ტიტველი ქალები, როგორც საქართველოს სახე

საქართველოს, ქართველის ხსენებისას პირველად რა გახსენდებათ? ალბათ დროშა, ეკლესიები და ა.შ – მოკლედ, რაღაცები, რითიც ქართველები როგორც წესი, ვამაყობთ ხოლმე. რამდენიმე დღის წინ მეგობრები ვექსპერიმენტობდით და აღმოვაჩინეთ ფრიად უცნაური დეტალი, თუმცა მანამდე ნახეთ სქრინები, რას გვიჩვენებს გუგლი ამა თუ იმ ქვეყნის სახელის თუ ეროვნების ძებნისას:

რუსეთი: მედვედევი, დათვი, რუსი ბომჟი, რუკა და ა.შ – ძირითადად რუსეთთან ასოცირებული სიმბოლოები.


ამერიკა: დროშები დროშები დროშები თავისუფლების ქანდაკება, არწივი და ლეიდი გაგა.


ჩინეთი: რუკები და დროშა


საქართველო: მაკა ასათიანი, ლიკა ქავჟარაძე, ტიტველი ქალების არმია და რატომღაც ლევან მეტრეველი, იგივე მროველა 🙂 ძალიან “სასაცილო” სტატისტიკაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ გავითვალისწინებთ რომ დღემდე ყანწებით ვსვამთ სამშობლოს სადღეგრძელოს და მისი ღირსშესანიშნაობის გრძელი ნუსხის გაცნობა თითოეული ტურისტისთვის არასდროს გვეზარება. არადა როგორც ხედავთ, ტიტველი ქალების მეტი საამაყო არაფერი გვქონია/გვყოლია.
პრინციპში, რას ვუწუნებ, მშვენიერი გათვლაა: უცხოელი სერჩავს საქართველოს და ხედავს ნაშებს : ჩამოვა, რატომ არ ჩამოვა?
გააჩნია რომელი კუთხიდან შევხედავთ ამ ამბავს: კუთხიდან, საიდანაც აშკარად ჩანს რომ დაგვენძრა თუ იმ მხრიდან, საიდანაც მუდამ და მდგრადად ვითარდება საქართველო 🙂

გილოცავთ ახალ .. მეფეს

პირველ რიგში, ახალ წელს გილოცავთ, იმედი მაქვს ყველამ სურვილისამებრ გაატარა და ისიამოვნა, ახლა კი, თქვენის ნებართვით, საქმეზე გადავალ.

ალბათ შეამჩნევდით, საზოგადოებას, ცოტა არ იყოს, მობეზრდა მიშას და ბიძინას დატოლება, პატრიარქის ფანატიკური სიყვარული, რამეთუ ხალხი ბრძენია და ყველა კარგად მიხვდა, რომ ამ ყველაფრისგან ხეირი არ იქნებოდა, მააგრამ, თუ თქვენ დახედავთ ამ სტრიქონის დაბლა არსებულ ფოტოს, მიხვდებით, რომ ღვთის შეწევნით და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ახალი მახათი გამოგვიჩნდა:


ალბათ მიხვდით..

თუ მაინც ვერ მიხვდით, მე აქ რისთვის ვარ?  ეს პატივცემული სენიორი და სენიორა ამ ბავშვის მშობლები არიან, ეს უკანასკნელი კი საქართველოს იმედი, ერის გადამრჩენელი, ღირსეული ვაჟკაცი და მამის კოპიოა ! იცნობდეთ, მისი უდიდებულესობა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე. იმ ტახტის მემკვიდრე, რომელიც არ გვაქვს და იმ მამის შვილი, რომელიც ესპანურ ისტორიას უფრო კარგად იცნობს ალბათ, ვიდრე საქართველოსას;

ვიდრე ამ ბავშვს მშვიდი ძილით სძინავს და წარმოდგენაც არ აქვს, რა გნიასი და თმების პუტვა მიდის მისი ფოტოს ქვეშ ფეისბუქზე, კომენტარებში თავმოყრილმა პატივცემულმა პატრიოტებმა უკვე გადმოალაგეს ჩაჟანგებული ქამარხანჯლები, ალესეს კიდეც და აბჯარასხმული ელიან პატარის გაზრდას.

ახლა, რა ხდება სინამდვილეში: როგორც ამ ბალღს, უკვე მეფე გიორგიდ წოდებულს არ ადარდებს ქვეყნის ბედ-იღბალი და ფერად კურდღლებს დასდევს სიზმარში, ისე არ ფიქრობენ საქართველოს გამთლიანებაზე არც მისი თავდადებული მშობლები და არც ვინმე სხვა. გილოცავთ მეგობრებო, ჩვენ არაფერი გვეშველება. რატომ?

იმიტომ რომ ყოველთვის ველოდებით ვიღაც სხვას, ვინც გარეთ გამოგვყრის, გაგვაერთიანებს , მერე  ბრბოდქცეულები ჩვენს ბელადს ხან ჩაის დალევას მოვუწონებთ, ხან ქართული ოცნების ახდენას შევეცდებით, მომავალში ალბათ ჩოხებს ჩავიცვამთ, ჩიხტიკოპებს ჩამოვიმხობთ და ხორუმს და სამაიას ჩამოვუვლით სადმე, სადაც სამეფო კარავი იქნება დაცემული. ანდაც, იქნება?

მოდი დავმშვიდდეთ, ჩვენც დავლიოთ ჩაი და დავფიქრდეთ, რად გვინდა სამეფო ოჯახი საქართველოში. პირველ რიგში იმიტომ რომ დამატებითი ხარჯები დააწვეს ისედაც გაღატაკების პირზე მყოფ ქვეყანას; კიდევ იმიტომ, რომ ყველას კი არ ყავს მეფე! და კიდევ იმიტომ, რომ  გვჭირდება ვიღაც, ვისაც ქედს მოვუხრით და ტერფებს დავუკოცნით, მეფე კი ამისთვის საუკეთესო კანდიდატურაა, ცილსაც ვერავინ დაგვწამებს რას სჩადი ერო , გამოფხიზლდიო , აბა როგორ მეფეა და ადათი მოითხოვსო, ჩვენ ამაყად ვუპასუხებთ!

სიტყვა გამიგრძელდა, მეგობრებო, არადა მეფე კარზეა მომდგარი, მეც მოსამზადებელი ვარ. წავალ, დავჯდები და მანდილს მოვიქსოვ, მე რაა სხვებზე ნაკლები ვარ, გვარიშვილობით თუ ქონებითა? !

 

 

როგორ გიტყუებთ ლუზერი გოგონა ბლოგზე :)

აქამდე ჩემს ბლოგზე ყოველთვის კითხულობდით იმას, რასაც მე შემოგთავაზებდით საკუთარ ცხოვრებაზე, ჩემზე და ზოგად მოვლენებზე. ახლა დადგა დრო, ნათელი მოვფინო სხვების თვალით დანახულ ჩემს პერსონას და გაგაცნოთ ბატონი დავით ჩიხლაძის რეცენზია ჩემი და ჩემი ბლოგის შესახებ. მაშ ასე, იხილეთ და გაერთეთ:)

“ანა გელბახიანი უკვე კარგა ხანია ქართულ, წმინდა, ბლოგოსფეროს საკუთარი პირადი ცხოვრების უინტერესო დეტალებით წამლავს. თუმცა რთულია ამ ყველაფერს პირადი ცხოვრება უწოდო. ბლოგი ნათელი მაგალითია თუ რას ეძახიან პირად ცხოვრებას ლუზერი გოგონები. ესაა სიგარეტზე დიალოგები, რამდენიმე ფართიზე ჩანაწერები და მოგონებები ყოფილ ბიჭებზე, ასევე განხილვები თუ რას წერენ მას უცნობი მამაკაცები. მამაკაცები ალბათ ხმამაღალი ნათქვამია, ესენი ის თხუთმეტი-თექსვმეტი წლის ბიჭუნები არიან, რომლებიც ჯერ ხაშურამ გაასწორა მიწასთან და ახლა გელბახიანის გამო ათი წლის შემდეგ ალბათ არცერთი სნაიპერი არ გვეყოლება !!! ის მასობრივად აბრმავებს თაობას. ის რა, ის აბრმავებს.

გელბახიანი თითქოს მარტივად გითრევს და თავის ცხოვრების წესს გახვევს თავზე. ის ერთი შეხედვით თავისუფალი და ხელმისაწვდომი გოგონაა, მაგრამ მისი ქსენოფობია და სიგარეტის პირში ვერ ან არჩაუდებლობა საკმარის ეჭვს აჩენს ვიფიქროთ, რომ ან ნა არანაკლები პურიტანი და ფუნდამენტალისტია, ვიდრე მამა იობი.

თუმცა ცდუნება დიდია და ბლოგზეც ალბათ მისი ფოტოები შეგიტყუებენ. ოჰ, მერამდენედ უნდა ვჭამოთ მამრებო !!! მერამდენედ უნდა მოგვატყუონ !!! ჯერ შორენამ გაიხადა და მერე თქვა, მიჭირდა და რა მექნაო?! გელბახიანი კი მართალია ჯერ აქამდე არ მისულა, მაგრამ მოვლენების ასეთ განვითარებას მალე იხილავთ. თუმცა ჯერ გელბახიანს ბოლომდეც კი არ გაუხდია !!!

მაგრამ, იცოდეთ, რომ ყველას უნდა შეგვძლოს შეცდომების აღიარება. მათ შორის მეც და მე ვაღიარებ, რომ რამდენჯერმე მეც, მეც გამექცა თვალი :შ”

ერთი ეკლესია ჩვენზე იყოს, ბიძინა

“ბერა მალე დაობლდება”- ვთქვი, როცა მეგობრები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის ამბავზე ვსაუბრობდით. გუშინ ნიუსფიდი აჭრელებული მქონდა სხვადასხვა სააგენტოების მიერ მოპოვებული ინფორმაციით .

…ბიძინა საკუთარ პოლიტიკურ პარტიას ქმნის..

…ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსობას აპირებს…

…ბიძინას ფულის წარმომავლობა…                             …ივანაშვილი და რუსეთი…

მოკლედ, უამრავი ვარაუდი და მოსაზრება გამოითქვა მისი გაპოლიტიკოსების თაობაზე , მეკი სიმართლე გითხრათ, არც ერთი მათგანი არ წამიკითხავს. ასე მგონია მოკლე შინაარსი ვიცი უკვე:

წარმოიდგინეთ ფულიანი, კეთილი ბიძა, რომელიც აპირებს ქვეყნის აღმშენებლობაში წვლილი უკვე პარლამენტიდან შეიტანოს, თესოს სიკეთე და აღადგინოს სამართალი. რა თქმა უნდა , ის ყველას უყვარს, ის ხომ ნახევარი საქართველოს მამა და მარჩენალია? ის ქმნის საკუთარ პოლიტიკურ პარტიას და ნეტარ არიან პარტიის ფრთებქვეშ შეყუჟული პარტიელები… ის ილაშქრებს მიშას რეჟიმის წინააღმდეგ. ან არ ილაშქრებს. ამ უკანსკნელ შემთხვევაში, რა აზრი აქვს კიდევ ერთი წანაციონალო პარტიის შექმნას? მაქსიმუმ მშიერ მწყურვალი და უპარტიოდ დარჩენილი პარლამენტარ-პოლიტიკოსების შეფარება და დასაქმება, მაგრამ ესეც ხომ საქმეა, თან ბიძინა ამგვარი საქმეებით უკვე ცნობილია, ასე რომ არც ეს გამიკვირდება.

რა მოხდება, თუ ყოფილმა ბიზნესმენმა ხმა აღიმაღლა ? მოდით გადავინაცვლოთ წარსულში, რამდენიმე წლის წინ. ბუნებრივია ივანიშვილის და პატარკაციშვილის შედარება არავის გაუკვირდება, მეტიც ნებისმიერი თქვენგანი პარალელს გაავლებდა ამ ორ მოვლენასთან. წლების წინ, როცა ცნობილი ბიზნესმენი , მეცენატი და ა.შ, ცხონებული ბადრი პოლტიკასაც შეეჭიდა, ალბათ წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ასე მალე მოუწევდა გარდაცვალება. რასაკვირველია, ვინ იცის, როდის დადგება ეს ოხერი სიკვდილი? მით უმეტეს პოლიტიკაში.

როგორც ჩანს ასევე ცნობილი ბიზნესმენი, მეცენატი, უდიდებულესი ადამიანი, არაჩვეულებრივი მამა და ხალხის მარჩენალი ვერ ითვალისწინებს წინამორბედის შეცდომებს, ფაქტიურად უშიშრად ეგებება სიკვდილს. პატარა კი აღარ არის, პოლიტიკა ძალიან რთული საქმეა, გაძლება მოგცეს ღმერთმა, ბიძინა. ერთი ეკლესია შენზე იქნება…

მაგრამ.. არის ერთი მაგრამ. რას უშვრები ბერას? ღუპავ ბიჭს? მაშინ როცა ძლივს მისმა ვარსკვლავმა ამობრძანება ინება, მაშინ ღუპავ? პრინციპში რატომ? როგორც ერთმა ჩემმა ნაცნობმა თქვა, ბერა მალე მილიონერი გახდება, ჩვენ ვიკითხოთ, შენი ფულების შემყურეებმა..

ჰო , ჰო, მალე ყველანი დავობლდებით. თუმცა, ამ ყველაფერსაც ექნება თავის დადებითი მხარე. წმინდანებით  განთქმულ საქართველოს ერთით მეტი წამებული ეყოლება: თანამედროვე ცოტნე დადიანი, ან სამასი არაგველი, 9 ძმა ხერხეულიძე , ან უბრალოდ ერთადერთი და განუმეორებელი წმინდა ბიძინა ივანიშვილი.

ერთი ეკლესია ჩვენზე იყოს ბიძინა..

აბა რა, აბა რა…

წარმოიდგინეთ, რა პირობებში უნდა სწავლობდეს ადამიანი, უნივერსიტეტის საპირფარეშოში შესვლისას ქაღალდი რომ დახვდება და ეს ფაქტი გააბედნიერებს. ბიბლიოთეკაში ვაირლესს რომ დაიჭერს და სიხარულით ცას ეწევა. ჰო, ჰო, ერთ-ერთი ასეთი “ბედნიერი” მე გახლავართ, რომელსაც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დაეწყო.

მოკლედ, ეს ორი ფაქტი ერთდღიანი სიხარულისთვის სრულიად საკმარისი იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკვე  ერთი კვირაა ვიტანჯები სხვადასხვა გაუგებრობებით: დროზე არ გამეხსნა ბაზა, როცა გამეხსნა, ვეღარ ავირჩიე სასურველი ლექტორები, ადგილების აღარარსებობის გამო და ისევ ის ნაგავი შემრჩა, რაც წინა წელს. აი შემდეგი წლისთვის, საკუთარ თავს ვპირდები, საიტის რეფრეშით გავსკდები და საყვედურს არ მივიღებ ადმინისტრაციისგან იმის თაობაზე, თუ სად ვიყავი მანამდე, როცა ადგილები საკმარისად იყო..

პრინციპში, ყველაფრის ღირსი ვარ, უმადურობისგან დაბრმავებული თსუს ღირსებებზე რომ დაიწყებს კაცი ლაპარაკს და დედა უნივერსიტეტის სახელს დახარბდება, იმსახურებს კიდეც ტუალეტში ქაღალდის დანახვაზე ხტუნვას იწყებდეს ..

არადა , როცა თეუსუ გაუქმდა და თსუს შემოვუერთდით, პატარა ბავშვივით მიხაროდა, აქაოდა, მომეცა შეცდომის გამოსწორების შანსი-მეთქი. ახლა, თავიდან რომ ვაბარებდე, არათუ მეორეს, თსუს საერთოდ არ ჩავწერდი იმ 7 ფაკულტეტში! სულ სხვანაირ უნივერსიტეტზე ვოცნებობდი, სულ სხვანაირზე: ფილმებში რომ ლექციებიდან გამოსული სტუდენტები სხედან მწვანე მოლზე წიგნებით ხელში და ბედნიერებას ასხივებენ ხოლმე, ეგ მინდა…

წიგნებით გადაჭედილი , დიდი და ნათელი ბიბლიოთეკები მინდა, სადაც ყოველთვის დამხვდება სათანადო ლიტერატურა და არა გვერდებამოხეული და გაჭირვებით ნაშოვნი აკინძული ქსეროასლები. უგემური გუდფუდის ნაცვლად მყუდრო და მოწესრიგებული , ვრცელი კვების ობიექტს ვისურვებდი.

ნუთუ ეს ყველაფერი ელემენტარული არ არის, რასაც სტუდენტი უნდა ითხოვდეს უნივერსიტეტიდან, რომლის სახელი და დიდებაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ “ქუხს”? აბა რა, აბა რა..

დღეს თსუში განათლების მინისტრი და რექტორი მივლენ და ასწლიანი რემონტის შედეგად გაწკრიალებული პირველი კორპუსის მისადგომებიდან იდემაგოგებენ იმის შესახებ, თუ რა ფასდაუდებელია სწავლა უნივერსიტეტის დიად კედლებში და რა პატივი ხვდათ წილად პირველკურსელებს იქ სწავლით.აბა რა, აბა რა..  გამოუცდელი სტუდენტებიც სიხარულით ცას ეწევიან და თავს დაიბრმავებენ , როცა ელემენტარული თხოვნის შემთხვევაშიც კი ადმინისტრაციიდან სამდივნოში გაუძახებენ, სამდივნოდან სადმე, სადმედან კიდევ სადმე და სადმედან ისევ სადმე და ასე დაუსრულებლად.თავს დაიბრმავებენ მაშინ, როცა გამოცდებისას უკანასკნელ წუთებში სიებში არ იქნებიან და დარეტიანებულები ირბენენ აქეთ-იქეთ ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

თავს დაიბრმავებენ მაშინ, როცა მეორე კურსზე გადავლენ და ბაზაში არ აღმოჩნდებიან, ან რატომღაც სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ექნებათ, ზემოთხსენებულ “ელმენტარულ” მოთხოვნებზე კი ხმის ამაღლება არც კი ღირს: როგორ, განა ახლახანს არ გვეღირსა ესოდენ ნანატრი პირველი კორპუსის ეზო? როგორ, განა ბიბლიოთეკაში საკმარისი რაოდენობით არ მოიპოვება ქსეროასლები? როგორ, ის მე არ ვიყავი, ვინც ბიბლიოთეკაში ვაირლესი დაიჭირა და საპირფარეშოში ქაღალდი დახვდა? გუდფუდს არ ვსტუმრებივარ და ხმის ამოღების უფლება მაქვს განა? აბა რა, აბა რა, ეს უბრალოდ ეს მე ვარ უმადური.

რამე გამომრჩა და არ ვიწუწუნე? მეც ვცდილობ თავი დავიბრმავო და კმაყოფილი ვიყო ყველაფრით, ბოლოსდაბოლოს მეც იმ სტუდენტთაგანი არ ვარ , ამხელა პატივში რომ იმყოფებიან? ამ ყველაფერს დაფასება უნდა, გავა დრო და მეც დავაფასებ სახელმწიფოს ამაგს. თუმცა, ვიდრე ეს დრო გავა , შემიძლია ისევ ვწერო პოსტები, გუგლში დასერჩილი მშვენიერი ფოტოებითურთ, ისევ ვუყურო ჰაი სქულ მუვის და ვიოცნებო. აბა რა, აბა რა…

ორიოდე რჩევა დამწყებ და მომავალ ბლოგერებს- რა და როგორ ვწეროთ

რამდენიმე დღეში ჩემს ბლოგს ერთი წელი შეუსრულდება. როგორ მოვედი აქამდე და ბლა ბლა , რა თქმა უნდა არავის აინტერესებს, აგერ ბატონო არქივი და იკითხეთ. ახლა ცოტა წავუტუტორიალებ და რამდენიმე რჩევას დავდებ, იმის შესახებ, თუ როგორ ვწეროთ და რაც მთავარია, რა ვწეროთ 🙂

პირველ რიგში, მინდა შევეხო ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან ფაქტს, რაც თითქმის ყველა ახალბედა ბლოგერს ემართება ხოლმე: ე.წ სასტავიდან განცალკევება და მყვირალა პოსტების წერა არ არის მართებული დანო და ძმანო: როცა ბლოგს აკეთებ, ორიოდე პოსტი გაქვს დაწერილი და უკვე გაქვს ამბიცია, გყავდეს იმდენი მკითხველი და ფანი, რამდენიც ძველ და ცნობილ ბლოგებს აქვთ, ეს ძალიან ცუდია… ამიტომ ბუზღუნი იმაზე, რომ ვიღაცები ზემოდან გიყურებენ, არ გიღებენ თავიანთ წრეში და გიჭირს თავის დამკვიდრება , ცოტა არ იყოს უადგილოა. წერე, მოიპოვე ინტერესი და ყველაფერი რიგზე იქნება…

ჰო, რაც შეეხება კონტენტს: ”5 რამ, რაც ჩემზე არ იცით” ”8 რამ რაც ჩამიდენია” , ”მე რომ ვაჟიშვილი ვიყო” ”როგორ მიცნოთ, წიპა ქუჩაში რომ შემოგხვდეთ”, უკვე მრავალჯერ გადაღეჭილი თემებია და შესაბამისად უინტერესოც. ეს ყველაფერი მეგობრობის დღიურებში ჩამოწიკწიკებულ კითხვა პასუხებს მაგონებს, სადაც ძველ ნაწერებს არავინ კითხულობს, ის კიარა, ყოველ მომდევნოს უფრო და უფრო ეზარება პასუხის გაცემა უკვე ყელში ამოსულ კითხვებზე, რომლებზე პასუხებიც უკვე ყველამ ზეპირად იცის. ასეა მსგავსი სახელწოდების ქვეშ დაწერილი პოსტების საქმეც: ავტორების და ტეგ თამაშის დამაარსებლების გარდა მათი შინაარსი ბევრს არავის აინტერესებს და მობეზრებადია.

მაშინ ვწეროთ რაზე?

არსებობს უამრავი საინტერესო მოვლენა, თემა , ამბავი, რის შესახებაც წერა შეიძლება. მთავარია ვწეროთ კარგად. თუ ბლოგერმა გადაწყვიტა დაიკავოს სექსუალური ნიშა, ამისთვის ცოტაოდენი სექსუალური გამოცდილება მაინც არის საჭირო. ის ფაქტი, რომ დღესდღეობით უამრავი გამოუცდელი და პირზერძეშეუშრობელი ავტორი პოსტავს თავიანთი სექსუალური ფანტაზიების შესახებ, ცოტა სასაცილოა , შეიძლება ითქვას ბორინგ… იგივე შეიძლება ითქვას ზოგადსაკაცობრიო თემებზეც: როცა მსოფლიოს ბედ -იღბალს წყვეტ შენს პოსტში, ბუნებრივია შესაბამისი ცოდნაც უნდა გაგაჩნდეს და უბრალო სიტყვების ცვენა იმაზე უფრო ფან არის, ვიდრე ქალწულებისა და ვაჟიშვილებისგნა მოსმენილი ინტიმური ისტორიები..

და მთავარი: ვიდრე ბლოგს გავაკეთებდეთ, ხომ არ დავფიქრებულიყავით იმაზე, შეგვიძლია თუ არა საერთოდ წერა? ან იმ პრესის გაძლება რაც შემდგომ ჩვენს ეპატაჟურ გამოსვლებს მოყვება. ეს უკანასკნელი ნაკლებად მნიშვნელოვანია, სჯობს პირველ პუნქტს მიექცეს მეტი ყურადღება . მართალია , ბლოგი არსებობს იმისთვის, რაც თავში მოგვივა  , ყველაფერი ვწეროთ და ამაში არავინ გვზღუდავს, თუმცა თუ კარგი ბლოგერობის ამბიციას შევუპყრივართ, მინიმუმ გამართულად წერა და აზრების გადმოცემა უნდა შეგვეძლოს.

პოსტს დავასრულებ თხოვნით. ნუ გააკეთებთ ანონიმურ ბლოგებს. ძალიან ქთხოვთ. ბლოგერსა და ბლოგის მკითხველს შორის კონტაქტი აუცილებელია და ვიჯეტებში ჩასმული ფეიქ ექაუნთები მკითხველის ცნობისმოყვარეობას, დამერწმუნეთ , სრულიადაც ვერ აკმაყოფილებს.

თითქმის სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა, ახლა კი გილოცავთ ჩემი ბლოგის მოახლოებულ დაბადების დღეს 🙂

როგორ ვებრძოლოთ “ხაზეიკებს”

არასდროს მიცხოვრია ნაქირავებ ბინაში და მაყურებლის როლიდან არც ისე რთულად მიმაჩნდა ასე ცხოვრება. ორი დღის წინ მეგობრის ბინაში გატარებულმა რამდენიმე საათმა დამარწმუნა , რომ ვცდებოდი.

კარგი ბინის შოვნა კარგ ადგილზე იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც გამართლება ე.წ “ხაზეიკაში”, ანუ დიასახლისში. პირობების წამოყენებისას, რა თქმა უნდა ორივე მხარე უფრთო ანგელოზად აჩვენებს თავს, თუმცა რა იქნება შემდგომ, ცოტა რთული გამოსაცნობია, ამიტომაც არასდროს, არასდროს არ ღირს ბინის ქირაობა იქ, სადაც ახლომახლო ბინის მეპატრონე დაძრწის!

რატომღაც დიასახლისები თვლიან რომ ყოველ წამს შეუძლიათ მდგმურის შეწუხება და სრულიადაც არ ფიქრობენ იმაზე, უნდა თუ არა ამ უკანასკნელს მათი ფიზიონომიის დანახვა დღის ამა თუ იმ მონაკვეთში. მართლაც, რა სასიამოვნოა დღეში რამდენჯერმე,  ორ დღეში ერთხელ, ან თუნდაც კვირაში ერთჯერ მყუდროება გირღვიოს ბინის პატრონმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ის პატრონია და სრული უფლება აქვს საკუთარ სახლს სურვილისამებრ ესტუმროს. როგორც წესი, “ხაზეიკები” ეშმაკურ ხერხს მიმართავენ და უმეგობრდებიან თავიანთ მდგმურებს და ლოგიკით, მეგობარს ხომ გარეთ ვერ გააგდებ, “ხაზეიკასაც” ვეღარ მიუხურავ კარს ცხვირწინ. ახლადშეძენილ “მეგობარს” კი როგორც უკვე ვთქვი, თან ბევრი უსიამოვნება მოაქვს:

მან შესაძლოა წაიღოს თქვენი ნივთები, იქნება ეს თმის ფენი თუ უბრალოდ ასანთის კოლოფი და შემდეგ დაავიწყდეს მისი დაბრუნება;

მას შეუძლია მოურიდებლად გესტუმროთ და თავის პრობლემების მოსმენა გთხოვოთ, მაშინ როცა თქვენ ერთი სული გაქვთ საბანში გაეხვიოთ და დაიძინოთ;

მას შეუძლია მკაცრად აკონტროლოს თქვენი ყოველი სტუმარი და ვაი მაშინ, თუ ეს სტუმარი საპირისპირო სქესის წარმომადგენელია. ასეთ შემთხვევაში დიასახლისის ჩასახლება გარკვეული ვადით თქვენს ოთახში სრულიად მოსალოდნელია. ის მანამდე არ მოიცვლის ფეხს საეჭვო ტერიტორიიდან, ვიდრე სტუმარი თვალს არ მიეფარება.

მას შეუძლია თქვენი შესაძლებლობები თავის სასიკეთოდ გამოიყენოს და თუ თქვენ საჭმლის კარგად კეთება, კერვა, მანქანის შეკეთება, ან უბრალოდ ნათურის გამოცვლა კარგად გამოგდით, მანამ ვიდრე თავად ცდიდეს საქმის გაკეთებას, ან სპეციალისტს გამოიძახებდეს, აუცილებლად ჩამოგძახებთ თქვენ – ეგებ იოლად გამოვიდეს..

თუ თქვენ ბიჭი ხართ, თანაც სიმპათიური, შესაძლოა დიასახლისის ძალადობის მსხვერპლიც შეიქნეთ, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, ხოლო თუ თქვენ გოგო ხართ და სახლის მეპატრონე მამაკაცია, ანუ “ხაზეინი”, რასაკვირველია, ამ ყველაფრის შანსი ორმაგდება

ალბათ უსასრულოდ შეიძლება ამ ჩამონათვალის გაგრძელება, რადგან ზემოთჩამოთვლილი პუნქტების შეგროვება სულ რაღაც 4- 5 საათში მოვახერხე, დრო კი რაც უფრო მეტია, მით მეტი პრობლემა იჩენს ხოლმე თავს, წვრილმანი და მოსაბეზრებელი. ქირისას  საუკეთესო ვარიანტი ყოველგვარი “ხაზეიკა/ხაზეინისგან” მოშორებით ცხოვრებაა, სასურველია კორპუსში, მაგრამ თუ გარემოებების გამო გიწევთ აიტანოთ “ნაღმი” თქვენს სიახლოვეს, თავდაცვის რამდენიმე მეთოდს გირჩევთ:

თავი მოაჩვენეთ რაც შეიძლება უჟმურ და არაკომუნიკაბელურ ადამიანად: ამ შემთხვევაში თქვენთან შემოსვლის და მით უმეტეს დარჩენის სურვილი სულ უფრო და უფრო ნაკლებად გაუჩნდება.  ურთიერთობისას მხოლოდ მისალმების ელემენტარული ფორმების გამოყენებით შემოიფარგლეთ და ღიმილი მხოლოდ თვის ბოლოს შეგიძლიათ უწყალობოთ, როცა ქირის გადახდის დრო მოვა. არ დაგავიწყდეთ, ღიმილში აუცილებლად გესლი უნდა იყოს ჩაქსოვილი და სიტყვებს კბილებიდან უნდა სცრიდეთ 🙂

ამ რჩევების გაგრძელებაც უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ მათი გამოყენება უკვე იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მოხერხებული ხართ თქვენ, ამიტომ მხოლოდ ორიოდე რჩევით დამწყებთათვის შემოვიფარგლები და დანარჩენის ათვისება თქვენთვის მომინდვია, დღეისთვის კი სულ ეს იყო, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები და რაც მთავარია, ეცადეთ პრაქტიკაში დანერგოთ 🙂