ორი გვერდი 30 000 ევრომდე

ამ ბოლო დროს უფრო და უფრო იშვიათად ვინტერესდები კონკურსებით, მაგრამ ხანდახან ჩემი ცდუნებაც შესაძლებელია: ცოტა ხნის წინ   Quarry Life Award Georgia -ს კონკურსმა მიიქცია ყურადღება, რომელიც ძირითადად სტუდენტებზეა გათვლილი, თუმცა   მკვლევარებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვისაც არის განკუთვნილი.  მამოტივირებელი ძალა საკმაოდ შთამბეჭდავია:  1500, 3000, 5000 ან 30 000 ევროს მოგების შანსი საკმაოდ დიდია, რადგან პროექტი მხოლოდ ორგვერდიანი უნდა იყოს, თემები კი საკმაოდ მრავალფეროვანია და საინტერესო: ეს კონკურსი  ჰაიდელბერგცემენტის  დახმარებით ტარდება და 2014 წლის 1 მარტამდე ყველას შეუძლია დაინტერესდეს ამ თემებით:

  • აღმოაჩინე ბიომრავალფეროვნება საბადოებზე
    მიზანი: შერჩეული საბადოს ბიომრავალფეროვნების შესახებ ცოდნის დონის გაზრდა.
  • ბიომრავალფეროვნება და რეაბილიტაცია
    მიზანი: ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერის აღდგენისას  (ბუნების დაცვა, სატყეო სექტორი, სოფლის მეურნეობა, რეკრეაცია, საცხოვრებელი ადგილები …).
  • ბიომრავალფეროვნება და განათლება
    მიზანი: სოციალური ღონისძიებებისთვის კონცეფციის შემუშავება, რომელიც ორიენტირებული იქნება წიაღისეულის მოპოვებასა და ბიომრავალფეროვნებაზე (ღონისძიებები, ტურისტული ბილიკები, თანამშრომლობა სკოლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტებთან).
  • წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ბიომრავალფეროვნების მართვა
    მიზანი: კარიერის ბიომრავალფეროვნების ოპტიმიზცია წიაღისეულის მოპოვების პერიოდში.

The Quarry Life Award–ის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადის ავტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • დასაშვებია ინდივიდუალური ან ჯგუფური მონაწილეობა (ჯგუფმა უნდა დაასახელოს ერთი ძირითადი საკონტაქტო პირი).
  • დასაშვებია ერთი პირის მხოლოდ ერთხელ მონაწილეობა როგორც ინდივიდუალური ისე ჯგუფური განაცხადის ფარგლებში.
  • პროექტის წინადადება უნდა იყოს განხორციელებადი 2014 წლის მარტიდან სექტემბრამდე დროის მონაკვეთში.
  • შემოთავაზებული პროექტი განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს 2014 წლის 1 მარტამდე და უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის სახელმძღვანელოს და პირობებს.
  • საბოლოო პროექტის ანგარიში უნდა იქნეს წარდგენილი 2014 წლის 30 სექტემბრამდე წინამდებარე სახელმძღვანელოსა და კონკურსის პირობებთან შესაბამისობაში.
  • თუ ინდივიდი ან ჯგუფი უკვე მუშაობს კონკურსის დაწყებამდე მიმდინარე ან დაგეგმილი ბიომრავალფეროვნების პროექტზე, ასეთი პირი არ შეიძლება იღებდეს კონკურსში მონაწილეობას. თუმცა, თუ ასეთი პროექტი ავითარებს ახალ ბიომრავალფეროვნების ასპექტს 2014  წელს, ამგვარი ასპექტის კონკურსში შემოთავაზება დასაშვებია.
  • ჰაიდელბერგცემენტის დასაქმებულებს  ეკრძალებათ კონკურსში მონაწილეობის მიღება, თუმცა, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება დასაქმებულთა ოჯახის წევრებზე.

რეგისტრაცია ხდება ამ ბმულიდან და საკმაოდ მარტივია, საფოსტო ინდექსად შეგიძლიათ მიუთითოთ 0105 🙂 ასევე აუცილებლად გაეცანით რეგისტრაციის ველების დაბლა არსებულ წესებს და თამამად დარეგისტრირდით !

ინფორმაციის წყაროები, სადაც შეგიძლიათ დაწვრილებით გაეცნოთ ყველაფერს, არის:

  • ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/quarrylifeawardgeorgia
  •  დაწვრილებითი წესები საიტზე: http://www.quarrylifeaward.ge/konkursis-shesaxeb/gzamkvlevi
  • კონკურსის შესახებ: http://www.quarrylifeaward.ge/konkursis-shesaxeb
  • საკონტაქტო მეილი: quarrylifeaward.GE@heidelbergcement.com

თითოეული ქვეყნიდან 5 საუკეთესო იდეა შერჩეული იქნება  გარემოსა და საზოგადოებისთვის ღირებულების, ინოვაციური ასპექტების, განხორციელებადობის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მხრივ მნიშვნელობის და ინტერესთა ჯგუფების ჩართულობის დონის გათვალისწინებით.

შერჩეულ პროექტთა მომზადებაში  ჰაიდელბერგცემენტი ფინანსურ დახმარებას გაუწევს ავტორებს. შესარჩევი ტურის შემდეგ, სექტემბრამდე ჰაიდელბერგცემენტი აქტიურად იქნება ჩართული საბოლოო ანგარიშების მომზადებაში, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს სექტემბრის ბოლომდე.

ყურადღებით წაიკითხეთ პირობები და დაფიქრდით, რომ შთამბეჭდავ საპრიზო ფონდს ორგვერდიანი პროექტი გაშორებთ !