ფეისბუქის შემცვლელები

ყოველთვის ვწუწუნებ იმაზე რომ ინტერნეტში ბოდიალი უამრავ დროს მაკარგვინებს და სულ ვცდილობ სხვადასხვა მეთოდებით ვებრძოლო ამ დამოკიდებულებას. არადა თავისუფალ დროს ძალიან ბევრი სასარგებლო რაღაცის გაკეთება შეიძლება ფეისბუქის რეფრეშის მაგივრად. ჰოდა, რამდენიმე შესანიშნავი მეთოდი მაქვს, რის გამოც შემიძლია ლეპტოპი დავხურო და სასარგებლო საქმიანობას შევუდგე.

გარდა იმისა, რომ ცოტ-ცოტას ვკითხულობ, მოგეხსენებათ ვქსოვ ხოლმე . ძალიან კარგი რამეა, შედეგიც დიდხანს გრჩება, შექმნილი პროდუქტი სასარგებლოა და გამოსაყენებლად ვარგისი, თუ რა თქმა უნდა ეს საქმე ჩემსავით კარგად გამოგდით, მაგრამ მხოლოდ ზამთრობით და გვიან შემოდგომით, როცა სეზონია . სხვა დროს გულს ვერ ვუდებ, ეგება და მერე აღარც მომეწონოს რაც გავაკეთე. ადრე ვკერავდი კიდეც, მაგრამ ახლა საკერავ მანქანაზე ხელი აღარ მიმიწვდება, არადა ეს უკანასკნელი შეიძლება ზამთარშიც ისევე კარგად აკეთო, როგორც დანარჩენ სეზონებზე.

მოკლედ, ვინაიდან და რადგანაც ახლა გაზაფხულია, ზემოთხსენებული საქმიანობა აღარ გამომადგება და “მიმართულება” შევიცვალე: სამკაულების კეთებას მივყავი ხელი. თანაც, ეს უფრო იოლია, ბევრ დროს არ გართმევს და რამდენიმე საათში შეიძლება მშვენიერებების კეთება:


წეღან ვუყურებდი იუთუბზე ხატვის ტუტორიალებს და გამახსენდა , რომ ოდესღაც ვხატავდი კიდეც 🙂 არ იქნებოდა ურიგო, შემეხსენებინა, ბოლოსდაბოლოს ცარიელ კედლებს შევავსებ. ამისთვის უბრალოდ ფურცლები და რამდენიმე სახეობის შავი ფანქარი მჭირდება. მრავალფეროვნებისთვის ჯანდაბას, ფერადი ფანქრებიც.

ხანდახან ვარჯიშიც კარგია, ბოლოსაბოლოს ყველაზე სასარგებლო რამეა ჩამოთვლილთაგან. ზოგჯერ სახლში ვვარჯიშობ, ზოგჯერ იპოდრომზე დავრბივართ მე და ყვავა. მერე ამაყად ვისინჯავ ფეხის კუნთებს და კმაყოფილი ვბრუნდები სახლში. თიდანში ვარჯიშიც კარგი იყო, მაგრამ ფულის ზედმეტად ხარჯვას ვარჩიე სახლში მეკეთებინა იგივე და მგონი არ მოვქცეულვარ ურიგოდ.

მოკლედ, ჯერჯერობით ესაა რასაც მონაცვლეობით ვაკეთებ ხოლმე რომ არ მოვიწყინო. მართლა ძალიან კარგი რამეა რაღაცების კეთება, იმისდამიხედვით, რა უნარებს ფლობთ და არ დაიზაროთ, ადექით ხოლმე კომპიუტერიდან 😉

7 thoughts on “ფეისბუქის შემცვლელები

  1. teennewson ამბობს:

    ეს პოსტი მომხვდა. ფეისბუქი ჩემი ტკივილია, სწავლაში ძალიან მიშლის ხელს. პრინციპში ზოგადად კომპიუტერი.
    რამდენ კარგ საქმეს გავაკეთებდი დროის დიდ ნაწილს კომპიუტერს, რომ არ ვუთმობდე. შენ ჭკვიანურ გზები გამოგინახავს.

  2. Dionysus ამბობს:

    არასოდეს არ მესმოდა ეს ფეიქბუქისგან დამოკიდებულება. მე ყოველ შემთხვევაში არასდროს არ შევუწუხებივარ – ყოველ დღე კი შევდივარ, მაგრამ დიდ დროს ნამდვილად არ ვუთმობ და დამოკიდებულებაზე საუბარიც არაა. თუ რამე სიახლეა ან ვინმემ მომწერა, ბრაუზერში (google chrome) მაქვს სპეციალური გაფართოება (extension), რომელიც შესაბამისად მატყობინებს და მეც მაშინვე ვრეაგირებ, ანუ ფეიქბუქზე 24 საათი ჯდომა და რეფრეში არ მჭირდება.

  3. kristi887 ამბობს:

    ჩემი ფეისბუქი სუ ჩართულია, მაგრამ მე არ ვზივარ კომპტან ისეა ხოლმე:) თან მეც ვქსოვ ძალიან კარგად და სამკაულებსაც ვაკეთებ, მაგრამ თ მუღამზე ვარ მხოლოდ მაშინ, ეხლა პრეზენტაციები მაქვს ბლომად საკეთებელი და ვზივარ მაინც კომთან, თან სასწავლიც აქ მაქვს და დამგალა ვერარ ვიტა ხოლმე და ვეჩხუბები კომპიუტერს რატომ არსებობთქო:) ლოლ:)

  4. pelagiaa ამბობს:

    ჭეშმარიტად კარგი საქმიანობებით ცვლი ფეისბუქს, ყოჩაღ!
    თუნდაც უბრალოდ გარეთ გახვიდე და გაისეირნო ამ დროში ბევრად უკეთესია ვიდრე ერთ ადგილას ჯდომა და მზერის ფიქსაცია ეკრანზე 🙂

  5. Mari ამბობს:

    მეზიზღება, როცა იმდენი დრო მაქვს, რომ შემიძლია უდრტვინველად ვეჯდე ფეისბუქს და ვარეფრეშო. ქსოვა და ეგეთი რამეები კი მხოლოდ რამე კარგი ფილმის ან სერიალის ფონზე შემიძლია, თორემ ასე მგონია, სამყაროს მოვწყდი 😀

  6. CreaTive ამბობს:

    რა კარგია ასეთი პოსტი რო დაწერე,წავედი ეხლა ისტორიის წინა გაკვეთილები ვისწავლო. მერე რა რომ ავად ვარ და სკოლაში არ მივიდივარ. გმადლობ 🙂

დისკუსია დახურულია.