პიცა, ცვლილებები და ა.შ

პატარა რომ ვიყავი და დიდების საუბარს ვუგდებდი ყურს, ხშირად მესმოდა, როგორ ამბობდნენ წყენით ხან ვისზე, ხან ვისზე, თუ როგორ შეიცვალა, გაიჩინა სხვა სამეგობრო წრე, ძვირადღირებულ კაფეებში დაიწყო სიარული და ა.შ
მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა შევცვლილიყავი ისე, რომ ბავშვობის მეგობრები აღარც გამხსენებოდა (განსაკუთრებული მეგობრობა არავისთან მქონია, მაგრამ მაინც) და ძალიან ვბრაზდებოდი იმ უცნობ ადამიანებზე, რომლებმაც ცხვირი აიბზუეს რიგი მიზეზების გამო ძველ სამეგობრო წრეზე და ცხოვრებაზე.
ამასობაში მე გამოვიცვალე ერთი სკოლა, შესაბამისად დავკარგე სკოლის ნაცნობ მეგობრები;

შემდეგ გამოვიცვალე მეორე სკოლა – აქაც ანალოგიურად განვითარდა სიტუაცია;

დავამთავრე მესამე სკოლა და სკოლის შემდეგ ჩემი კლასელები ქუჩაში შემთხვევით ვნახე რამდენჯერმე. ისიც, ორიოდე მათგანი.

მერე უნივერსიტეტში ჩავაბარე და ახალი მეგობრები გავიჩინე, მაგრამ ახლა ისინიც რიგითი ნაცნობები არიან: მოკლედ, ჩემი და ყველა ჩემი ძველი მეგობრის ურთიერთობა დაიშალა და ყველას ჩვენი სამეგობრო წრე გვყავს ამჟამად.

საინტერესოა რას ამბობენ ჩემი ბავშვობის ნაცნობ მეგობრები ჩემზე? ალბათ იმავეს, რასაც დიდები ჩემს ბავშვობაში: რომ მე შევიცვალე , ცხვირი ავიბზუე და ვეღარავის ვცნობ.

ფაქტია, იმას, რის წინააღმდეგაც ჯერ კიდევ ბავშვობაში დავდე ფიცი და საბრძოლო გეგმები დავსახე, ვერ გადავურჩი.

ამასწინათ კი ერთ , ოდესღაც საყვარელ შეკრების ადგილს მივაკითხეთ მეგობრებმა. ადრე იქ საათობით ვისხედით, პიცას, სენდვიჩებს, ან სულგუნიან მჭადს ვჭამდით და გვიხაროდა, რომ ლექციებს ვაცდენდით. როცა გარეთ ძალიან ცხელოდა და პარკში ხეებს ჩრდილი აღარ ჰქონდათ, ის კაფე იყო ჩვენი მხსნელი. ზამთარში, როცა თხელ პალტოებში გვციოდა, იქ შევირბენდით საღამოობით და ცხელი ყავით ვთბებოდით.

ამ ვიზიტზე კი აღმოვაჩინე, რომ ჩვენი საყვარელი თავშეყრის ადგილი არც ისე საყვარელი ყოფილა როგორც ადრე გვეჩვენებოდა. არა, საერთოდ არაფერი შეცვლილა ამ წლების განმავლობაში, არც მენიუ, არც პერსონალი და სავარაუდოდ არც იქ მიმსვლელთა ვინაობა. უბრალოდ ჩვენ გავიზარდეთ. რამდენიმე წლის წინ ვერ ვამჩნევდით, რა უგემური იყო აქ პიცა, რადგან მეტი არჩევანის საშუალება არ გვქონდა და თანაც, ძალიან გვშიოდა.

დიდი ხანია აღარც ვერის ბაღში ჩავსულვართ და არ გვითამაშია ათასი სისულელე. ჰო, აშკარად გავიზარდეთ ბავშვები. მათგან ნახევარს, ვინც ადრე ვერის ბაღში და ზემოთხსენებულ კაფეში ვიკრიბებოდით წელიწადში სამჯერ ან ოთხჯერ ვხვდები, რამდენიმეღა შემოვრჩით, რომლებიც ერთად გავდივართ ლანჩზე, უქმეებზე ვიკრიბებით და ათას სისულელეზე ვლაპარაკობთ ძველებურად, ერთად გვიხარია და ერთად ვწუწუნებთ.

თუმცა ხშირად ვფიქრობ, რა მოხდება მაშინ, თუ ჩვენ, ე.წ ერთმანეთს შემორჩენილი წრე გარემოებათა გამო ერთმანეთისგან შორს წავალთ? მაგალითად რომელიმე ჩვენგანს ბათუმში, ქუთაისში, ან სულაც ლიონში მოუწევს მუშაობა?   მართალია, ახალ გარემოსა და მეგობრებში ცუდი არაა და რომ არა გარემოს ცვლილება, ის მეგობრები, რომლებიც რამდენიმე წელია მყავს , არ მეყოლებოდა, მაგრამ მაინც..

ძალიან მინდა ჩემი ოდესღაც საყვარელი კაფეს უგემურ პიცას ისეთივე გემრიელი გემო ჰქონდეს, როგორც ჩემი მშიერი ბავშვობის დროს, ძალიან მინდა ისევე უდარდელად შემეძლოს ვერის ბაღში მწვანე ბალახზე კოტრიალი, როგორც ამას რამდენიმე წლის წინ ვაკეთებდი, ხანდახან ისიც კი მინდა, ყველა ჩემს ყოფილ მეგობართან ისეთივე ტკბილი ურთიერთობა მქონდეს, როგორც ოდესღაც, მაგრამ მერე მახსენდება, რომ გავიზარდეთ და მთელი რიგი რაღაცები აღარ შეგვეფერება, აღარ გვეკადრება, ვეღარ ვურთიერთობთ და ა.შ.

ბავშვობაში, როცა ძალიან პატარა ვიყავი, დედაჩემი მეუბნებოდა, ნახე, როგორ შეიცვლებიო, როცა გაიზრდები. მაშინ ჭუჭყუნით ვპასუხობდი, რომ ეს არასდროს მოხდებოდა და წელიწადის დროების ცვლა მხოლოდ იმიტომ მიხაროდა, რომ ჩემი თმა უფრო და უფრო გრძელი ხდებოდა. საკუთარ თავში ცვლილებების უარყოფის ჩვევა დღემდე შემომრჩა და იმედს ვებღაუჭები ხოლმე, რომ ჩემში არაფერი შეცვლილა, უბრალოდ გარემო იცვლება ჩემს ირგვლივ.

მაგრამ მგონი დროა ვაღიარო, რომ ძალიან მაგრად შევიცვალე. როგორც დანაშაულზე წასწრებულ ბავშვს, ისე მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ მაინც: ვერაფერს ვიზამ, თუ ოდესღაც საყვარელი კაფეს პიცას საძაგელი გემო აქვს, უბრალოდ ახალი ადგილი მაქვს საპოვნელი.

3 thoughts on “პიცა, ცვლილებები და ა.შ

  1. zurriuss ამბობს:

    ე.ი. ყოველ წინადადებაში შენი საუბრის ინტონაცია მესმოდა :))
    ჰოდა წავიდეთ ამ დღეებში “ქიუში” :პ

Comments are closed.