დასაწყისი

ზაფხული გავიდა, რომელიც, როგორც წესი საუკეთესო დროა გართობისთვის. ადამიანებს შვებულება აქვთ, არდადეგები, ზოგისთვის მართალია მთელი წელიწადი დასვენებაა, მაგრამ მაინც ზაფხულში დასვენება მაინც განსაკუთრებული რიტუალია. მე კი, ეს რიტუალი გამოვტოვე. მთელი სემესტრი პატიოსნად ვსწავლობდი და მერე მუშაობა დავიწყე. აგვისტოს ბოლოს სამსახურს მოვრჩი და წვიმიანი სექტემბერიც მოვიდა. სექტემბრის გადატანა ყველაზე მეტად მიჭირს ხოლმე. ქალაქში ახლადდაბრუნებული დასვენებულების წუწუნი ყველაზე რთული ასატანია და გაგრძნობინებს რომ მორჩა, რამდენიმე გრძელი თვე ვეღარ დაისვენებ.

ასეთი მომაბეზრებელი იყო ჩემთვის ყველა სექტემბერი, შარშანდელის გარდა. შარშან კინოფესტივალზე ვიყავი, დიახ, საავტორო კინოს ფესტივალზე, ბათუმში.  იქ გატარებულ დღეებზე, ფილმებზე და მასტერკლასებზე ბევრი პოსტი მიწერია და თანაც, გაგიკვირდებათ და პირველად ვიყავი ბათუმში და ცოტა შემიყვარდა კიდეც.

წელს მეორედ მივდივარ, 25 ბლოგერთან ერთად და უფრო მეტი მოლოდინი მაქვს ვიდრე შარშან. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ საავტორო კინოს ხიბლი პირველად კინოფესტივალზე აღმოვაჩინე და ძალიან შემიყვარდა. ალბათ ბოლოსდაბოლოს მივხვდი, რომ კარგ ფილმს არ სჭირდება სპეცეფექტებით გადაჭედვა. შეგიძლია იჯდე დარბაზში წყნარად და უყურო წყნარ სიუჟეტს და უბრალოდ ამბით ისიამოვნო.

რაც შეეხება ჩემ მიერ “აღმოჩენილ” ბათუმს, ეს ცალკე თემაა. ძალიან ბევრს მოსწონს ბათუმი, ძალიან ბევრს არა. გამოგიტყდებით და ბათუმზე უფრო მე ჩემი იქ “საქმიანობის” სტილი მომწონდა: ყოველ დილით ვდგებოდი ადრე, რომ მიმესწრო რომელიმე რეჟისორის მასტერკლასისთვის, ან წინა დღით შერჩეული ფილმისთვის. მერე რევიუებს ვწერდი. შუადღისას და საღამოს ლიტერატურული და პრესკაფე იყო ჩემი თავშესაფარი 🙂 საღამოს, რამდენიმე ფილმით თავგამოტენილი, ან ვსეირნობდით, ლუდს ვსვამდით და ვსეირნობდით, ან ფეხით, ან ველოსიპედით. მერე ნათიაც ჩამოვიდა და იქვე გადავწყვიტეთ რომ მომავალ კინოფესტივალზე აუცილებლად წავიდოდით ერთად.

ასე კინოფესტივალის ნატვრაში მოვიდა შემოდგომა და სულ ორიოდე კვირაა დარჩენილი ფესტივალამდე. მგონი ვთქვი უკვე, რომ ძალიან ბევრ რამეს ველოდები ამჯერად, მით უმეტეს, რომ პიარი და დაგეგმვა აქედანვე კარგი მოსჩანს.  მინდა ბევრად უკეთესი იყოს და უფრო მეტ კარგ ფილმს ვუყურო, ვიდრე შარშან, მით უმეტეს, რომ ახლა დრო არ დამეხარჯება ფილმების შეყვარებაში 🙂

ერთადერთი პრობლემა პრეზენტაციაა, რომლის წარდგენა, ჩემი სურვილის მიუხედავად მაინც მევალება. პრეზენტაციების მომზადება არც ისე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, თუმცა ერთადერთი რაც მანუგეშებს, დასრულებისას მიღებული კმაყოფილებაა, ვაშა, მე ეს შევძელის მსგავსი. თანაც წინ კიდევ ბევრი დღე მაქვს, თანაც ყველაფერი ხომ ბოლო ორ დღეში უნდა მოვასწრო.

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული უკვე გავიდა და ორი დღეც არ დამისვენია სათანადოდ, მე ჩემი შემოდგომა მელოდება ბათუმში. ფილმები, მეგობრები, უბრალოდ ადამიანები და ზღვა.

კინოფესტივალის გახსნა-დღე პირველი

კინოფესტივალზე წელს პირველად ვარ, ბლოგერის რანგში და 17 სექტემბერს და ბათუმში ჩემს ვიზიტს კარგა ხანს  ველოდი.
გუშინ ჩამოვედი და ბარგის ამოლაგებისთანავე მე და მარი დანარჩენებს შევუერთდით: ვიპოვნეთ გაბო, მოგვიანებით ფსიქე და საბოლოოდ ყველანი კინოთეატრის წინ შევიკრიბეთ, გახსნის მოლოდინში. ამინდი მშვენიერია, მზე,შუა სექტებრისთვის გადასარევი  სითბო..

როგორც ველოდი, ყველაფერი ქაოსით და დაგვიანებით დაიწყო: ვღელავდით ჩვენს ბეიჯებზე, რომლებიც დღემდე არ გვაქვს და იმედია საღამოსთვის ყველაფერი მოგვარდება და ვეღირსები ჩემს ბეიჯს 🙂
ერთსაათიანი ფუსფუსის შემდეგ ყველანი დარბაზში შევედით და კინოფესტივალი გახსნილად გამოცხადდა წამყვანების ცოტაარიყოს დაბნეული დიალოგის შემდეგ.

ფესტივალის ორგანიზატორებმა მცირე მიმოხილვა გააკეთეს ფესტივალზე. თარგმანი არც ისე სასიამოვნო მოსასმენი იყო, წამყვანი ნერვიულობდა , როგორც ჩანს..

სცენაზე ოთარ იოსელიანს საავტორო კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადასცეს , რის შემდეგაც ვუდი ალენის ფილმით : “შუაღამე პარიზში”, ფესტივალი ბოლოსდაბოლოს გახსნილად გამოცხადდა. ფილმმა ძალიან გამიცრუა იმედი: არც ისე კარგი ხარისხი, ვიტყოდი ცუდიც, ასევე ცუდი გახმოვანებით, საკმაოდ რთული სანახავი აღმოჩნდა. რაღა დაგიმალოთ და არც შინაარსით დავრჩი აღფრთოვანებული, უფრო მეტიც, ვერ გავიგე რა ხდებოდა, თუმცა , ნახევარი საათი გულმოდგინედ ვცდილობდი აზრის გამოტანას 🙂

საბოლოოდ დავნებდით და დარბაზიდან წამოვედით.

შეცბუნებულებმა გადავწყვიტეთ, კარგად გადავხედოთ პროგრამას და ფილმები დაკვრივებით შევარჩიოთ. აუტანელი სანახავია ცუდი ფილმის გაძლება და მით უმეტეს მასზე თვალის მიდევნება :/ იმედია დღეს გამიმართლებს და შედარებით უკეთეს ხასიათზე და რაც მთავარია ფილმის დასასრულისთვის გამოვალ დარბაზიდან.

მე და მარიამი პოზირებით ვინაზღაურებთ ფილმით მოყენებულ ტკივილს :)

მე და მარიამი პოზირებით ვინაზღაურებთ ფილმით მოყენებულ ტკივილს 🙂


რაც შეეხება ფესტივალსგარე ყოფას ბათუმში, ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა, მეორე დღეა უკვე აქ ვარ და ზღვას მხოლოდ შორიდან მოვკარი თვალი. დიდი სურვილი ბანაობის აღარც მაქვს, ქალაქში ბოდიალით და ხედებით გადავწყვიტე გართობა.

დღეს გეგმაშია “when we leave – როცა ჩვენ მივდივართ” . ესეც ფილმის ტრეილერი: