კორპორატიული პატრიოტიზმი

ადამიანებს მგონი ჩვევად ექცათ, ის მოსწონდეთ, ის უყვარდეთ და ის აკეთონ, რისკენაც მათი ზემდგომი ორგანოები თუ პირები მიუთითებენ. საერთოდ, ძალიან იოლია ასეთი მავნე ჩვევების გამომუშავება ქვეყანაში, სადაც რიგითი კადრის ნებისმიერი წინააღმდეგობა უარყოფითად აისახება მის კარიერაზე.

მაღალფარდოვანი სიტყვების ბრახუნით არ დაგღლით და პატარა ისტორიას მოგიყვებით:

დედაჩემი ბიძინასთან მუშაობს. ალბათ გახსოვთ, ფილარმონიაში ქართულ ოცნებას რომ იხდენდა სრულიად საქართველო და შევჩენკო. ჰოდა, იმ დღეებში, ბატონმა ბიძინამ გასცა ბრძანება და ყველა მისი ხელქვეითი თბილისში მობილიზდა. დედაჩემმა ტელეფონი გამორთო და არ წავიდა. კაცმა რომ კითხოთ, არც ბიძინა დაათრევს აქეთ-იქეთ თავის მხარდამჭერებს და არც მიშა მიერეკება ნახირივით შეჯგუფებულ ხალხს თავის მორიგ შადრევანთან თუ კოტეჯთან. ეს ყველაფერი ისეთი ბუნებრივია, ხალხსაც რომ კითხო, გაიკვირვებს და წაგეჩხუბება, როგორ კაცო, მე ხომ ჩემი ნებით დავდივარ, მე მიყვარს ჩემი კანდიდატიო!

ერთი სიტყვით , ადამიანები პანტაპუნტით ხდებიან ამა თუ იმ პარტიის, კომპანიის და ადამიანის აზრის გამტარებლები, ოღონდ კი ჰქონდეთ სამსახური.

სად არიან ამ დროს პროფკავშირები? არ არიან. ან იმ სახით, რა სახითაც აყვავებულ და ბედნიერ კომუნიზმის ეპოქაში არსებობდა: ისინი ახლაც ისევე სწმენდნენ საჯდომს უფროსებს, როგორც ადრე. წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა და მომსახურე პერსონალს დამოუკიდებლობა არ უგრძვნია.

მე ძალიან მეშინია. მეშინია, როცა მუშაობას დავიწყებ , ალბათ იმავე კორპორატიული პატრიოტიზმის მსხვერპლი გავხდები, ან ზიზღით მომიწევს დაკისრებული სამუშაოს შესრულება. მეშინია იმის , რომ ვერასდროს ვერაფერს შევცვლი, ვერ გავაუმჯობესებ და ყოველთვის შავი სამუშაოს შემსრულებელი მარიონეტი ვიქნები. მეშინია რომ ხმის ამაღლებას ვერ შევძლებ, იმიტომ რომ მარტოდმარტო დავრჩები და გადამწყვეტ მომენტში ყველა შეიყუჟება სადმე, კუთხეში.

რა მოხდება ამ დროს სხვაგან? ქუჩები დაინგრევა აღშფოთებული მუშახელით, როცა ისინი მოითხოვენ ხელფასის მომატებას, დაზღვევას , სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ა.შ. ეს ყველაფერი მხოლოდ სხვაგან მოხდება. ჩვენგან კი მხოლოდ ოჯახებში , ჩურჩულით ნათქვამ აუგს თუ წავაწყდებით უფროსობაზე. ხალხში კი პირზე ღიმილით და ბედნიერი სახით ვალდებულები ვართ ყველას გავაგებინოთ, რომ :

ჩვენ გვიყვარს პრეზიდენტი;

ჩვენ გვიყვარს ჩვენი უფროსი;

ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამსახური;

ჩვენ გვიყვარს საქართველო;

ჩვენ გვიყვარს სხვის დაკრულზე ცეკვა .