სხეული რომელშიც სიამოვნებით ვცხოვრობ

ხშირად ვკითხულობ ხოლმე პოსტებს, რომლებიც ეხება დიეტას, ვარჯიშს და ა.შ, ჰოდა ყოველთვის მაინტერესებს, როგორ გრძელდება პოსტის ავტორების კლების პროცესი, მიიღეს თუ არა ის, რაც უნდოდათ, თუმცა იშვიათად ვპოულობ პოსტების გაგრძელებებს. მეც მაქვს ასეთი, დიეტური პოსტი, რომელიც 2 ივლისს დავწერე. ამ დროს 86.3 კილოდან 73.5 კილოზე ვიყავი ჩამოსული, თუმცა ეს ამბები ვრცლად ძველ პოსტში შეგიძლიათ წაიკითხოთ.

საინტერესოა, რა  მოხდა 2 ივლისის, ანუ 3 თვის შემდეგ:

ამჟამად 63.7 კილო ვარ, ანუ დაახლოებით 10 კილო დავიკელი ამ დროის განმავლობაში.  ვაშა, ეს ის წონაა, რომელზეც შემიძლია თავი ბედნიერად ვიგრძნო, მიხდებოდეს ტანსაცმელი და მაღაზიებში შესვლისას თვალის ზომით ავირჩიო კაბებიც, შარვლებიც და მაისურებიც.

12087406_1635558800047509_1036398315_n

ლიფტებში შესვლის აღარ მეშინია, რადგან აღარ მასუქებენ 🙂

11230652_1632753840328005_74788193189552702_n

After/Before , Before/After-ის ნაცვლად 🙂

აქვე აღვნიშნავ, რომ სიმაღლე 1.69 სმ მაქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯერ კიდევ არ მიმიწევია იდეალურ წონამდე. 57 კილოგრამი არის ის ნიშნული, სადამდეც მინდა ჩამოვაღწიო. ამისთვის ალბათ 3-4 თვე დამჭირდება კიდევ, ბოლო კილოგრამები ყველაზე ნელა მიდიან სხეულიდან, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც უკვე მოვიშორე.

რას ვგრძნობ?

ვარ ძალიან ამაყი, ბედნიერი და თავდაჯერებული. და რა თქმა უნდა, ლამაზი, თუმცა ეს უკანასკნელი სუბიექტურია 😀

კიდევ გავსუქდები ოდესმე?

ალბათ მეორე ორსულობისას, ისევ გავსუქდები.  თუმცა ვეცდები ნაკლებად გავსუქდე და ოციათასი კილო არ მოვიმატო 🙂 და არც ისე სასოწარკვეთილი ვიქნები ამ დროს, რადგან უკვე მეცოდინება, როგორ გავხდე.

ვშიმშილობ?

არ ვშიმშილობ, ყველაფერს ვჭამ/ვსვამ, ტკბილეულსაც, ცომეულსაც, ხილსაც, არაყსაც. არც ერთი ბედნიერება არ დამივიწყებია ჩემი რაციონიდან, გარდა ლუდისა, რომელიც ძალიან მიყვარს და საჩუქრად შემოვუნახავ საკუთარ თავს იმ დროისთვის, როცა საბოლოო წონაზე ჩამოვალ.

როგორ ვხდები?

1200 კალორიის ფარგლებში, დღეში 4 ჯერ, ან 5-ჯერ  ვიკვებები, უმეტესად ხორცით და ბურღულით. საკვებს ვაყოლებ დესერტს, ნამცხვრის, შოკოლადის ან შაქრიანი ყავის სახით,  შუალედებში ვჭამ ხილს და ვცდილობ დავლიო 2 ლიტრამდე წყალი.

სულ ეს იყო, ამ ეტაპზე რისი მოყოლაც მინდოდა. პოსტის მესამე ნაწილს აუცილებლად დავწერ, როცა 57 კილო ვიქნები.

წარმატებები მათ, ვინც კლების პროცესში კითხულობს ამ პოსტს ^_^

im a fitness girl

მოკლედ, დიდი ხნის სურვილის, გაწელვის და გადადების მერე ფიტნესზე სიარული დავიწყე. ჩემი წინა პოსტი ალბათ გახსოვთ, დიეტის შედეგად მოკლებულ რამდენიმე კილოგრამზე. ბუნებრივია , ეს არ მეყო და გადავწყვიტე სრულად მოვიყვანო თავი ფორმაში. ანუ რას ვგულისხმობ:

ვარ 56 კილო და ერთი შეხედვით სულაც არ გამოვიყურები ცუდად ჩემი 1.70 სიმაღლის გათვალისწინებით, მაგრამ არის ერთი პრობლემა. საოცრად ფაფუკი და რბილი სტრუქტურა მაქვს: უფრო გასაგებ ენაზე რბილი ხორცები , რაც მთელი ცხოვრებაა ნერვებს მიშლის.

შარშანაც დავიწყე ვარჯიში, ტრენაჟორებზე ვიარე ერთი თვე, მაგრამ ეს ძალიან მცირე დრო იყო შედეგის მისაღწევად, მით უმეტეს, როცა კვირაში ორჯერ დადიხარ და ინსტრუქტორი სათანადო ვარჯიშების დანიშვნაზე სულაც არ ზრუნავს. ამიტომ ძვირი მომეჩვენა თვეში 70 ლარი არაფერში და შევეშვი.

დღეს პირველი ვარჯიშები ჩამიტარდა. ინსტრუქტორმა გამზომა, გამომკითხა ჯანმრთელობის მდგომარეობა და დიაგნოზი დამისვა:

ჩემი პარამეტრები როგორც აღმოჩნდა სასურველთან ძალიან ახლოსაა. ვიდრე გამზომავდა, მკითხა კიდეც, რატომ მივედი და რას ვერჩოდი ჩემს ფიგურას, მაგრამ ხელი რომ შემახო, მკითხა, რატომ მაქვს ასეთი რბილი სხეულის სტრუქტურა. აბა მე რა ვიცი? ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მე მჭირდება მცირეოდენი ვარჯიში, რა თქმა უნდა, რეგულარული და ყველაფერი კარგად იქნება. რაც შეეხება კვებას, რაციონიდან ისედაც ამოღებული მაქვს ტკბილეული და ცომეული და ასე გავაგრძელებ.

ახლა რაც შეეხება ლოკაციას:

ჭავჭავაძეზე, 41 ნომერში არის ასეთი ფიტნესკლუბი, თიდანი. ვინაიდან და რადგანაც ერთ-ერთი ჩემი მეგობარი აღფრთოვანებული ყვებოდა იქაურ გარემოზე, გადავწყვიტე მეც მეცადა, რატომაც არა. ნორმალური ფასები და კარგი გარემო. ფასი ნორმალური კიარა გადასარევია, ყოველდღე  ვარჯიში, თვეში 70 ლარი. არ არის ურიგო ნამდვილად. პროგრამის შერჩევა ინდივიდუალურია და როგორც მე ამზომ/ამწონეს და დამკითხეს, ისე ურჩევენ ყველა მსურველს სათანადო პროგრამას. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ესეც ფეიჯი.

რაც მთავარია, მარტო არ ვარ. მე და ნათია ერთად დავდივართ. ზუსტად ერთი თვის შემდეგ დავდებ შთაბეჭდილებებს და დიდი იმედი მაქვს შედეგებსაც.

დარჩით ჩვენთან 😀

დაპირებული პოსტი: after & before diet

ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც, დანაპირები უნდა შეგისრულოთ. ადრე  ვწუწუნებდი, რომ ვერაფერი მოვუხერხე ფეხებს და აღნაგობასთან შედარებით მსხვილი მქონდა. ამაზე პოსტის დაწერიდან კიდევ კარგა ხანი გავიდა ვიდრე თავს მოვაბამდი დიეტას და რამე მეშველებოდა. დიეტის დაწყება საშინელებაა, პირველ დღეს ისე გშია, მზად ხარ გარშემომყოფები დახოცო, თუ ირგვლივ არავინ გყავს, რამე ნივთი დალეწო და ა.შ 🙂

ასეა თუ ისე, დავიწყე. თან სტიმული იმანაც მომცა რომ რაც სწავლა დაიწყო და აქეთ-იქეთ სირბილი და ნაკლები ჭამა მიწევდა, თავისთავად დავიკელი ცოტა, ჰოდა გადავწყვიტე გამეგრძელებინა წონაში კლება.


აი ეს არის ის შედეგი, რასაც ზაფხულის შემდეგ მივაღწიე. საერთოდ, დიეტების დიდად არ მჯერა ხოლმე, მით უმეტეს, როცა სხეულის ცალკეული ნაწილების ცვლილებისთვის იყენებენ მას, თუმცა როგორღაც, და არცთუ ისე რთულად მოვახერხე ფეხები შემეთხელებინა.


აი ის შორტი, რომელშიც ზაფხულზე გაჭედილი ვიყავი და ზედ მასკდებოდა. მგონი ურიგო შედეგი არ უნდა იყოს.

რაც შეეხება ტანის დანარჩენ ნაწილებს, ანუ წელს, მკლავებს და ა.შ, ფეხებთან შეუსაბამობაში აღარაა. ახლა ვვარჯიშობ. ვაკეთებ პრესებს, უმეტესად ფეხის გასამკვრივებელ ვარჯიშებს. დიეტას ცოტა ხანი გავაგრძელებ კიდევ… გაგიმხელთ და ინტენსიური დიეტა სულ რაღაც ათი დღეა რაც დავიწყე, არც მიშიმშილია და არც დამირღვევია.

მოკლედ, ძალიან მიხარია: მიხარია, რომ დავიკელი და მიხარია, რომ ბლოგზე დადებული პირობა შევასრულე 🙂

 

იოგა

რამდენიმე დღის წინ დავწერე პოსტი , სადაც საკუთარ თავს რაღაც-რაღაცებს დავპირდი, კერძოდ საკუთარი ფიგურის გარშემოწერილობის ოდნავ მაინც შემცირებას. დიდხანს ვიფიქრე, საკვების შემცირების და ჯანსაღ კვებაზე გადასვლის გარდა, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, რაც დამეხმარებოდა გახდომასა და სხეულის ტონუსში მოყვანაში.

ვარჯიში სახლის პირობებში რთულია, თანაც არ ვიცი რა მოძრაობა რა დატვირთვით დასჭირდება ჩემს სხეულს: მაშინ როცა მე მუცლის პრესს ვაკვდები,  შესაძლოა სხვა, გაცილებით მსუბუქმა დატვირთვამ უკეთესი შედეგი გამოიღოს. მოკლედ, ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა, გამახსენდა, რომ სახლში გენიალური წიგნი მაქვს : “იოგა ყველასათვის”, სადაც როგორც სიტყვიერად, ისე სურათების მეშვეობით დაწვრილებითაა აღწერილი ყველა მოძრაობა და ვარჯიშის პოზა. თითოეული მოძრაობის რაოდენობა და დანიშნულება – სხეულის რომელი ნაწილის გასავარჯიშებლადაა ის მიმართული.

ახლა გარკვეული რეჟიმი უნდა დავუწესო თავს, რადგან იოგას მხოლოდ მაშინ აქვს შედეგი, თუ მას რეგულარულად ვასრულებთ. დღის ჩაგდება/გამოტოვება საპატიო მიზეზებითაც კი არ მინდა მოხდეს. ვარჯიშების შესასრულებლად მე ვირჩევ საღამოს ორი მიზეზის გამო:

1) დილით სულ მალე აღარ მეცლება ხოლმე და გაწამაწიაში ყოფნა და დროის არევა არ მინდა;

2) საღამოობით გაცილებით მეტი ენერგია მაქვს და შესაბამისად სიხალისეც, ნებისმიერი ვარჯიშის შესასრულებლად. ბოლოსდაბოლოს, არსად მეჩქარება და მშვიდად ვარ.

ჰო, საღამო იმიტომაა ხელსაყრელი კიდევ , რომ დღეს, მთელი დღის განმავლობაში მოვასწრებ წიგნის წაკითხვას და სასურველი ვარჯიშების ამოკრებას და საღამოს შევუდგები მათ შესრულებას, დღის ჩაგდებაც არ გამომივა, რისთვის გადავდო საქმე ხვალ?

წეღან თვალი გადავავლე შესავალს და გული სიხარულით ამევსო, ისეთი კარგი რამეები წერია 😀 შესაძლოა ავტორის მეტისმეტად მჯერა, ან მინდა რომ მჯეროდეს, მაგრამ იოგას “ყოვლისშემძლეობის” შესახებ აქამდეც არაერთხელ მსმენია და ახლა დროა საკუთარ თავზე გამოვცადო  და ჩემი თვალით დავინახო ბოლოსდაბოლოს როგორ შემცირდება ჩემი ღიპი და შეთხელდება ჩემი სქელი ფეხები 🙂

რამდენიმე სურათსაც შევავლე თვალი და მგონი არც ვარჯიშების შესრულება უნდა გამიჭირდეს: ცოტაოდენი ელასტიურობა და ყველაფერი რიგზეა. ისღა დამრჩენია წიგნს ჩავუჯდე და ყველაფერი ავითვისო. ზუსტად ერთი თვის თავზე პატიოსან სიტყვას გაძლევთ, დავწერ პოსტს, შთაბეჭდილებებით და ფოტოებით : after & before ^^

ბრძოლა სქელი ფეხების წინააღმდეგ

ნებისყოფა საერთოდ რომ არ გამაჩნია, მაშინ ვხვდები, როცა საქმე დიეტას ეხება. დედაჩემთან ხანგრძლივი ურთიერთობისას ვხვდები ხოლმე, როგორ ვსუქდები დღითიდღე, ამის შესაჩერებლად კი ერთადერთი ხერხი ვიცი – ერთ კვირაზე დიდ ხანს არ გავჩერდე იქ, სადაც დედა და საჭმელებია.

თუ გაინტერესებთ, როგორ ვიქცეოდი ბავშვობაში, როცა სულ ერთად ყოფნა გვიწევდა, პასუხი მარტივია: სამი ზომით მსუქანი ვიყავი, ვიდრე ახლა ვარ . რაც თბილისში გადმოვცხოვრდი, ცოტა ხელი შევაშველე, ორიოდე თვით დიეტაზე ვიჯექი და მერე თავისთავად დავრჩი იმ წონაზე, რაზეც ახლა ვარ. მოკლედ, ერთი შეხედვით, არაფერს ვუჩივი, მაგრამ მაინც მაწუხებს მსუქანი ფეხების სინდრომი:

:|

😐

:|

😐

რაც ყველაზე ძალიან მიშლის ნერვებს, ჩემი კანის სირბილეა, რასაც არანაირი დიეტა არ უშველის: ვარჯიში, ვარჯიში და ვარჯიში! ამ უკანასკნელის ნებისყოფაც არ გამაჩნია. შარშანაც, მხოლოდ ერთი თვე ვიარე ტრენაჟორებზე და შედეგი ნული 😀 ხშირად ნერვები მეშლება ხოლმე, რატომ არ უნდა მოვიკრიბო ძალა, სულ ცოტაოდენ დიეტაზე დავჯდე და ვარჯიშიც წავაშველო? ყველაფერს ეშველებოდა და 20 წლიან მსუქანი ფეხების კომპლექსსაც მოვაშთობდი, მაგრამ ამის ნაცვლად დღეს იცით რა ვქენი? უამრავი კატლეტი შევსანსლე !

:|

😐

ახლა, როცა შიმშილი არ მაწუხებს, იმასაც ვფიქრობ, მუცლისთვისაც რომ მიმეხედა, არ იქნებოდა ურიგითქო, მაგრამ ეს თავდაჯერებულობა და იმედები მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდება, ვიცი – მანამ, სანამ არ მომშივდება 🙂

ალბათ მიხვდით, დედაჩემი დამტრიალებს თავს და ამიტომაც მაწუხებს შიშები . თან სწორედ ის დროა, შემოდგომამდე რომ რამდენიმე კვირაა დარჩენილი და საკუთარ თავს უკვე მერამდენედ, პირობას აძლევ რომ რამდენიმე კილოგრამით ნაკლებს გიხილავენ მეგობრები .

ერთი პირობით მეტი იქნება თუ ნაკლები , უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს და ჩათვალეთ პირობა დავდე:

სექტემბრამდე ვივარჯიშებ, ნაკლებს შევჭამ და ეგებ მეშველოს რამე! თვალყური მადევნეთ და ელოდეთ სავარაუდო პოსტს, შედეგითურთ 😀