დედობის 8 თვე

11231163_1627782764158446_1435687825918193125_oგუშინწინ ლუკა 8 თვის გახდა. 8 თვე თან ძალიან ბევრია, თან ძალიან ცოტაც.  როგორ იზრდება ბავშვი, რა ჭკვიანი და გენიოსია, ამის შესახებ პოსტის დაწერას, ცხადია არ ვაპირებ, უფრო მინდა იმ ტაბუდადებულ საკითხებს შევეხო, რომელიც ბავშვის დაბადებიდან ყველა ქალის ცხოვრებაში იჩენს თავს და არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი, შესაძლოა უფრო იოლად მიდის ყველაფერი, რადგან ლუკა არც ისე პრეტენზიული, არც ისე ჭირვეული და არც ისე ცუდად აღსაზრდელი ბავშვია.

როცა ლუკა დაიბადა, მეგონა პირადი სივრცე სრულიად დავკარგე. დავკარგე დრო საყვარელი ადამიანისთვის, საყვარელი ჰობებისთვის, მეგობრებისთვის.  და თუმცა სრულიად გააზრებული მქონდა, რომ ეს ყველაფერი ასეც მოხდებოდა ბავშვის დაბადების შემდეგ, მაინც ძალიან დამასევდიანა ფაქტმა.

ერთადერთი გამოსავალი ამ დროს ისაა, ადგე, პრობლემებს თავი არ აარიდო, თავი არ დაირწმუნო, რომ ბავშვი შენს ცხოვრებაში მთავარია, რომ შეგიძლია ბედნიერი მხოლოდ ბავშვთან გატარებული დროით იყო, რომ ყველაფერი რიგზეა, რომ ამოსუნთქვა არ გჭირდება, რომ არ გენატრება უსაქმურად წანწალი, რომ არ გენატრება ღამეების თენება (არა ბავშვით ხელში) რომ არ გინდა სავარძელში მშვიდად მოკალათებული, მეგობრებთან ერთად ჭორაობდე და ა.შ. ყველას გვაქვს მოკლედ ჩვენი საკუთარი ბედნიერებები, რომელთა დათმობაც გვიწევს , როცა ჩვენი კიდევ ერთი ბედნიერება ჩნდება.

როცა წლების წინ, დედებს ვუსმენდი, მათი სრული უმრავლესობა, კბილებამდე შეიარაღებული ნაირ ნაირი არგუმენტებით, ირწმუნებოდა, რომ ამად ღირს მთელი ცხოვრება, რომ ბავშვი უნდა გააჩინო და ამით იყო ბედნიერი. ძალიან ცოტა წუთებით ვიყავი ბედნიერი, სანამ ძიძა არ ავიყვანე, არ ამოვისუნთქე, საკუთარი ინტერესები არ გავიხსენე და მათ განხორციელებას არ შევუდექი.  კი, ზუსტად ასე იყო. ცალკე აღებულმა ფაქტმა, რომ ჩემი საყვარელი ადამიანისგან ბავშვი გამიჩნდა, რომელიც ძალიან მინდოდა, არც ისე დიდი სიხარული მომიტანა.

სიამოვნებით გავედი სამსახურში, რადგან ამ ნაბიჯმა კიდევ ერთი საკუთარი სივრცე დამიბრუნა. სიამოვნებით ვთხოვდი ძიძას დარჩენილიყო საღამოობით, როცა სადმე წასვლა მინდოდა. სიამოვნებით ვიწყებდი ჩემი საყვარელი საქმეების კეთებას, როცა ბავშვი იძინებდა .  და ამ ეგოცენტრიკობის ნიადაგზე , როგორღაც მოვახერხე ისე, რომ მე დღემდე მე ვარ. გოგო, რომელიც მიყვარდა, გოგო რომელიც საკუთარ თავზე ზრუნავდა. გოგო, რომელიც ძველ კილოგრამებს დაუბრუნდა. გოგო, რომელმაც ყოველთვის იცოდა რა უნდოდა.

ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ, ალბათ ბევრი დედა იფიქრებს, რომ საკუთარი შვილი არ მიყვარს. კი, ძალიან მიყვარს, ვგიჟდები ისე. თუმცა საკუთარი თავი უკვე თითქმის 25 წელია, არანაკლებ მიყვარს და როცა ლუკა დიდი ბიჭი იქნება, თავის გოგო ეყოლება, რომელთანაც დედაზე მეტ დროს გაატარებს, საკუთარი ცხოვრება ექნება, იმას არ ვინანებ, რომ შვილის ცხოვრებით ვიცხოვრე და 40 ან 50  წლის ასაკში აღარაფერი დამრჩა საკუთარი.