ზურიუსი

…ბავშვობაში, როცა ყველა წიგნის ყდაზე მოვრჩი შიშველი ქალების მიხატვას, გადავწყვიტე, მხატვარი გამოვსულიყავი და ნატურებიდან მეხატა ქალები, როგორც ამას ცნობილი მხატვრები აკეთებდნენ.

რამდენიმე წლის შემდეგ კი თავი ცოტა უცნაურად ვიგრძენი, როცა ჩემი გეგმები სხვამ განახორციელა და სხვისი ნატურა მე აღმოვჩნდი.
ამ რამდენიმე დღის წინ კი, ჩემი მეგობრის, ზურა ბალანჩივაძის გამოფენაზე ჩემი პორტრეტიც გამოიფინა.

… ზურა რამდენიმე წლის წინ,  რუსთაველის მეტროსთან გამაცნო ნათიამ და ჩვენ მაშინვე არ დავმეგობრდით. რთულია მისი მეგობრობა. მას შემდეგ სამი წელი გავიდა და მე და ზურას უფრო ბევრი დრო გვაქვს ჩხუბში და კინკლაობაში გატარებული, ვიდრე სიამტკბილობაში, მაგრამ კვარტალში ერთხელ ჩვენ მაინც სიყვრულით ვხვდებით რომელიმე კაფეში,  მე ხორცებს, ზურა შოკოლადიან ნამცხვრებს ჭამს და ვყვებით ამ ქვეყნის ჭორებს და ოდნავ მაღალ მატერიებზე ვსაუბრობთ.

…გარდა ხატვისა, ზურა სტვენს კიდეც. ჰო, ჰო, ნუ გიკვირთ, უსტვენს და ისე საუცხოოდ, რომ აგერ უკვე ნიჭიერის ნახევარფინალში გადასასვლელად ემზადება.

ამ ბოლო დროს ზურა ძალიან პოპულარული გახდა. ნიჭიერის სცენაზე სტვენის შემდეგ ბევრმა ხალხმა დააფასა, გაიცნო და ხანდახან ვეჭვიანობ კიდეც. თუნდაც იმიტომ, რომ მისი ნახატების გამოფენაზე უამრავმა ადამიანმა იპოზიორა და მოიწონა თავი, მე კი ყოველ მომდევნო დღეს ვდებდი გამოფენაზე ვიზიტს და ცხადია, რაც მოხდა. გამოფენა გავმაზე, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ზურას გამოფენაზე ჩემი თანადგომა სრულიადაც არ სჭირდებოდა, განსხვავებით ნიჭიერის ნახევარფინალისგან, სადაც გარდა მეგობრული უანგარო სიყვარულისა, ცოტაოდენი მოქმედებაცაა საჭირო. იმისთვის, რომ ზურა ფინალში ვიხილო, ხვალ ბევრს დავრეკავ ნომერზე 0 903 700 007. ნიჭიერში დარბაზიდანაც ვუგულშემატკივრებ.

გამოგიტყდებით და ძალიან მინდა ზურამ გაიმარჯვოს. იმიტომ მინდა, რომ მას აქვს პოტენციალი გახდეს გამარჯვებული,                თუმცა საერთოდ არ დამწყდება გული, თუ ვერ გაიმარჯვებს. ზურას ეს პროექტი ვერ აქცევს ნიჭიერად, იმიტომ რომ აქამდეც უამრავ ნიჭს  ფლობდა იმისთვის, რომ ყოველთვის გამორჩეული ყოფილიყო.  ვიცი, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს პროექტი, ზურიუსი, ბიჭი, რომელიც ნიჭიერში უსტვენდა, დიდხანს არ დაავიწყდება ხალხს და მომავალში, როცა ზურა გამართავს გამოფენებს, საღამოებს, დაუსტვენს, ან მომავალში აღმოჩენილი ახალი ნიჭით მოიწონებს თავს, ვიქნები თუ არა იმ დროს მის გვერდით, ამაყად ვიფიქრებ, რომ ეს ბიჭი ჩემი მეგობარი იყო, before it was cool😀

One thought on “ზურიუსი

Comments are closed.