fight club

ეს პოსტი არ არის ფილმზე. ეს პოსტი რეალურ ამბავზე და რეალურ ბრძოლებზეა.

ცნობილი ფაქტია, რომ წიგნები და ფილმები ადამიანებზე ძალიან დიდ გავლენას ახდენენ. ჩემზე გავლენა რომელმა ფილმმა მოახდინა, არ მახსოვს, მაგრამ სამაგიეროდ მახსოვს ის, როგორ დავითანხმე კლასელი გოგონები, გვევლო კარატეზე და დარბაზისკენ დავირაზმეთ, თუმცა ისეთი პატარები და დაბნეულები ვიყავით, დარბაზს ვერ მივაგენით. მერე დედებმა შეიტყვეს ჩვენი ამბავი და აგვიკრძალეს, აქაოდა ეგ რა ქალის საქმეაო.

ამასობაში მოვიდა აბიტურიენტობის დრო, მერე სტუდენტობის და ჩემი ბავშვობის ოცნება გაურკვეველი ვადებით იდებოდა წლიდან წლამდე. პარალელურად ვნახე თითქმის ყველა ფილმი, სადაც ვინმეს ოდესმე ფეხი მოუქნევია.

ერთ მშვენიერ დღეს კი ისე გამოვიდა, რომ აღარ გადავდე მომავალი წლისთვის და კრავ მაგაზე მივედი.  კრავ მაგა ებრაული თავდაცვის ხელოვნებაა და რამდენიმე საბრძოლო ხელოვნების ილეთებს აერთიანებს და წესით და რიგით ძალიან საინტერესო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არაფერს გაუცრუებია ჩემთვის იმედები.   მოკლედ, ამ თვენახევარში თითქმის ვერაფერი ვერ ვისწავლე და რადგან იმედგაცრუებებზე საუბარი დიდად არ მიყვარს, არ ჩავეძიები, რატომ ვერ ვისწავლე 😀

მე და ჩემმა მეგობარმა, ნინომ, ძალიან მალევე გადავწყვიტეთ, რომ სხვა დარბაზში გვევლო მაგრამ მერე პიარსკოლის კურსი დაიწყო და ნინომ უჩემოდ გააგრძელა ვარჯიში. მე სამი თვის მერე შევუერთდი, ანუ მაისიდან.  და რადგან წარმატებებზე საუბარი ძალიან მიყვარს, აქ უკვე ცოტა დაწვრილებით გიამბობთ ჩემი ვარჯიშის ამბებს: ეს ММА Fighter-ების დარბაზია.

  • დარბაზში ორი გოგო ვვარჯიშობთ, დანარჩენი ყველა ბიჭია, მაგრამ ჩემი გოგოობა საერთოდ არ უშლის ხელს იმას, დავიტვირთო ისევე, როგორც დანარჩენები. ვაკეთებთ გაწელვებს,  პრესებს, ბუქნებს, გასახურებელ ვარჯიშებს, ატჯიმანიებს.. ამ უკანასკნელის გაკეთება, გამოვტყდები და არ შემიძლია ჯერჯერობით, რაც ძალიან მასევდიანებს 😦  რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ეს მიზერული ნაწილია იმისა, რასაც ორი საათის განმავლობაში ვაკეთებთ.  ვარჯიშისას რაც ყველაზე ძალიან მომწონს, ისაა, რომ ილეთები ძალიან რეალურია, დარტყმისას, დაგდებისას გტკივა.

ვერ წარმოიდგენთ, რა მაგარი გრძნობაა, როცა მე და ნინო ვსპარინგობთ და სახეში კრივის ხელთათმანი მხვდება, ბუქნებს რომ გააკეთებ და ფეხებში გრძნობა გერთმევა დაძაბულობისგან. დარტყმებისგან მთელი ხელები დაწითლებული რომ გაქვს და ძლივს სუნთქავ. სწორად დარტყმას რომ სწავლობ და ბედნიერი ხარ.  this is a life.

  • ერთი კვირის წინ დამწყებთა შეჯიბრებაზე ვიყავით. ძალიან მაინტერესებს, რას გრძნობ იქ, რინგზე. ნერვიულობ? ყველაფერი გავიწყდება როგორც გამოცდაზე?   როგორი იქნება მოწინააღმდეგის პირველი დარტყმა? დარბაზში ყველას ვაკვირდები და  ვიმახსოვრებ, როგორ ჩხუბობენ, შესაბამისად, ვიცი საიდან უნდა ველოდო დარტყმას 😀

მერე ერთ-ერთი მონაწილის ინტერვიუს ვუყურე, დაახლოებით 6 თვეა ვვარჯიშობო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გოგო ვარ, ნეტავ მე რამდენ ხანში შევძლებ გასვლას? მონაწილეობა კი ძალიან მინდა.

და ბოლოს, თუ ვინმე ამ პოსტის კითხვისას გადაწყვეტს რომ ვარჯიში დაიწყოს, რამდენიმე რჩევას მივცემ, დამწყების უბის წიგნაკიდან 😀

  • ეცადეთ , არასდროს გააცდინოთ ვარჯიში, იმის გამო, რომ კუნთები გტკივათ და ისე ხართ დალეწილი, ფეხზე წამოდგომა გიჭირთ. ეს ყველაფერი დარბაზში, ვარჯიშის დაწყებისას და გახურებისას გავლადია და უფრო მაგრად “მოაქვს” ჩემი აზრით, ვიდრე დასვენებული კუნთებით ვარჯიშს. თუმცა რა თქმა უნდა, არავის მოვუწოდებ იმისკენ, ამოგდებული ხელით მივიდეს სავარჯიშოდ.
  • ვარჯიშის დაწყებიდან ორ კვირაში ნუ იფიქრებთ, რომ ისე იჩხუბებთ, როგორც ფილმებში. უარესს გეტყვით: ისე, როგორც ფილმებში, ვერასდროს იბრძოლებთ, თუმცა იმისთვის, რომ კარგი მებრძოლი გერქვას, ხუთი სალტოს გაკეთება ჰაერში, ილეთიდან ილეთამდე, აუცილებელი არაა 🙂
  • თუ რაღაც არ გამოგდით, ლუზერად ნუ იგრძნობთ თავს:  ყველა ერთნაირი შესაძლებლობებით იბადება, უბრალოდ ზოგი მეტად ინდომებს, ზოგი ნაკლებად.
  • ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებლად დაუსვით თავს კითხვა, რატომ გსურთ ბრძოლის სწავლა: იმიტომ, რომ ქუჩაში ვიღაცები ცემოთ, ვიღაც დაჩაგროთ და თავი დანარჩენებზე აღმატებულად იგრძნოთ ამ ფაქტით თუ რინგზე გსურთ იბრძოლოთ?

მახსოვს, ვიღაც გოგო ყვებოდა, რომ ხრიდოლზე იმიტომ დაიწყო სიარული, ქუჩაში რამდენჯერმე ბიჭებმა შეაშინეს.  რადგან ეს ფაქტი გამახსენდა, იმასაც აღვნიშნავ, რომ სპორტში ტყუილად არ არსებობს წონითი კატეგორიები და ქალები არასდროს ებრძვიან რინგზე კაცებს. თუ ფიქრობთ, რომ ყველაზე ძლიერი იქნებით დარბაზიდან გამოსვლისას, ნებისმიერს დააგდებთ ორი ილეთით, სულ ტყუილად.

მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ბრძოლა უნდა გიყვარდეს და რაღაც კონკრეტული მიზნისთვის არ ცდილობდე კუნთების “აკაჩავებას” და მჯერა, რაც გიყვარს, იმ სფეროში აუცილებლად მიაღწევ წარმატებას. ჰოდა, მეც ამიტომ მივედი დარბაზში ❤

6 thoughts on “fight club

  1. Alex Maghlakelidze ამბობს:

    ის რასაც კრავ მაგას ეძახი, სულ მიახლოებითაც არ იყო კრავ მაგა. რაც იმ დარბაზში იყო მაგას სახელს ვერ მოვუძებნი. თუმცა კრავ მაგა საკმაოდ ეფექტური საბრძოლო სისტემაა ორიენტირებული ქუჩის კონფლიქტზე და მოწინააღმდეგის მყისიერ განეიტრალებაზე. საერთოდ ალბათ რატიმ და გოჩამ თავდაცვის კურსი ცალკე რომ გააკეთონ კარგი იქნება იქ ცოტა სხვა სპეციფიკაა მაინც. მე სამწუხაროდ ვეღარ ვვარჯიშობ რაც ძალიან ცუდია. ვარჯიში ძალიან კარგია, კარგია როცა საკუთარ ტანს ფლობ და კარგია როცა საკუთარი თავის დაცვა შეგიძლია ასე რომ ივარჯიშეთ სქესისა და ფიზიკური ფორმის მიუხედავად და რაც მთავარია ყვეეეელაზე მაგარი ანტიდეპრესანტია იმჰო!

  2. tami ამბობს:

    ფიტნესი მირჩევნია, თუმცა ურიგო აზრი არ არის. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჯობს თავის დაცვა შეგვეძლოს ქალებს.

    • anna ამბობს:

      რეგულარული ფიტნესი კარგია, მაგრამ ძალიან მოსაწყენი :დ

  3. dreamar ამბობს:

    საინტერესოა 🙂 ტერიტორიულად სად არის დარბაზი? კვირაში რამდენჯერ ვარჯიშობ და რა ღირს?

დისკუსია დახურულია.