baby-shower-decor-pregnant-women-cartoon

about me – after 4 month

ყველაზე მეტად about me ტიპის პოსტები მიყვარს, რომლებიც წელიწადში ორჯერ თუ დაიწერება, მოვლენების შესაჯამებლად. 

ჰოდა, ახლა გადავწყვიტე, რომ სწორედ ასეთი დროა. ბოლო პოსტი 12 მაისს დავწერე, მას მერე კი ბევრი დრო გავიდა, მთელი 4 თვე და მგონი მოსაყოლი მაქვს. 

წინა პოსტი ორსულობაზე იყო, ამ პოსტსაც ამავე თემით გავაგრძელებ. 

 

ორსულობის პირველი სამი თვე:

რატომღაც ორსულებმა მაქსიმუმ, ტოქსიკოზით ვიტანჯებიო, განაცხადონ. არავინ არ ლაპარაკობს ემოციებზე, რაც ორსულობას თან გახლავს და ერთადერთი დამაბალანსებელი ამ ცუდი ემოციების ისაა, რომ რამდენიმე თვეში უსაყვარლესი შვილი გეყოლება. 

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ფიზიკურად ცუდად ვიყავი და მსუბუქი, მაგრამ მაინც ტოქსიკოზი მქონდა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა არც ისე სახარბიელო მქონდა. დამეწყო შიში, რომ ძალიან გავსუქდებოდი, მით უმეტეს, ზამთარში მომატებული 10 კილოს დაგდება ვერ მოვასწარი და გული მისკდებოდა. საბედნიეროდ, აგერ უკვე 20 კვირის თავზე, შარვალი, რომელიც ორსულობამდე მეცვა, უფრო კარგად მეტევა, ვიდრე მანამდე. იდეაში გასუქების შიში ყველაზე მეტად მთრგუნავდა შიშებს შორის. 

კიდევ, აი აუხსნელი შიშები და დეპრესიები, რომელიც საიდან მოდის, არ ვიცი. აი მიდიხარ ქუჩაში და გგონია, რომ სამყარო შავია და არაფერი გიხარია, ყველაზე უბედური ხარ და ყველაზე უშნო. არაფერი გიხარია, გართობაც კი არ გინდა. ამ დროს სულ ვფიქრობდი, რომ მალე გაივლიდა ეს ყველაფერი და საიდანღაც მოთრეული აზრები წავიდოდნენ.   

სამაგიეროდ, უცნაური საკვების ჭამის სურვილი არ მქონია , არც ჯერ-ჯერობით მაქვს, რაც დღემდე მაწუხებს, ძილიანობაა და პლიუს 2 საათი მძინავს დღეში , ვიდრე მანამდე მეძინა. 

გარშემომყოფთა ზრუნვა, ფეხი ფეხზე არ გადაიდო, ბავშვი ვერ სუნთქავს, ასე ნუ ჯდები, მუცელი ტონუსშია, სარეცხი არ გაფინო, მუცელი დაგეჭიმება, თეფში არ გადმოიღო, ბლა ბლა, საერთოდ დამთრგუნველია და თავი ავადმყოფი გგონია. 

მივხვდი, რომ ამ ყველაფერს რომ ყურადღება მიაქციო, ისე დაისტრესები, რომ ძალიან ბევრი თვე აგონიიდან გამოსვლას მოუნდები, ამიტომ მალევე დავიკიდე, მით უმეტეს მესამე თვის ბოლოს ენერგიაც მომემატა და გადავწყვიტე ცხოვრება ჩვეულებრივად გამეგრძელებინა, ან ჩვეულებრივზე კარგად. 

სამი თვის შემდეგ

  • დავიწყე ორი ახალი სამსახური, ძველთან შეთავსებით
  • დავიწყე ინგლისურზე სიარული
  • როგორც იქნა, გადმოვათრიე ჩემი საკერავი მანქანა და კერვა მოვსინჯე
  • და სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა!

ამ წლის თასქებიდან მხოლოდ მართვის მოწმობის აღება დამრჩა, რომელიც შემოდგომაზე აუცილებლად უნდა შესრულდეს!

რაც მთავარია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, არასდროს, არასდროს არ უნდა დავნებდე, მოვდუნდე, გადავიდო ფეხი ფეხზე და დაველოდო, რა მოხდება. თუ რამის შეცვლა მინდა, ყოველთვის უნდა ავდგე და შევცვალო. 

მოკლედ, 4 თვის და რამდენიმე კვირის თავზე:

  • ველოდები ბიჭს, რომელიც თავიდან გოგო გვეგონა
  • ბევრს ვმუშაობ,  ბევრს ვმეცადინეობ და ძალიან მეჩქარება ბავშვის დაბადება