სამარცხვინო პროფესია

ადამიანი სხვის შეცდომას უფრო დაიბრალებს, ვიდრე თავისას აღიარებს. ასე ხდება ხოლმე ავტობუსებშიც, როცა კონტროლიორები უბილეთო მგზავრებს გამოიჭერენ ხოლმე. დაჯარიმების საფრთხე ათას ტყუილს და თავის გასამართლებელ საბუთს მოაგონებინებს ხოლმე ხალხს. ყველაზე ნაცნობი და მრავალნაცადი ხერხი კონტროლიორის გინებაა, რასაც ქოროსავით ერთვის დანარჩენი მგზავრების წუწუნი და წყევლა კრულვა.

ყვითელი ავტობუსების არსებობის განმავლობაში 4 ჯერ დამაჯარიმეს. ერთჯერ ჩასვლისას ბილეთი დავკარგე. ორჯერ არ ავიღე, ერთჯერ კი- გადაჭედილობის ჟამს – ვერ . დაჯარიმებისას საკუთარი ნებით ვბარდები ხოლმე კონტროლიორს და მხოლოდ მაშინ, როცა ხელიც კი ვერ გავანძრიე სავსე ავტობუსში, რომ ბილეთი ამეღო, ვიმართლე თავი და ძალიან გავმწარდი როცა დამაჯარიმეს. მოკლედ, როგორღაც ვახერხებ რომ სინდისი ვიქონიო და მშვიდად ავიტანო დაჯარიმება.

ჩემნაირი სიმშვიდე კი, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან იშვიათია.

სამაგიეროდ, ყველაფერი მიშას ბრალია. ქვეყანაში მგზავრობაც უფასო უნდა იყოს, სხვა დანარჩენ სიკეთეებთან ერთად. კონტროლიორების ბრალია რომ ხალხი ბილეთებს არ იღებს და უფასოდ ცდილობს გამოძრომას. კონტროლიორებიც მათნაირები არიან (მთავრობას გულისხმობენ) და ბედნიერები არიან რომ ხალხს სისხლს უშრობენ.

მოკლედ, საუკეთესო გამოსავალი ამ დროს კონტროლიორების და მიშას განტევების ვაცად ქცევაა ხოლმე, მეკი ამ დროს მიწასთან გასწორებული და შეურაცხყოფილი კონტროლიორების ადგილზე წარმოვიდგენ ხოლმე თავს და ადრე ვთქვი კიდეც, შიმშილით რომ ვკვდებოდე, არ ვიმუშავებ კონტროლიორად-მეთქი. საშინელებაა ხალხს ეზიზღებოდე და შენს დანახვაზე ჩუმად, ან გულის სიღრმეში გინებას იწყებდეს. საშინელებაა სრულიად უსამართლოდ გლანძღავდნენ და გადანაშაულებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი პროფესია გაქვს. საშინელებაა, როცა ადამიანს სძულხარ იმიტომ რომ თავად საკუთარ ვალდებულებებს არ ასრულებს.

ახლახანს მიამბეს, როგორ გაუშვა კონტროლიორმა გოგონა, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა. მანამდე დარეკა და შეატყობინა რომ მგზავრი გაუშვა. როგორც ამბობენ ზოგჯერ ავტობუსებში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ ჩვეულებრივ  მგზავრად სვამენ ხოლმე ე.წ მიგზავნილ ზედამხედველს, რომელიც აკონტროლებს ვინმე ხომ არ გადაურჩა ლოიალობის გამო ჯარიმას. არ ვიცი რამდენად შეესაბამება გაგონილი სიმართლეს, მაგრამ ამის გარეშეც, ისინი თავიანთი მოვალეობის შესრულებას ცდილობენ და  საერთოდ, ხომ სჯობს, ყველა დავფიქრებულიყავით ჩვენს მოვალეობებზე?

8 thoughts on “სამარცხვინო პროფესია

  1. ფორთოხალი says:

    მეც ზუსტად მსგავსი დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხისადმი. ძალიან მეცოდებიან კონტროლიორები :შ

  2. christali says:

    ძალიან მაღიზიანებს ეგ ფაქტი რომ კონტროლიორებს ადამიანებად არ აღიქვამენ და შანსს არ უშვებენ ხელიდან ლანძღოს😐 იმ დღეს ერთი ახალგაზრდა კონტროლიორი ლამის ჩაქოლეს, კაცები აგინებდნენ და ძალიან შემეცოდა ეგ გოგო😦

  3. teennewson says:

    მეც ხშირად მიფიქრია ამაზე და სრულიად გეთანხმები. ეს პოსტი ვინმეს უნდა დაეწერა და კარგია, რომ ეს გააკეთე… : ))

  4. Otherguylb says:

    აქ არსებული პათოსი რა თქმა უნდა common senseია, თუმცა სამწუხაროდ რთულია ეს ადამიანს გააგებინო… მე კონტროლიორების ადგილზე ბევრად მკაცრი ვიქნებოდი…

  5. ვეკო ჩხეიძე says:

    იქ, შორეული უნივერსიტეტის დროს მე და აჩოც გაგვიშვეს, რადგანაც ’’შეყვარებულები ვიყავით და ხომ არ შეარცხვენდა ბიჭს’’ :)))

    ’’ძველი 70-იანები’’ გამახსენდა ბიჭი რომ გოგოს ეპრანჭებოდა🙂

Comments are closed.