გინება – მარტივი გამოსავალი

მხოლოდ უახლოეს ადამიანებს შეუძლიათ, საკუთარ ჭერქვეშ გაგჭორონ, დილაადრიან, მაშინ, როცა გონიათ რომ ჯერ კიდევ ღრმა ძილით გძინავს:

ვიღვიძებ და მეორე ოთახიდან ჩემი ნათესავების ჭორაობას მესმის, რომელიც ძირითადად ბიძაშვილ-მამიდაშვილების კრიტიკით შემოიფარგლება. ლამისაა ისევ დავიძინო, არაფერი საინტერესო და ახალი არ მესმის, მაგრამ უცებ ხმას უწევენ და სმენას ვამახვილებ: ძლივს მესმის ჩურჩულით ნათქვამი:

-დედამისი მეცოდება. საწყალი ქალი ამის ხელში. აი ჩემი შვილები ისეთები დავზარდე, ხმას ვერ იმაღლებდნენ ჩემს წინაშე. ეს კიდევ , ყოველ საწინააღმდეგო სიტყვაზე, მზადაა ყელში გეცეს. აუტანელია.

თავში ათასი ვერსია მიტრიალებს, რა შეიძლება გავაკეთო ამ დროს. ავდგე, თავზე დავადგე, ბილწსიტყვაობით შემოვიფარგლო თუ კინწისკვრით გავუძახო ჩემი სახლიდან, დავიბოღმო და გადავყლაპო უმეცრებით ჩადენილი დანაშაული თუ უბრალოდ დავიკიდო? რადგან დილაა და მეც ჯერ კიდევ ძილბურანში ვარ, ამ უკანასკნელს ვირჩევ და თან ფიქრს ვიწყებ, რატომ შეიძლება ვიყო აუტანელი ნათესავისთვის, რომლისთვისაც ერთი შეხედვით არაფერი დამიშავებია.

პრინციპში მართალია, რას ვერჩი:

აუტანელი ვარ რადგან არასდროს გამითვალისწინებია ნათესაური კავშირების ძალა და გამუდმებით ვთვითნებობდი. პატივს არ ვცემდი ოჯახურ შეკრებებს და ყალბ პირმოთნეობას. არც უხუცესთა ჩამორჩენილ აზროვნებას ვეთანხმებოდი, მაშინ როცა ჩემგან ყველა უსიტყვო თავის დაქნევას ელოდა. არც მათ რჩევას ვითვალისწინებდი, რჩევებს პირიქით, ჩემგან იღებდნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი სანათესაო უბრალოდ მეკიდა, უფრო სწორად ახლაც მკიდია და მხოლოდ მაშინ მენატრებიან ხოლმე, როცა ჩემგან შორს არიან და მათი უცებადად თავზე დასხმის საშიშროება არ მემუქრება.

სიმართლე გითხრათ, არც მე მეხატებიან გულზე ისინი: მათ არამარტო საკუთარ ჭერქვეშ შენი გაჭორვა, სასურველი საქმროს თუ უნივერსიტეტის ურცხვად შერჩევაც კი შეუძლიათ. ისინი არამხოლოდ მშობლის , არამედ თავიანთ მორჩილებას და პატივისცემას მოთხოვენ შენგან. ისინიც კი, ვისაც წელიწადში ორჯერ ხედავ, საკუთარ თავს შენს უახლოეს მეგობარზე წინ აყენებენ ერთადერთი რამის გამო: თქვენ ხომ ერთი სისხლი გაქვთ!

ამ აღშფოთებულმა ფიქრებმა რამდენიმე წუთის განმავლობაში იტრიალეს ჩემს გონებაში და მერე სადღაც მიიკარგნენ.

-ერთი თქვენი კარგიც მოვსტყან – ამის გაფიქრებაღა მოვასწარი ხელახლა ჩაძინებისას.