდებლობა არ უგრძვნია.

მე ძალიან მეშინია. მეშინია, როცა მუშაობას დავიწყებ , ალბათ იმავე კორპორატიული პატრიოტიზმის მსხვერპლი გავხდები, ან ზიზღით მომიწევს დაკისრებული სამუშაოს შესრულება. მეშინია იმის , რომ ვერასდროს ვერაფერს შევცვლი, ვერ გავაუმჯობესებ და ყოველთვის შავი სამუშაოს შემსრულებელი მარიონეტი ვიქნები. მეშინია რომ ხმის ამაღლებას ვერ შევძლებ, იმიტომ რომ მარტოდმარტო დავრჩები და გადამწყვეტ მომენტში ყველა შეიყუჟება სადმე, კუთხეში.

რა მოხდება ამ დროს სხვაგან? ქუჩები დაინგრევა აღშფოთებული მუშახელით, როცა ისინი მოითხოვენ ხელფასის მომატებას, დაზღვევას , სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ა.შ. ეს ყველაფერი მხოლოდ სხვაგან მოხდება. ჩვენგან კი მხოლოდ ოჯახებში , ჩურჩულით ნათქვამ აუგს თუ წავაწყდებით უფროსობაზე. ხალხში კი პირზე ღიმილით და ბედნიერი სახით ვალდებულები ვართ ყველას გავაგებინოთ, რომ :

ჩვენ გვიყვარს პრეზიდენტი;

ჩვენ გვიყვარს ჩვენი უფროსი;

ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამსახური;

ჩვენ გვიყვარს საქართველო;

ჩვენ გვიყვარს სხვის დაკრულზე ცეკვა .

სტუდენტური კონკურსი თუ ზომბილენდი ?

საქართველოს ბანკის სტუდენტური კონკურსი დასასრულს უახლოვდება და საკმაოდ ბევრი ვიდეოც დამიგროვდა სანახავი და მოსასმენი. ვიდრე ბათუმიდან წამოვალ, პრესკაფეში მოკალათებულმა მშვიდად შემიძლია მოვუსმინო ე.წ “გაჰიტებული” ვიდეოები და ვისიამოვნო. ფეისბუქზე ხშირად მხვდებოდა კომენტარებში ამა თუ იმ კონკურსანტის კრიტიკა, დაცინვა თუ გამხნევებდა , მაგრამ თითქმის არც ერთი მათგანი დროის უქონლობის გამო აქამდე არ მინახავს.

წეღან თვალი გადავავლე და საერთო სურათი შემაძრწუნებელი და გულისამრევია.

ლიდერობს გიორგი ფუტკარაძის ვიდეო, რომელიც გაზეპირებულ ტექსტს საქართველო-ევროკავშირის დროშების ფონზე, ლეპტოპითურთ აბულბულებს. ვიდრე ვიდეოს ჩავრთავდი, მეგონა ჩვენი პრეზიდენტის ახალგაზრდობას ვუყურებ-მეთქი და ვინ იცის, უკვე მერამდენედ გავიფიქრე რომ მიმბაძველობა დაგვღუპავს მოკვდავთ.

არ გეგონოთ მხოლოდ ამ უკანასკნელ ვიდეოს გადავეკიდე და სხვა რომელიმე უკეთესია . უბრალოდ ამჯერად მას არ გაუმართლა და ვინაიდან ვიდეოებში ხმებით ლიდერობს , ჩემი კრიტიკაც პირველ რიგში მას ხვდა წილად 🙂

წტფ გაიზ, ნუთუ არ შეიძლება უბრალოდ ჩამოჯდე სადმე, თუნდაც ბალახზე და ორიოდე სიტყვით, თამამად და გამართულად თქვა რამდენიმე სიტყვა იმის შესახებ, თუ რისთვის სწავლობ?  ნურას უკაცრავად, ვიდეო აუცილებლად უნდა იწყებოდეს ასე:

“როგორც დიდმა საზოგადო მოღვაწემ თქვა…”

როგორც დიდი მწერალი და გამოჩენილი პუბლიცისტი … ამბობდა…”

დავესესხები გამოჩენილ მეცნიერს…”

როდემდე უნდა ვიმათხოვროთ და დავესესხოთ ვიღაც , თუნდაც ძალიან გამოჩენილ და პატივცემულ პიროვნებებს და თუთიყუშებივით ვიმეოროთ მათი მილიონჯერ გადაღეჭილი და მოძველებული ფრაზეოლოგია? სად არის ინდივიდუალიზმი ამ დროს? ვიტყოდი სძინავს-მეთქი მაგრამ ვაი რომ საერთოდ არ არსებობს, არათუ საღათას ძილს მისცემია 🙂 თავი რომ დავანებოთ მიმბაძველობას ზუთხვისადმი მიდრეკილებას, გარემო, სადაც კონკურსანტების ვიდეოებია ჩაწერილი, არანაკლებ ამაზრზენია, ვიდრე მათი პათოსით სავსე გამოსვლები :

რაა მამული და რაა საკონკურსო ვიდეო, თუ ფონზე საქართველოს დროშა , პრეზიდენტის რეზიდენცია, ბათუმის რომელიმე ღირსშესანიშნაობა და სამება არ ფიგურირებს? სირცხვილი, სირცხვილი… თითქოს ყველამ პირი შეკრა და ერთი და იმავე სცენარით იმოქმედა, შიგ ჩაქსოვილი პატრიოტიზმით, რწმენითა და სწავლის უსაზღვრო სურვილით. გადასარევი სცენარია , ვერაფერს ვიტყვი, მშვენიერი მამულიშვილები გვეზრდება, სწავლამოწყურებულები, მაგრამ უპს… პრობლემაა:

იმისთვის რომ ისწავლო, საჭიროა გამართულად კითხულობდე, წერდე და მეტყველებდე;

იმისთვის რომ ისწავლო, საჭიროა დამოუკიდებლად აყალიბებდე საკუთარ აზრს;

მაგრამ იმისთვის რომ მოიგო კონკურსი, ბევრი წვალება ნამდვილად არ დაგჭირდებათ. რაღა ბევრი ვილაპარაკო, გადახედეთ დაწინაურებული კონკურსანტების ვიდეოებს და მაგალითი აიღეთ..

მაგრამ უკეთესს გეტყვით, უფრო სწორად გაჩვენებთ. რამდენიმე ფავორიტი ვიდეო მეც მაქვს, თუმცა ისინი, რა თქმა უნდა, ვერ ლიდერობენ. ერთ ერთი მათგანი ლიკა გაგნიძეა, ძალიან ბუნებრივი, საინტერესო , სმარტ ვიდეოთი. პოსტს მისი საკონკურსო ვიდეოთი დავასრულებ, თქვენ კი მომავალო, არსებულო და ყოფილო სტუდენტებო, შეეცადეთ უბრალოდ კრეატიულები და უბრალოები იყოთ. როგორც ერთმა საზოგადო მოღვაწემ თქვა, ყველაფერი გენიალური  მარტივია.