დარიუშ მეჰრუჯის მასტერკლასი და ირანული კინოს დღე

დღეს 12 საათზე აპოლოში ირანელი რეჟისორის, დარიუშ მეჰრუჯის პრესკონფერენციაზე აღმოვჩნდი . ქართველი რეჟისორების შემდეგ სწორედაც რომ მაინტერესებდა , როგორ ვითარდება უცხოური კინემატოგრაფია, არის თუ არა ისეთივე მძიმე ვითარება, როგორიც ჩვენთან, მით უმეტეს რომ რეჟისორი ირანელია და მოგეხსენებათ, როგორ იზღუდება ქვეყანაში ის სიკეთე, თავისუფლებას რომ უწოდებენ.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ფარაჯანოვით დაიწყო: რეჟისორმა ქართული კინემატოგრაფიის ცოდნა ზემოთხსენებული რეჟისორით დაიწყო და დაამთავრა. რატომ ფარაჯანოვი? ამაზე ერთ-ერთმა მსმენელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა: ქართველებს ყველაზე ნაკლებად სწორედ მისი ფილმები გვაქვს ნანახი და შესაბამისად, ჩამჭრელ კითხვებს ვერ დასვამენო.. არ ვიცი რამდენად სწორი შენიშვნა იყო ეს, მაგრამ ფაქტია, დარბაზს კითხვებით თავი მართლაც არ შეუწუხებია, ამიტომ რეჟისორმა თავის მიღწევებზე განაგრძო საუბარი.

მარჯვნივ- დარიუშ მეჰრუჯი

მას არაერთი ირანელი რეჟისორისგან განსხვავებით წარმატებული კარიერა აქვს და სამოცამდე ჯილდოს მფლობელიცაა. თუმცა, ირანში წარმატების მიღწევა იოლი არ არის. ამბობს რომ ფილმები ძირითადად სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება და შესაბამისად, ნაკლებად ასახავს რეალობას. საავტორო კინოს განვითარება ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს და რეჟისორებს ხშირად ექმნებათ პრობლემები მთავრობასთან.

თავად მეჰრუჯის ინტერესის საგანი ქალთა უფლებებია: ფილმების რაოდენობა ამაზე მეტყველებს კიდეც. “ლეილა” – ფილმი, რომელიც ფესტივალზე იყო წარდგენილი სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო.

ლეილა

ფილმში მოქმედება ვითარდება შეყვარებულ ცოლ-ქმარს შორის, თუმცა როცა ირკვევა, რომ ცოლი უნაყოფოა, ოჯახი დილემის წინაშე დგება: ქმარმა მეორე ცოლი უნდა შეირთოს, რომელიც მას შვილს გაუჩენს. წყვილი ერთად იწყებს ცოლის შერჩევას…

სწორედ ასეთი საჭირბოროტო თემატიკის გამო ირანული კინო თანდათან უფრო დიდ მოწონებას იმსახურებს ევროპაში, მიუხედავად იმისა, რომ იზღუდება ფილმების გადინება საერთაშორისო კინოსივრცეში და ეს რა თქმა უნდა, ისევ პოლიტიკური ვითარებითაა გამოწვეული.

მოსმენილმა ანოტაციამ საკმაოდ დამაინტერესა , თუმცა ფილმი რიგი მიზეზების გამო ვერ ვნახე და ძალიან მწყდება გული.

სამაგიეროდ, ვიდრე “რიგი მიზეზები” გადამეღობებოდა წინ, მოვახერხე სხვა ფილმის ნახვა, ასევე ირანელი რეჟისორის ვაჰიდ მუსაიანის ფილმი “გოლჩერეჰი”, სადაც სწორედ ზემოთხსენებულ პრობლემაზე – ქვეყანაში კინემატოგრაფიის განვითარებაზე იყო აქცენტი გაკეთებული.

მთავარი პერსონაჟები დიდი ენთუზიაზმით ცდილობენ თალიბანის ზეწოლას გაუმკლავდნენ, ხალხის ცნობიერება კინოს მეშვეობით გაწმინდონ საუკუნეების მანძილზე მათში გამჯდარი მახინჯი ტრადიციებისგან . ფილმი საკმაოდ გაწელილი, მაგრამ საკმაოდ საინტერესოა. შინაარსიდან გამომდინარე, ვფიქრობ რეჟისორს არაერთი დაბრკოლება შეხვდებოდა გადაღებისას .

საინტერესოა ირანული კინემატოგრაფია. არაერთ ევროპულ პროდუქტს ვარჩევდი. შესაძლოა იმიტომაც, რომ ფილმებში აღწერილი ვითარება ყველასთვის, მათ შორის ჩემთვისაც საინტერესო და ახალია.

მასტერკლასებსა და სექსზე

გუშინ, როგორც იქნა ჩავედი ზღვაზე. წყნარი და არც ისე ცივი იყო, საშუალება მომეცა ნორმალურად მეცურავა , მანამ ვიდრე არ გავიყინე და გარუჯვის სურვილმა არ შემომიტია. თუმცა, როგორც ჩანს, განგებას არ უნდა ფერი ვიცვალო და მზემ ღრუბლებში შერგო თავი, მე კი პლაჟის წუწუნის თანხლებით სახლში წამოვედი.

ძალიანაც კარგი, რადგან დილის პრესკონფერენცია გამოვტოვე აპოლოში, ბატონი ოთარის მასტერკლასს მაინც არ გავაცდენ, ძირს პირადი სურვილები!

ამჯერად არ დამიგვიანია, დრო ამერია და ნახევარ საათზე მეტი ინტურისტის ლობიში გავატარე. მიყვარს ნელ-ნელა მომრავლებული ხალხის ყურება, რომელთაგან  ზოგი უბრალო ცნობისმოყვარეა, ზოგი დაუზარელად მუშაობს, ზოგი ფეხს ითრევს და ასე იქმნება დომხალი, რომელმაც საბოლოოდ მესამე სართულზე , პატარა დარბაზში უნდა ამოყოს თავი, რადგან იქ ოთარ იოსელიანის და ალექსანდრე რეხვიაშვილის მასტერკლასია! ყველას აინტერესებს რას იტყვიან ისინი, აქვს თუ არა ქართულ კინოს გადარჩენის და განვითარების შანსი, მაგრამ, არსაიდან ხსნა , არსით ძახილი: ბატონები შეუბრალებლები არიან, ან იქნებ მართლაც არაფერი გვეშველება? როგორც ყოველთვის, ახლაც განვლილი ნაბიჯების განხილვას და უცხოურ კინოსთან შედარებას უფრო მეტი დრო ეთმობა, ვიდრე თანამედროვეობასა და ჩაფლავებულ საავტორო თუ კომერციულ კინოს.

ალექსანდრე რეხვიაშვილი

ალექსანდრე რეხვიაშვილი

ოთარ იოსელიანი

ოთარ იოსელიანი

დარბაზი

დარბაზი

დიახ ბატონებო, ჩვენ არ გვყავს მომავალი თაობა, რომელიც განავითარებს კინოს და თუნდაც იგივე ოთარ იოსელიანის გვერდით თავისი ნიშა ექნება. ჩვენ ასეთები აღარ გვყავს, იმიტომ, რომ არ არსებობს რესურსი, არ არსებობს ბიუჯეტი და შესაბამისად არ არსებობს მოტივაცია?

სამწუხაროდ არ დაუტოვებია რეცეპტი, რით შეიძლება სიტუაციის გამოსწორება თუ არა, უკეთესობისკენ ცვლილება მაინც… ჩვენ არ გვყავს მომავალი და სამწუხაროდ მალე აღარც ის აწმყო გვეყოლება, რომლის წყალობით ქართული კინო ჯერ კიდევ ფეხზე დგას(?!) ჰო, ამ ყველაფერზე პასუხი არავის აქვს, შესაბამისად ვერც მე გეტყვით, გვეშველება თუ არა რამე 🙂

ხელი ჩავიქნიე და დარბაზი დავტოვე, იმ იმედით რომ ხელოვნებასთან ბევრი არაფერი მაკავშირებს, არც მომავალი უნიჭო მსახიობი ვარ და მით უმეტეს კინოინდუსტრიის აღორძინებაზე მეოცნებე მომავალი რეჟისორი, ასე რომ გული დავიმშვიდე და გონებაში ფილმების პროგრამას გადავავლე თვალი:

Code blue- ასე ქვია ფილმს, რომლის ანოტაციამ მეტნაკლებად დამაინტერესა და  გადავწყვიტე მენახა ანტონიაკის ფილმი.

code-blue

code-blue

რაღა დაგიმალოთ და დარბაზი გაშტერებულმა დავტოვე. ანოტაცია ასე არაფრისმთქმელი არასდროს ყოფილა : ფილმი დახვეწილი, გადასარევი შესრულებით და ხარისხითაა გადაღებული. რეჟისორი ყურადღების მიპყრობას თითქოსდა უმნიშვნელო დეტალებით ცდილობს და ფილმიც სწორედ პატარა დეტალებზეა აგებული, თუმცა ერთი არც ისე პატარა „დეტალი“ მთელ ფილმს აფუჭებს: უხეში და ბინძური პორნო დასასრული საერთოდ არ ჯდება ფილმის დანარჩენ სიუჟეტში, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრით. „შეურაცხყოფილიც“ კი გამოვედი დარბაზიდან: სხვა დანარჩენ მაღალმატერიულ დასკვნებთან ერთად  მშვენივრად გავიგე ისიც, რომ ქალებს სექსი გვწყურია და უმისოდ არა არს ჩვენი ყოფაი! ვისაც ჯერ კიდევ არ უღიარებია ეს ფაქტი, ნახეთ ფილმი და დარწმუნდით რომ სექსს იქით გზა არ გვაქვს და თუ გვაქვს, მხოლოდ საგიჟეთისკენ… ა კიდევ ერთი გამოსავალი: ნძრევაში ამოგვხვდეს სული.

ყურადღების გამახვილება სიკვდილზეც ღირს : რეჟისორი განსაკუთრებით სათუთად ეკიდება ამ „ფენომენს“. სიკვდილი და სექსი, სექსი და ვერშემდგარი სიკვდილი.

იმ დღეს მეტი ფილმი აღარ მინახავს. არა, შთაბეჭდილებებმა არ დამთრგუნა, მთელი ცრემლების მარაგი პირველ ფილმზე დავხარჯე , თანაც მშიოდა.

დღეს ირანული ფილმებია: ორი ფილმის ნახვას ვაპირებ. ვნახოთ.