იოგა

რამდენიმე დღის წინ დავწერე პოსტი , სადაც საკუთარ თავს რაღაც-რაღაცებს დავპირდი, კერძოდ საკუთარი ფიგურის გარშემოწერილობის ოდნავ მაინც შემცირებას. დიდხანს ვიფიქრე, საკვების შემცირების და ჯანსაღ კვებაზე გადასვლის გარდა, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, რაც დამეხმარებოდა გახდომასა და სხეულის ტონუსში მოყვანაში.

ვარჯიში სახლის პირობებში რთულია, თანაც არ ვიცი რა მოძრაობა რა დატვირთვით დასჭირდება ჩემს სხეულს: მაშინ როცა მე მუცლის პრესს ვაკვდები,  შესაძლოა სხვა, გაცილებით მსუბუქმა დატვირთვამ უკეთესი შედეგი გამოიღოს. მოკლედ, ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა, გამახსენდა, რომ სახლში გენიალური წიგნი მაქვს : “იოგა ყველასათვის”, სადაც როგორც სიტყვიერად, ისე სურათების მეშვეობით დაწვრილებითაა აღწერილი ყველა მოძრაობა და ვარჯიშის პოზა. თითოეული მოძრაობის რაოდენობა და დანიშნულება – სხეულის რომელი ნაწილის გასავარჯიშებლადაა ის მიმართული.

ახლა გარკვეული რეჟიმი უნდა დავუწესო თავს, რადგან იოგას მხოლოდ მაშინ აქვს შედეგი, თუ მას რეგულარულად ვასრულებთ. დღის ჩაგდება/გამოტოვება საპატიო მიზეზებითაც კი არ მინდა მოხდეს. ვარჯიშების შესასრულებლად მე ვირჩევ საღამოს ორი მიზეზის გამო:

1) დილით სულ მალე აღარ მეცლება ხოლმე და გაწამაწიაში ყოფნა და დროის არევა არ მინდა;

2) საღამოობით გაცილებით მეტი ენერგია მაქვს და შესაბამისად სიხალისეც, ნებისმიერი ვარჯიშის შესასრულებლად. ბოლოსდაბოლოს, არსად მეჩქარება და მშვიდად ვარ.

ჰო, საღამო იმიტომაა ხელსაყრელი კიდევ , რომ დღეს, მთელი დღის განმავლობაში მოვასწრებ წიგნის წაკითხვას და სასურველი ვარჯიშების ამოკრებას და საღამოს შევუდგები მათ შესრულებას, დღის ჩაგდებაც არ გამომივა, რისთვის გადავდო საქმე ხვალ?

წეღან თვალი გადავავლე შესავალს და გული სიხარულით ამევსო, ისეთი კარგი რამეები წერია 😀 შესაძლოა ავტორის მეტისმეტად მჯერა, ან მინდა რომ მჯეროდეს, მაგრამ იოგას “ყოვლისშემძლეობის” შესახებ აქამდეც არაერთხელ მსმენია და ახლა დროა საკუთარ თავზე გამოვცადო  და ჩემი თვალით დავინახო ბოლოსდაბოლოს როგორ შემცირდება ჩემი ღიპი და შეთხელდება ჩემი სქელი ფეხები 🙂

რამდენიმე სურათსაც შევავლე თვალი და მგონი არც ვარჯიშების შესრულება უნდა გამიჭირდეს: ცოტაოდენი ელასტიურობა და ყველაფერი რიგზეა. ისღა დამრჩენია წიგნს ჩავუჯდე და ყველაფერი ავითვისო. ზუსტად ერთი თვის თავზე პატიოსან სიტყვას გაძლევთ, დავწერ პოსტს, შთაბეჭდილებებით და ფოტოებით : after & before ^^