რატომაც არა?

როცა თბილისში რაღაც ხდება, მაგალითად ვინმე უკრავს და კეთდება “ივენთი” ვფიქრობ, რა მოხდება, თუ დაპატიჟებულები, ან უბრალოდ მსურველები უბრალოდ გადაიფიქრებენ ან ვერ მოახერხებენ მისვლას? წარმოიდგინეთ მუსიკოსი მარტოდმარტო სცენაზე. საშინელებაა. თუმცა ეს ამბავი არაფერ კავშირშია იმასთან, რის დაწერასაც არ ვაპირებ. ამჯერად თბილისშიც და ზოგადად ქვეყანაში იმაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ ხდება ვიდრე კონცერტი, ფეხბურთი ან რამე მსგავსია. ახლოვდება ოქტომბერი და არჩევნებამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. მე კი სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, რა მოხდება, თუ საარჩევნო ხმის უფლების მქონე ადამიანები არჩევნებზე არ მივლენ? არჩევნები არ შედგება. ეს კი იმაზე უფრო დიდი საშინელებაა ვიდრე სცენაზე მარტოდმარტო დარჩენილი მუსიკოსის დანახვა.

ეს  შესავალი იყო, სინამდვილეში კი იმ  მოქალაქეობრივი  ვალის მოხდაზე ვლაპარაკობ, რომელიც 21 წლის განმავლობაში პირადად მე არც ერთჯერ არ მომიხდია. ცხოვრების გარკვეული ნაწილი საარჩევნო ხმის უფლების არმქონე გახლდით, მერე კი გადავწყვიტე ინდიფერენტულად შევხვდროდი ყოველი არჩევნების მოახლოებას, თანაც, მაინც არავის ანაღვლებს ჩემი ერთი ხმა. მხოლოდ ერთჯერ, უნივერსიტეტის თვითთმართველობის არჩევნებზე დავაფიქსირე ჩემი აზრი, ისიც იმიტომ, რომ  ძალით შემათრიეს საარჩევნო უბანზე. ჰოდა მეც ბუზღუნით შემოვხაზე ის გვარი რომელიც მეცნობიდა და გამოვედი.  მერე აღმოჩნდა რომ ჩემმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა, თუმცა არ მწყენია, მე ხომ არც ვიცოდი ხმა როგორ კანდიდატს მივეცი?

ახლა ასეთი გულმოდგინებით ვლაპარაკობ იმაზე, რომ არჩევნებზე სიარული მნიშვნელოვანია, მე კი, როგორც უკვე აღვნიშნე, არჩევნებზე არც ერთჯერ არ ვყოფილვარ. ისიც აღვნიშნე რომ ჩემი ხმა მაინც არავის ანაღვლებს მეთქი.  არადა ზოგჯერ ციფრ ერთს უამრავი რამის გადაწყვეტა შეუძლია. თუნდაც ერთ სიტყვას, ადამიანის დასარწმუნებლად, ერთ ლარს საყვარელი ნივთის საყიდლად და რადგან არჩევნებზე ვლაპარაკობ, გასამარჯვებლად.

არადა ძალიან მარტივია:  უნივერსიტეტში ერთ ძალიან გრძელ სახელწოდებიან საგანს ვსწავლობდი და გამოგიტყდებით, ძალიან მეჯავრებოდა ლექცია-სემინარებზე სიარული. თუმცა  შუა სემესტრში, იმედგადაწურულმა ერთ-ერთ სემინარზე ძალიან საინტერესო სიტყვები ამოვიკითხე. სემინარი იყო თემაზე, როგორ გავხადოთ ზარმაცი პერსონალი მოტივირებულ და შესაბამისად კარგ კადრად? ჰოდა პასუხი ამ ამოცნაზე იყო შემდეგი: “ვაჩვენოთ ხელქვეითს, რომ ის საჭიროა კომპანიისთვის, რომ მის გარეშე დიადი საქმეების განხორციელება შეუძლებელია; უფროსმა ყურადღებით უნდა მოუსმინოს მას და რიგ შემთხვევებში მისი აზრიც გაითვალისწინოს”

ჩემს სასემინარო თემაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, ალბათ მიხვდით რისი თქმა მინდა:   არ არსებობს უდიდესი წამახალისებელი ძალა ადამიანისთვის, ვიდრე მისი დარწმუნება იმაში, რომ მის სიტყვას, ხმას, ქმედებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასეთ დროს ადამიანები სიამაყით ივსებიან და თავიანთი წვლილი შეაქვთ საერთო საქმეში. როცა  სახელმწიფოს ძალიან კარგად შეუძლია ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ თითოეული ჩვენგანის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ იმ დიადი საქმეების შემოქმედები, რაც ქვეყანაში ხდება.

თუმცა, ალბათ მხოლოდ ამ გზით ადამიანების წახალისება არ კმარა. ადამიანები უნდა იცნობდნენ თავიანთ კანდიდატებს. ამ დასკვნის გამოსატანად ისიც საკმარისი იყო, რაც თვითთმართველობის არჩევნებში კარგად ცნობილმა საარჩევნო გუნდმა გაიმარჯვა. მარტივად რომ ვთქვათ იმათმა, ვისაც ბევრი მეგობარი ყავდა და სტუდენტებს სახელები და გვარები მაინც ჰქონდათ გაგონილი. მეკი, ახლა, როცა ასე ახლოსაა არჩევნები, წარმოდგენაც არ მაქვს ვინაა იმ უბნის კანდიდატი, სადაც ვცხოვრობ: ანუ საბურთალოსი. ყავს კი? არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, ბევრმა არ იცის. არჩევნებში გამარჯვება იოლი არაა, თანაც ეს ხომ სპორტი არაა, სადაც მთავარი მონაწილეობაა? ამიტომაც მე შევთავაზებდი კანდიდატებს, როცა უბანში, სოფელში, რაიონში ჩამოვლას გადაწყვეტენ და დაპირებების გუდას პირს მოხსნიან.. თუმცა არა, სჯობს საერთოდ არ მოხსნან… უბრალოდ უკეთესი იქნებოდა თუ ამომრჩევლები მათ, როგორც მეგობრებს, თანასწორებს, ისე შეხედავდნენ და არა დაბურულ ჯიპებში გამოკეტილ მაღალჩინოსნებს, რომელთა დაპირებებიც უკვე ზეპირად იციან.

ყველამ ვიცით, რომ მეგობრები ყველაზე ნაკლებად გვპირდებიან ხოლმე რაღაცებს. სამაგიეროდ, ისინი ჩვენთვის ყველაფერს აკეთებენ. ჰოდა, რატომაც არა, დაე მეგობრებმა დაგარწმუნონ იმაში რომ შენი ხმა მნიშვნელოვანია, შენ ქმნი მომავალს და ცხოვრობ ბედნიერად, მეგობრებთან ერთად? მართლაც, რატომაც არა?

4 thoughts on “რატომაც არა?

  1. vekoo says:

    რა შუაშია ამ პოსტთან, მაგრამ მე პირიქით, მეგობრები მპირდებიან და არ მისრულებენ 🙂
    :/

  2. xat says:

    მე კიდე ის გამახსენდა “ბავშვები 214 ოთახიდან” ერთ-ერთ სერიაში პოლი მხოლოდ თავის ხმით რომ გაიმარჯვებს.
    ეგ იქით იყოს და უფრო სერიოზულად, არ მახსოვს ზუსტად როელზე მაგრამ ამერიკაში არჩვნებზე ერთმა ხმამ გადაწყვიტა. მგონი ენის არჩევის დროს, ის ერთი ხმა რომ არა დაგვაძალებდნენ გვესაუბრა არა ინგლისურად არამედ ფრანგულად.

    სამწუხაროა მე რომ ასაკი არ მიწყობს ხელს, სიამოვნებით წავიდოდი, პროცესს მაინც გავივლიდი

  3. siyvarulovna says:

    ” “ვაჩვენოთ ხელქვეითს, რომ ის საჭიროა კომპანიისთვის, რომ მის გარეშე დიადი საქმეების განხორციელება შეუძლებელია; უფროსმა ყურადღებით უნდა მოუსმინოს მას და რიგ შემთხვევებში მისი აზრიც გაითვალისწინოს”” – განათლების მენეჯმენტი :დდდ

  4. მარი ! says:

    არ მაქვს უფლება და რომც მქონდეს არანაირი სურვილი არ მაქვს არჩევნებში მივიღო მონაწილეობა😐

Comments are closed.