წინასადაბადებისდღეო ფიქრები და თავის ტკივილები

ხანდახან ისე მინდა პოსტის ფანჯარა გავხსნა და რამე ყლეობაზე დავწერო, ისე როგორც ადრე ვწერდი. ჰო, ზუსტად ასე, მაგალითად იმაზე, როგორ ვიყიდე 5 კაბა, როგორ წავედი ბლოგერების ექსკურსიაზე, ან როგორ ვჭამე პიცა მეგობრებთან ერთად ორლარიან კაფეში და რამაგარი იყო ეს, მაგრამ არც 5 კაბა მიყიდია, არც ექსკურსიაზე წავსულვარ და არც პიცა მიჭამია დიდი ხანია (არა , ვჭამე, ქუჩაში ნაყიდი ზუსტადაც ორლარიანი პიცა, მაგრამ საშინლად უგემური იყო და ამაზე დაწერა არ ღირს )

სჯობს ისევ ჩემს მოახლოებულ დაბადების დღეზე დავწერო, მით უმეტეს, ასეთი ნოსტალგიები შემიპყრობს ხოლმე ყოველ წელს, ერთი თვით ადრე ჩემს დაბადების დღემდე და თითქმის ყოველ წელს, სადღაც ამ დროს პოსტს ვუწერ საკუთარ თავს, სადაბადებისდღეოდ. არც ეს წელია გამონაკლისი.

წინა წლებისგან განსხვავებით, როცა მაგალითად 2014 წელს დედაჩემი კლინიკაში იწვა და მასთან ვიყავი, ან როცა 2015ში, სახლში მარტო, 2 თვის ბავშვთან ერთად ვატარებდი საკუთარ დაბადების დღეს, მინდა საკუთარ 25-ე დაბადების დღეს შევხვდე გენიალურად, გადასარევად, საინტერესოდ, მხიარულად, განსხვავებულად.

რა ვქნა? გადავიხადო დაბადების დღე, დავპატიჟო მეგობრები, “მეგობრები” და მეგობრებთან გათანაბრებული პირები? ქვეპუნქტად ჩავშლი: სახლში გადავიხადო თუ სადმე ? სახლში არყიანი ჭიქების და ტორტიანი თეფშების რეცხვა მეზარება, სადმე გარეთ კი სათანადოდ ვერ გამოტყვრომის დისკომფორტი მაქვს.  ალბათ მონეტას ავაგდებ, თუ მაინც დავაპირებ დაბადების დღის  ასე გადახდას.  ერთი ნამდვილად ვიცი, სამსახურში ტორტს მივაბრძანებ, როგორც ადეკვატურ თანამშრომელს შეეფერება 🙂

იდეა #2: ეს იდეა პრინციპში წლებია მაწუხებს, მაგრამ თავს როდის მოვაბამ კაცმა არ იცის – წავიდე სტრიპტიზ ბარში, იქაც გამოვტყვრე და საბოლოოდ ბოძზე აღმოვჩნდე სტრიპტიზიორის ნაცვლად – არ გამოვა, ამერიკული ფილმის სცენარს კი გაქვს, მაგრამ ალბათ დაცვა გარეთ გამომაგდებს 😀

იდეა#3 – დავივიწყო დაბადების დღე, ფეისბუქზე გადავამოწმო, დაჰაიდებული მაქვს თუ არა თარიღი, რომ ვერავინ გამომიჭიროს, ბურიტოსავით გამოვიკეტო სახლში და ფეისბუქზე ბედნიერად დავპოსტო ფემილი ფიქჩა? – ძალიან ინტროვერტული გადაწყვეტილებაა, ასეთი ინტროვერტიც აღარ ვარ (ეს დასკვნა მაშინ გავაკეთე, როცა წინა სამსახურიდან წამოსვლისას გამოსამშვიდობებლად ნამცხვარიც კი მივიტანე :დ)

იდეა#4 ავიღო დეიოფი, მოვკიდო კოტეს ხელი და წავიდეთ ბათუმში, ბევრი ვიხეტიალოთ და დავლიოთ გლინტვეინი და ათასი უბედურება.  კალენდარს ჩავხედე და სამშაბათსაა ჩემი დაბადების დღე, ბათუმში წასასვლელ, ორდღიან დეიოფს ვერ გამოვკრავთ ხელს (ალბათ) ყოველიშემთხვევისთვის, ეს იდეა საკმაოდ რეალურად მეჩვენება.

იდეა#5 , #6 და ა.შ ჯერჯერობით არ მაქვს, ასე რომ შეგიძლიათ დამეხმაროთ და მირჩიოთ ნებისმიერი სისულელე, რაც შეიძლება ჩაიდინო მაშინ, როცა 25 წელს მიუკაკუნებ.

 

ციფრული კომფორტი

ამ რამდენიმე წლის წინ, როცა პატარა ბარათებით გახდა შესაძლებელი ბანკომატიდან თანხის გამოტანა, გვეგონა საქმე ჯადოქრობასთან გვქონდა.  ძალიან მიხაროდა, როცა მეც გამიხსნეს ბანკში ანგარიში და შესაბამისად, მეც გამიჩნდა ის პატარა, ჯადოსნური ბარათი.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ახლა ონლაინ ანგარიშსწორებები და ჯადოსნური ბარათების სიმრავლე არავის უკვირს, მათ შორის არც მე და პირიქით, სიამოვნებით ვეცნობი ყველა ახალ სიახლეს.

რამდენიმე დღის წინ Digital Summer 2013 ივენთზე ვიყავი, ვიტამინში.  ლიბერთი ბანკმა და სმარტექსმა 2013 წელს განხორციელებული პროექტები წარმოგვიდგინა:  6 ახალი პროდუქტი და 4 ინვესტიცია საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნებში, რომელზეც უფრო ვრცლად მოგვიანებით ვისაუბრებ, მანამდე, როგორც გურმანმა, ხაზი უნდა გავუსვა ივენთის გემრიელ მხარეს.

ზოგადად ვიტამინი იდეალური ადგილია საზაფხულოდ, ივენთების ჩასატარებლად. სიგრილე, სიმწვანე, კარგი მუსიკა, პლიუს საინტერესო ამბები ნაცნობ თუ უცნობ პროდუქტებზე.

ლიბერთიში ანგარიში არასდროს მქონია, შესაბამისად ინფორმაცია მის პროდუქტებზე, ძალიან მწირი მქონდა.  ახლა ნელ-ნელა მივყვები იმ პროდუქტების აღწერას, რომლებმაც ჩემი ყურადღება მიიპყრეს ივენთის მსვლელობისას:

20130208_205519

ლიბერთის ანგარიშზეა 1.7 მილიონი ვიზა ბარათი, რომელშიც ყველა ტიპის ბარათი მოიაზრება. 480 000 Pay ბარათი და ორჯერ მეტი emoney საფულე. ეს ყველაფერი შესაძლებლობას იძლევა თავი მსოფლიოს მასშტაბით იგრძნო თავისუფლად, ისარგებლო ბარათებით სხვადასხვა  საიტებზე, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ა.შ.
პირადად ჩემთვის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ნიუსი იყო ფეიფალის “შემობრძანება” საქართველოში. ამ პროცესში ბუნებრივია ლიბერთიც აქტიურად ჩაერთო.

გარდა ამისა, ზემოთხსენებული PAY ბარათების ბრენდირებაც შესაძლებელია. თანამშრომლობის პროცესში უკვე ჩართულები არიან რიკო კრედიტი, ფრესკო, ევროპა ბეთი. ერთ-ერთი პროდუქტი, რომელმაც ჩემი სიმპათია დაიმსახურა, ფრესკოს ნისია ბარათია, რომელიც დანარჩენ სუპერმარკეტებში არსებული ქულების სისტემისგან განსხვავდება: ანუ მარტივად რომ ავხსნათ, თუ პროდუქტების ყიდვას აპირებდი და ფული დაგაკლდა, ფრესკოშივე შეძლებ აიღო ბარათი, 50 ლარის ლიმიტით, იყიდო შენს სიაში არსებული ყველა პროდუქტი და გაბედნიერდე.  მგონი ძალიან მოსახერხებელია.

რადგან ევროპა ბეთი ვახსენე, აქვე ფორტუნა ქარდზეც ვისაუბრებ, რომელიც ნამდვილად მაგარი რამეა აზარტული ადამიანებისთვის.  იგებ , გადაგაქვს თანხა ფორტუნა ბარათზე და ანაღდებ ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატიდან და სერვის ცენტრიდან.  ბარათის შევსება კი შეიძლება  ინტერნეტბანკით, სმარტივით, იმანის ანგარიშიდან, თვითმომსახურების ტერმინალებიდან..

SMARTPAY-ზე, ანუ მობილურ ბანკინგზეც უნდა ვთქვა ერთი-ორი სიტყვა.  რაც ანდროიდით ვსარგებლობ, მობაილბანკინგი და მე არაჩვეულებრივად ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ თუ შესაძლებელი იყო ნებისმიერი ტიპის ტელეფონით გადამეხადა კომუნალურები, შემევსო მობილურის ბალანსი და ა.შ, არ მეგონა. ერთადერთი “პრობლემა” ჯერ-ჯერობით არის ის, რომ ეს მშვენიერი სერვისი მხოლოდ მაგთის აბონენტებისთვისაა ხელმისაწვდომი, თუმცა მოლაპარაკება მიმდინარეობს დანარჩენ ოპერატორებთანაც.

სრულიად ახალი პროდუქტია 1loan.ge – რომლის საშუალებითაც ელექტრონული განაცხადის საფუძველზე იღებ სესხს, ან სულაც კონსოლიდაციას ახდენ.  იმის შესახებ, დამტკიცდა თუ არა სესხი, პასუხი ერთი დღის ვადაში მიიღება.

გარდა სესხისა, ლიბერთიში შესაძლებელია ონლაინ განვადების გაკეთება, რაც freeshop.ge-სა და swoop.ge-ს მომხმარებლებისთვის დიდი ხანია ხელმისაწვდომია.  Smartex კი კურიერულ მომსახურებას გაგიწევს და  ადგილზე მოგართმევს შეკვეთილ ნივთს.

შეკვეთილ ნივთზე გამახსენდა, რომ უკვე პირველი ონლაინ მაღაზიაც არსებობს ფეისბუქზე. paystore.  ფეისბუქიდან გაუსვლელად 15 000-ზე მეტ პროდუქტს შორის სასურველს აუცილებლად იპოვნი.

და ბოლოს, ჩემი ფავორიტია ელქტრონული პირადობის მოწმობებით, ანუ იგივე აიდი ბარათებით ტრანზაქციების განხორციელება. თუ ბარათი დაგრჩა და პრობლემა გაქვს ფულის განაღდებისას, აიდი ბარათით უპრობლემოდ შეძლებ თანხის გამოტანას. ეს სერვისი ამ ეტაპზე ძირითადად აზარტული თამაშების მოყვარულთათვისაა განკუთვნილი და შესაძლებელია მოგებული თანხის როგორც eID ბარათით, ასევე ნებისმიერი PAY ბარათით განაღდება.

პრეზენტაციის დასასრულს მე, როგორც რიგითი მომხმარებელი, ძალიან დამაბნია პროდუქტების სიმრავლემ.  მით უმეტეს, თითქმის ყველაფერი, რაც პოსტში ვახსენე, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში იქნა გაკეთებული.   თუმცა ამ დამაბნეველ გარემოებას ანეიტრალებს ის, რომ ეს პროდუქტები კლიენტების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ და ყველა მათგანს ყავს თავის მომხმარებელი და ეს ყველაფერი ძალიან კარგია.

პოსტს აუცილებლად უნდა დავურთო ვიდეო, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ადამიანები, რომლებიც ქმნიან ზემოთხსენებულ პროდუქტებს და რომლებსაც უყვართ ისინი.  უყურეთ ვიდეოს და თქვენც შეიყვარეთ ეს პროდუქტები 🙂

გორგილაძე

ამბავი 1

ამასწინათ დავაკვირდი: სამსახურთან გაჩერებაზე დანახული სარაფნიანი გოგო იმ დღის განმავლობაში მინიმუმ 4 ჯერ დავინახე სხვადასხვა ადგილზე, გორგილაძეს კი მას შემდეგ, რაც მისი არსებობის შესახებ შევიტყვე, მაქსიმუმ 5ჯერ თუ შევხვედრივარ. ფეისბუქზე კი დაახლოებით ორი წელია მყავს, ან ცოტა მეტი. მის პოსტებსაც ვკითხულობ და სტატუსებსაც. გამოგიტყდებით და ფოტოებსაც ვათვალიერებ ხოლმე.

ჰოდა, ამ ორიოდე წლის წინ, როცა ახალი აღმოჩენილი მყავდა გორგილაძე, ვაზისუბნიდან მომავალ , თუ სწორად მახსოვს 119 ნომერ მარშუტკაში, მძღოლის გვერდით სავარძელზე ავძვერი. სწორედ აქ დამხვდა გორგილაძე, მაგრამ ისეთი შეუვალი და მკაცრი მომეჩვენა მისი სათვალე და გადაბმული წარბები, არც მიფიქრია გავცნობოდი და მეთქვა, რომ იცი ეს მე ვარ, ანა, აი ის გოგო ფეისბუქზე რომ გყავს. ის ისეთი მკაცრი და შეუვალი იყო, მაინც ვერ მიცნობდა. თან მგონი მაშინ პირადად ნანახიც არ ვყავდი. ან იქნებ ვყავდი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, საკუთარ თავზე ჩემი წარმოდგენა აშკარად ვერ გასწვდა გორგილაძის გაცნობის თავხედობას.

ერთ მშვენიერ დღეს,  გორგილაძემ თვითონ მომწერა და დააზუსტა, მე ვიყავი თუ არა ის გოგო, ვაზისუბნის 119 ნომერ მარშუტკაში.  მეც დავადასტურე ჩემი იქ ყოფნის ამბავი.

ამის შემდეგ, კიდევ ვნახე გორგილაძე , ყაზბეგზე, მაგრამ ამჯერად მეგობრებთან ერთად მოქროდა ვაკე-საბურთალოს გადაკვეთაზე და წარმოუდგენელ თავხედობად მივიჩნიე, გამეჩერებინა და მეთქვა, იცი, მე ეს მე ვარ, ანა აი ის გოგო, ფეისბუქზე რომ გყავს და და ერთხელ 119 ნომერში შეხვდი ერთხელთქო. ჰოდა, ამ ყველაფრის თქმა ფეისბუქით ვარჩიე.

ამის მერე რა მოხდა? არც არაფერი.

არ ვიცი რა მანქანებით ხდება ადამიანების დაჯგუფება, მაგრამ მე და გორგილაძე აშკარად მაგრად ვართ ერთმანეთს აცდენილი და ალბათ გაისამდე აღარ გადავაწყდებით ერთმანეთს.

ამბავი 2

ვიქნებოდი ასე 5 წლის, დამოუკიდებლად რომ წავიკითხე პირველი პაატარა მოთხრობა, “კაჭკაჭი და კრუხი” იმ დღიდან მშობლებმა გენიოსად მაღიარეს და მეც, იმედი  რომ არ გამეცრუებინა, ვკითხულობდი ვკითხულობდი და ვკითხულობდი. ერთხელ კინაღამ ფსიქიატრიულში მოვხვდი, მესამე კლასში რომ წამოვაყრანტალე, მორ იოკაის “ოქროკაცი” დავამთავრე ახლახანსთქო. დაიბარეს დედაჩემი და ლექცია უკითხეს ჩემი ნაადრევად “გამოტვინების” და ცუდი დედობის შესახებ და ამით დამთავრდა ყველაფერი. მას მერე ენაზე კბილის დაჭერა ვისწავლე და ჩუმად ვათენებდი ღამეებს მაშინდელი ნავთის ლამპის თანხლებით. მოკლედ, დღემდე მახსოვს როგორ მაბრძგვიალებდა ყველა ახალი წიგნის კითხვისას და ხანდახან ვტიროდი კიდეც.

მერე მოვიდა წყეული აბიტურიენტობა და წიგნების რიცხვმაც იკლო. სტუდენტობისას კიდევ უფრო იკლო და არ ვიცი, კითხვამ გადაჩვევა იცის, თუ , როგორც მოხუცები იტყვიან, თანამედროვე მწერლობა გადაგვარდა, ფაქტია, დიდი ხანია ვეძებ ისეთ წიგნს/მოთხრობას, რომლის კითხვისას ძველებურად დამაყრის ხელებზე ხორკლებს და მერე თავგამოტენილს ორი თვე სხვა დასაფიქრებელი აღარ მექნება.

ამბავი 3

პირველ ამბავს რომ ვყვებოდი, გამომრჩა მეთქვა, როგორ აღმოჩნდა ჩემს “ფრენდებში” გორგილაძე. ბლოგი მასაც ჰქონდა და მეც. ის კარგად წერს, მე არც ისე. ჰოდა ამ საერთო ინტერესმა დაგვამატებინა ერთმანეთი.

ჰოდა, ნიუსფიდში რომ ამომიხტებოდა ხოლმე მისი პოსტები, ხანდახან შემომეკითხებოდა ხოლმე.  ასე წავიკითხე პოსტები ისაკაზე, იაკოზე. რომ არ გავაგრძელო, საკმარისად ბევრი პოსტი მაქვს გორგილაძის ბლოგზე წაკითხული, იმისთვის, რომ ჩემთვის ფრიად სასიხარულო დასკვნა გამომეტანა.

  • ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ნაწერი, რომლის წაკითხვაზეც ისევ დამბურძგლავს
  • ჯერ კიდევ არსებობს მისი დამწერი, რომელსაც წელიწადში ორჯერ შემთხვევით გადავაწყდები, მაგრამ რაც მთავარია არსებობს.

ერთ რამეზე მწყდება მარტო გული. იმაზე ნაკლები სიხშირით წერს პოსტებს, ვიდრე მე ვაწყდები შემთხვევით ქუჩაში.

ამ პოსტის წერისას ჩვენს მწირ მიმოწერას გადავავლე თვალი და ძალიან სასაცილო მონაკვეთს წავაწყდი:

გორგილაძე  – ისადა, შენ ჩემს ბლოგს კითხულობ ხოლმე?

მე – რამდენიმე თვეა არ წამიკითხავს, რაიყო? (სავარაუდოდ რამდენიმე თვე ახალი პოსტი არ ჰქონდა დაწერილი)

გორგილაძე – არაფერი, მაინტერესებდა, იზვესტნი ბლოგერებმა თუ იციან ჩემი ბლოგი.

oO

როგორ სრულდება ოცნებები

ახლახანს ჩემი ძველი პოსტი გადავიკითხე და ცოტა გამეღიმა. გამახსენდა, რომ მაშინ, წერისას ჩემს თავს დავპირდი, რომ აუცილებლად შევიძენდი გალაქსი ნოუთს, რომელიც ისე მიყვარდა მაშინ, ნახევარ სიცოცხლეს გავიღებდი, ვინმე რომ წამოსულიყო ჩემს ამ შემოთავაზებაზე 😀

მაგრამ გავიდა რამდენიმე თვე და შემდეგი მოდელი, Samsung Galaxy Note 2 გახდა ჩემი საკუთრება. მოკლედ, ის, რაც პოსტის წერის დროს საკმაოდ არარეალურად მეჩვენებოდა, იმაზე წარმატებით განხორციელდა, ვიდრე მეგონა. ასე გავხდი გალაქსების ოჯახის ფანი.

ამ  შესავალმა თუ ცოტა დაგაბნიათ, მაშინ პირდაპირ სათქმელზე გადავალ, რომლის წინაისტორიაც  რამდენიმე დღის წინ დაიწყო, როცა ფეისბუქზე უცნაური მოსაწვევი მომივიდა. რასაკვირველია, დამაინტერესა და 8 მაისს ფილარმონიასთან გამოვცხადდი.
მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ძვირფასი note 2-ის ღირსებები ცოტა ხნით გვერდზე უნდა გადამედო და გული galaxy s 4-სთვის უნდა დამეთმო. დიახ, დიახ, ის უცნაური მოსაწვევი სწორედ S4-ის პრეზენტაცაზე მეპატიჟებოდა, თურმე 🙂
საერთოდ, როცა ახალი, ძალიან მაგარი ტექნოლოგიური სიახლე შემოდის, გაოცებით ვამბობ ხოლმე, რა უნდა იყოს ამის შემდეგი ნაბიჯი და რით უნდა გამაკვირვოს ტელეფონის თუ კომპიუტერის შემდეგმა თაობამ. როცა s4-ის წინამორბედი, S3 მეჭირა ხელში, შემდეგ კი ჩემი ნოუთი ვიყიდე, აღარ მეგონა, მათზე მაგარი ტელეფონი თუ იარსებებდა, მინიმუმ 2 წლის მანძილზე, თუმცა, ნურას უკაცრავად !

Galaxy s4

სხვათაშორის, ვიდრე S4-ის ღირსებების აღწერაზე გადავიდოდე, უნდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პრეზენტაცია იყო მათ შორის, რასაც პირადად შევსწრებივარ. განსხვავებით აქამდე ნანახი ტექნოლოგიური პრეზენტაციებიდან, რომლებიც მშრალად ჩაივლიდა ხოლმე, ამჯერად მშვენიერი შოუს მაყურებელი გავხდი:  ფერად ბუშტებიანი ფლეშმობისა და  “TsuArt”,Kid Jesus, „Kung Fu Junkie” და „Z For Zulu” -ს ცოცხალი შესრულების გარდა, სცენაზე მიმებიც გამოჩნდნენ,  რომლებმაც პანტომიმით აღწერეს S4-ის ახალი ფუნქციები. Continue reading

რა ხდება?

ქუჩებში ხშირად მხვდება ხოლმე ე.წ თიზერ პოსტერები, რომლებიც რაღაც მოვლენებზე მიგვანიშნებენ.

მაგალითად, წინასაოფენეაროდ მთელი თბილისი აჭრელებული იყო პოსტერებით: “რა ხდება 5 ივნისს?” როგორც შემდეგ გაირკვა, დიფ ფარფლი ჩამოდის ოფენეარზე.

დღემდე გამოცანად რჩება, რისი მომასწავებელი იყო მაგალითად შარშან გამოკრული თეთრი ფურცლები, სადაც სხვადასხვა წინადადებები იყო დაბეჭდილი: “გინდა დასვენება?” “მოგბეზრდა ხმაური?” და ა.შ, თუმცა ისე გაქრა ნელ-ნელა ეს ფურცლები, ვერ გავიგე, რამე ახალი კაფე იხსნებოდა თუ ბიბლიოთეკა.

რამდენიმე საათის წინ ჩემი ფეისბუქის პმ-ში ეს მოსაწვევი აღმოვაჩინე:

gelbaxiani

უცნაურია არა?

სხვათაშორის,  ფეიჯიც არსებობს სახელწოდებით რა ხდება 8 მაისს ფილარმონიასთან,  რომელიც ერთი კვირის წინ აღმოვაჩინე, მაგრამ ამ ფეიჯითაც ვერ შევატყვე რა გრანდიოზული კონცერტია და ამჯერად ვინ ჩამოყავთ 😀

აღმოჩნდა, რომ მოსაწვევი ჩემს მეგობარსაც მიუღია, თუმცა ისიც იმდენივე ინფორმაციას ფლობს, რამდენსაც მე.

სულ რაღაც ორი დღე დარჩა და მოუთმენლად ველოდები რა მოხდება  8 მაისს ფილარმონიასთან და რატომ მომივიდა მოსაწვევი მე?

ჰმ, ვნახოთ, ვნახოთ 🙂

მემეს კოლექცია

რამდენიმე თვეა ახალი გატაცება მაქვს,  მემეს მაისურები:

ყველა მათგანზე ჩემი ე.წ “ახირებაა” გამოსახული 🙂  აღარ მახსოვს როგორ აღმოვაჩინე ფეისბუქზე ფეიჯი, სადაც ძალიან მაგარი ჰენდმეიდ მაისურები იდებოდა. ჰენდმეიდში მხოლოდ მაისურებზე შესრულებული ნახატები იგულისხმება რა თქმა უნდა. დავინახე და მეც მომინდა ლამაზი მაისური. ჰოდა შევუკვეთე ერთი, მერე მეორე და ახლა უკვე პატარა კოლექციას ვფლობ.
მემემდეც არსებობდა ჩემს ცხოვრებაში სხვა წყაროები, სადაც შემეძლო შემეკვეთა წარწერა, ნახატი , მოკლედ რაც მინდოდა, მაგრამ ახლა რამდენიმე განსაკუთრებული მიზეზი მაქვს, მემეს სიყვარულისთვის 🙂

  • მხოლოდ დედაჩემი და მემე ქმნიან ჩემთვის ზუსტად ისეთ რამეს, როგორიც მე მინდა. ხანდახან იმაზე უკეთესსაც, ვიდრე წარმომედგინა
  • მემესთან მაისურების ფორმები შეზღუდული არაა და მაქვს მაისურები როგორც გრძელი სახელოთი, ასევე მოკლეთი. სხვადასხვანაირი გულით და ა.შ
  • შენნაირი მემეს მაისური არავის ექნება. ვგულისხმობ იმას, რომ ნახატები არ მეორდება და თუ მაინცდამაინც ვინმე პლაგიატს მოესურვება მოგბაძოს, სხვასთან წასვლა მოუწევს და მის მაისურს მემეს ლოგო არ დაამშვენებს 😀
  • და ბოლოს, შევეჩვიე. აი დაახლოებით ისე, ქალები რომ რომელიმე ბრენდს ამოიჩემებენ და ფეხსაცმელით დაწყებული, თმისსაბნევით დამთავრებული, ყველაფერი ერთი და იმავე ბრენდის რომ აცვიათ ხოლმე 🙂

ესეც ჩემი მინი კოლექცია, რომელიც მინიმუმ გაორგამდება ამ ზაფხულზე :))) ყველა მათგანზე ჩემთვის საყვარელი ვინმე/რამეა დახატული და ყველა ძალიან მიყვარს ^_^

სცადეთ თქვენც, აუცილებლად “შეჯდებით” 😀

New born

ოდესღაც ამაზე პოსტიც მეწერა, თუმცა ძალიან დიდი ხნის წინ იყო ეს ოდესღაც.

მოკლედ, 2011 წლის 9 მაისს მე და ნათიამ იურიდიული ბლოგი გავაკეთეთ. რამდენიმე თვის განმავლობაში ერთგულად ვწერდით, მაგრამ მერე როგორც ხდება ხოლმე, დავიკიდეთ. არადა, იდეა საკმაოდ კარგი იყო, მით უმეტეს, თემატური ბლოგების სიმცირის ფონზე. მერე გადავწყვიტეთ IREX-ის გრანტზე მოგვესინჯა ძალები, ჰოდა სამი იურისტი და ბლოგერი, მე ნათია და კნუტი ორიოდე კვირა ვწერდით პროექტს და საბოლოოდ კნუტის სახელით გავაგზავნეთ აქ: საგრანტო კონკურსი ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც მართავენ ონლაინ მედია საშუალებებსსაკმაოდ დიდი ხანი ველოდებოდით როდის გამოვლინდებოდა გამარჯვებულები და ერთ მშვენიერ დღეს დარეკეს რომ ჩვენ გრანტი ავიღეთ.

კარგად მახსოვს, როგორ ვწიოდით მე და კნუტი სიხარულისგან. 5000$ იდეაში და მის განხორციელებაში, მგონი არ არის ურიგო. თანაც დავრწმუნდით იმაში, რომ არც ისე ცუდი რამ გაგვიკეთებია, როცა GEOLAW გავაკეთეთ.

ოქტომბრიდან უკვე დავიწყეთ ბლოგზე პოსტების წერა და უკვე შვილივით მიყვარს ფეიჯიც და ბლოგიც. ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები სამ ეტაპადაა გაყოფილი. ბევრი საინტერესო და კარგი რაღაცის გაკეთებას ვგეგმავთ და მიხარია.

მოკლედ, მგონი კარგი რაღაც გამოვა. კარგი, სტუდენტებისთვის, იურისტებისთვის, უბრალოდ დაინტერესებული ადამიანებისთვის. ბოლოსდაბოლოს ნამდვილ სარგებელს მოვუტანთ ქართულ ვებკონტენტს 🙂

ისღა დამრჩენია მოგიწოდოთ, რომ თვალი გვადევნეთ Geolawზე :))