ჩემი მოხარშული ლუდი


როდესაც ვყიდულობ პროდუქტებს, ვჭამ, ან ვსვამ მათ, არ ვფიქრობ მათ შემადგენლობაზე, სად, როგორ ვის მიერ არის დამზადებული. მთავარია ჩვენს თეფშებსა და ჭიქებში გემრიელი საჭმელი და სასმელი იყოს და კვების რეცეპტორები “დააპუროს”

არადა ერთი შეხედვით იოლად მოსამზადებელი საკვებიც კი გადის პროცესებს, რის შემდეგადაც მას მივირთმევთ. ამ შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებ ლუდზე. ლუდი თითქმის ყველას უყვარს. გვაქვს საყვარელი ბრენდები, საყვარელი გემოთი და შეფუთვით. მე კი ძალიან კარგი შესაძლებლობა მომეცა, წავსულიყავი ნატახტარის ქარხანაში და უშუალოდ მომეხდინა დაკვირვება ლუდის დამზადების ტექნოლოგიებზე.


იმისთვის, რომ ლუდი მოიხარშოს, ამ კომპიუტერიდან უნდა მოხდეს პროცესების გაშვება და თვალყურის დევნება. დღეს მაუსის რამდენიმე დაწკაპუნებით სწორედ მე გავუშვი ე.წ ტანკებში ლუდი მოსახარშად და ძალიან ამაყი ვარ. ბადაგის ნიმუში უკვე ბოთლშია, კასრის ლუდი, ნომრით 1142. გაყიდვაში დაახლოებით ერთ თვეში გამოვა. ძალიან იოლად ჟღერს კომპიუტერთან ჯდომა და პროცესების გაშვება, თუმცა, სინამდვილეში ძალიან ძნელია, მე მაკვირდებოდნენ და მომხმარებელს შეუძლია არ იღელვოს, ყველაფერი რიგზეა.

პირველი ნაბიჯი ლუდის დამზადებისას არის სათანადო პროდუქტების მოპოვება. ესენია ალაო, რომელიც ქერისგან მზადდება, სვია, რომელიც ლუდს აძლევს სპეციფიურ მომწარო გემოს და რა თქმა უნდა წყალი, რომლის ხარისხი ლუდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამბობენ, რომ ქარხნის ნატახტარში აშენება სწორედ ნატახტარის წყლის უნიკალურობამ განაპირობა.  ნედლეული ლაბორატორიაში მოწმდება და შემდგომ ხდება მათი გადანაწილება შესაბამის დანადგარებში.

პირველ რიგში, ხდება ალაოს დაფქვა და წყალთან ერთად შემლეს ტანკში შელესვა:

შელესვის და აშაქრების შემდეგ მასა გადადის ფილტრში სადაც მიდის ფილტრაცია.

ფილტრაციის შემდეგ ბადაგი გადადის მადუღარა ტანკში, სადაც ხდება დუღილთან ერთად ხდება სვიის დოზირებაც

დუღილის შემდეგ ბადაგი გადადის ვირპულში, სადაც სვიის ნარჩენები ილექება. პატარა “ფანჯრიდან” ჩანს ბევრი ბადაგი.

საბოლოოდ, მიღებული ბადაგი ცივდება და გადადის ცილინდრულ კონუსურ ტანკში, ე.წ “cct-ში” სადაც ამატებენ საფუარს და იწყება ფერმენტაცია ანუ ლუდისთვის იმ საბოლოო გემოს და სახის მიცემა, რა სახითაც მას უბრალო მომხმარებლები იცნობენ.

ამ დანადგარზე მიერთებული მილებიდან ხდება ცივი წყლის და ცხელი ბადაგის თბოცვლა ანუ ვიღებთ გაციებულ ბადაგს
ამ დანადგარზე მიერთებული მილებიდან ხდება ცივი წყლის და ცხელი ბადაგის თბოცვლა ანუ ვიღებთ გაციებულ ბადაგს

საბოლოო სახის მიღებამდე კი ტანკებში არსებულ მასას უცნაური სუნი აქვს, სრულიად განსხვავებული ლუდის სუნისგან.
ბუნებრივია, ჩემი ვიზიტი ქარხანაში, არ დასრულებულა მხოლოდ რამდენიმე დანადგარის დათვალიერებით. ავიღე თავზე პასუხისმგებლობა და შევამოწმე აშაქრება:

იოდის მეშვეობით შევამოწმეთ კარგია თუ არა აშაქრება
იოდის მეშვეობით შევამოწმეთ კარგია თუ არა აშაქრება
ამ აპარატით იზომება ph ბადაგში
ამ აპარატით იზომება ph ბადაგში

გარდა ამისა, ვიყავი ლაბორატორიაში და დავათვალიერე ის აპარატურა, რომლებიც ლუდის ხარისხს და ვარგისიანობას ამოწმებენ. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვნად ლუდში ალკოჰოლის და სიმკვრივის განმსაზღვრელი აპარატი მომეჩვენა, თუმცა დანარჩენი ფოტოები, როგორც ლაბორატორიის, ასევე ქარხანაში არსებული სხვა საჭირო დანადგარების,  შეგიძლიათ ნახოთ ამ ალბომში.

ამით ჩემი ვიზიტი და ლუდის დამზადების პროცედურა არ ამოწურულა. წინ მელოდება ლუდის ბოთლებში ჩამოსხმა და ა.შ ამიტომ ხვალ ისევ მოვალ და დანარჩენ პროცესებს დავაკვირდები:)

Read More »