წინასადაბადებისდღეო ფიქრები და თავის ტკივილები

ხანდახან ისე მინდა პოსტის ფანჯარა გავხსნა და რამე ყლეობაზე დავწერო, ისე როგორც ადრე ვწერდი. ჰო, ზუსტად ასე, მაგალითად იმაზე, როგორ ვიყიდე 5 კაბა, როგორ წავედი ბლოგერების ექსკურსიაზე, ან როგორ ვჭამე პიცა მეგობრებთან ერთად ორლარიან კაფეში და რამაგარი იყო ეს, მაგრამ არც 5 კაბა მიყიდია, არც ექსკურსიაზე წავსულვარ და არც პიცა მიჭამია დიდი ხანია (არა , ვჭამე, ქუჩაში ნაყიდი ზუსტადაც ორლარიანი პიცა, მაგრამ საშინლად უგემური იყო და ამაზე დაწერა არ ღირს )

სჯობს ისევ ჩემს მოახლოებულ დაბადების დღეზე დავწერო, მით უმეტეს, ასეთი ნოსტალგიები შემიპყრობს ხოლმე ყოველ წელს, ერთი თვით ადრე ჩემს დაბადების დღემდე და თითქმის ყოველ წელს, სადღაც ამ დროს პოსტს ვუწერ საკუთარ თავს, სადაბადებისდღეოდ. არც ეს წელია გამონაკლისი.

წინა წლებისგან განსხვავებით, როცა მაგალითად 2014 წელს დედაჩემი კლინიკაში იწვა და მასთან ვიყავი, ან როცა 2015ში, სახლში მარტო, 2 თვის ბავშვთან ერთად ვატარებდი საკუთარ დაბადების დღეს, მინდა საკუთარ 25-ე დაბადების დღეს შევხვდე გენიალურად, გადასარევად, საინტერესოდ, მხიარულად, განსხვავებულად.

რა ვქნა? გადავიხადო დაბადების დღე, დავპატიჟო მეგობრები, “მეგობრები” და მეგობრებთან გათანაბრებული პირები? ქვეპუნქტად ჩავშლი: სახლში გადავიხადო თუ სადმე ? სახლში არყიანი ჭიქების და ტორტიანი თეფშების რეცხვა მეზარება, სადმე გარეთ კი სათანადოდ ვერ გამოტყვრომის დისკომფორტი მაქვს.  ალბათ მონეტას ავაგდებ, თუ მაინც დავაპირებ დაბადების დღის  ასე გადახდას.  ერთი ნამდვილად ვიცი, სამსახურში ტორტს მივაბრძანებ, როგორც ადეკვატურ თანამშრომელს შეეფერება🙂

იდეა #2: ეს იდეა პრინციპში წლებია მაწუხებს, მაგრამ თავს როდის მოვაბამ კაცმა არ იცის – წავიდე სტრიპტიზ ბარში, იქაც გამოვტყვრე და საბოლოოდ ბოძზე აღმოვჩნდე სტრიპტიზიორის ნაცვლად – არ გამოვა, ამერიკული ფილმის სცენარს კი გაქვს, მაგრამ ალბათ დაცვა გარეთ გამომაგდებს😀

იდეა#3 – დავივიწყო დაბადების დღე, ფეისბუქზე გადავამოწმო, დაჰაიდებული მაქვს თუ არა თარიღი, რომ ვერავინ გამომიჭიროს, ბურიტოსავით გამოვიკეტო სახლში და ფეისბუქზე ბედნიერად დავპოსტო ფემილი ფიქჩა? – ძალიან ინტროვერტული გადაწყვეტილებაა, ასეთი ინტროვერტიც აღარ ვარ (ეს დასკვნა მაშინ გავაკეთე, როცა წინა სამსახურიდან წამოსვლისას გამოსამშვიდობებლად ნამცხვარიც კი მივიტანე :დ)

იდეა#4 ავიღო დეიოფი, მოვკიდო კოტეს ხელი და წავიდეთ ბათუმში, ბევრი ვიხეტიალოთ და დავლიოთ გლინტვეინი და ათასი უბედურება.  კალენდარს ჩავხედე და სამშაბათსაა ჩემი დაბადების დღე, ბათუმში წასასვლელ, ორდღიან დეიოფს ვერ გამოვკრავთ ხელს (ალბათ) ყოველიშემთხვევისთვის, ეს იდეა საკმაოდ რეალურად მეჩვენება.

იდეა#5 , #6 და ა.შ ჯერჯერობით არ მაქვს, ასე რომ შეგიძლიათ დამეხმაროთ და მირჩიოთ ნებისმიერი სისულელე, რაც შეიძლება ჩაიდინო მაშინ, როცა 25 წელს მიუკაკუნებ.