რატომ მიდევს გამომწვევი ფოტოები?

როცა ფლიკრის ინბოქსში მეათე წერილი მომივიდა შინაარსით, რატომ მიდევს ესოდენ გამომწვევი ფოტოები, ბოლოსდაბოლოს გადავწყვიტე ვრცელი განმარტებითი პოსტი გამომეცხო, რომელიც იმედია, საბოლოოდ ახდის ფარდას ჩემს გამომწვევობა-სექსუალურობა-ვულგარულობას.

არც პირველი გოგო ვარ და არც უკანასკნელი, რომელსაც მსგავსი წერილები მისვლია, მაგრამ არ განვზოგადდები და მხოლოდ საკუთარ პერსონაზე საუბრით შემოვიფარგლები:

პირველ რიგში, მოდით შევცვალოთ სიტყვა გამომწვევი სიტყვით სექსუალური – ეს უკანასკნელი უფრო კარგად ჟღერს და ყურს უხეშად არ ჭრის. შემდეგ დავფიქრდეთ, რატომ უნდა მედოს მე, ანა გელბახიანს ბლოგზე , ფეისბუქზე, ფლიკრზე ზემოთხსენებული გამომწვევი ფოტოები?

იქნებ იმიტომ, რომ ამით საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ვცდილობ? – შესაძლოა..

ან იქნებ უფრო იმიტომ, რომ ეგოცენტრიკი ვარ, ძალიან მომწონს საკუთარი თავი და ჩემი გარეგნობის აფიშირებას არ ვერიდები? – ესეც სრულიად შესაძლებელია.

იქნებ ამ ხერხით მკითხველის მოზიდვას ვცდილობ ბლოგზე და ვცდილობ ისინი ჩემზე მეოცნებეებად ვაქციო? – შესაძლოა.

არადა პასუხი ძალიან მარტივია: ბავშვობიდან მიყვარდა სექსუალური ქალები. ხატვისას ყოველთვის შიშვლად ვხატავდი მათ და შემდეგ საჭიროებისამებრ ვმოსავდი, ან არ ვმოსავდი. ჩემი ნახატები ყოველთვის სექსუალური იყო.  ბავშვობიდან მძულდა ფუმფულა დათუნიებთან თამაში და ამის მაგივრად ტანწერწეტა ბარბებს ვაცმევდი ჩემს მიერ შექმნილ ლამაზ სამოსს. ან არ ვაცმევდი.  ბავშვობიდან მოკლე კაბებით დავქროდი და დავცინოდი კოჭებამდე კაბებში გამოხვეულ დარცხვენილ გოგონებს .

ახლა ოცი წლის ვარ და ბავშვობის მერე თითქმის არ შევცვლილვარ. გარემო შეიცვალა უბრალოდ. ამ ყველაფერთან ერთად კიდევ ვერ ვიტან პეიზაჟების, ცხოველების, ბავშვების, ხატების, მსახიობ/მომღერლების ფოტოებით გადავსებულ პროფილებს სოციალურ ქსელებს და მძაგს მათ უკან ამოფარებული კდემამოსილი ქალწულები.

ალბათ მიხვდით, ადრეული ყმაწვილქალობიდან გამომწვევი გახლავართ და ჩემი ფოტოები და ავატარები, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად აწყდებით თქვენს სოციალურ ქსელებში, ჩემს გამომწვეობაზე მეტყველებს , სულ ესაა. ამდენს ხომ თავად შეგეძლოდ მიმხვდარიყავით. არც კი მესმის რატომ მალაპარაკეთ ამდენი .

ბონუსად იხილეთ ეს :

დილის ფიქრები მონაზვნობაზე

რამდენიმე დღეა მეგობართან ვრჩები. დილით , როცა ვიღვიძებ, სამი საათი საკუთარი თავის ანაბარად ყოფნა მიწევს და ან ლეპტოპში ვრგავ ცხვირს, ან ქეთის ბაბუას ველაპარაკები, რომელიც დროდადრო შემოიხედავს, მძინარე შვილიშვილს დანანებით გადახედავს და მერე ცდილობს “ამ უაზრობას” ლიტერატურაზე და დაღუპულ გმირებზე საუბრით მომწყვიტოს.

ალბათ მოხუცისთვის საშინელებაა იმის დანახვა, როგორ სძინავს შუადღის სამ საათამდე ქალს, რომელიც წესით ამ დროს ჯარასავით უნდა ტრიალებდეს და როგორ ზის მისი მეგობარი სრულიად უცხო და გაუგებარ ნივთთან საათობით, როცა ცხვირწინ ამდენი საინტერესო წიგნი უდევს .

-სოლომონ დოდაშვილი იცი ვინ იყო?

-არა, არ ვიცი- ვამჯობინებ სიმართლე ვაღიარო, რადგან ვიცი, სავარაუდო კითხვებს დოდაშვილზე , დადებითი პასუხის შემთხვევაში ჩემი მწირი ცოდნა ვერ გაწვდება.

-ბარათაშვილი და ილია ალბათ გეცოდინება.. ჯავახიშვილი? – იმედის თვალით მიყურებს და ვგრძნობ, პასუხი ახარებს.

-იცი, ეს ქალი 12 წლის მივიდა მონასტერში და იქვე გარდაიცვალა- მანიშნებს უცებ თაროზე შემოდებულ ფოტოზე. მე საუბრის უეცარი შეტრიალებისგან თვალები მიფართოვდება. უფრო სწორად წამებში წარმოდგენილი სამონასტრო ცხოვრება მაშფოთებს.. ბაბუა რამდენიმე წამით ფიქრობს და ოთახიდან გასვლამდე ყავას მთავაზობს, მეკი ვაგრძელებ ფიქრს მონაზვნად აღკვეცილ ქალზე და ვიხსენებ, ბოლოს როდის წარმოვიდგინე თავი თალხ სამოსში, ხატებთან მლოცველი.

…ბავშვობაში მე და ჩემი დეიდაშვილი  ერთმანეთს ხშირად ვეჯიბრებოდით, თითქმის ყველაფერში.

-მონაზვნად აღიკვეცებოდი? – არ ვიცი რომელმა ჩვენგანმა დაუსვა მეორეს ეს კითხვა პირველად.

-დედაჩემი თუ ნებას დამრთავს, კი – კარგად მახსოვს დეიდაშვილის პასუხი.

ამ დემაგოგობაზე გავბრაზდი და დავძინე, რომ არავის ნებართვა არ მჭირდებოდა ამისათვის, მაგრამ მონაზონი ჩემგან არასდროს დადგებოდა და ლამის ვიჩხუბეთ ამაზე. რა თქმა უნდა წარმოუდგენლად მივიჩნიე 13 წლის გოგოსგან მსგავსი ზეაღმატებული ფრაზები და იმის წარმოდგენამ რომ მისი თავი “იდეალისტური” და ამაღლებული ფიქრებით იყო გამოტენილი, რომელთა სისრულეში მოყვანას ბოროტი დედიკო უშლიდა ხელს, ცოტა არ იყოს გამაცინა. ამის მერე კიდევ რამდენჯერმე წარმოვიდგინე ჩემი თავი მონაზვნის როლში, ისიც მაშინ, როცა შემთხვევით რაღაც სიუჟეტებს ვუყურე ტელევიზორში. რამდენიმე წელია ამაზე არ მიფიქრია . რატომ?

არასდროს მწამდა ღმერთის საკმარისად.

არასდროს მქონდა ნებისყოფა საკმარისად.

და ბოლოს, არასდროს მესმოდა მსხვერპლშეწირვის დანიშნულება საკმარისად.

ერთსაც გავიხსენებ და მოვრჩები: ადრე, სამებაში ვიყავი ასული , სამიოდე წლის წინ. ბიჭის საუბარს მოვკარი ყური, მონასტერში უნდოდა წასვლა. რაღა დაგიმალოთ და შორიდან ვიცნობდი კიდეც და ვიცოდი, როცა ეკლესიაში არ იყო, ან ეწეოდა, ან სვამდა – რა თქმა უნდა ზომიერების ფარგლებში  : ) ავდექი და ვკითხე, რატომ უნდოდა ბერად აღკვეცა. უიმედო და სასოწარკვეთილი პასუხი მოვისმინე: საერო ცხოვრებაში არაფერი გამომივა, რა დადგება ჩემგან კაცმა არ იცის და ბარემ მონასტერში წავალო. მშვენიერია, მშვენიერი: ერთ ორ წელსაც მოვიცდი, იქნებ ჩემგან რამე დადგეს, მერე ავდგები, ცოდვებს მოვინანიებ და მეც მონასტრის გზას გავუყვები, მით უმეტეს აკრძალვებს არავინ მიწესებს და საკუთარი თავის ბატონ-პატრონი თავადვე გახლავართ.

არადა დღემდე კარგად ვიცი, რომ ჩემგან არათუ მონაზონი, არამედ წესიერი მორწმუნეც კი ვერ დადგება ვერასდროს. ბოლოსდაბოლოს, კარგად ვიცი რისი ტრაკი მაქვს. ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, სჯობს ისევ დოდაშვილის ბიოგრაფიას გავეცნო, ეგებ კიდევ დამჭირდეს რამეში და სამომავლოდ აღარ შევრცხვე 🙂