სიზმრები და საშინელებები

2014 წლის 10 ნოემბრიდან, თითქმის ყოველ ღამე კოშმარები მესიზმრება. კოშმარებში დედა ისევ ავადაა. ჩემს თვალწინ დნება და ქრება, მე კი ვცდილობ როგორმე ვუშველო, თუნდაც ხელში ავიყვანო და ისე ვატარო, ოღონდ არ დაიღალოს და დიდხანს იცოცხლოს.  ვეფერები და ვეხვეწები, არ მოკვდეს. დედა სიზმარში თითქმის ყოველთვის კვდება და თუ ასე არ ხდება, მხოლოდ იმიტომ რომ სიმწრისგან მეღვიძება. თუმცა გაღვიძებას შვება ოდნავადაც არ მოაქვს: ვიღვიძებ უდედოდ, განსხვავება სიზმარსა და ცხადში მხოლოდ ისაა, რომ რეალობაში დედა 1 წლის წინ დაიღუპა.

როცა დედა ცოცხალი იყო, ყოველ დილით, სამსახურში მისვლამდე , გზიდან ვურეკავდი ხოლმე. ახლაც, მგზავრობისას, ავტომატურად მიმაქვს ხელი კონტაქტებიდან და მერე მახსენდება, რომ ბევრი თვის წინ თვალდახუჭულმა წავშალე ნომერი მობილურიდან.

მერე გზაში ვხედავ ბავშვებს, რომლებსაც დედები ასეირნებენ, სკოლებში, ბაღებში მიყავთ. ვხედავ უფრო მოზარდ ბავშვებს, რომლებსაც გონიათ, რომ იმდენად დიდები და ჭკვიანები არიან, დედა საერთოდ არ ჭირდებათ და ბოღმისგან ვმწარდები.

ვმწარდები იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება დედაჩემისგან გაქცევას მოვანდომე. დროს ვხარჯავდი იმაში, რომ რაც შეიძლება დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. ყველა ასე იქცევა და ეს ფაქტი არანაირად არ მადანაშაულებს, მაგრამ საშინელებაა, ამ ფაქტს ნანობდე მაშინ, როცა რამის გამოსწორების შანსი აღარ გაქვს და არც არასდროს გექნება.

იმაზეც კი ვმწარდები, როცა მეუბნებიან, რა ძლიერი ვიყავი და როგორ გადავიტანე ეს ყველაფერი. მგონი საერთოდ არ გადამიტანია  და მით უმეტეს, როცა სულ უფრო ცოტა დრო რჩება დედას დაღუპვის დღემდე, უფრო ვეღარ ვაკონტროლებ ემოციებს და არც ის ფაქტი მამშვიდებს, რომ ადრე თუ გვიან მეც მოვკვდები და საერთოდ, ყველანი დავიხოცებით.

არის კიდევ ერთი ფაქტი, რომელსაც ვერაფერს ვუხერხებ და ჯერჯერობით ვერ ვიპოვე პრობლემის გადაჭრის გზა: სახლი, სოფელში, რომელშიც მე და დედა ვცხოვრობდით და ბავშვობის უბედნიერესი წლები მაქვს გატარებული, ახლა მარტოა, მიტოვებული და როგორც მიტოვებულ სახლებს ემართებათ, ნელ ნელა ფუჭდება და ინგრევა. მე ვცხოვრობ თბილისში, მყავს შვილი, ქმარი, მაქვს სამსახურები, რომლებსაც ვერ მივატოვებ, მაქვს პასუხისმგებლობებლი, რომლებიც არ მაძლევს საშუალებას, წავიდე სოფელში და ამ სახლს მივხედო თუნდაც წელიწადში რამდენჯერმე. შვებულებისას სოფელში ჩასვლით არაფერი არ კეთდება. რა ვქნა, გავყიდო? არავითარ შემთხვევაში არ მინდა ამის გაკეთება.  არ მივხედო და წლების განმავლობაში განადგურდეს ყველაფერი? ეს ფაქტობრივად იგივეა, მეორედ ვკარგავდე დედაჩემს  და ვერაფერს ვაკეთებდე.

მოკლედ, ჩაკეტილი წრეა, საშინელი, საიდანაც, აგერ უკვე 1 წელი გახდება, თავი ვერ დავაღწიე და როგორც ჩანს ვერც დავაღწევ დიდი ხანი.

მტკიცე ნერვებს ვუსურვებ საკუთარ თავს.