გორგილაძე

ამბავი 1

ამასწინათ დავაკვირდი: სამსახურთან გაჩერებაზე დანახული სარაფნიანი გოგო იმ დღის განმავლობაში მინიმუმ 4 ჯერ დავინახე სხვადასხვა ადგილზე, გორგილაძეს კი მას შემდეგ, რაც მისი არსებობის შესახებ შევიტყვე, მაქსიმუმ 5ჯერ თუ შევხვედრივარ. ფეისბუქზე კი დაახლოებით ორი წელია მყავს, ან ცოტა მეტი. მის პოსტებსაც ვკითხულობ და სტატუსებსაც. გამოგიტყდებით და ფოტოებსაც ვათვალიერებ ხოლმე.

ჰოდა, ამ ორიოდე წლის წინ, როცა ახალი აღმოჩენილი მყავდა გორგილაძე, ვაზისუბნიდან მომავალ , თუ სწორად მახსოვს 119 ნომერ მარშუტკაში, მძღოლის გვერდით სავარძელზე ავძვერი. სწორედ აქ დამხვდა გორგილაძე, მაგრამ ისეთი შეუვალი და მკაცრი მომეჩვენა მისი სათვალე და გადაბმული წარბები, არც მიფიქრია გავცნობოდი და მეთქვა, რომ იცი ეს მე ვარ, ანა, აი ის გოგო ფეისბუქზე რომ გყავს. ის ისეთი მკაცრი და შეუვალი იყო, მაინც ვერ მიცნობდა. თან მგონი მაშინ პირადად ნანახიც არ ვყავდი. ან იქნებ ვყავდი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, საკუთარ თავზე ჩემი წარმოდგენა აშკარად ვერ გასწვდა გორგილაძის გაცნობის თავხედობას.

ერთ მშვენიერ დღეს,  გორგილაძემ თვითონ მომწერა და დააზუსტა, მე ვიყავი თუ არა ის გოგო, ვაზისუბნის 119 ნომერ მარშუტკაში.  მეც დავადასტურე ჩემი იქ ყოფნის ამბავი.

ამის შემდეგ, კიდევ ვნახე გორგილაძე , ყაზბეგზე, მაგრამ ამჯერად მეგობრებთან ერთად მოქროდა ვაკე-საბურთალოს გადაკვეთაზე და წარმოუდგენელ თავხედობად მივიჩნიე, გამეჩერებინა და მეთქვა, იცი, მე ეს მე ვარ, ანა აი ის გოგო, ფეისბუქზე რომ გყავს და და ერთხელ 119 ნომერში შეხვდი ერთხელთქო. ჰოდა, ამ ყველაფრის თქმა ფეისბუქით ვარჩიე.

ამის მერე რა მოხდა? არც არაფერი.

არ ვიცი რა მანქანებით ხდება ადამიანების დაჯგუფება, მაგრამ მე და გორგილაძე აშკარად მაგრად ვართ ერთმანეთს აცდენილი და ალბათ გაისამდე აღარ გადავაწყდებით ერთმანეთს.

ამბავი 2

ვიქნებოდი ასე 5 წლის, დამოუკიდებლად რომ წავიკითხე პირველი პაატარა მოთხრობა, “კაჭკაჭი და კრუხი” იმ დღიდან მშობლებმა გენიოსად მაღიარეს და მეც, იმედი  რომ არ გამეცრუებინა, ვკითხულობდი ვკითხულობდი და ვკითხულობდი. ერთხელ კინაღამ ფსიქიატრიულში მოვხვდი, მესამე კლასში რომ წამოვაყრანტალე, მორ იოკაის “ოქროკაცი” დავამთავრე ახლახანსთქო. დაიბარეს დედაჩემი და ლექცია უკითხეს ჩემი ნაადრევად “გამოტვინების” და ცუდი დედობის შესახებ და ამით დამთავრდა ყველაფერი. მას მერე ენაზე კბილის დაჭერა ვისწავლე და ჩუმად ვათენებდი ღამეებს მაშინდელი ნავთის ლამპის თანხლებით. მოკლედ, დღემდე მახსოვს როგორ მაბრძგვიალებდა ყველა ახალი წიგნის კითხვისას და ხანდახან ვტიროდი კიდეც.

მერე მოვიდა წყეული აბიტურიენტობა და წიგნების რიცხვმაც იკლო. სტუდენტობისას კიდევ უფრო იკლო და არ ვიცი, კითხვამ გადაჩვევა იცის, თუ , როგორც მოხუცები იტყვიან, თანამედროვე მწერლობა გადაგვარდა, ფაქტია, დიდი ხანია ვეძებ ისეთ წიგნს/მოთხრობას, რომლის კითხვისას ძველებურად დამაყრის ხელებზე ხორკლებს და მერე თავგამოტენილს ორი თვე სხვა დასაფიქრებელი აღარ მექნება.

ამბავი 3

პირველ ამბავს რომ ვყვებოდი, გამომრჩა მეთქვა, როგორ აღმოჩნდა ჩემს “ფრენდებში” გორგილაძე. ბლოგი მასაც ჰქონდა და მეც. ის კარგად წერს, მე არც ისე. ჰოდა ამ საერთო ინტერესმა დაგვამატებინა ერთმანეთი.

ჰოდა, ნიუსფიდში რომ ამომიხტებოდა ხოლმე მისი პოსტები, ხანდახან შემომეკითხებოდა ხოლმე.  ასე წავიკითხე პოსტები ისაკაზე, იაკოზე. რომ არ გავაგრძელო, საკმარისად ბევრი პოსტი მაქვს გორგილაძის ბლოგზე წაკითხული, იმისთვის, რომ ჩემთვის ფრიად სასიხარულო დასკვნა გამომეტანა.

  • ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ნაწერი, რომლის წაკითხვაზეც ისევ დამბურძგლავს
  • ჯერ კიდევ არსებობს მისი დამწერი, რომელსაც წელიწადში ორჯერ შემთხვევით გადავაწყდები, მაგრამ რაც მთავარია არსებობს.

ერთ რამეზე მწყდება მარტო გული. იმაზე ნაკლები სიხშირით წერს პოსტებს, ვიდრე მე ვაწყდები შემთხვევით ქუჩაში.

ამ პოსტის წერისას ჩვენს მწირ მიმოწერას გადავავლე თვალი და ძალიან სასაცილო მონაკვეთს წავაწყდი:

გორგილაძე  – ისადა, შენ ჩემს ბლოგს კითხულობ ხოლმე?

მე – რამდენიმე თვეა არ წამიკითხავს, რაიყო? (სავარაუდოდ რამდენიმე თვე ახალი პოსტი არ ჰქონდა დაწერილი)

გორგილაძე – არაფერი, მაინტერესებდა, იზვესტნი ბლოგერებმა თუ იციან ჩემი ბლოგი.

oO

7 thoughts on “გორგილაძე

  1. Kate_AlukaЯD ამბობს:

    კაი ტიპია გორგილაძე :3
    რსრ -ზე ვხედავდი ხოლმე მაგრამ მე არ ვარ ის ტიპი რომელიც მივა ადამიანთან და უი მე შენ გიცნობო ეტყვის :დდდდდ

  2. Katiée ამბობს:

    ჩვენ მე2 წელია დავთანამშრომლდით :)) არადა, თავიდან მეც მოწიწებით დავამატე ფრენდებში 😀

  3. skyken ამბობს:

    აუ, დათოს პასუხად მისი პოსტისა (რომელიც მე მომიძღვა) უნდდა დავუწერო რამე ^_^ ანას პოსტმა მომანდომა :დ :დ

  4. kirakli ამბობს:

    good guy Gorgiladze. გორგილაძეს არ ვიცნობ და საერთოდ არაფერი მქონდა მასზე გაგონილი. ფბ-ზე საერთო მეგობრის დალაიქებული სტატუსიდან ვნახე მისი პოსტი და კაი ტიპი ჩანს 🙂

დისკუსია დახურულია.