samsung galaxy note

ერთ წელზე მეტია, რაც ლეპტოპი ვიყიდე და რამდენიმე თვის განმავლობაში თითქმის ყველგან თან დავატარებდი. მერე გადავწყვიტე რომ ის მეტისმეტად მძიმე რამ იყო ჩემთვის და ჩემმა განუყრელმა მეგობარმა სახლში დაიდო ბინა. მისი თრევა მომბეზრდა და ყველაფერი მსუბუქი მხრების და თავისუფალი ხელების სასარგებლოდ გადაწყდა.

რამდენიმე კვირის წინ ფოტოაპარატი ვიყიდე, რომელსაც, ჯერჯერობით, ასევე ყველგან დავათრევ. ფოტოგრაფიის მოყვარული დიდად არ გახლავართ და აპარატი მხოლოდ მცირეოდენი ღირსშესანიშნაობების დასაფიქსირებლად მჭირდება ხოლმე, იქნება ეს მეგობრების შეხვედრა თუ უბრალოდ საინტერესო მომენტი ქუჩაში.

ახლა ჩემს wish list-ში კარგი მობილური ტელეფონი და სახატავი პლანშეტი იყოფენ პირველ ადგილს და აღარ ვიცი რომელს მივანიჭო უპირატესობა. გამომდინარე იქიდან, რომ ძველი მობილური ჯერ-ჯერობით არსებობს, ალბათ პლანშეტს ვიყიდი, მაგრამ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ყველა იმ ნივთის ფული, რაც ცალ-ცალკე უნდა ვიყიდო, გამეერთიანებინა როგორმე და ერთი, მოსახერხებელი და ლამაზი ნივთი მეყიდა. ეს იდეა მაშინ დამებადა, რაც  samsung galaxy note-ს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს მოვკარი ყური –  ტექნიკაში არც ისე კარგად ვერკვევი, მაგრამ ჩემთვის ისიც საკმარისი იყო, როცა რამდენიმე ჩემმა ეფლის პროდუქციის მოყვარულმა მეგობარმა სასწრაფოდ იყიდა გალაქსი ნოუთი.

ისე მოხდა, რომ მეც მომეცა საშუალება, ცოტა ხნით ხელში ჩამეგდო ეს ნივთი და გამეტესტა:

სამსუნგ გალაქსი ნოუთი ლეპტოპის ნაცვლად– დიახ, სრულიად თავისუფლად შეიძლება ის თან ვიქონიო ყველგან და შეასრულოს   ყველა ფუნქცია, რაც ლეპტოპს აქვს და რისთვისაც ჩვენ ამ უკანასკნელს თან დავატარებთ ხოლმე . განსხვავებით ჩვეულებრივი ტელეფონის ეკრანისგან, რასაც როგორც წესი, გაჭირვებით მოვიხმართ და ესემესების კითხვაც ნერვებს გვიშლის, მისი ეკრანი ძალიან მოსახერხებელია ფილმების საყურებლადაც კი და სრულებით არ ტოვებს დისკომფორტის შეგრძნებას. ბოლოსდაბოლოს ის ხომ ყველაზე დიდეკრანიანი ტელეფონი-პლანშეტია მსოფლიოში.  მშვენიერია, დამძიმებული მხრის პრობლემაც მოგვარდა.

სამსუნგ გალაქსი ნოუთი ფოტოაპარატის ნაცვლად– 8 მეგაპიქსელიანი კამერა და 4x ზუმი : თითქმის იგივე მონაცემები, რაც ჩემს ფოტოაპარატს.

სამსუნგ გალაქსი ნოუთი  სახატავი პლანშეტის ნაცვლად– თუ ცოტაოდენი ხატვის ნიჭი მაინც გაქვს, შეგიძლია მშვენივრად გაირთო თავი ყველგან, იქნება ეს სახლი , ქუჩა თუ პარკი. პაწაწუნა “კალმით” ძალიან მოხერხებულია ხატვა გალაქსი ნოუთის ეკრანზე. სხვათაშორის, ვცადე კიდეც დამეხატა და აი რა გამომივიდა.

პირველი ცდისთვის მგონი არაუშავს, მთავარია სტაილუსის კარგად მოხმარება, სათანადო “ფანქრის” შერჩევა ისწავლო და მიეჩვიო ეკრანზე ხატვას. თუ ხატვა გიჭირთ, შეგიძლიათ მეგობარს ფოტო გადაუღოთ და ის გააშარჟოთ, მიახატოთ რქები ან ულვაშები და ასე გაერთოთ. მე პირადად, ხატვა ვარჩიე.

სამსუნგ გალაქსი ნოუთი რიდერის ნაცვლად – რა თქმა უნდა, ყველა ზემოთჩამოთვლილთან ერთად მისი საშუალებით კითხვაც შეიძლება. წიგნების და ნიუსების მოყვარულთ შეუძლიათ სწრაფად მიუწვდეთ ხელი სასურველ ინფორმაციაზე და როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაფერი მოხერხებულად იკითხება მის ეკრანზე.

და რა თქმა უნდა, სამსუნგ გალაქსი ნოუთი ჩვეულებრივი მობილური ტელეფონის ნაცვლად – იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ზემოთ მოვყევი, საერთოდ არ მაქვს სურვილი სხვა ტელეფონი ვიყიდო და არც პლანშეტი. რა გაეწყობა, ფოტოაპარატი  და ლეპტოპი უკვე მაქვს 🙂 ისე, ვისაც წერილების წერის ნოსტალგია აქვს, შეუძლია “კალმით” ან თუნდაც ხელით დაწეროს შეტყობინება და გაუგზავნოს ადრესატს ^^

სხვათაშორის, როდესაც რამის ყიდვა მინდა, წინასწარ არასდროს ვიცი რა მინდა და როგორი მინდა. მხოლოდ ადგილზე მისვლისას ვარჩევ სასურველს, ან საერთოდაც ვერ ვარჩევ და იმედგაცრუებული ვბრუნდები. მშვენიერი გრძნობა ყოფილა, როცა ზუსტად ვიცი რას ვიყიდი როცა ფული მექნება 🙂

სტუდენტური კონკურსი თუ ზომბილენდი ?

საქართველოს ბანკის სტუდენტური კონკურსი დასასრულს უახლოვდება და საკმაოდ ბევრი ვიდეოც დამიგროვდა სანახავი და მოსასმენი. ვიდრე ბათუმიდან წამოვალ, პრესკაფეში მოკალათებულმა მშვიდად შემიძლია მოვუსმინო ე.წ “გაჰიტებული” ვიდეოები და ვისიამოვნო. ფეისბუქზე ხშირად მხვდებოდა კომენტარებში ამა თუ იმ კონკურსანტის კრიტიკა, დაცინვა თუ გამხნევებდა , მაგრამ თითქმის არც ერთი მათგანი დროის უქონლობის გამო აქამდე არ მინახავს.

წეღან თვალი გადავავლე და საერთო სურათი შემაძრწუნებელი და გულისამრევია.

ლიდერობს გიორგი ფუტკარაძის ვიდეო, რომელიც გაზეპირებულ ტექსტს საქართველო-ევროკავშირის დროშების ფონზე, ლეპტოპითურთ აბულბულებს. ვიდრე ვიდეოს ჩავრთავდი, მეგონა ჩვენი პრეზიდენტის ახალგაზრდობას ვუყურებ-მეთქი და ვინ იცის, უკვე მერამდენედ გავიფიქრე რომ მიმბაძველობა დაგვღუპავს მოკვდავთ.

არ გეგონოთ მხოლოდ ამ უკანასკნელ ვიდეოს გადავეკიდე და სხვა რომელიმე უკეთესია . უბრალოდ ამჯერად მას არ გაუმართლა და ვინაიდან ვიდეოებში ხმებით ლიდერობს , ჩემი კრიტიკაც პირველ რიგში მას ხვდა წილად 🙂

წტფ გაიზ, ნუთუ არ შეიძლება უბრალოდ ჩამოჯდე სადმე, თუნდაც ბალახზე და ორიოდე სიტყვით, თამამად და გამართულად თქვა რამდენიმე სიტყვა იმის შესახებ, თუ რისთვის სწავლობ?  ნურას უკაცრავად, ვიდეო აუცილებლად უნდა იწყებოდეს ასე:

“როგორც დიდმა საზოგადო მოღვაწემ თქვა…”

როგორც დიდი მწერალი და გამოჩენილი პუბლიცისტი … ამბობდა…”

დავესესხები გამოჩენილ მეცნიერს…”

როდემდე უნდა ვიმათხოვროთ და დავესესხოთ ვიღაც , თუნდაც ძალიან გამოჩენილ და პატივცემულ პიროვნებებს და თუთიყუშებივით ვიმეოროთ მათი მილიონჯერ გადაღეჭილი და მოძველებული ფრაზეოლოგია? სად არის ინდივიდუალიზმი ამ დროს? ვიტყოდი სძინავს-მეთქი მაგრამ ვაი რომ საერთოდ არ არსებობს, არათუ საღათას ძილს მისცემია 🙂 თავი რომ დავანებოთ მიმბაძველობას ზუთხვისადმი მიდრეკილებას, გარემო, სადაც კონკურსანტების ვიდეოებია ჩაწერილი, არანაკლებ ამაზრზენია, ვიდრე მათი პათოსით სავსე გამოსვლები :

რაა მამული და რაა საკონკურსო ვიდეო, თუ ფონზე საქართველოს დროშა , პრეზიდენტის რეზიდენცია, ბათუმის რომელიმე ღირსშესანიშნაობა და სამება არ ფიგურირებს? სირცხვილი, სირცხვილი… თითქოს ყველამ პირი შეკრა და ერთი და იმავე სცენარით იმოქმედა, შიგ ჩაქსოვილი პატრიოტიზმით, რწმენითა და სწავლის უსაზღვრო სურვილით. გადასარევი სცენარია , ვერაფერს ვიტყვი, მშვენიერი მამულიშვილები გვეზრდება, სწავლამოწყურებულები, მაგრამ უპს… პრობლემაა:

იმისთვის რომ ისწავლო, საჭიროა გამართულად კითხულობდე, წერდე და მეტყველებდე;

იმისთვის რომ ისწავლო, საჭიროა დამოუკიდებლად აყალიბებდე საკუთარ აზრს;

მაგრამ იმისთვის რომ მოიგო კონკურსი, ბევრი წვალება ნამდვილად არ დაგჭირდებათ. რაღა ბევრი ვილაპარაკო, გადახედეთ დაწინაურებული კონკურსანტების ვიდეოებს და მაგალითი აიღეთ..

მაგრამ უკეთესს გეტყვით, უფრო სწორად გაჩვენებთ. რამდენიმე ფავორიტი ვიდეო მეც მაქვს, თუმცა ისინი, რა თქმა უნდა, ვერ ლიდერობენ. ერთ ერთი მათგანი ლიკა გაგნიძეა, ძალიან ბუნებრივი, საინტერესო , სმარტ ვიდეოთი. პოსტს მისი საკონკურსო ვიდეოთი დავასრულებ, თქვენ კი მომავალო, არსებულო და ყოფილო სტუდენტებო, შეეცადეთ უბრალოდ კრეატიულები და უბრალოები იყოთ. როგორც ერთმა საზოგადო მოღვაწემ თქვა, ყველაფერი გენიალური  მარტივია.

დილის ფიქრები მონაზვნობაზე

რამდენიმე დღეა მეგობართან ვრჩები. დილით , როცა ვიღვიძებ, სამი საათი საკუთარი თავის ანაბარად ყოფნა მიწევს და ან ლეპტოპში ვრგავ ცხვირს, ან ქეთის ბაბუას ველაპარაკები, რომელიც დროდადრო შემოიხედავს, მძინარე შვილიშვილს დანანებით გადახედავს და მერე ცდილობს “ამ უაზრობას” ლიტერატურაზე და დაღუპულ გმირებზე საუბრით მომწყვიტოს.

ალბათ მოხუცისთვის საშინელებაა იმის დანახვა, როგორ სძინავს შუადღის სამ საათამდე ქალს, რომელიც წესით ამ დროს ჯარასავით უნდა ტრიალებდეს და როგორ ზის მისი მეგობარი სრულიად უცხო და გაუგებარ ნივთთან საათობით, როცა ცხვირწინ ამდენი საინტერესო წიგნი უდევს .

-სოლომონ დოდაშვილი იცი ვინ იყო?

-არა, არ ვიცი- ვამჯობინებ სიმართლე ვაღიარო, რადგან ვიცი, სავარაუდო კითხვებს დოდაშვილზე , დადებითი პასუხის შემთხვევაში ჩემი მწირი ცოდნა ვერ გაწვდება.

-ბარათაშვილი და ილია ალბათ გეცოდინება.. ჯავახიშვილი? – იმედის თვალით მიყურებს და ვგრძნობ, პასუხი ახარებს.

-იცი, ეს ქალი 12 წლის მივიდა მონასტერში და იქვე გარდაიცვალა- მანიშნებს უცებ თაროზე შემოდებულ ფოტოზე. მე საუბრის უეცარი შეტრიალებისგან თვალები მიფართოვდება. უფრო სწორად წამებში წარმოდგენილი სამონასტრო ცხოვრება მაშფოთებს.. ბაბუა რამდენიმე წამით ფიქრობს და ოთახიდან გასვლამდე ყავას მთავაზობს, მეკი ვაგრძელებ ფიქრს მონაზვნად აღკვეცილ ქალზე და ვიხსენებ, ბოლოს როდის წარმოვიდგინე თავი თალხ სამოსში, ხატებთან მლოცველი.

…ბავშვობაში მე და ჩემი დეიდაშვილი  ერთმანეთს ხშირად ვეჯიბრებოდით, თითქმის ყველაფერში.

-მონაზვნად აღიკვეცებოდი? – არ ვიცი რომელმა ჩვენგანმა დაუსვა მეორეს ეს კითხვა პირველად.

-დედაჩემი თუ ნებას დამრთავს, კი – კარგად მახსოვს დეიდაშვილის პასუხი.

ამ დემაგოგობაზე გავბრაზდი და დავძინე, რომ არავის ნებართვა არ მჭირდებოდა ამისათვის, მაგრამ მონაზონი ჩემგან არასდროს დადგებოდა და ლამის ვიჩხუბეთ ამაზე. რა თქმა უნდა წარმოუდგენლად მივიჩნიე 13 წლის გოგოსგან მსგავსი ზეაღმატებული ფრაზები და იმის წარმოდგენამ რომ მისი თავი “იდეალისტური” და ამაღლებული ფიქრებით იყო გამოტენილი, რომელთა სისრულეში მოყვანას ბოროტი დედიკო უშლიდა ხელს, ცოტა არ იყოს გამაცინა. ამის მერე კიდევ რამდენჯერმე წარმოვიდგინე ჩემი თავი მონაზვნის როლში, ისიც მაშინ, როცა შემთხვევით რაღაც სიუჟეტებს ვუყურე ტელევიზორში. რამდენიმე წელია ამაზე არ მიფიქრია . რატომ?

არასდროს მწამდა ღმერთის საკმარისად.

არასდროს მქონდა ნებისყოფა საკმარისად.

და ბოლოს, არასდროს მესმოდა მსხვერპლშეწირვის დანიშნულება საკმარისად.

ერთსაც გავიხსენებ და მოვრჩები: ადრე, სამებაში ვიყავი ასული , სამიოდე წლის წინ. ბიჭის საუბარს მოვკარი ყური, მონასტერში უნდოდა წასვლა. რაღა დაგიმალოთ და შორიდან ვიცნობდი კიდეც და ვიცოდი, როცა ეკლესიაში არ იყო, ან ეწეოდა, ან სვამდა – რა თქმა უნდა ზომიერების ფარგლებში  : ) ავდექი და ვკითხე, რატომ უნდოდა ბერად აღკვეცა. უიმედო და სასოწარკვეთილი პასუხი მოვისმინე: საერო ცხოვრებაში არაფერი გამომივა, რა დადგება ჩემგან კაცმა არ იცის და ბარემ მონასტერში წავალო. მშვენიერია, მშვენიერი: ერთ ორ წელსაც მოვიცდი, იქნებ ჩემგან რამე დადგეს, მერე ავდგები, ცოდვებს მოვინანიებ და მეც მონასტრის გზას გავუყვები, მით უმეტეს აკრძალვებს არავინ მიწესებს და საკუთარი თავის ბატონ-პატრონი თავადვე გახლავართ.

არადა დღემდე კარგად ვიცი, რომ ჩემგან არათუ მონაზონი, არამედ წესიერი მორწმუნეც კი ვერ დადგება ვერასდროს. ბოლოსდაბოლოს, კარგად ვიცი რისი ტრაკი მაქვს. ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, სჯობს ისევ დოდაშვილის ბიოგრაფიას გავეცნო, ეგებ კიდევ დამჭირდეს რამეში და სამომავლოდ აღარ შევრცხვე 🙂