სხეული რომელშიც ვცხოვრობ

სხეული რომელშიც ვცხოვრობ – დღემდე ძალიან მსუქანია. ახლა 73.5 კილო ვარ, მაგრამ მოდი დავიწყებ თავიდან.

ზოგადად, ჩემი შიშები, მოლოდინები თუ სიხარულები, ხან სამწუხაროდ, ხან საბედნიეროდ ყოველთვის მართლდება. ეჭვიც არასდროს შემპარვია იმაში, რომ ორსულობისას საშინლად გავსუქდებოდი და ასეც მოხდა. ზედმიწევნით დამემართა ის, რისიც სიკვდილივით მეშინოდა. თანაც, წარმოიდგინეთ, ნებისყოფა არ გყოფნის რამის შესაცვლელად, ორსულად ხარ, ძალიან გშია და ყველა ხაჭაპური, გემრიელი, ცხელი , შენკენ მოფრინავს და თავს ვერ არიდებ. მოკლედ, კატასტროფა, ჩვეულებრივი. ჰოდა, ორსულობამდე, ზამთარში მომატებულ რამდენიმე მძიმე კილოგრამს კიდევ ბევრი მივუმატე და 92 კილო ვიყავი, სამშობიაროში რომ შევაბიჯე.

მშობიარობის შემდეგ დავიკელი ზუსტად იმდენი, რამდენსაც ბავშვი იწონიდა. და უარესი, ძალა, რომელიც დიეტაზე მიმითითებდა, არსად ჩანდა. ასე გავიდა 4 თვე, სამსახურშიც გავედი და ცხოვრება კიდევ აუტანელი გახდა: სახლში ჯდომისას ყველა გამხნევებს, არაფერს იმჩნევს და იმედს გაძლევენ რომ ორსულობის პირველი თვეები გაივლის და გახდები. სამწუხაროდ იმ ბედნიერთა რიცხვში არ აღმოვჩნდი, რომლებიც მაქსიმუმ 5 კილოს დაკლებაზე წუწუნებენ ხოლმე და სამსახურში წასვლის ყოველი დღე ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. რამდენიმე თანამშრომელმა ძლივს მიცნო, უი როგორ შეცვლილხარ (უი როგორ გასიებულხარ – ასე ჩამესმოდა ყურებში და მართლებიც იყვნენ.  ქუჩაში გავლა არც მინდოდა, პრინციპში ვერც დავდიოდი ბევრს, ფილარმონიიდან რუსთაველის მეტრომდე ჩასვლისას ქოშინით ვკვდებოდი და რაც მთავარია, საკუთარ უნებისყოფო თავზე ყოველ წუთს გული მერეოდა. მაშინ, როცა რომელიმე ვიტრინაში ფაშფაშა დედაკაცს მოვკრავდი თვალს, ოდესღაც გამხდარი გოგოს ნაცვლად, როცა სიგარეტის მოწევისას მინის კარში საკუთარ ანარეკლს ვხედავდი, როცა სარკეებიან ლიფტში შევდიოდი და როცა სარკეში ვუყურებდი საკუთარ სხეულს, სახლის დატოვებისას.

ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ტომარაში ვიჯექი, რომელიც ქონით გამოეტენათ და თავი მაგრად მოეკრათ. ამ სიკეთეებთან ერთად, იმდენს ვჭამდი, ბუნებრივად დაკლების შანსიც არ მქონდა. კუჭი ნელ ნელა მიეჩვია უზომოდ ჭამას და ბოლოს, როცა 1 უზარმაზარი ქვაბი მაკარონი გადავსანსლე და კიდევ მშიოდა, ზიზღის ფიალა, საკუთარი თავის მიმართ ამევსო. დავათვალიერე ძველი ფოტოები, სადაც ძალიან გამხდარი,მოხდენილი და მიმზიდველი ვარ. კიდევ უფრო გავცოფდი. გავიხსენე ის დრო, როცა მაღაზიაში შარვალს ისე ვიღებდი, რომ ზომას არ ვუყურებდი და შევადარე ახლანდელ მდგომარეობას, როცა ახალი ტანსაცმლისკენ გახედვა აღარ მინდოდა.

და ზომები მივიღე.  დიეტა დავიწყე.

11059640_1581504395452950_4455657210269925239_n

დაბლა ფოტოებზე – 86 კგ, მაღლა: -9 კგ, დიეტიდან 1 თვეში

 

გამიჭირდა მხოლოდ 1 კვირა. კუჭს ცხადია არ ყოფნიდა ის მცირე ულუფები, რასაც დღეში 4-ჯერ ვჭამდი, მაგრამ შედეგს ვგრძნობდი დღითიდღე. მოკლედ პირველ თვეს 9 კილო დავიკელი, რამაც ძალიან დიდი სტიმული მომცა. დღეს მეორე თვე მიიწურა. თითქმის 13 კილო დავიკელი ჯამში და და გამოვიყურები ასე:

დასაკლები დამრჩა ზუსტად 13 კილო, რომელსაც სრულიად უშფოთველად და უმტკივნეულოდ დავიკლებ, იმიტომ რომ უკვე ძალიან ბედნიერი ვარ მიღწეული შედეგით, ვამაყობ და მაბედნიერებს , როცა სარკეში მსუქანი გოგოს ნაცვლად ნაკლებად მსუქან გოგოს ვუყურებ.

11822311_1610414135895309_1511050973386755171_n

69 კგ ფოტოზე

ახლა, ჩემს დიეტას რაც შეეხება:

ვიკვებები რეგულარულად ერთსა და იმავე დროს, სრულიად ყველაფრით. ვჭამ ტკბილეულს, ცომეულს, ხორცს, ბურღულს , ძეხვს, ხილს, ბოსტნეულს, რძის პროდუქტს.  ერთადერთი, რაც მკაცრად ამოვიღე რაციონიდან, სასმელია,რაზეც უარის თქმა საბედნიეროდ არ გამჭირვებია, თუმცა , ძალიანაც რომ მყვარებოდა დალევა , მაინც უკვალოდ გავაქრობდი ჩემი ცხოვრებიდან. ვაკონტროლებ კალორიებს და ასე მშვენივრად მიბრძანდება ზედმეტი კილოები ჩემი სხეულიდან. შეიძლება ითქვას,  ქონით სავსე ტომრიდან თავი გამომიჩნდა 🙂

გარდა სხეულისა, ხასიათზეც აისახა ცვლილებები: ქუჩაში გამხდარი გოგოების დანახვისას სასოწარკვეთა აღარ მიპყრობს და ტანსაცმლის მაღაზიების გადაწვა აღარ მინდა.

შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს, ნუთუ ასე განიცდიდა წონას, როცა ამდენი ადამიანია ჭარბწონიანი , მერე რა მოხდა და ა.შ.  კი განვიცდიდი, იმიტომ, რომ ასეთი არასდროს ვყოფილვარ, ყოველთვის მომწონდა საკუთარი თავი და სხვებსაც მოვწონდი. განვიცდიდი იმიტომ, რომ მე მე აღარ ვიყავი და დიდი შანსი იყო იმის, ხელი ჩამექნია 26 კილოს წინაშე და ცხოვრება გამეგრძელებინა სასოწარკვეთილს, იმის იმედით, რომ დიდი ამბავი, ქმარი მყავს, შვილი მყავს და ბედნიერი ოჯახი მაქვს.

ნურას უკაცრავად. ჩემთვის არ არსებობს ბედნიერება საკუთარი თავის სიყვარულის გარეშე და ალბათ ზუსტად ეს დამეხმარა ძალების მოკრებაში.

დავუბრუნდები ისევ დიეტის მიმდინარეობას: ორი კვირის მერე კუჭი შეეჩვია ადამიანურ პორციებს და სრულიად გამიქრა ჭამიდან ჭამამდე შიმშილის გრძნობა და მთელი მსოფლიოს გადაჭმის სურვილი. მას შემდეგ, დღემდე, შიმშილი, მადა , ნებისყოფის დაკარგვა, სასოწარკვეთა და ა.შ აღარ მიგრძვნია.  შედარებისთვის, 100 გრამი ბურღულეული და 1 შემწვარი კვერცხი იწვევს იმ შეგრძნებას, რაც 1 ქვაბ მაკარონს უნდა გამოეწვია ჩემში, მაგრამ არ იწვევდა.

მოკლედ, აქ დავასრულებ. არ ვიცი გაგრძელება იქნება თუ არა, ამის დაწერას შემოდგომაზე ვაპირებდი, საბოლოო კილოგრამების მოშორების შემდეგ , მაგრამ ვეღარ მოვითმინე. სათქმელიც აღარაფერი მაქვს, არც ვინმეს დამოძღვრას ვაპირებ, რომ ძალები მოიკრიბონ, თუ ზედმეტი წონა აწუხებთ, უბრალოდ ყველაფერი არჩევანის საკითხია. მე საბედნიეროდ უქმად ჯდომას და წუწუნს გახდომა ვარჩიე, რომელიც სულაც არ არის ძნელი. და რომელმაც ძალიან დიდი ბედნიერება მომიტანა.

update: 21 სექტემბრის მონაცემებით ვარ 64.8 კგ. ჯამში 21 კილოზე მეტი მაქვს დაკლებული თითქმის 5 თვის განმავლობაში ^_^

3 thoughts on “სხეული რომელშიც ვცხოვრობ

  1. ვეკო ჩხეიძე ამბობს:

    ანა, ასე მგონია, ჩემზე წერდი 🙂 ზუსტად შენი წონა ვარ და ზუსტად შენდენი მჭირდება რომ ძველებური “ჩემი თავი” დავიბრუნო.
    თუმცა, მე შენგან განსხვავებით, უკვე სრულიად გადავიწურე იმედი, რომ ოდესმე ცხოვრებაში 13 კილოს დავიკლებ, რას ვიზავ, ალბათ ასე იცის 2მა შვილმა და გადაღლამ.
    10 წელში შესაძლებელია ეს 13 კილო მივახრჩო, მაგრამ ამასობაში კიდევ მინდა ერთი-ორი შვილი 😀 😀 😀

    მოკლედ, მეც მადიეტე, თორე თავს მოვიკლავ 😀

    • anna ამბობს:

      ადრე მახსოვს შენი პოსტი, რომ კალორიების დიეტით დაიკელი მშვენივრად 😦

  2. კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

    ყოჩაღ!!! მართლაც არჩევანის საკითხია ეს ყველაფერი, ან გინდა ან არა, ან მოინდომებ ან არა ❤ მიხარია ყველა იმ ადამიანის გამო ვინც საკუთარ თავს აჯობა ან აწი აჯობებს!

დისკუსია დახურულია.