და ა.შ

პოსტებს ვეღარ ვწერ. ისეთი ძველმოდური გავხდი, ლამისაა, წამოვაყრანტალე, ბლოგებს ვეღარ ვწერ-მეთქი. ეგ არაფერი, ახლა წარმოვიდგენ რომ ამ პოსტს არავინ წაიკითხავს, ისევე როგორც ჩემს დამწვარ დღიურებში ნაჯღაბნ სისულელეებს და შევუდგები.

რისთვის ვწერ? უბრალოდ მინდა გავიდე 1 წელი, ჩემი ნაწერი წავიკითხო და რამე ვთქვა. თუნდაც დავაშეარო.

აბდაუბდა შეგრძნებებზე უნდა ვწერო.

რამდენიმე დღის წინ ცხელი სავარძელი ვითამაშეთ მეგობრებმა. ძალიან გულახდილი თამაშია, ყოველშემთხვევაში ჩვენ ლამის გულსატკენი კითხვები დავუსვით ერთმანეთს. მაგალითად, კოტეს ვკითხე, რა აღიზიანებდა ჩემში და საჯაროდ მოვისმინე მათზე პასუხები, რომლებზეც პასუხი პრინციპში ისედაც ვიცოდი გულის სიღრმეში, მაგრამ საყვარელი ადამიანისგან მოსმენილი მაინც უცნაურად ჟღერს – აი იცით როგორ? თითქოს შენი ტყავიდან ძვრები და სადღაც კუთხიდან აკვირდები შენს თავს. ეს სარკეში ანარეკლის ყურებას არ გავს. სულ სხვა გრძნობაა და დიდხანს მემახსოვრება ალბათ. ხშირად ვეცდები საკუთარ თავს დავაკვირდე და ვაკონტროლო.

სეირნობა ვისწავლე და შემიყვარდა ძალიან. ამ ბოლო დროს იმდენად ჩქარა ვცხოვრობ, სამსახური, ბავშვი, სახლიდან სამსახურში გავრბივარ და გზაში ვკითხულობ – იმიტომ რომ სხვა დრო დიდად არ მაქვს ამისთვის. მერე უკან გზაზეც ვკითხულობ და ასე გადის დღეები უჩემოდ. ჰოდა გადავწყვიტე, ყურადღებით დავაკვირდე ყველაფერს , რაც ქუჩაში ხდება, ხანდახან წიგნი მოვისროლო და ფეხით ვისეირნო. სხვათაშორის ძალიან სასიამოვნო ყოფილა. მიყრუებულ ქუჩებში შეხვევა, იმ ბარებთან ჩავლა, თავის ერთგული სტუმრები რომ ყავს, რაღაცნაირი შინაურული სული რომ ტრიალებს, თუმცა შენ ფეხიც არ შეგიდგამს. კიდევ ხეების ქვეშ გავლა შემიყვარდა .  კარგა ხანია არ შემინიშნავს როგორ მწვანდება თბილისი, იმის მიუხედავად, რომ ყოველ წელს უფრო ნაკლები ხე რჩება ქალაქში (მილიონ ხეზე მსმენია, დიახ).

პატარ პატარა სიკეთეების ჩადენა დავიწყე – ალბათ ისეთ ადამიანებს ვბაძავ, რომლებზეც ამბობენ, რომ საიმედო მეგობრები არიან. ყოველშემთხვევაში, ჩემი გულისხმიერების ლეველმა ერთიორად აიწია. როგორც კოტე ამბობს, ჩემმა შვილმა გამაკეთილშობილა და ნაწილობრივ ვეთანხმები კიდეც, თუმცა უფრო კოტესთან თანაცხოვრებამ გამომასწორა – 3 წლის მანძილზე რაც კოტეს ვიცნობ, არასდროს მინახავს მასზე უფრო კეთილშობილი, წესიერი და კარგად აღზრდილი ადამიანი და ალბათ ზუსტად ეს ფაქტორი ახშობს ჩემს მრისხანებებს , ბრაზებს, ბოროტებების ჩადენი სურვილებს და კარგი საქმეების ჩადენისკენ მიბიძგებს. არა, არ იფიქროთ, რომ ყველაზე საშინელი ადამიანის პოსტს კითხულობ. უბრალოდ სხვა სიკეთეებთან ერთად გულახდილი ვარ.

ფარხმალის დაყრა მშვენივრად ვიცოდი. ახლა ასხმა ვისწავლე – ეს მეტწილად ჩემი საუკეთესო მეგობრის დამსახურებაა. 23 თებერვალს, როცა დაბადების დღე მომილოცა უზარმაზარი სტატუსით, თქვა, რომ ძალიან ძლიერი ვარ და როცა რაღაც მინდა, აუცილებლად ვასრულებ ამ რაღაცას. მგონი დაახლოებით ასე თქვა. დიდხანს ვიფიქრე, მართლა ასეთი ვიყავი თუ არა და გამახსენდა  მიტოვებული საქმეები და გადადებული დაპირებები. მერე გამახსენდა, უკიდურესი სასოწარკვეთის, უბედურების, შიშის, განადგურების, ჩავარდნების დროს როგორ ვიქცევი: კი, ასეთებიც ხდება, კი, შეცდომებს ვუშვებ, მაგრამ მერე ამ შეცდომებს აუცილებლად ვასწორებ. ნელ ნელა, მაგრამ ვასწორებ.

კიდევ ვისწავლე რაღაცები, მაგრამ არ მახსოვს. მგონი ესეც საკმარისია