კორპორატიული პატრიოტიზმი

ადამიანებს მგონი ჩვევად ექცათ, ის მოსწონდეთ, ის უყვარდეთ და ის აკეთონ, რისკენაც მათი ზემდგომი ორგანოები თუ პირები მიუთითებენ. საერთოდ, ძალიან იოლია ასეთი მავნე ჩვევების გამომუშავება ქვეყანაში, სადაც რიგითი კადრის ნებისმიერი წინააღმდეგობა უარყოფითად აისახება მის კარიერაზე.

მაღალფარდოვანი სიტყვების ბრახუნით არ დაგღლით და პატარა ისტორიას მოგიყვებით:

დედაჩემი ბიძინასთან მუშაობს. ალბათ გახსოვთ, ფილარმონიაში ქართულ ოცნებას რომ იხდენდა სრულიად საქართველო და შევჩენკო. ჰოდა, იმ დღეებში, ბატონმა ბიძინამ გასცა ბრძანება და ყველა მისი ხელქვეითი თბილისში მობილიზდა. დედაჩემმა ტელეფონი გამორთო და არ წავიდა. კაცმა რომ კითხოთ, არც ბიძინა დაათრევს აქეთ-იქეთ თავის მხარდამჭერებს და არც მიშა მიერეკება ნახირივით შეჯგუფებულ ხალხს თავის მორიგ შადრევანთან თუ კოტეჯთან. ეს ყველაფერი ისეთი ბუნებრივია, ხალხსაც რომ კითხო, გაიკვირვებს და წაგეჩხუბება, როგორ კაცო, მე ხომ ჩემი ნებით დავდივარ, მე მიყვარს ჩემი კანდიდატიო!

ერთი სიტყვით , ადამიანები პანტაპუნტით ხდებიან ამა თუ იმ პარტიის, კომპანიის და ადამიანის აზრის გამტარებლები, ოღონდ კი ჰქონდეთ სამსახური.

სად არიან ამ დროს პროფკავშირები? არ არიან. ან იმ სახით, რა სახითაც აყვავებულ და ბედნიერ კომუნიზმის ეპოქაში არსებობდა: ისინი ახლაც ისევე სწმენდნენ საჯდომს უფროსებს, როგორც ადრე. წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა და მომსახურე პერსონალს დამოუკიდებლობა არ უგრძვნია.

მე ძალიან მეშინია. მეშინია, როცა მუშაობას დავიწყებ , ალბათ იმავე კორპორატიული პატრიოტიზმის მსხვერპლი გავხდები, ან ზიზღით მომიწევს დაკისრებული სამუშაოს შესრულება. მეშინია იმის , რომ ვერასდროს ვერაფერს შევცვლი, ვერ გავაუმჯობესებ და ყოველთვის შავი სამუშაოს შემსრულებელი მარიონეტი ვიქნები. მეშინია რომ ხმის ამაღლებას ვერ შევძლებ, იმიტომ რომ მარტოდმარტო დავრჩები და გადამწყვეტ მომენტში ყველა შეიყუჟება სადმე, კუთხეში.

რა მოხდება ამ დროს სხვაგან? ქუჩები დაინგრევა აღშფოთებული მუშახელით, როცა ისინი მოითხოვენ ხელფასის მომატებას, დაზღვევას , სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ა.შ. ეს ყველაფერი მხოლოდ სხვაგან მოხდება. ჩვენგან კი მხოლოდ ოჯახებში , ჩურჩულით ნათქვამ აუგს თუ წავაწყდებით უფროსობაზე. ხალხში კი პირზე ღიმილით და ბედნიერი სახით ვალდებულები ვართ ყველას გავაგებინოთ, რომ :

ჩვენ გვიყვარს პრეზიდენტი;

ჩვენ გვიყვარს ჩვენი უფროსი;

ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამსახური;

ჩვენ გვიყვარს საქართველო;

ჩვენ გვიყვარს სხვის დაკრულზე ცეკვა .

რიგითი ქსენოფობის დღიურიდან

გუშინ მაკდონალდსში ვიჯექი, როცა ჩემს თითქმის ცარიელ მაგიდას ერთდროულად მოუსხდნენ რუსი და სომეხი ბიჭები.

-ადგილი დაკავებულია? – მორიდებულად მეკითხება ერთ-ერთი მათგანი, შავგვრემანი ბიჭი . ძლივს მესმის ყურსასმენებში.

-დასხედით- ნაჩქარევად ვეუბნები და მუსიკის მოსმენას ვაგრძელებ. მგონი რაღაცას ჩემზე ლაპარაკობენ ერთმანეთში. რამდენიმე წუთში ისევ მაწყვეტინებს. რუსულად ცდილობს ლაპარაკი გამიბას, მეც ზრდილობის გამო რამდენიმე ფრაზას ძლივს ვბლუკუნებ ჩემი დამტვრეული რუსულით და ვითხოვ საუბრის მშობლიურ ენაზე გაგრძელებას. ცისფერთვალება რუსი წყნარად ზის და გვიღიმის. სულ რამდენიმე წუთი გაგრძელდა ჩვენი საუბარი.

– შენ ძალიან ლამაზი თვალები გაქვს

-მადლობა- თავაზიანად ვპასუხობ ყურში მკვახედ მოხვედრილ გაზეპირებულ ფრაზას და გულის სიღრმეში მეცინება.

-ბათუმში არ წამოხვალ? – ისევ იძულებულს მხდის ყურსასმენები მოვიხსნა და შემოთავაზებას გადავხედო .  ამჯერად უკვე ხმამაღლა მეცინება და ლამისაა დავთანხმდე. საინტერესოა სადამდე ეყოფა გამბედაობა, მაგრამ ზრდილობიანი არათი შემოვიფარგლები და თვალს ვაყოლებ, როგორ დგებიან ჩემი მაგიდიდან და მიდიან.

ვაღიარებ, მომეწონა ის ბიჭი. საყვარელი და ზრდილობიანი იყო. სამწუხაროდ, ამ დროს ისევ შემახსენა თავი ჩემში მიძინებულმა ქსენოფობმა და დავმწუხრდი. არადა რას ვერჩი სომხებს? გრძელი ამბავია. მოკლედ დაახლოებით ასე ჟღერს: როგორც ჭეშმარიტ ქართველს და პატრიოტს მათი ხსენებისას ისტორიული ფაქტებიც მახსენდება ხოლმე და პირადი გამოცდილებიდანაც ბევრი არაფერი სიკეთე მახსოვს მათგან. პირიქით, ძალიან ბევრი აუტანლობა და გაუტანლობა.

ნათიას სოფელში დასვენებისას უარესი დამემართა. ქურთების ოჯახთან ერთად დავდიოდით ხოლმე მდინარეზე. მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა მათთან, გვქონდა და მქონდა . ერთ მშვენიერ დღეს, მდინარიდან რომ ვბრუნდებოდით, ვიღაცებმა ჩაგვიარეს გვერდით. სრულიად უცხო ხალხის შემრცხვა იმის გამო რომ დიდი იყო შანსი მათ მეც ქურთი ვგონებოდი.

დიდხანს ვფიქრობდი მერე ამაზე და უკვე ჩემი ფიქრების შემრცხვა . თუ პირველ შემთხვევაში სომხებისადმი ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება გამოცდილების და ისტორიული წარსულისთვის შემეძლო მიმეწერა, მეორე ფაქტს ვერაფერი დავუდე საფუძვლად.

ჯერ კიდევ ვფიქრობ, მაინც რა იწვევს ჩვენში, ამ შემთხვევაში ჩემში ქსენოფობიურ წამოვლებს. ძალიან მოკლედ და ზედაპირულად თუ ვიტყვი, ალბათ სისხლში გამჯდარი მედიდურობა და ყბადაღებული საამაყო ქართველობა.