ერთი ეკლესია ჩვენზე იყოს, ბიძინა

“ბერა მალე დაობლდება”- ვთქვი, როცა მეგობრები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის ამბავზე ვსაუბრობდით. გუშინ ნიუსფიდი აჭრელებული მქონდა სხვადასხვა სააგენტოების მიერ მოპოვებული ინფორმაციით .

…ბიძინა საკუთარ პოლიტიკურ პარტიას ქმნის..

…ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსობას აპირებს…

…ბიძინას ფულის წარმომავლობა…                             …ივანაშვილი და რუსეთი…

მოკლედ, უამრავი ვარაუდი და მოსაზრება გამოითქვა მისი გაპოლიტიკოსების თაობაზე , მეკი სიმართლე გითხრათ, არც ერთი მათგანი არ წამიკითხავს. ასე მგონია მოკლე შინაარსი ვიცი უკვე:

წარმოიდგინეთ ფულიანი, კეთილი ბიძა, რომელიც აპირებს ქვეყნის აღმშენებლობაში წვლილი უკვე პარლამენტიდან შეიტანოს, თესოს სიკეთე და აღადგინოს სამართალი. რა თქმა უნდა , ის ყველას უყვარს, ის ხომ ნახევარი საქართველოს მამა და მარჩენალია? ის ქმნის საკუთარ პოლიტიკურ პარტიას და ნეტარ არიან პარტიის ფრთებქვეშ შეყუჟული პარტიელები… ის ილაშქრებს მიშას რეჟიმის წინააღმდეგ. ან არ ილაშქრებს. ამ უკანსკნელ შემთხვევაში, რა აზრი აქვს კიდევ ერთი წანაციონალო პარტიის შექმნას? მაქსიმუმ მშიერ მწყურვალი და უპარტიოდ დარჩენილი პარლამენტარ-პოლიტიკოსების შეფარება და დასაქმება, მაგრამ ესეც ხომ საქმეა, თან ბიძინა ამგვარი საქმეებით უკვე ცნობილია, ასე რომ არც ეს გამიკვირდება.

რა მოხდება, თუ ყოფილმა ბიზნესმენმა ხმა აღიმაღლა ? მოდით გადავინაცვლოთ წარსულში, რამდენიმე წლის წინ. ბუნებრივია ივანიშვილის და პატარკაციშვილის შედარება არავის გაუკვირდება, მეტიც ნებისმიერი თქვენგანი პარალელს გაავლებდა ამ ორ მოვლენასთან. წლების წინ, როცა ცნობილი ბიზნესმენი , მეცენატი და ა.შ, ცხონებული ბადრი პოლტიკასაც შეეჭიდა, ალბათ წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ასე მალე მოუწევდა გარდაცვალება. რასაკვირველია, ვინ იცის, როდის დადგება ეს ოხერი სიკვდილი? მით უმეტეს პოლიტიკაში.

როგორც ჩანს ასევე ცნობილი ბიზნესმენი, მეცენატი, უდიდებულესი ადამიანი, არაჩვეულებრივი მამა და ხალხის მარჩენალი ვერ ითვალისწინებს წინამორბედის შეცდომებს, ფაქტიურად უშიშრად ეგებება სიკვდილს. პატარა კი აღარ არის, პოლიტიკა ძალიან რთული საქმეა, გაძლება მოგცეს ღმერთმა, ბიძინა. ერთი ეკლესია შენზე იქნება…

მაგრამ.. არის ერთი მაგრამ. რას უშვრები ბერას? ღუპავ ბიჭს? მაშინ როცა ძლივს მისმა ვარსკვლავმა ამობრძანება ინება, მაშინ ღუპავ? პრინციპში რატომ? როგორც ერთმა ჩემმა ნაცნობმა თქვა, ბერა მალე მილიონერი გახდება, ჩვენ ვიკითხოთ, შენი ფულების შემყურეებმა..

ჰო , ჰო, მალე ყველანი დავობლდებით. თუმცა, ამ ყველაფერსაც ექნება თავის დადებითი მხარე. წმინდანებით  განთქმულ საქართველოს ერთით მეტი წამებული ეყოლება: თანამედროვე ცოტნე დადიანი, ან სამასი არაგველი, 9 ძმა ხერხეულიძე , ან უბრალოდ ერთადერთი და განუმეორებელი წმინდა ბიძინა ივანიშვილი.

ერთი ეკლესია ჩვენზე იყოს ბიძინა..

სტუდენტური კონკურსი თუ ზომბილენდი ?

საქართველოს ბანკის სტუდენტური კონკურსი დასასრულს უახლოვდება და საკმაოდ ბევრი ვიდეოც დამიგროვდა სანახავი და მოსასმენი. ვიდრე ბათუმიდან წამოვალ, პრესკაფეში მოკალათებულმა მშვიდად შემიძლია მოვუსმინო ე.წ “გაჰიტებული” ვიდეოები და ვისიამოვნო. ფეისბუქზე ხშირად მხვდებოდა კომენტარებში ამა თუ იმ კონკურსანტის კრიტიკა, დაცინვა თუ გამხნევებდა , მაგრამ თითქმის არც ერთი მათგანი დროის უქონლობის გამო აქამდე არ მინახავს.

წეღან თვალი გადავავლე და საერთო სურათი შემაძრწუნებელი და გულისამრევია.

ლიდერობს გიორგი ფუტკარაძის ვიდეო, რომელიც გაზეპირებულ ტექსტს საქართველო-ევროკავშირის დროშების ფონზე, ლეპტოპითურთ აბულბულებს. ვიდრე ვიდეოს ჩავრთავდი, მეგონა ჩვენი პრეზიდენტის ახალგაზრდობას ვუყურებ-მეთქი და ვინ იცის, უკვე მერამდენედ გავიფიქრე რომ მიმბაძველობა დაგვღუპავს მოკვდავთ.

არ გეგონოთ მხოლოდ ამ უკანასკნელ ვიდეოს გადავეკიდე და სხვა რომელიმე უკეთესია . უბრალოდ ამჯერად მას არ გაუმართლა და ვინაიდან ვიდეოებში ხმებით ლიდერობს , ჩემი კრიტიკაც პირველ რიგში მას ხვდა წილად 🙂

წტფ გაიზ, ნუთუ არ შეიძლება უბრალოდ ჩამოჯდე სადმე, თუნდაც ბალახზე და ორიოდე სიტყვით, თამამად და გამართულად თქვა რამდენიმე სიტყვა იმის შესახებ, თუ რისთვის სწავლობ?  ნურას უკაცრავად, ვიდეო აუცილებლად უნდა იწყებოდეს ასე:

“როგორც დიდმა საზოგადო მოღვაწემ თქვა…”

როგორც დიდი მწერალი და გამოჩენილი პუბლიცისტი … ამბობდა…”

დავესესხები გამოჩენილ მეცნიერს…”

როდემდე უნდა ვიმათხოვროთ და დავესესხოთ ვიღაც , თუნდაც ძალიან გამოჩენილ და პატივცემულ პიროვნებებს და თუთიყუშებივით ვიმეოროთ მათი მილიონჯერ გადაღეჭილი და მოძველებული ფრაზეოლოგია? სად არის ინდივიდუალიზმი ამ დროს? ვიტყოდი სძინავს-მეთქი მაგრამ ვაი რომ საერთოდ არ არსებობს, არათუ საღათას ძილს მისცემია 🙂 თავი რომ დავანებოთ მიმბაძველობას ზუთხვისადმი მიდრეკილებას, გარემო, სადაც კონკურსანტების ვიდეოებია ჩაწერილი, არანაკლებ ამაზრზენია, ვიდრე მათი პათოსით სავსე გამოსვლები :

რაა მამული და რაა საკონკურსო ვიდეო, თუ ფონზე საქართველოს დროშა , პრეზიდენტის რეზიდენცია, ბათუმის რომელიმე ღირსშესანიშნაობა და სამება არ ფიგურირებს? სირცხვილი, სირცხვილი… თითქოს ყველამ პირი შეკრა და ერთი და იმავე სცენარით იმოქმედა, შიგ ჩაქსოვილი პატრიოტიზმით, რწმენითა და სწავლის უსაზღვრო სურვილით. გადასარევი სცენარია , ვერაფერს ვიტყვი, მშვენიერი მამულიშვილები გვეზრდება, სწავლამოწყურებულები, მაგრამ უპს… პრობლემაა:

იმისთვის რომ ისწავლო, საჭიროა გამართულად კითხულობდე, წერდე და მეტყველებდე;

იმისთვის რომ ისწავლო, საჭიროა დამოუკიდებლად აყალიბებდე საკუთარ აზრს;

მაგრამ იმისთვის რომ მოიგო კონკურსი, ბევრი წვალება ნამდვილად არ დაგჭირდებათ. რაღა ბევრი ვილაპარაკო, გადახედეთ დაწინაურებული კონკურსანტების ვიდეოებს და მაგალითი აიღეთ..

მაგრამ უკეთესს გეტყვით, უფრო სწორად გაჩვენებთ. რამდენიმე ფავორიტი ვიდეო მეც მაქვს, თუმცა ისინი, რა თქმა უნდა, ვერ ლიდერობენ. ერთ ერთი მათგანი ლიკა გაგნიძეა, ძალიან ბუნებრივი, საინტერესო , სმარტ ვიდეოთი. პოსტს მისი საკონკურსო ვიდეოთი დავასრულებ, თქვენ კი მომავალო, არსებულო და ყოფილო სტუდენტებო, შეეცადეთ უბრალოდ კრეატიულები და უბრალოები იყოთ. როგორც ერთმა საზოგადო მოღვაწემ თქვა, ყველაფერი გენიალური  მარტივია.