post title

ფილმებში, მულტფილმებში რომ ჯადოსნური სცენებია, აი ვიღაც ყოვლისშემძლე მომაკვდავს, დაჭრილს ხელს შეახებს და ისინიც ჯანმრთელდებიან, ჭრილობები უხორცდებათ და ყველაფერი კარგადაა..  რატომ არ არსებობენ სინამდვილეში ასეთი ჯადოსნები, ამაზე ვფიქრობ ყოველ დღე, თითქმის ერთი წელია და არაფერი არ გამოდის, პირიქით, უფრო და უფრო ფუჭდება.

მძულს პათეტიკური ტექსტებით წერა,  უფრო მეტად ის მძულს, როცა ვინმე თანამიგრძნობს, მაგრამ ამაზე უნდა დავწერო.

შარშან , დაახლოებით ამ დროს დედა ჩამოვიდა თბილისში, ცოტა შეშფოთებული, ტექსტებით, საჩხერეში რაღაც ვერ გაერკვივნენ ჩემს ანალიზებში და აქ მინდა გადავამოწმოო. ავღელდი, მაგრამ ჩვეულებრივად, აი წნევა რომ ქონდა დაბალი და მსუბუქად ვწუხდი ამ ფაქტზე, ისე… რამდენიმე დღე დარჩა და როგორც იცოდა, არც სახლის გადალაგებას შეუდგა, არც საჭმელი გამიკეთა, სამსახურზეც წუწუნებდა, გადავიღალეო. მერე მარტო წავიდა ანალიზებზე და რაღაც უცნაური დიაგნოზები მოიტანა. შეშინებული სახე ჰქონდა და რომ აღარ მოვეშვი, ძალიან ცუდი ანალიზები მაქვსო. მიელოდისპლაზიურ სინდრომად იყო ეს ცუდი ანალიზები მონათლული.

ამ დროს უკვე მივხვდი, რომ ეს არც წნევის უბრალოდ აწევა იყო, არც დაწევა , არც სურდო, არც თავის ტკივილი და არც რამე ისეთი, ნებისმიერ დროს რომ ყუჩდება ერთი ორი პატარა აბით. მერე ერთად დავდიოდით ჰემატოლოგებთან, უფრო და უფრო სერიოზულ ანალიზებს იღებდა, ქიმიის კურსი დაენიშნა და ბოლოს მიელოდისპლაზიური სინდრომი რამდენიმე თვეში მწვავე ლეიკემიად გადაიქცა.

არც ვიცი მინდა მახსოვდეს თუ არა, როგორ ვიჯექი დედას პალატაში 23 თებერვალს , ჩემს დაბადების დღეზე და როგორ ტიროდა დედა იმაზე, სად მიწევდა ყოფნა დაბადების დღეზე.
მერე იყო იდიოტური დაიმედებები, “ეს ანალიზი წინა ანალიზზე უკეთესია, ცუდი უჯრედები თითქმის გაქრა” და ათასი ბლა ბლა ექიმებისგან.

დედა უკვე რეგულარულ ქიმიის კურსებს იკეთებდა რომ დავფეხმძიმდი. საავადმყოფოში იყო, რომ ვუთხარი ორსულად ვართქო. საერთოდ არ გახარებია ეს ამბავი, რამაც ძალიან გამაბრაზა და დიდი ხანი დამჭრდა მისახვედრად, რატომ არ გაეხარდა.

თავიდან ერთად, მერე მარტო დავდიოდი საყოველთაო დაზღვევის ოფისში, ფორმა 100-ით, ვაკეთებდი დედას ყოველი კურსის საბუთებს.

ერთ-ერთი კურსიდან რომ დაბრუნდა სახლში, ძალიან დასუსტებული,  მაშინვე წავედი კლინიკაში რომ ახალი ფორმა 100 ამეღო ექიმისგან. ლაბორატორიაში შემიყვანა და სრულიად გულგრილად გამომიცხადა, რომ იქ ფორმა 100-ისთვის არ მივუყვანივარ, მეტიც, აზრი არ ქონდა შემდეგ კურსს და რომ დედა უკვე ძალიან ძალიან ცუდად იყო. ამ დღემდეც ძალიან ხშირად ვტიროდი, ვნერვიულობდი, ვდარდობდი, მაგრამ ძალიან მაღალი ლეველი აღმოჩნდა, რომლისთვისაც საერთოდ არ ვიყავი მზად. ორი საათი ვიჯექი ლაბორატორიაში ჩაკეტილი და ვფიქრობდი, რა მოხდებოდა, იმის ნება მაინც რომ მქონოდა, მშვიდად გადავმხტარიყავი მესამე სართულიდან. მერე ორი საათი ლისის ტბაზე ვისხედით მე და კოტე და იქ ვიწყნარებდი ნერვებს, ვთხზავდი ტყუილებს, რომ ექიმი არ იყო, ფორმა 100 არ ამიღია და მერე მივალ ბლა ბლა. საღამოს სახლში, დედას ოთახში ზურგით შევედი, ძლივს ამოვღერღე ორიოდე ტყუილი და შემდეგი ორი საათი აივანზე ვტიროდი, დედაჩემი კი ყოველ მომდევნო საათში უფრო ცუდად ხდებოდა, მაღალი სიცხით იწვა და რეკავდა მკურნალ ექიმთან, რომელიც უმეტესად არ იღებდა, როცა იღებდა, პასუხობდა რომ სიცხის დამწევი “რამე” მიეღო.

ჰოდა,  ვეღარ მოვითმინე, ან რა აზრი ქონდა რამის დამალვას, ყველაფერი მოვუყევი რაც ექიმმა მითხრა, ექიმი გამოვლანძღე, არაკომპეტენტურობაში დავადანაშაულე და წავიყვანე სხვა კლინიკაში.

იქ თავიდან აუღეს ანალიზები დააწვინეს ახალი კურსისთვის. ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდა. ყოველდღე მიმქონდა დედასთვის სხვადასხვა წამლები: ფილტვების ანთებისთვის ცალკე, სიცხის დამწევი ცალკე, დამამშვიდებლები ცალკე, საძილე საშუალებები ცალკე. ძალიან გახდა დედაჩემი, თმა შეიჭრა. საჭმელს აღარ ჭამდა. რაც არ უნდა მიმეტანა, მაინც მე მიწევდა მისი ჭამა, ან გადაყრა.

1 თვე გაუგრძელდა ეს კურსი და ამ დროის განმავლობაშიც მეორდებოდა ის საშინელი: “ახალი ანალიზი წინაზე უკეთესია”. საშინელი იმიტომ, რომ უკვე აღარ მჯეროდა ამ უკეთესობის, რადგან ფიზიკურად ყველაფერი უარესობისკენ იყო. ბოლო ანალიზი ძააალიან კარგი იყო, ლამის მეც დავიჯერე რომ ე.წ “რემისია” შედგა, ანუ ლეიკემია მკურნალობას დაექვემდებარა. და მაინც ყველაფერი ბოლოს შემდეგმა , საკონტროლო ანალიზმა გადაწყვიტა, რომელმაც უცებ საშინელი შედეგები აჩვენა, ექიმმა კი განაცხადა, საოცრება იქნებოდა, თუ დედა სახლამდე ცოცხალი მიაღწევდა. ასეთი დიაგნოზით გამოწერეს დედა კურსის შემდეგ და როცა ეტლით მივიყვანეთ მანქანამდე, სანამ დერეფანს გავატარებდი, მილიონჯერ ვინატრე, მოვმკვდარიყავი, თუ ამით რამე გამოსწორდებოდა, მაგრამ არც მოვკვდი, არც არაფერი გამოსწორდა.

ამის მერე დედამ უარი განაცხადა მკურნალობაზე, შემდეგ კურსს ვეღარ გადავიტანო, დასვენება უნდოდა 24 საათიანი გადასხმებისგან. არ შევწინააღმდეგებივარ, მეტიც, სოფელში წავიყვანეთ რომ დეიდას ემეთვალყურა მისთვის. როგორც კი მოვახერხე ჩავაკითხე სოფელში. იმაზე უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე ბოლოს ვნახე და გამიხარდა, ვიფიქრე რომ დაისვენებდა და შემდეგი კურსისთვის მოემზადებოდა. მერე მეორედ რამდენიმე დღით ჩავედი მარიამობისთვის. 4 დღე გავატარეთ ერთად. ვხედავდი, როგორ უჭირდა საჭმელად მაგიდასთან ჯდომა, ამიტომაც ერთად ვჭამდით დივანზე წამოწოლილები, წყლის მოტანას რომ დააპირებდა თავისთვის, გამწარებული მივრბოდი მოსატანად, მეც მწყურია და ბარემ მოვიტან-მეთქი. სოფელში ყოფნისას ბებიას დას სარაფანი შევუკერე. ცოტა ხანი დამსვი მანქანასთან, კერვა მომენატრაო და სიხარულით გაკერა ერთი გვერდი. მერე წავართვი, საკმაოდ რთულად ტრიალებდა მანქანის “პედალი” და მეც დავიღალე. ამასობაში გავიდა ჩემი დასვენების დღეებიც, წამოვედი თბილისში.

ერთ დღეს, რომ დავურეკე, მითხრა, ეზოში ვარ, ფოთლები და ტოტები მოვაგროვე და დავწვიო. ძალიან გამეხარდა, მაგრამ იმ დღეს გაცივდა, ფილტვების ანთებაში გადაუვიდა და საავადმყოფოში დააწვინეს. რომ გამოწერეს და ჩავედი, ძალიანიყო შეცვლილი. უარესად გამხდარი და მისუსტებული, მაგრამ მაინც ჯიუტად იჯდა სასადილო მაგიდასთან , სანამ ვვახშმობდით. მეორე დღეს წამოვედი.

ბოლოს გუშინწინ ჩავედი. ისევ საავადმყოფოში იყო, სანამ ჩავიდოდი, დროზე ადრე გამოაწერინა თავი რომ სახლში დამხვედროდა. უკვე საწოლში ჭამს, ტანზე კი ადგილი არ აქვს, რომ ვენა უპოვნონ და გადასხმა გაუკეთონ. და სულ იმაზე მელაპარაკება, რომ მე ბავშვს ველოდები და ძლიერი უნდა ვიყო, ამ დროს კი ისეთ შიშს ვხედავ მის თვალებში, რა ვქნა, აღარ ვიცი.

ბავშვს დეკემბრის ბოლოს ველოდები და ისეთი გრძნობა მაქვს, ცდილობს იქამდე იცოცხლოს, სანამ გავაჩენ, რომ არ ვინერვიულო და არაფერი დამემართოს.

მეკიდევ ერთი სული მაქვს გავაჩინო, დავდგე და მანამდე ვიღრიალო, სანამ მუცელი არ მეტკინება. ამ უფლების მოპოვებამდე ორი თვე დამრჩა, მანამდე ნერვიულობა ჩემთვის არ შეიძლება.