გილოცავთ ახალ .. მეფეს

პირველ რიგში, ახალ წელს გილოცავთ, იმედი მაქვს ყველამ სურვილისამებრ გაატარა და ისიამოვნა, ახლა კი, თქვენის ნებართვით, საქმეზე გადავალ.

ალბათ შეამჩნევდით, საზოგადოებას, ცოტა არ იყოს, მობეზრდა მიშას და ბიძინას დატოლება, პატრიარქის ფანატიკური სიყვარული, რამეთუ ხალხი ბრძენია და ყველა კარგად მიხვდა, რომ ამ ყველაფრისგან ხეირი არ იქნებოდა, მააგრამ, თუ თქვენ დახედავთ ამ სტრიქონის დაბლა არსებულ ფოტოს, მიხვდებით, რომ ღვთის შეწევნით და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ახალი მახათი გამოგვიჩნდა:


ალბათ მიხვდით..

თუ მაინც ვერ მიხვდით, მე აქ რისთვის ვარ?  ეს პატივცემული სენიორი და სენიორა ამ ბავშვის მშობლები არიან, ეს უკანასკნელი კი საქართველოს იმედი, ერის გადამრჩენელი, ღირსეული ვაჟკაცი და მამის კოპიოა ! იცნობდეთ, მისი უდიდებულესობა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე. იმ ტახტის მემკვიდრე, რომელიც არ გვაქვს და იმ მამის შვილი, რომელიც ესპანურ ისტორიას უფრო კარგად იცნობს ალბათ, ვიდრე საქართველოსას;

ვიდრე ამ ბავშვს მშვიდი ძილით სძინავს და წარმოდგენაც არ აქვს, რა გნიასი და თმების პუტვა მიდის მისი ფოტოს ქვეშ ფეისბუქზე, კომენტარებში თავმოყრილმა პატივცემულმა პატრიოტებმა უკვე გადმოალაგეს ჩაჟანგებული ქამარხანჯლები, ალესეს კიდეც და აბჯარასხმული ელიან პატარის გაზრდას.

ახლა, რა ხდება სინამდვილეში: როგორც ამ ბალღს, უკვე მეფე გიორგიდ წოდებულს არ ადარდებს ქვეყნის ბედ-იღბალი და ფერად კურდღლებს დასდევს სიზმარში, ისე არ ფიქრობენ საქართველოს გამთლიანებაზე არც მისი თავდადებული მშობლები და არც ვინმე სხვა. გილოცავთ მეგობრებო, ჩვენ არაფერი გვეშველება. რატომ?

იმიტომ რომ ყოველთვის ველოდებით ვიღაც სხვას, ვინც გარეთ გამოგვყრის, გაგვაერთიანებს , მერე  ბრბოდქცეულები ჩვენს ბელადს ხან ჩაის დალევას მოვუწონებთ, ხან ქართული ოცნების ახდენას შევეცდებით, მომავალში ალბათ ჩოხებს ჩავიცვამთ, ჩიხტიკოპებს ჩამოვიმხობთ და ხორუმს და სამაიას ჩამოვუვლით სადმე, სადაც სამეფო კარავი იქნება დაცემული. ანდაც, იქნება?

მოდი დავმშვიდდეთ, ჩვენც დავლიოთ ჩაი და დავფიქრდეთ, რად გვინდა სამეფო ოჯახი საქართველოში. პირველ რიგში იმიტომ რომ დამატებითი ხარჯები დააწვეს ისედაც გაღატაკების პირზე მყოფ ქვეყანას; კიდევ იმიტომ, რომ ყველას კი არ ყავს მეფე! და კიდევ იმიტომ, რომ  გვჭირდება ვიღაც, ვისაც ქედს მოვუხრით და ტერფებს დავუკოცნით, მეფე კი ამისთვის საუკეთესო კანდიდატურაა, ცილსაც ვერავინ დაგვწამებს რას სჩადი ერო , გამოფხიზლდიო , აბა როგორ მეფეა და ადათი მოითხოვსო, ჩვენ ამაყად ვუპასუხებთ!

სიტყვა გამიგრძელდა, მეგობრებო, არადა მეფე კარზეა მომდგარი, მეც მოსამზადებელი ვარ. წავალ, დავჯდები და მანდილს მოვიქსოვ, მე რაა სხვებზე ნაკლები ვარ, გვარიშვილობით თუ ქონებითა? !

 

 

კორპორატიული პატრიოტიზმი

ადამიანებს მგონი ჩვევად ექცათ, ის მოსწონდეთ, ის უყვარდეთ და ის აკეთონ, რისკენაც მათი ზემდგომი ორგანოები თუ პირები მიუთითებენ. საერთოდ, ძალიან იოლია ასეთი მავნე ჩვევების გამომუშავება ქვეყანაში, სადაც რიგითი კადრის ნებისმიერი წინააღმდეგობა უარყოფითად აისახება მის კარიერაზე.

მაღალფარდოვანი სიტყვების ბრახუნით არ დაგღლით და პატარა ისტორიას მოგიყვებით:

დედაჩემი ბიძინასთან მუშაობს. ალბათ გახსოვთ, ფილარმონიაში ქართულ ოცნებას რომ იხდენდა სრულიად საქართველო და შევჩენკო. ჰოდა, იმ დღეებში, ბატონმა ბიძინამ გასცა ბრძანება და ყველა მისი ხელქვეითი თბილისში მობილიზდა. დედაჩემმა ტელეფონი გამორთო და არ წავიდა. კაცმა რომ კითხოთ, არც ბიძინა დაათრევს აქეთ-იქეთ თავის მხარდამჭერებს და არც მიშა მიერეკება ნახირივით შეჯგუფებულ ხალხს თავის მორიგ შადრევანთან თუ კოტეჯთან. ეს ყველაფერი ისეთი ბუნებრივია, ხალხსაც რომ კითხო, გაიკვირვებს და წაგეჩხუბება, როგორ კაცო, მე ხომ ჩემი ნებით დავდივარ, მე მიყვარს ჩემი კანდიდატიო!

ერთი სიტყვით , ადამიანები პანტაპუნტით ხდებიან ამა თუ იმ პარტიის, კომპანიის და ადამიანის აზრის გამტარებლები, ოღონდ კი ჰქონდეთ სამსახური.

სად არიან ამ დროს პროფკავშირები? არ არიან. ან იმ სახით, რა სახითაც აყვავებულ და ბედნიერ კომუნიზმის ეპოქაში არსებობდა: ისინი ახლაც ისევე სწმენდნენ საჯდომს უფროსებს, როგორც ადრე. წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა და მომსახურე პერსონალს დამოუკიდებლობა არ უგრძვნია.

მე ძალიან მეშინია. მეშინია, როცა მუშაობას დავიწყებ , ალბათ იმავე კორპორატიული პატრიოტიზმის მსხვერპლი გავხდები, ან ზიზღით მომიწევს დაკისრებული სამუშაოს შესრულება. მეშინია იმის , რომ ვერასდროს ვერაფერს შევცვლი, ვერ გავაუმჯობესებ და ყოველთვის შავი სამუშაოს შემსრულებელი მარიონეტი ვიქნები. მეშინია რომ ხმის ამაღლებას ვერ შევძლებ, იმიტომ რომ მარტოდმარტო დავრჩები და გადამწყვეტ მომენტში ყველა შეიყუჟება სადმე, კუთხეში.

რა მოხდება ამ დროს სხვაგან? ქუჩები დაინგრევა აღშფოთებული მუშახელით, როცა ისინი მოითხოვენ ხელფასის მომატებას, დაზღვევას , სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ა.შ. ეს ყველაფერი მხოლოდ სხვაგან მოხდება. ჩვენგან კი მხოლოდ ოჯახებში , ჩურჩულით ნათქვამ აუგს თუ წავაწყდებით უფროსობაზე. ხალხში კი პირზე ღიმილით და ბედნიერი სახით ვალდებულები ვართ ყველას გავაგებინოთ, რომ :

ჩვენ გვიყვარს პრეზიდენტი;

ჩვენ გვიყვარს ჩვენი უფროსი;

ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამსახური;

ჩვენ გვიყვარს საქართველო;

ჩვენ გვიყვარს სხვის დაკრულზე ცეკვა .

ერთი ეკლესია ჩვენზე იყოს, ბიძინა

“ბერა მალე დაობლდება”- ვთქვი, როცა მეგობრები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის ამბავზე ვსაუბრობდით. გუშინ ნიუსფიდი აჭრელებული მქონდა სხვადასხვა სააგენტოების მიერ მოპოვებული ინფორმაციით .

…ბიძინა საკუთარ პოლიტიკურ პარტიას ქმნის..

…ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსობას აპირებს…

…ბიძინას ფულის წარმომავლობა…                             …ივანაშვილი და რუსეთი…

მოკლედ, უამრავი ვარაუდი და მოსაზრება გამოითქვა მისი გაპოლიტიკოსების თაობაზე , მეკი სიმართლე გითხრათ, არც ერთი მათგანი არ წამიკითხავს. ასე მგონია მოკლე შინაარსი ვიცი უკვე:

წარმოიდგინეთ ფულიანი, კეთილი ბიძა, რომელიც აპირებს ქვეყნის აღმშენებლობაში წვლილი უკვე პარლამენტიდან შეიტანოს, თესოს სიკეთე და აღადგინოს სამართალი. რა თქმა უნდა , ის ყველას უყვარს, ის ხომ ნახევარი საქართველოს მამა და მარჩენალია? ის ქმნის საკუთარ პოლიტიკურ პარტიას და ნეტარ არიან პარტიის ფრთებქვეშ შეყუჟული პარტიელები… ის ილაშქრებს მიშას რეჟიმის წინააღმდეგ. ან არ ილაშქრებს. ამ უკანსკნელ შემთხვევაში, რა აზრი აქვს კიდევ ერთი წანაციონალო პარტიის შექმნას? მაქსიმუმ მშიერ მწყურვალი და უპარტიოდ დარჩენილი პარლამენტარ-პოლიტიკოსების შეფარება და დასაქმება, მაგრამ ესეც ხომ საქმეა, თან ბიძინა ამგვარი საქმეებით უკვე ცნობილია, ასე რომ არც ეს გამიკვირდება.

რა მოხდება, თუ ყოფილმა ბიზნესმენმა ხმა აღიმაღლა ? მოდით გადავინაცვლოთ წარსულში, რამდენიმე წლის წინ. ბუნებრივია ივანიშვილის და პატარკაციშვილის შედარება არავის გაუკვირდება, მეტიც ნებისმიერი თქვენგანი პარალელს გაავლებდა ამ ორ მოვლენასთან. წლების წინ, როცა ცნობილი ბიზნესმენი , მეცენატი და ა.შ, ცხონებული ბადრი პოლტიკასაც შეეჭიდა, ალბათ წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ასე მალე მოუწევდა გარდაცვალება. რასაკვირველია, ვინ იცის, როდის დადგება ეს ოხერი სიკვდილი? მით უმეტეს პოლიტიკაში.

როგორც ჩანს ასევე ცნობილი ბიზნესმენი, მეცენატი, უდიდებულესი ადამიანი, არაჩვეულებრივი მამა და ხალხის მარჩენალი ვერ ითვალისწინებს წინამორბედის შეცდომებს, ფაქტიურად უშიშრად ეგებება სიკვდილს. პატარა კი აღარ არის, პოლიტიკა ძალიან რთული საქმეა, გაძლება მოგცეს ღმერთმა, ბიძინა. ერთი ეკლესია შენზე იქნება…

მაგრამ.. არის ერთი მაგრამ. რას უშვრები ბერას? ღუპავ ბიჭს? მაშინ როცა ძლივს მისმა ვარსკვლავმა ამობრძანება ინება, მაშინ ღუპავ? პრინციპში რატომ? როგორც ერთმა ჩემმა ნაცნობმა თქვა, ბერა მალე მილიონერი გახდება, ჩვენ ვიკითხოთ, შენი ფულების შემყურეებმა..

ჰო , ჰო, მალე ყველანი დავობლდებით. თუმცა, ამ ყველაფერსაც ექნება თავის დადებითი მხარე. წმინდანებით  განთქმულ საქართველოს ერთით მეტი წამებული ეყოლება: თანამედროვე ცოტნე დადიანი, ან სამასი არაგველი, 9 ძმა ხერხეულიძე , ან უბრალოდ ერთადერთი და განუმეორებელი წმინდა ბიძინა ივანიშვილი.

ერთი ეკლესია ჩვენზე იყოს ბიძინა..