გიტარა

ზოგადად იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, ყველაფერი რომ იოლად გამოსდით და თანდათან ასეთი ხშირი გამართლებები, წარმატებები ამა თუ იმ სფეროში , ძალიან მათავხედებს. თუმცა ყველას აქვს სუსტი მხარე, რაშიც არაფერი გამოსდით ხოლმე.

ჩემი ასეთი სუსტი წერტილი მუსიკაა. მთელი ცხოვრება მხოლოდ იმის წარმოდგენით შემოვიფარგლები, როგორ ვდგავარ სცენაზე და ვმღერი. ოცნების ჰარდკორ ვერსიაში კი არამარტო ვმღერი, არამედ ვუკრავ კიდეც🙂 მოკლედ, სასოწარკვეთილი მეოცნებე ვარ ამ განხრით და 24 წელი წუწუნის და ოცნების მეტი არაფერი გამიკეთებია, არც ერთხელ არ მიცდია ან სიმღერა, ან დაკვრა.

ეს პირველი გაკვეთილის დასაწყისში, ჯერ კიდევ მხნე და მონდომებული სახე მაქვს

2 წელია კოტე ჯიუტად მარწმუნებს, რომ თუ მოვინდომებ,  სამოყვარულო ლეველზე სიმღერაც გამომივა და დაკვრაც. ორი წელია ჯიუტად თავს ვიდებილებ, რომ არც ერთი გამომივა და არც მეორე.

დაა.. როგორც იქნა, მომბეზრდა საკუთარი უნიჭობის მტკიცება და გადავწყვიტე , საკუთარ თავს დავუმტკიცო, რომ თუ მოვინდომებ, იმასაც კი შევძლებ, რაც წლების განმავლობაში შეუსრულებელ მისიად მეჩვენებოდა.

მოკლედ, გიტარის დაკვრის სწავლა გადავწყვიტე და დღეს მეორე გაკვეთილი მქონდა (მასწავლებელი კოტეა).

პირველივე გაკვეთილიდან წავაწყდი შემდეგ სირთულეებს:

  • ნოტების სახელების გარდა არ ვიცი არაფერი, არანაირი ინსტრუმენტისთვის არ დამიკარებია ხელი და ყველაფერი მესმის ჩინურზე უარესად.
  • ახსნილი “მასალა” რომ გავიაზრო, მიწევს, ცხრაჯერ გავამეორებინო კოტეს, რასაც ასევე შეუჩვეველი ვარ და თავი საშინლად უნიჭო მგონია. ნერვები მწიწკნის და მინდა გიტარა ფანჯრიდან მოვისროლო, მაგრამ “მასწავლებელი” წინასწარ შევითანხმე რომ თუ დრამები დავდგი და ისტერიკები დავიმართე, არ დანებდეს და მომცეს დამშვიდების დრო🙂
  • ყველაზე დიდი ტრაგედია: ტირილი მინდა, ისე მტკივა თითები სიმებისგან. იმის იმედი მაქვს რომ რამდენიმე დღეში მივეჩვევი ან სიმებს, ან ტკივილს.

სამაგიეროდ ძალას მმატებს:

  • საკუთარი ამბიციურობა
  • ამდენი წლის ოცნების ასრულების შესაძლებლობა (პირველი სიმღერა, რასაც დავუკრავ turn the page იქნება და კოტეს მივუძღვნი )
  • კოტეს დაპირება, რომ თუ დაკვრას ვისწავლი, საკუთარ გიტარას მიყიდის
  • და ისევ კოტეს რწმენა, რომ დაკვრის სწავლა შემიძლია
  • იმის სიხარული, რომ რაღაც ახლის ცოდნას ვიძენ

ჯერჯერობით დიდაქტიკოსობას არ ვაპირებ, მაგრამ თუ რამდენიმე თვეში დაკვრას შევძლებ, ამ ბლოგზე აუცილებლად გაჩნდება follow your dreams ტიპის პოსტი.  ჰო, ნამდვილად მინდა რომ ასეთი პოსტი დაიწეროს, ასე რომ მისურვეთ წარმატებები.