დასაწყისი

ზაფხული გავიდა, რომელიც, როგორც წესი საუკეთესო დროა გართობისთვის. ადამიანებს შვებულება აქვთ, არდადეგები, ზოგისთვის მართალია მთელი წელიწადი დასვენებაა, მაგრამ მაინც ზაფხულში დასვენება მაინც განსაკუთრებული რიტუალია. მე კი, ეს რიტუალი გამოვტოვე. მთელი სემესტრი პატიოსნად ვსწავლობდი და მერე მუშაობა დავიწყე. აგვისტოს ბოლოს სამსახურს მოვრჩი და წვიმიანი სექტემბერიც მოვიდა. სექტემბრის გადატანა ყველაზე მეტად მიჭირს ხოლმე. ქალაქში ახლადდაბრუნებული დასვენებულების წუწუნი ყველაზე რთული ასატანია და გაგრძნობინებს რომ მორჩა, რამდენიმე გრძელი თვე ვეღარ დაისვენებ.

ასეთი მომაბეზრებელი იყო ჩემთვის ყველა სექტემბერი, შარშანდელის გარდა. შარშან კინოფესტივალზე ვიყავი, დიახ, საავტორო კინოს ფესტივალზე, ბათუმში.  იქ გატარებულ დღეებზე, ფილმებზე და მასტერკლასებზე ბევრი პოსტი მიწერია და თანაც, გაგიკვირდებათ და პირველად ვიყავი ბათუმში და ცოტა შემიყვარდა კიდეც.

წელს მეორედ მივდივარ, 25 ბლოგერთან ერთად და უფრო მეტი მოლოდინი მაქვს ვიდრე შარშან. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ საავტორო კინოს ხიბლი პირველად კინოფესტივალზე აღმოვაჩინე და ძალიან შემიყვარდა. ალბათ ბოლოსდაბოლოს მივხვდი, რომ კარგ ფილმს არ სჭირდება სპეცეფექტებით გადაჭედვა. შეგიძლია იჯდე დარბაზში წყნარად და უყურო წყნარ სიუჟეტს და უბრალოდ ამბით ისიამოვნო.

რაც შეეხება ჩემ მიერ “აღმოჩენილ” ბათუმს, ეს ცალკე თემაა. ძალიან ბევრს მოსწონს ბათუმი, ძალიან ბევრს არა. გამოგიტყდებით და ბათუმზე უფრო მე ჩემი იქ “საქმიანობის” სტილი მომწონდა: ყოველ დილით ვდგებოდი ადრე, რომ მიმესწრო რომელიმე რეჟისორის მასტერკლასისთვის, ან წინა დღით შერჩეული ფილმისთვის. მერე რევიუებს ვწერდი. შუადღისას და საღამოს ლიტერატურული და პრესკაფე იყო ჩემი თავშესაფარი 🙂 საღამოს, რამდენიმე ფილმით თავგამოტენილი, ან ვსეირნობდით, ლუდს ვსვამდით და ვსეირნობდით, ან ფეხით, ან ველოსიპედით. მერე ნათიაც ჩამოვიდა და იქვე გადავწყვიტეთ რომ მომავალ კინოფესტივალზე აუცილებლად წავიდოდით ერთად.

ასე კინოფესტივალის ნატვრაში მოვიდა შემოდგომა და სულ ორიოდე კვირაა დარჩენილი ფესტივალამდე. მგონი ვთქვი უკვე, რომ ძალიან ბევრ რამეს ველოდები ამჯერად, მით უმეტეს, რომ პიარი და დაგეგმვა აქედანვე კარგი მოსჩანს.  მინდა ბევრად უკეთესი იყოს და უფრო მეტ კარგ ფილმს ვუყურო, ვიდრე შარშან, მით უმეტეს, რომ ახლა დრო არ დამეხარჯება ფილმების შეყვარებაში 🙂

ერთადერთი პრობლემა პრეზენტაციაა, რომლის წარდგენა, ჩემი სურვილის მიუხედავად მაინც მევალება. პრეზენტაციების მომზადება არც ისე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, თუმცა ერთადერთი რაც მანუგეშებს, დასრულებისას მიღებული კმაყოფილებაა, ვაშა, მე ეს შევძელის მსგავსი. თანაც წინ კიდევ ბევრი დღე მაქვს, თანაც ყველაფერი ხომ ბოლო ორ დღეში უნდა მოვასწრო.

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული უკვე გავიდა და ორი დღეც არ დამისვენია სათანადოდ, მე ჩემი შემოდგომა მელოდება ბათუმში. ფილმები, მეგობრები, უბრალოდ ადამიანები და ზღვა.

რას წერენ ნორჩი ბლოგერები

არქივს გადავხედე და ზუსტად 21 თვეს ითვლის ჩემი ბლოგი თავის არსებობის დაწყებიდან. ამ დროის განმავლობაში და მანამდეც ძალიან ბევრი ბლოგი შემომეკითხა, რომელთაგან რამდენიმეს ახლაც ვკითხულობ ხოლმე, თუმცა, ძალიან მწყდება გული, როცა რიდერში ჩაყრილ ბლოგებს ვათვალიერებ და ადრე აქტიური და კარგი ბლოგერები აღარ, ან ძალიან ცოტას წერენ. ამის მიუხედავად, მე მაინც ერთგულ მკითხველად დავრჩი. მაინც ველოდები როდის რას დაწერენ.

მას შემდეგ, რაც საყვარელი ბლოგები გავიჩინე, ბევრმა წყალმა ჩაიარა და ბევრი ახალი ბლოგი გაჩნდა. ბლოგერების რამდენიმე ჯგუფში ყოფნა და wordpress-ის dashboard-ი მაძლევს იმის საშუალებას, საინტერესო სახელის შემთხვევაში ლინკზე გადავიდე და ვნახო რას წერენ ახალი ავტორები.
 
რამდენიმეთვიანი დაკვირვება მაძლევს იმის საშუალებას, რომ თამამად ვთქვა: ძაალიან, ძაალიან ბევრი ბლოგერი წერს ზოგადად სექსებზე, ლესბოსურ სექსებზე, თუ გეი სექსებზე. საქმე იმაში კი არაა, რომ აღშფოთებული ვარ, ვაიმე რაზე წერენ, არამედ იმაში, რომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ ხალხს, რაზე წერს. მაგალითისთვის ავიღოთ ეს პოსტი. პოსტის ავტორი ბავშვია, რომელსაც ჩემი ღრმა რწმენით, სექსზე ჯერ წარმოდგენაც არ აქვს. თუნდაც ვცდებოდე ამაში, ფაქტია, ლესბოსურ გრძნობებზე არ გაეგება არაფერი, საკუთარი ჰეტეროსექსუალობის აღიარებიდან გამომდინარე. მეკი ვფიქრობ, როცა რამე არ გაგეგება, მით უმეტეს სექსებე, ამ თემაზე წერას თავი უნდა დაანებო. მანამდე მაინც, ვიდრე რეალურად არ დაკავდები სექსით.

ისე, ყველაზე ზემოთხსენებულ პოსტში ამ ფრაზამ “მომხიბლა” : “- ვაი შენს მტყვნელს…ერთხელ კი გავიფიქრე მაგრამ გულში ჩამეცინა და გავატარე ჩვეუი ირონიით”

ახლა მეორე ბლოგი. ამჯერად ავტორი გეი ბიჭის ისტორიას ყვება. სიმართლე გითხრათ, პოსტი ბოლომდე არც წამიკითხავს და არც ავტორის ორიენტაციის გარკვევა მიცდია. დანარჩენ პოსტის სახელებს გადავხედე და რა დამხვდა: გაუპატიურება, ჩამოკვრა, გათავება, ბლა ბლა ბლა…

დაფაქ?

აი ჩემს “ახალგაზრდობაში” ყველაფერი სხვანაირად იყო. მაშინ ანინა წერდა სექსზე-ც. მერე ყველა უნიჭოდ გაანინდა.  რაც ყველაზე ცუდია, 14-15-16 წლის ბავშვები, რომლებსაც ოდნავი წარმოდგენა არ აქვთ როგორია სინამდვილეში მათ მიერ აღწერილი ვნებიანობები. მეკი ძველი, საინტერესო ბლოგები მომენატრა, თემატური, პირადი, სულ ერთია, მთავარია რეალური იყოს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ მოზარდები პორნოსაიტებზე ქექვის მეტს არაფერს აკეთებენ და მერე ცდილობენ იქ ნანახ პოზებს ხორცი შეასხან პოსტებში. იშვიათად მხვდება ე.წ “უმანკო” ბლოგები, სადაც ბავშვები თავიანთი ყოველდღიური ცხოვრებაზე და თავგადასავლებზე წერენ.

ეს ყველაფერი კი რაზეც ამდენი ვილაპარაკე, უბრალოდ დებილობაა.

დაკავდით სექსით და წერეთ რამდენიც გინდათ, ოღონდ მერე არამგონია სექსზე წერა და ლაპარაკი მოგინდეთ.

მოკლედ, საქმე ლაპარაკის ნაცვლად, სიყვარულით თქვენი ანნა 🙂

რამდენიმე მიზეზი ბედნიერებისთვის

ისე მოხდა, რომ ზედიზედ რამდენიმე გაზაფხული საკმაოდ მძიმედ გადასატანი აღმოჩნდა ჩემთვის და შესაბამისად, როცა ზამთარი დასრულდა, მოვემზადე კიდევ რაღაც უბედურებებისთვის , რასაც იდეაში ეს გაზაფხულიც უნდა ჩაემწარებინა.

არადა , წელს ყველაფერი პირიქით მოხდა: მგონი ეს ყველაზე კარგი 3 თვე იქნება ამ წელიწადში, გარემო და ემოციური ფაქტორების გათვალისწინებით.

პირველ რიგში, ასე მშვიდად და ბედნიერად ყვავას გამო გახლავართ და აგერ უკვე ჩვენი ერთად თანაცხოვრების მე-9 თვე გახდება მალე:

თუმცა, არის კიდევ პატარ-პატარა მიზეზები, რომლებიც ძალიან მახარებს:

პირველ რიგში უნივერსიტეტი: პროგრესი შეინიშნება, შედარებით აღარ მეჯავრება თსუ და შესაბამისად, აღარც ლექციებს ვაცდენ. კიდევ ერთი წარმატება, რაც თსუს უკავშირდება, არის ის, რომ მე , ნათიამ და კნუტმა გადავწყვიტეთ დაგვეწერა პროექტი მისია2012-ის თვის. ვინც არ იცის, ეს არის სტუდენტური კონკურსი, სადაც გამარჯვებული გუნდი ფულად თანხას მიიღებს და ამისთვის უნდა გააილახოს 2 ეტაპი: პირველ ეტაპზე თსუს 95 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების პიარკამპანიის პროექტი უნდა დაგვეწერა.მოკლედ, ჩვენ ეს შევძელით და მოვხვდით კიდეც 6 საუკეთესო გუნდს შორის.  ახლა მეორე ეტაპია და ჩაი გურიელის პიარი გველოდება წინ. ვნახოთ..

ასევე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მას შემდეგ , რაც დიეტა შევწყვიტე, რაც კარგა ხნის წინ მოხდა, ვარჯიშსაც მოვუკელი, ჩემი წონა დიდი დიდი +- 1 კილოგრამის სხვაობით მერყეობს ^^

ჰო, ავიყვანეთ კნუტი, რომელიც პატრონს საჭიროებდა ❤ ძალიან დიდი ხანია მინდოდა მყოლოდა კატა, მაგრამ ძლივს გავბედე მოყვანა. გამომდინარე იქიდან რომ შინაური ცხოველები არც ისე იოლი მოსავლელები არიან, რიგ შემთხვევებში, მთელი შეგნებული ცხოვრება თავს ვიკავებდი იმისგან რომ მყოლოდა პერსონალური ცხოველი და მიმეხედა მისთვის. ახლაც, რომ არა ნატოშა კიდევ არ მეყოლებოდა კნუტი.  სტივენი დავარქვით და ვცხოვრობთ მშვიდობიანად. სხვათაშორის, არც ისე რთული მოსავლელი ჩანს, ჭკვიანი და წყნარი კნუტია, ან ისე მკვდარივით მძინავს ღამით, არ მესმის მისი კნავილი 🙂 ასეა თუ ისე, ძალიან ბედნერი ვარ სახლში ახალი სულიერის გაჩენით. აი ისიც:

ჰო კიდევ. მთელი ცხოვრებაა გრძელ ან მოგრძო თმას ვატარებ, ჰოდა გადავწყვიტე გამერისკა. შავად შემეღება და დამემოკლებინა. ერთიც და მეორეც, საკუთარი მარჯვე ხელების დახმარებით მოვახერხე და დავრწმუნდი, რომ თუ იურისპრუდენციაში არაფერი გამომივა, საკუთარ სილამაზის სალონს გავხსნი 🙂 მგონი ურიგოდ არ გამოვიყურები :

და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, იმისთვის, რომ თავი ყოველთვის კარგად იგრძნო- მეგობრები. ისეთი მეგობრები, რომლებთანაც შეგიძლია 1 კვირა დამუნჯებულმა გაატარო და თავი უხერხულად არ იგრძნო :დ ეს ჩემებური ტესტია მეგობრობის: ჩემი ნამდვილი მეგობარი ისაა, ვის გვერდითაც არ ვფიქრობ რა ვთქვა, ამინდზე ვილაპარაკო თუ უნივერსიტეტზე, უბრალოდ შემიძლია ჩუმადაც ვიყო 🙂

ეს თებერვალში გადაღებული ფოტოა, ჩემს დაბადების დღეზე.

მგონი საკმარისი მიზეზებია იმისთვის რომ ყველაზე კარგ გაზაფხულად ვაღიარო ეს დრო. დანარჩენი რაღაცები არ გამახსენდა და ზოგიერთი რამ შემდეგისთვისაც უნდა შემოვინახო ^^

ესეც ჩემი პატაკი მკითხველს, იმის შესახებ , თუ რასა ვიქმ და როგორ ვარ ამ ბოლო დროს 🙂

გასაუბრება

მოქმედება ვითარდება ორ პერსონაჟს: დამსაქმებელსა და დასასაქმებელს შორის. უფრო კონკრეტულად რიგით დამსაქმებელსა და ჩემს შორის. სფერო, პიარი და სოციალური მედია.
დამსაქმებელი- “იცი რა არის სოციალური მედია? ჩამომითვალე სოციალური ქსელები”

მე- თვალები მიფართოვდება და უკმაყოფილოდ ვიწყებ სოციალური მედიის “რაობის” ახსნას და სოც.ქსელების ჩამოთვლას.

დამსაქმებელი-რამდენ ბლოგერს იცნობ?

მე-ძალიან ბევრს. ვინმე კონკრეტული “სახეები გაინტერესებთ?

დამსაქმებელი-არა, მაინც არ ვიცნობ მე არავის; ბლოგზე რამდენი კომენტარი გაქვს პოსტზე? ბლოგის ფან ფეიჯი გაქვს?

მე-ვცდილობ ავუხსნა, რომ კომენტარების რაოდენობა პოსტის აქტუალური შინაარსითაა გამოწვეული და საშუალო არითმეტიკული ამ დროს არ ჭრის.

დამსაქმებელი-რას გვირჩევ, ბლოგი ბლოგსპოტზე გავაკეთოთ თუ ვორდპრესზე? ge-დომენი გვინდა?

მე-სრულიად ობიექტურად ვორდპრესის ძრავიან და ge-დომენიან ბლოგს ვურჩევ.

დამსაქმებელი-კომპანიის ფან-ფეიჯს რა გზებით მოუპოვებდი ლაიქებს?

მე-ლაიქების მოპოვება საინტერესო კონტენტის ფეიჯზე დადება-გავრცელებით ხდება. მსხვილ კომპანიებს შეუძლიათ განათავსონ რეკლამა ფეისბუქზე… “საკმარისია”- მაწყვეტინებს.

დამსაქმებელი-ვთქვათ ორი ერთი და იმავე პროდუქტის მწარმოებელი კომპანიაში მუშაობის პერსპექტივა გაქვს. ერთში, რომელშიც მუშაობ, დაბალი ხელფასი გაქვს, მეორე კი მაღალს გთავაზობს. რას იზამ?

მე-ხელფასს ავირჩევ.

დამსაქმებელი ფრიად უკმაყოფილოდ – იცი, თანამშრომელმა კომპანიის განვითარებაზე უნდა იზრუნოს პირველ რიგში, აბა რა წესია, მაღალ ხელფასზე გაცვალოს სამსახური?

მე, ფრიად აღშფოთებული- თქვენ რა გგონიათ, დღეს ხალხი კომპანიების განვითარებაზე ზრუნავს და იმის მიხედვით იცვლის სამსახურს, აქაოდა ბევრი კომპანია გავაუმჯობესოო, თუ საკუთარი პირობების გასაუმჯობესებლად?

დამსაქმებელი-მმმ, ეს სულ სხვა შემთხვევაა, ჩვენთან თანამშრომლები კომპანიაზე ზრუნავენ.. რაც შეეხება ხელფასს და სამუშაო გრაფიკს: დილის ათის ნახევრიდან საღამოს 6მდე, ერთსაათიანი შესვენებით. შესაძლოა ზოგჯერ უფრო დიდ ხანს დარჩენა მოგიწიოს. კომპანიებთან მოლაპარაკების გამართვა შეგიძლია? სწავლა ხელს ხომ არ შეგიშლის? იცოდე, დაგვიანებაში ხელფასი დაგექვითება. ჩვენ არც ისე დიდი ხანია ვმოღვაწეობთ და ამიტომ ვცდილობთ მინიმალური დანახარჯი ვიქონიოთ, ამიტომ დაბალი ხელფასებია. 250 ლარი, პლიუს ბონუსები.

მე-კარგი, მოვიფიქრებ, ნახვამდის.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ვაკანსია სოციალური ქსელების კოორდინატორობას შეეხებოდა, გასაუბრება კი , გუმანით მივხვდი რომ საშინლად არაპროფესიონალ და უხეშად რომ ვთქვა, უვიც ადამიანთან მომიწია. ბევრს არ გავაგრძელებ, უბრალოდ მართლა მაინტერესებს, როგორ მიმდინარეობს გასაუბრება ნორმალური კომპანიების წარმომადგენლებსა და შესარჩევ კანდიდატებს შორის?

როგორ გიტყუებთ ლუზერი გოგონა ბლოგზე :)

აქამდე ჩემს ბლოგზე ყოველთვის კითხულობდით იმას, რასაც მე შემოგთავაზებდით საკუთარ ცხოვრებაზე, ჩემზე და ზოგად მოვლენებზე. ახლა დადგა დრო, ნათელი მოვფინო სხვების თვალით დანახულ ჩემს პერსონას და გაგაცნოთ ბატონი დავით ჩიხლაძის რეცენზია ჩემი და ჩემი ბლოგის შესახებ. მაშ ასე, იხილეთ და გაერთეთ:)

“ანა გელბახიანი უკვე კარგა ხანია ქართულ, წმინდა, ბლოგოსფეროს საკუთარი პირადი ცხოვრების უინტერესო დეტალებით წამლავს. თუმცა რთულია ამ ყველაფერს პირადი ცხოვრება უწოდო. ბლოგი ნათელი მაგალითია თუ რას ეძახიან პირად ცხოვრებას ლუზერი გოგონები. ესაა სიგარეტზე დიალოგები, რამდენიმე ფართიზე ჩანაწერები და მოგონებები ყოფილ ბიჭებზე, ასევე განხილვები თუ რას წერენ მას უცნობი მამაკაცები. მამაკაცები ალბათ ხმამაღალი ნათქვამია, ესენი ის თხუთმეტი-თექსვმეტი წლის ბიჭუნები არიან, რომლებიც ჯერ ხაშურამ გაასწორა მიწასთან და ახლა გელბახიანის გამო ათი წლის შემდეგ ალბათ არცერთი სნაიპერი არ გვეყოლება !!! ის მასობრივად აბრმავებს თაობას. ის რა, ის აბრმავებს.

გელბახიანი თითქოს მარტივად გითრევს და თავის ცხოვრების წესს გახვევს თავზე. ის ერთი შეხედვით თავისუფალი და ხელმისაწვდომი გოგონაა, მაგრამ მისი ქსენოფობია და სიგარეტის პირში ვერ ან არჩაუდებლობა საკმარის ეჭვს აჩენს ვიფიქროთ, რომ ან ნა არანაკლები პურიტანი და ფუნდამენტალისტია, ვიდრე მამა იობი.

თუმცა ცდუნება დიდია და ბლოგზეც ალბათ მისი ფოტოები შეგიტყუებენ. ოჰ, მერამდენედ უნდა ვჭამოთ მამრებო !!! მერამდენედ უნდა მოგვატყუონ !!! ჯერ შორენამ გაიხადა და მერე თქვა, მიჭირდა და რა მექნაო?! გელბახიანი კი მართალია ჯერ აქამდე არ მისულა, მაგრამ მოვლენების ასეთ განვითარებას მალე იხილავთ. თუმცა ჯერ გელბახიანს ბოლომდეც კი არ გაუხდია !!!

მაგრამ, იცოდეთ, რომ ყველას უნდა შეგვძლოს შეცდომების აღიარება. მათ შორის მეც და მე ვაღიარებ, რომ რამდენჯერმე მეც, მეც გამექცა თვალი :შ”

ორიოდე რჩევა დამწყებ და მომავალ ბლოგერებს- რა და როგორ ვწეროთ

რამდენიმე დღეში ჩემს ბლოგს ერთი წელი შეუსრულდება. როგორ მოვედი აქამდე და ბლა ბლა , რა თქმა უნდა არავის აინტერესებს, აგერ ბატონო არქივი და იკითხეთ. ახლა ცოტა წავუტუტორიალებ და რამდენიმე რჩევას დავდებ, იმის შესახებ, თუ როგორ ვწეროთ და რაც მთავარია, რა ვწეროთ 🙂

პირველ რიგში, მინდა შევეხო ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან ფაქტს, რაც თითქმის ყველა ახალბედა ბლოგერს ემართება ხოლმე: ე.წ სასტავიდან განცალკევება და მყვირალა პოსტების წერა არ არის მართებული დანო და ძმანო: როცა ბლოგს აკეთებ, ორიოდე პოსტი გაქვს დაწერილი და უკვე გაქვს ამბიცია, გყავდეს იმდენი მკითხველი და ფანი, რამდენიც ძველ და ცნობილ ბლოგებს აქვთ, ეს ძალიან ცუდია… ამიტომ ბუზღუნი იმაზე, რომ ვიღაცები ზემოდან გიყურებენ, არ გიღებენ თავიანთ წრეში და გიჭირს თავის დამკვიდრება , ცოტა არ იყოს უადგილოა. წერე, მოიპოვე ინტერესი და ყველაფერი რიგზე იქნება…

ჰო, რაც შეეხება კონტენტს: ”5 რამ, რაც ჩემზე არ იცით” ”8 რამ რაც ჩამიდენია” , ”მე რომ ვაჟიშვილი ვიყო” ”როგორ მიცნოთ, წიპა ქუჩაში რომ შემოგხვდეთ”, უკვე მრავალჯერ გადაღეჭილი თემებია და შესაბამისად უინტერესოც. ეს ყველაფერი მეგობრობის დღიურებში ჩამოწიკწიკებულ კითხვა პასუხებს მაგონებს, სადაც ძველ ნაწერებს არავინ კითხულობს, ის კიარა, ყოველ მომდევნოს უფრო და უფრო ეზარება პასუხის გაცემა უკვე ყელში ამოსულ კითხვებზე, რომლებზე პასუხებიც უკვე ყველამ ზეპირად იცის. ასეა მსგავსი სახელწოდების ქვეშ დაწერილი პოსტების საქმეც: ავტორების და ტეგ თამაშის დამაარსებლების გარდა მათი შინაარსი ბევრს არავის აინტერესებს და მობეზრებადია.

მაშინ ვწეროთ რაზე?

არსებობს უამრავი საინტერესო მოვლენა, თემა , ამბავი, რის შესახებაც წერა შეიძლება. მთავარია ვწეროთ კარგად. თუ ბლოგერმა გადაწყვიტა დაიკავოს სექსუალური ნიშა, ამისთვის ცოტაოდენი სექსუალური გამოცდილება მაინც არის საჭირო. ის ფაქტი, რომ დღესდღეობით უამრავი გამოუცდელი და პირზერძეშეუშრობელი ავტორი პოსტავს თავიანთი სექსუალური ფანტაზიების შესახებ, ცოტა სასაცილოა , შეიძლება ითქვას ბორინგ… იგივე შეიძლება ითქვას ზოგადსაკაცობრიო თემებზეც: როცა მსოფლიოს ბედ -იღბალს წყვეტ შენს პოსტში, ბუნებრივია შესაბამისი ცოდნაც უნდა გაგაჩნდეს და უბრალო სიტყვების ცვენა იმაზე უფრო ფან არის, ვიდრე ქალწულებისა და ვაჟიშვილებისგნა მოსმენილი ინტიმური ისტორიები..

და მთავარი: ვიდრე ბლოგს გავაკეთებდეთ, ხომ არ დავფიქრებულიყავით იმაზე, შეგვიძლია თუ არა საერთოდ წერა? ან იმ პრესის გაძლება რაც შემდგომ ჩვენს ეპატაჟურ გამოსვლებს მოყვება. ეს უკანასკნელი ნაკლებად მნიშვნელოვანია, სჯობს პირველ პუნქტს მიექცეს მეტი ყურადღება . მართალია , ბლოგი არსებობს იმისთვის, რაც თავში მოგვივა  , ყველაფერი ვწეროთ და ამაში არავინ გვზღუდავს, თუმცა თუ კარგი ბლოგერობის ამბიციას შევუპყრივართ, მინიმუმ გამართულად წერა და აზრების გადმოცემა უნდა შეგვეძლოს.

პოსტს დავასრულებ თხოვნით. ნუ გააკეთებთ ანონიმურ ბლოგებს. ძალიან ქთხოვთ. ბლოგერსა და ბლოგის მკითხველს შორის კონტაქტი აუცილებელია და ვიჯეტებში ჩასმული ფეიქ ექაუნთები მკითხველის ცნობისმოყვარეობას, დამერწმუნეთ , სრულიადაც ვერ აკმაყოფილებს.

თითქმის სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა, ახლა კი გილოცავთ ჩემი ბლოგის მოახლოებულ დაბადების დღეს 🙂

როგორ დავკეროთ ბლოგერი გოგო

თუ თქვენ გოგო ხართ და თანაც ბლოგერი, ეს პოსტი სწორედ თქვენთვისაა. თუ ბიჭი ხართ, ბლოგერი, თუნდაც არაბლოგერი, ეს პოსტი თქვენთვისაცაა.

თუ დილით თქვენს ინბოქსში წერილი იპოვნეთ შინაარსით: “ძალიან კარგად წერ, ვგიჟდები შენი წერის სტილზე” , ესეიგი მამაკაცი, რომელსაც თქვენ მიზანში ყავხართ ამოღებული, ბლოგს თუ არა, თქვენი ფეისბუქის ვოლს მაინც ადევნებდა თვალყურს და მინიმუმ იცის რომ ბლოგი გაქვთ, მაქსიმუმ, შესაძლოა თქვენი ბლოგის მკითხველია.

თუ თქვენ მსგავსი შინაარსის წერილს უპასუხოდ დატოვებთ, ვერასდროს გაიგებთ, იყო თუ არა ეს პიემი დაინტერესებული მამაკაცის გადმოგდებული ანკესი თქვენს დასაკერად, ამიტომ ზოგჯერ საინტერესოა ცდა ჩაატაროთ და მადლობა გადაუხადოთ წერილის ავტორს.

თუ საუბარი ამით დამთავრდა და გაგრძელება აღარ ჰპოვა , გილოცავთ, ვიღაცას მართლა მოსწონს თქვენი წერის სტილი და თქვენი პიროვნება, მაგრამ სამწუხაროდ არსებობს უამრავი ვარიაცია, რითაც ასეთი მიმოწერა გრძელდება ხოლმე :

კატეგორია #1

“ბლოგების გარდა რას საქმიანობ?” – აქ უკვე ხვდებით რომ მამაკაცის ცოდნა “ბლოგებზე” ამოიწურა და მას სურს სხვა თემაზე გადაიტანოს საუბარი. მაგალითად , დაწვრილებით გამოიკითხოს საცხოვრებელი ადგილი, კორპუსის სართულების რაოდენობა და გამცნოს, რომ სადღაც მანდ ნაცნობები ყავს…

“ჭკვიანთან ერთად ლამაზიც ყოფილხარ” – ამ შემთხვევაში უკეთ იკვეთება მათი ნამდვილი ზრახვები: თავიდანვე ასე დაგეწყო შე კაცო, ან ბლოგის და პოსტის ერთმანეთისგან გარჩევა მაინც გესწავლა, დასაწყისისთვის…

“რატომ გიდევს ასეთი გამომწვევი ფოტოები?” – ოღრაში კაცის ფიქრები: “ისეთ პოსტებს წერს, ეს სიგარეტსაც მოწევს…” 🙂 ამ კითხვაზე პასუხი არასდროს გამიცია, ისევე როგორც დანარჩენ ზემოთჩამოთვლილზე და სიმართლე გითხრათ, ძალიან მაინტერესებს, რა პასუხს ელიან ქალისგან კაცები, რომლებიც მათ ამ შეკითხვას უსვამენ 😀

კატეგორია #2

საუბარი შეიძლება იმავე სიტყვებით დაიწყოს რითაც პირველ შემთხვევაში, მაგრამ განსხავება ისაა, რომ ბიჭი ბლოგერია და როგორც მინიმუმ, პოსტის და ბლოგის ერთმანეთისგან განსხვავება ძალუძს. ვარიაციები ასეთია:

“ყველაზე ლამაზი ბლოგერი გოგო ხარ” – ქალებმა ვიცით რომ ამქვეყნად ყველაზე ლამაზები არ ვართ, მაგრამ გარკვეულ წრეში პირველობა ძალიან გვსიამოვნებს. ჭკვიანი მამაკაცი კი პირველობას გვთავაზობს და ჩვენც, გულის სიღრმეში რომც არ გვჯეროდეს, თავს ვიტყუებთ და დარცხვენილნი ვუხდით მადლობას 🙂 ბის, პირველი ნაბიჯი გადადგმულია!

“შენი ბლოგის ლინკს ჩემს ბლოგროლში ჩავსვამ” – ნაბიჯი მეორე. ეს ფაქტიურად პაემნის ტოლფასია და თუ თქვენ ნამდვილი ბლოგერი ხართ, უკვე კაბის შერჩევას უნდა იწყებდეთ მოსალოდნელი შეხვედრისთვის 😀

“ძალიან სექსუალური ხარ” – ეს სიტყვები შესაძლოა ნებისმიერმა გითხრათ, მაგრამ არავინ ისე გულით და ალალმართალი თვალებით არ გეტყვით, როგორც ბლოგერი ბიჭი. მათთვის ქალის სექსუალურობა ხომ ღვთით კურთხეული ნიჭია და ვაი იმ ქალს, რომელსაც ჯერ კიდევ კდემა მოსავს და ბნელში სძინავს …

ამ ჩამონათვალის გაგრძელება, რა თქმა უნდა, უსასრულოდ შეიძლება და ჩემი და თქვენი ვერსიები თემაზე: “როგორ დავკეროთ ბლოგერი გოგო” სხვადასხვა იყოს, შესაძლოა, ბევრად საინტერესო, ვიდრე ჩემი მონათხრობი, ამიტომ მე აქ დავასრულებ , დასკვნების გამოტანა და შებმის ხერხების დახვეწა თქვენთვის მომინდია 🙂