ლუკა

როცა ორსულად ვიყავი, უამრავი გეგმა შევიმუშავე წინასწარ, რა მეთოდით გავზრდიდი ბავშვს და ა.შ. ყველა დედა ფიქრობს ალბათ ამაზე, მაგრამ წინასწარ შემუშავებული ყველაზე გენიალური გეგმაც კი ფეილდება, როცა ბავშვი ჩნდება – არავინ არ იცის, რა როგორ იმუშავებს.

ლუკას ყველაზე “რთული” ხანა დაეწყო – ყველაფერი აინტერესებს, ყველაფერთან მიხოხავს, ყველაფერზე ძვრება და უნდა გაიგოს ყველაფერი სამყაროზე, სადაც ცხოვრობს.

მე კი საკუთარი ბავშვობიდან ბევრი არაფერი მახსოვს, მაგრამ ორი დეტალი განსაკუთრებით უ: როგორ მოდიოდა დედა ან ბებია და ცივი იატაკიდან “მხსნიდნენ” და კიდევ, როგორ მონდომებით მარიდებდნენ დენის წყაროებს. ალბათ ტრადიციულად მიშლიდნენ სახლში არსებულ ნივთებთან მიკარებასაც და უამრავ რამეს, რაც არ მახსოვს.   მოგვიანებით ამან ის შედეგი მოიტანა, რომ, როგორც კი მარტო ვრჩებოდი, ყველაფერს ვანადგურებდი, რაც ხელში მომხვდებოდა. ავძვერი აკრძალულ კარადაზე და გადმოვაყირავე, დავშალე “ვენტილატორი” და კიდევ ვინ იცის, რა გავაფუჭე.

ლუკასთან დაკავშირებით გადავწყვიტე, სხვანაირად მოვიქცე. ჰოდა საღამოობით, შაბათ-კვირას, მე და ჩემი შვილი ერთად ვსხედვართ იატაკზე, ტელევიზორის წინ.  ერთად ვძვრებით უჯრებში და ვათვალიერებთ, რა იმალება უჯრებში. ერთად ვთამაშობთ ინტერნეტის კაბელებით და  ლუკას სათამაშოებიც ერთობლივი ძალებით დაფრინავს ოთახში.  მინდა ლუკამ ბავშვობის ყველა სიკეთით ისარგებლოს და როცა ვუყურებ, როგორ შემომცინის იატაკიდან, აფორთხებული, ვხვდები, რომ სწორად ვიქცევი.  ვგრძნობ, როგორ ითავისებს თითოეულ ნივთს, როგორ სწავლობს, როგორ მოექცეს მათ, როგორ გამოიყენოს. მინდა, იმ ასაკისთვის, როცა უკვე რეალურად შეძლებს გარემოს აღქმას და ნივთებით სარგებლობას, ყველაფერს იცნობდეს, არაფერი იყოს მისთვის აკრძალული.

სხვათაშორის,  ოჯახში ჯერ არაფერი გატეხილა, დაზიანებულა და გაფუჭებულა.  მათ შორის, არც ლუკა, მიუხედავად იმისა, რომ არ დავყვები უკან, გული არ მისკდება მის ყოველ ნაბიჯზე და როცა იქცევა, გულგახეთქილი არ მივრბივარ. ტირილის ნაცვლად ჩემი შვილი წაქცევისას იცინის. რატომ? იმიტომ, რომ მე ვიცინი.  როცა ოთახიდან მოსაწევად გავდივარ და ვბრუნდები, ოთახი თავდაყირა არ მხვდება. რატომ? იმიტომ, რომ ლუკასთვის უკვე ყველაფერი ნაცნობია, მაგიდაც, სკამიც, სათამაშოებიც, თაროებიც და კარადებიც და მათთან თამაშიც იცის.

ვაკვირდები ლუკას და ვხვდები, რომ მთავარია, მას ვენდო. ვენდო ჯერ კიდევ იმ ასაკიდან, ამ სიტყვის გააზრებაც რომ არ შეუძლია. მჯეროდეს, რომ წამოდგომას თავისით, ხელის მიშველების გარეშეც შეძლებს. დაცემასაც ხელის შეშველების გარეშე გაუმკლავდება. მთავარია, მივცე საშუალება, ზუსტად ახლა დატესტოს თავის შესაძლებლობები , მოერგოს თავის სხეულს და გონებას. როცა გავლას ცდილობს და ჩემს ხელს იშორებს, მეცინება – მე პატარა ადამიანს ვზრდი, რომელსაც უკვე საკუთარი სამყარო აქვს.