etc

ძველ პოსტებს რომ ვკითხულობ, ცოტა გული მტკივა, რა კარგი იყო რომ ვწერდი და თან რამდენს! ახლა რომ შემოვედი ბლოგზე, 2014 წლის დეკემბერშია ბოლო პოსტი დაწერილი. დეკემბრამდე და დეკემბრის მერეც მოხდა რაღაცები, კარგიც და ცუდიც, რაზეც ალბათ 5 -5 პოსტს დავწერდი ალბათ, რამდენიმე წლის წინ.

ცუდიდან დავიწყებ და მალე მოვრჩები.

2014 წელს, ნოემბერში დედა დაიღუპა. ამ დროს ჯერ კიდევ ორსულად ვიყავი და ნერვიულობის ნიადაგზე ნაადრევი მშობიარობის დიაგნოზით კლინიკაში ამოვყავი თავი. ნაადრევად არ მიმშობიარია, სხვა მხრივ კი ეს პერიოდი საშინელება იყო. გარდა მომხდარისა, კატასტროფა იყო ის, რომ ექიმმა ამიკრძალა დაკრძალვაზე წასვლა, შორი მანძილის გამო, პლიუს ნერვიულობის თავიდან ასაცილებლად. დღემდე თან ვნანობ, თან ვფიქრობ, რომ კარგად მოვიქეცი რომ დავრჩი და გული კიდევ უფრო არ გავიხეთქე. მხოლოდ აღდგომას ჩავედი სოფელში და ა.შ და ა.შ, აღარ გავაგრძელებ.

გადავალ კარგზე:

2015 წლის 6 იანვარს გაჩნდა ჩემი შვილი, პატარა ღილი და სხვა ათასი სახელით შემკული არსება. ყველაზე ძალიან იმაზე ვნერვიულობდი, როგორ შევეგუებოდი ახალ წევრს ოჯახში, უძილო ღამეებს და სხვა ყველაფერს, რაც ბავშვის დაბადებას მოსდევს ხოლმე თან. პირველი 1 თვე გამიჭირდა ძალიან. დაღლილს და გათიშულს ძლივს მეღვიძებოდა ღამით, რომ ლუკას ეჭამა. კოტეს დედას მიუძღვის დიდი წვლილი, რომ დღეს არც ისე რთულად მახსენდება პირველი თვე. პრინციპში, ძილის რეჟიმის არევა იყო ძირითადი პრობლემა და კიდევ ის, რომ ძალიან ვნერვიულობდი ყველაფერზე. მახსოვს, პირველად რომ გული აერია, ვიღნავლე. მერე ყურების ტკივილი, მერე მკერდზე ჯირკვლის შესივება და იაშვილში სამი დღით გდება . ეს ყველაფერი პირველ 4 კვირაში ჩარჩა.

1 თვის რომ გახდა ლუკა, მარინა წავიდა, ლუკასაც ძილი დაურეგულირდა და ღამის ძილი გაზარდა. განსაკუთრებით ოქრო მას მერე გახდა, რაც ხელოვნურზე გადავიყვანე. ამჟამად, სამი თვისას სძინავს საღამოს 8 საათიდან დილის 7 საათამდე. ღამით ორჯერ ჭამს და ითიშება. გამოძინების პრობლემა ფაქტიურად დღის წესრიგში არ დგას.

აქვე, კოტეს ოქროობაზეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას. ზოგადად კოტეს საფორთს რომ ვგრძნობდი ყოველთვის, დიდებული იყო, მაგრამ ბავშვი საკმაოდ რთული თემაა და ლუკას დაბადების მერე ათმაგად დავაფასე კოტე. მაგალითისთვის ისიც მყოფნის, რომ ღამე აჭმევს ბავშვს, დანარჩენ ამბებს აღარ ჩავუღრმავდები.  თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლუკას იდეალური მამა ყავს, რომლითაც ალბათ ყოველთვის იამაყებს და ბედნიერი იქნება.

რაც შეეხება ლუკას ხასიათს, გარდა იმისა, რომ მიყვარს, როგორც დედას, პატივს ვცემ ასეთი სიმშვიდის, ღუნღულა ხასიათის გამო. როცა 7 საათი საცობში გავატარეთ , აღდგომის შემდეგ რომ თბილისში ვბრუნდებოდით, მაშინ მივხვდი, რა მაგარია, ბავშვი რომ გზაში არც ცუდად ხდება მგზავრობის ფონზე, არც ჭაჭყანებს და ნერვებს გიშლის. 7 საათის განმავლობაში გამოიძინა, ჭამა, ეღვიძა, ითამაშა. ჩამოვედით და მშვიდად დაიძინა მთელი ღამით.  ეს მაგალითი დასტურად იმისად, რომ არ ვარ სუბიექტური, როგორც დედა🙂

და ბოლოს, კიდევ ერთი კარგი ამბავი: მართვის მოწმობა ავიღე და ამით მორჩა რამდენიმე წლის თავმოუბმელობა, ამის გამო თვითგვემები და ამბები. პირველად თეორიაშიც ჩავიჭერი და პრაქტიკაშიც, მაგრამ ქვეყანა არ დაქცეულა, რაც მთავარია ავიღე.

“პრავის” აღების შემდეგ ჩემი 2015 წლის to do-ს დაგეგმვაც უკვე შემიძლია, სადაც პირველ რიგში გახდომა დგას და ვიმედოვნებ, რამდენიმე თვის შემდეგ დაწერილი პოსტი before after ფოტოები იქნება იმის აღსანიშნავად, თუ როგორ გავხდი😀

One thought on “etc

Comments are closed.