გასეირნება ქუთაისში

ზოგჯერ ისე უცნაურად აღმოვჩნდები უცხო მხარეში, მეთვითონ მიკვირს : ორი დღის წინ ქუთაისში ჩამოვედი. მოვდიდი სრულიად სხვა მიზნით- უნდა მენახა ზურიუსი და იმავე დღით დავბრუნებულიყავი უკან. მერე აღმოჩნდა რომ ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ჩემი დატოვების შესაძლებლობა ჰქონდა და მეც დავეთანხმე. მით უმეტეს, 22 დან 30 აგვისტოს ჩათვლით შეიძლება კარგად გაერთო ქალაქში. ბლუზთან ზიარება გადავწყვიტე და 22ში ჩამოვედი- Eight to the bar -ის კონცერტზე.

გივი უნდა დამხვედროდა და მეგობართან წავეყვანე, რომელთანაც უნდა დავრჩენილიყავი მომდევნო ორი დღე. სად დაველოდებოდი, თუ არა მაკდონალდსში, სადაც ჩემი წინა პოსტის მუზა/მუზები მეწვივნენ. საბოლოოდ გივი მოვიდა, ბარგი, ანუ ლეპტოპი სოფოსთან დავტოვეთ და საღამოს ე.წ ძველ უბანში წავედით, პარკში- სადაც კონცერტი იმართებოდა.

სცენა დაღამებამდე

სცენა დაღამებამდე

მშვენიერი კაბა ეცვა მომღერალს :))

მშვენიერი კაბა ეცვა მომღერალს :))

რაღა დაგიმალოთ და უკეთესს ველოდებოდი: დიდად არ მომეწონა შესრულება- არც ისე კარგი ჯგუფია 😐 შესაძლოა ვცდები კიდეც, მუსიკალური გემოვნების ამბავიცაა:)

მსვლელობისას

მსვლელობისას

ძირითადი დრო პარკში სეირნობას, იქაურობის დაზვერვას და გარემოს შესწავლას დავუთმე. არ გამიმართლა, გასაკრიტიკებელი ბევრი ვერაფერი ვნახე: ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ის იყო, რაც ზოგადად მაოცებს ხოლმე მსგავსი საღამოებისას: რატომ დადის ხალხი გადაბრჭყვიალებული საღამოს კაბებით და “შპილკებით” ქუჩაში, პარკებში გამართული სანახაობებისას?
მერე ვისხედით და მაღალ მატერიებზე ვსაუბრობდით მუსიკის ფონზე: ლიტერატურასა და სარწმუნოებაზე თუ არ იკამათე, აბა როგორ ?!
ჰო, ორ ნაცნობ ბლოგერს ლაშას და თამარას შევხვდი და პირადად გავიცანი ბოლოსდაბოლოს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ბლოგერები მხოლოდ ინტერნეტში ჩხუბობენ 🙂

კონცერტის დასრულებისთანავე წამოვედით და ავბარგდით სოფოსთან: დილის 6 საათამდე არ გვიძინია გივის წყალობით და ბოლოს გარკვეული ქრთამის(ფულადი) საფასურად, როგორც იქნა გავისტუმრეთ სახლიდან 🙂
მეორე დღეს, შუადღემდე გვეძინა. მთელი დღე წვიმდა და სახლში ვისხედით. ბავშვებს უნო ვერ ვასწავლე და საკუთარ თავს ვეთამაშე გაბრაზებული 🙂 ღამით შუქი წავიდა და შედარებით ადრე დავიძინეთ, გივის გაშვებაც აღარ გაგვძნელებია. დილით სოფომ გამომაცილა ^^

პაწაწინა ელექტრომარაო , სოფოსთან

პაწაწინა ელექტრომარაო , სოფოსთან

ძალიან კარგი იყო ქუთაისში. ახლა მაკდონალდსში ვზივარ და ველოდები როდის მოვა წასვლის დრო. რამდენიმე ქუჩა ვისწავლე : ყოველშემთხვევაში ჩემი ცოდნა მაკდონალდსით და სადგურით აღარ შემოიფარგლება 🙂 მოკლედ, ვამთავრებ იქ, საიდანაც ქუთაისში მოგზაურობა დავიწყე 🙂

მაკის ვერანდა :)

მაკის ვერანდა 🙂

რიგითი ქსენოფობის დღიურიდან

გუშინ მაკდონალდსში ვიჯექი, როცა ჩემს თითქმის ცარიელ მაგიდას ერთდროულად მოუსხდნენ რუსი და სომეხი ბიჭები.

-ადგილი დაკავებულია? – მორიდებულად მეკითხება ერთ-ერთი მათგანი, შავგვრემანი ბიჭი . ძლივს მესმის ყურსასმენებში.

-დასხედით- ნაჩქარევად ვეუბნები და მუსიკის მოსმენას ვაგრძელებ. მგონი რაღაცას ჩემზე ლაპარაკობენ ერთმანეთში. რამდენიმე წუთში ისევ მაწყვეტინებს. რუსულად ცდილობს ლაპარაკი გამიბას, მეც ზრდილობის გამო რამდენიმე ფრაზას ძლივს ვბლუკუნებ ჩემი დამტვრეული რუსულით და ვითხოვ საუბრის მშობლიურ ენაზე გაგრძელებას. ცისფერთვალება რუსი წყნარად ზის და გვიღიმის. სულ რამდენიმე წუთი გაგრძელდა ჩვენი საუბარი.

– შენ ძალიან ლამაზი თვალები გაქვს

-მადლობა- თავაზიანად ვპასუხობ ყურში მკვახედ მოხვედრილ გაზეპირებულ ფრაზას და გულის სიღრმეში მეცინება.

-ბათუმში არ წამოხვალ? – ისევ იძულებულს მხდის ყურსასმენები მოვიხსნა და შემოთავაზებას გადავხედო .  ამჯერად უკვე ხმამაღლა მეცინება და ლამისაა დავთანხმდე. საინტერესოა სადამდე ეყოფა გამბედაობა, მაგრამ ზრდილობიანი არათი შემოვიფარგლები და თვალს ვაყოლებ, როგორ დგებიან ჩემი მაგიდიდან და მიდიან.

ვაღიარებ, მომეწონა ის ბიჭი. საყვარელი და ზრდილობიანი იყო. სამწუხაროდ, ამ დროს ისევ შემახსენა თავი ჩემში მიძინებულმა ქსენოფობმა და დავმწუხრდი. არადა რას ვერჩი სომხებს? გრძელი ამბავია. მოკლედ დაახლოებით ასე ჟღერს: როგორც ჭეშმარიტ ქართველს და პატრიოტს მათი ხსენებისას ისტორიული ფაქტებიც მახსენდება ხოლმე და პირადი გამოცდილებიდანაც ბევრი არაფერი სიკეთე მახსოვს მათგან. პირიქით, ძალიან ბევრი აუტანლობა და გაუტანლობა.

ნათიას სოფელში დასვენებისას უარესი დამემართა. ქურთების ოჯახთან ერთად დავდიოდით ხოლმე მდინარეზე. მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა მათთან, გვქონდა და მქონდა . ერთ მშვენიერ დღეს, მდინარიდან რომ ვბრუნდებოდით, ვიღაცებმა ჩაგვიარეს გვერდით. სრულიად უცხო ხალხის შემრცხვა იმის გამო რომ დიდი იყო შანსი მათ მეც ქურთი ვგონებოდი.

დიდხანს ვფიქრობდი მერე ამაზე და უკვე ჩემი ფიქრების შემრცხვა . თუ პირველ შემთხვევაში სომხებისადმი ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება გამოცდილების და ისტორიული წარსულისთვის შემეძლო მიმეწერა, მეორე ფაქტს ვერაფერი დავუდე საფუძვლად.

ჯერ კიდევ ვფიქრობ, მაინც რა იწვევს ჩვენში, ამ შემთხვევაში ჩემში ქსენოფობიურ წამოვლებს. ძალიან მოკლედ და ზედაპირულად თუ ვიტყვი, ალბათ სისხლში გამჯდარი მედიდურობა და ყბადაღებული საამაყო ქართველობა.