როგორ დავკეროთ ბლოგერი გოგო

თუ თქვენ გოგო ხართ და თანაც ბლოგერი, ეს პოსტი სწორედ თქვენთვისაა. თუ ბიჭი ხართ, ბლოგერი, თუნდაც არაბლოგერი, ეს პოსტი თქვენთვისაცაა.

თუ დილით თქვენს ინბოქსში წერილი იპოვნეთ შინაარსით: “ძალიან კარგად წერ, ვგიჟდები შენი წერის სტილზე” , ესეიგი მამაკაცი, რომელსაც თქვენ მიზანში ყავხართ ამოღებული, ბლოგს თუ არა, თქვენი ფეისბუქის ვოლს მაინც ადევნებდა თვალყურს და მინიმუმ იცის რომ ბლოგი გაქვთ, მაქსიმუმ, შესაძლოა თქვენი ბლოგის მკითხველია.

თუ თქვენ მსგავსი შინაარსის წერილს უპასუხოდ დატოვებთ, ვერასდროს გაიგებთ, იყო თუ არა ეს პიემი დაინტერესებული მამაკაცის გადმოგდებული ანკესი თქვენს დასაკერად, ამიტომ ზოგჯერ საინტერესოა ცდა ჩაატაროთ და მადლობა გადაუხადოთ წერილის ავტორს.

თუ საუბარი ამით დამთავრდა და გაგრძელება აღარ ჰპოვა , გილოცავთ, ვიღაცას მართლა მოსწონს თქვენი წერის სტილი და თქვენი პიროვნება, მაგრამ სამწუხაროდ არსებობს უამრავი ვარიაცია, რითაც ასეთი მიმოწერა გრძელდება ხოლმე :

კატეგორია #1

“ბლოგების გარდა რას საქმიანობ?” – აქ უკვე ხვდებით რომ მამაკაცის ცოდნა “ბლოგებზე” ამოიწურა და მას სურს სხვა თემაზე გადაიტანოს საუბარი. მაგალითად , დაწვრილებით გამოიკითხოს საცხოვრებელი ადგილი, კორპუსის სართულების რაოდენობა და გამცნოს, რომ სადღაც მანდ ნაცნობები ყავს…

“ჭკვიანთან ერთად ლამაზიც ყოფილხარ” – ამ შემთხვევაში უკეთ იკვეთება მათი ნამდვილი ზრახვები: თავიდანვე ასე დაგეწყო შე კაცო, ან ბლოგის და პოსტის ერთმანეთისგან გარჩევა მაინც გესწავლა, დასაწყისისთვის…

“რატომ გიდევს ასეთი გამომწვევი ფოტოები?” – ოღრაში კაცის ფიქრები: “ისეთ პოსტებს წერს, ეს სიგარეტსაც მოწევს…” 🙂 ამ კითხვაზე პასუხი არასდროს გამიცია, ისევე როგორც დანარჩენ ზემოთჩამოთვლილზე და სიმართლე გითხრათ, ძალიან მაინტერესებს, რა პასუხს ელიან ქალისგან კაცები, რომლებიც მათ ამ შეკითხვას უსვამენ 😀

კატეგორია #2

საუბარი შეიძლება იმავე სიტყვებით დაიწყოს რითაც პირველ შემთხვევაში, მაგრამ განსხავება ისაა, რომ ბიჭი ბლოგერია და როგორც მინიმუმ, პოსტის და ბლოგის ერთმანეთისგან განსხვავება ძალუძს. ვარიაციები ასეთია:

“ყველაზე ლამაზი ბლოგერი გოგო ხარ” – ქალებმა ვიცით რომ ამქვეყნად ყველაზე ლამაზები არ ვართ, მაგრამ გარკვეულ წრეში პირველობა ძალიან გვსიამოვნებს. ჭკვიანი მამაკაცი კი პირველობას გვთავაზობს და ჩვენც, გულის სიღრმეში რომც არ გვჯეროდეს, თავს ვიტყუებთ და დარცხვენილნი ვუხდით მადლობას 🙂 ბის, პირველი ნაბიჯი გადადგმულია!

“შენი ბლოგის ლინკს ჩემს ბლოგროლში ჩავსვამ” – ნაბიჯი მეორე. ეს ფაქტიურად პაემნის ტოლფასია და თუ თქვენ ნამდვილი ბლოგერი ხართ, უკვე კაბის შერჩევას უნდა იწყებდეთ მოსალოდნელი შეხვედრისთვის 😀

“ძალიან სექსუალური ხარ” – ეს სიტყვები შესაძლოა ნებისმიერმა გითხრათ, მაგრამ არავინ ისე გულით და ალალმართალი თვალებით არ გეტყვით, როგორც ბლოგერი ბიჭი. მათთვის ქალის სექსუალურობა ხომ ღვთით კურთხეული ნიჭია და ვაი იმ ქალს, რომელსაც ჯერ კიდევ კდემა მოსავს და ბნელში სძინავს …

ამ ჩამონათვალის გაგრძელება, რა თქმა უნდა, უსასრულოდ შეიძლება და ჩემი და თქვენი ვერსიები თემაზე: “როგორ დავკეროთ ბლოგერი გოგო” სხვადასხვა იყოს, შესაძლოა, ბევრად საინტერესო, ვიდრე ჩემი მონათხრობი, ამიტომ მე აქ დავასრულებ , დასკვნების გამოტანა და შებმის ხერხების დახვეწა თქვენთვის მომინდია 🙂