22

ერთ კვირაში 22 წლის ვხდები.  რაც მეტად ახლოვდება ჩემი დაბადების დღე, მით უფრო არ მსიამოვნებს ეს ამბავი და არ მეზეიმება.

შარშან ამ ფაქტზე უკვე ვიწუწუნე, ამიტომ აღარ განვმეორდები, უბრალოდ, რადგან ეს წელი მთავრდება, რამდენიმე თვეა პოსტი არ დამიწერია, პატარა წლის შეჯამებას გავაკეთებ.
შარშანდელი წელი პატარა ექსპერიმენტით დავიწყე: გადავწყვიტე, არც ერთი საგანი აღარ შემტენოდა, რაც გამომივიდა კიდეც. გამოვტყდები და ვაღიარებ, თსუში გადასვლის მერე ჩემმა თვითშეფასებამ კატასტროფულად დაიწია, აშკარად ვერ ავეწყვე უნივერსიტეტის განრიგს და პანტაპუნტით შევიტენე საგნები. ამ უიღბლო სემესტრის მერე რამდენიმე თვე ვირწმუნებდი თავს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ერთი სემესტრი გავუძელი. დავრწმუნდი იმაში, რომ არც ისე ბევრი შრომაა იმისთვის საჭირო, რომ კარგი სტუდენტი იყო დამპალ უნივერსიტეტში და ამასობაში ზაფხულიც მოვიდა.

ჰო, პატარა კნუტი ვიშვილეთ მე და ყვავამ. სწივი, ჩემი გოგო კატა. საერთოდ, იმ არსებებზე საუბარი, რომლებიც ძალიან მიყვარს, მიჭირს ხოლმე. ბავშვივით მიკანკალებს ნიკაპი და თვალები მიცრემლიანდება, ჰოდა უბრალოდ, ვიტყვი რომ ძალიან ძალიან მიყვარს ჩვენი კატა. სხვებს შვილები ყავთ, ჩვენ – სწივი 🙂

ზაფხულში მე და ყვავამ ხელი მოვაწერეთ. სახლში ვბრუნდებოდით საიდანღაც. გზაში მეუბნება: არ გინდა ხელი მოვაწეროთ? “რავიცი, მოვაწეროთ” ვუთხარი და რამდენიმე დღეში სახლში კიდევ ერთი ფურცელი გაჩნდა – ჩვენი ქორწინების მოწმობა, რომელიც იმ დღის შემდეგ თვალით არ მინახავს.  ალბათ ეს იყო ყველაზე არარომანტიული ე.წ ხელის თხოვნა 🙂
ხანდახან დღემდე ვერ აღვიქვამ რომ გათხოვილი ვარ, საქორწინო ბეჭედი რომ არ მახსენებდეს ამას.  წესით ეს ასეც უნდა იყოს, ყოველთვის იმის მომხრე ვიყავი, რომ ადამიანებში და მათ ურთიერთობაში რაღაც ახალი სტატუსი ვერაფერს უნდა ცვლიდეს, თუმცა ამასთანავე ვფიქრობდი, რომ ქორწინება ძალიან ავისმომასწავებელი და ცუდის ნიშანი იყო ურთიერთობებისთვის.  დაწვრილებით ვერ განვმარტავ, რას ნიშნავს ჩემთვის გათხოვილობის ვერ აღქმა, მაგრამ როცა ამას ვამბობ ხოლმე, სულ მახსენდება “თბილისელებში” თუ “სარკეში” რომ წერილები იბეჭდებოდა: “ჩემი შეყვარებული ქორწინების შემდეგ ძალიან გაცივდა და შეიცვალა”.  მოკლედ , მიმიხვდით ალბათ, რას ვგულისხმობ 🙂 ჩემნაირ პესიმისტებს უმართლებთ, როგორც ჩანს.

მერე მუშაობა დავიწყე. ზაფხულში ჰოსტელში მუშაობა ჩემი პირველი გამოცდილება იყო. არასდროს დამავიწყდება იქ გატარებული პირველი სამუშაო ღამე, როცა ყველა იქ მყოფ სტუმარს ერთბაშად მოუნდა წასვლა და მათთვის ფულის გამორთმევა, ანგარიში და უცხო ენასთან ურთიერთობა მომიწია. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში. მერე მივეჩვიე და წინასწარვე რომ არ ვყოფილიყავი სამუშაოს დროებითობას შეგუებული, ძალიან გამიჭირდებოდა წამოსვლა. ჯერ კიდევ მაშინ მეგონა, რომ არ არსებობს სამსახური, საიდანც წამოსვლა დამენანებოდა , მაგრამ ამაზე შემდეგ.

მოკლედ, პირველი სამუშაო გამოცდილება შედგა 21 წლის ასაკში, თუმცა მე მაინც მგონია, რომ დავაგვიანე და მუშაობა უფრო ადრეც უნდა დამეწყო. ალბათ ვერანაირი მიღწევა ვერ შეცვლის ჩემს პატარა კომპლექსს და თავი ყოველთვის დედიკოს განებივრებული გოგო მეგონება. პრინციპში ეს უფრო დედაჩემის დამსახურებაა, ვიდრე ჩემი. მას რომ ვეიძულებინე, შთაეგონებინა ჩემთვის, რომ სასწრაფოდ უნდა მეპოვნა რამე, ჩემით უნდა გამეტანა თავი, ყველაფერი უკეთესად იქნებოდა. ან შეიძლება ვაჭარბებ. რაც არის, არის, ჯანდაბას.
ჰოსტელიდან რომ წამოვედი,  ის სამი კვირა, ვიდრე ახალ სამსახურს დავიწყებდი,  ძალიან გამიჭირდა. აღარ ვიცოდი რა მეკეთებინა, საერთოდ არ მინდოდა დასვენება და არც მოსალოდნელი სწავლის დაწყება მამშვიდებდა: საერთოდ ის ფაქტი, რომ ვსწავლობ და მუშაობაში ხელი მეშლება, ჰოდა ამიტომაც ვარ უსაქმური, ძალიან დიდ შვებას გვრის ხოლმე ადამიანებს, მაგრამ ამჯერად ვიცოდი ვეღარ იმოქმედებდა.

ამასობაში “ნატალიში” დავიწყე მუშაობა. თავიდან ძალიან გამეხარდა, სოციალური მედია ხომ ჩემია, ჩემი საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს და კარგად გამომდის.  თუმცა, იქ მუშაობისას მივხვდი რას ნიშნავს მუშაობდე და სამსახურში წასვლა გეზიზღებოდეს. გული გერეოდეს შენს  სამუშაო გარემოზე და დღის განმავლობაში ორ კოლოფ სიგარეტს ეწეოდე იმიტომ, რომ რაც შეიძლება ცოტა ხანი გაატარო ოთახში. საერთოდ, როცა რაღაც არ გამომდის და საქმიან ურთიერთობებში ვინმეს ვერ ვეწყობი, ჩემს თავს ვადანაშაულებ ხოლმე. სკოლაში ვფიქრობდი, რომ მე ვიყავი აუტანელი მოსწავლე, უნივერსიტეტში თავხედი სტუდენტი და ცოტა ხნით ისიც ვიფიქრე, მე ხომ არ ვიყავი დამნაშავე რომ სამსახურში გარემოს ვერ შევეწყვე. თუმცა ბოლოს მივხვდი რომ ჩემი ხასიათი არაფერ შუაში იყო, ჰოდა, ამომივიდა ყელში დამამშვიდებლების სმა და წამოვედი.

წამოვედი და ის დღე, ბედნიერმა, ვერის ბაღში ბოდიალში გავატარე. მაშინ მივხვდი, რომ უსაქმურობა ხანდახან ცუდი არ არის.

მალევე დავიწყე ალდაგში მუშაობა. ახლა გავაგრძელებ თხრობას იმ მომენტიდან, როცა ვამბობდი, არასდროს მიფიქრია, რომ რომელიმე სამსახურიდან წამოსვლა გამიჭირდებოდა-მეთქი.  ჰო, როცა ვფიქრობ, რომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს წავიდე, თუნდაც სამმაგად , ოთხმაგად მაღალანაზღაურებად სამსახურში, შიშით გული მისკდება, რა მიატოვებს გარემოს, სადაც თავს მშვიდად, წყნარად, იდეალურად გრძნობ და ყველაფერი გიყვარს.

ალდაგზე ლაპარაკს აქ შევწყვეტ. თანაც გამოჩნდება ვინმე და პირფერობაში ჩამითვლის 🙂

მოკლედ, გამოვიდა, რომ არც ისე ცუდი წელი მქონია. ბოლოსდაბოლოს ადამიანს წლები ტყუილად არ ემატება. გამოცდილებას ვიღებთ, ბევრი თავგადასავალი გვაქვს, ბევრიც ცუდი დღეები. მთავარია , ჩემს დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე ვზივარ და გასული წლიდან ცუდი არაფერი მახსენდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა. ამ ყველაფერთან ერთად რამდენიმე ჯემპრის მოქსოვა, რამდენიმე წიგნის წაკითხვა და კიდევ რაღაცები მოვასწარი. ისე, ძველებურად პროდუქტიული და შემოქმედებითი ვეღარ ვარ, თუმცა არც არასდროს  მიოცნებია იდეალურ ცხოვრებაზე.
მომავალი წლის გეგმები ერთი თვის წინ ჩამოვწერე. ვიცი, რომ გეგმებს არასდროს მივდევ და ყოველთვის ყველაფერს უკუღმა ვაკეთებ, მაგრამ მაინც. იმისთვის მაინც გამომადგება, რომ 2014-ში საკუთარ თავს დავცინო.

P.S არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ დასაწყისში არ დამიწუწუნია, რომ რამდენიმე თვეა არაფერი დამიწერია და სენმა შემიპყრო. უამისოდ  შეუძლებელი იქნებოდა ეს პოსტი დაწერილიყო, ჰოდა რადგან დასაწყისში წუწუნი მეინსტრიმია, ბოლოსთვის შემოვინახე 🙂 ვეცდები ხშირად ვწერო. იმისთვის მაინც, რომ წერა არ დამავიწყდეს .

 

4 thoughts on “22

  1. Any says:

    წინასწარ გილოცავ დაბადების დღეს…
    უკეთეს წელს გისურვებ ♥

  2. არგო says:

    მეც წინასწარ გილოცავ დაბადების დღეს,წარმატებებს გისურვებ )) სუ კაები და სულ სიხარულები ❤

Comments are closed.