მე მიყვარს

მიყვარს ჩემს სახლში გაღვიძება. არსად ისე ტკბილად არ მძინავს ხოლმე, როგორც ჩემს ტერიტორიაში, სადღაც, ბალიშსა და ლეიბს შორის ცხვირგაკვეხებულს.

მიყვარს დილა, მიუხედავად იმისა, რომ გაღვიძებისას მთელ სხეულში ტკივილი დამივლის ხოლმე, გეგონება კომიდან ეს-ესაა გამოვედი. თვალებს ძლივს ვახელ და ჩემი წამოდგომის უსუსური მცდელობებიდან მეათე მაინც აღმოჩნდება ხოლმე შედეგიანი. ადგომაც მეზარება, ზურგი თბილად მაქვს და საწოლიდან გადავარდნისგან მკერდზე და წელზე შემოხვეული ხელები მიცავენ. მეღიმება და ფრთხილად ვიშორებ ხელებს. ვდგები და ჭუჭყუნ-ჭუჭუნით მივდივარ აბაზანისკენ, რა თქმა უნდა ჩუსტებისთვის პროტესტგამოცხადებული.
ვაშა, გაშეშებული სახის წესრიგში მოყვანის ოპერაცია დასრულებულია. შემდეგი ნაბიჯი ან უნივერსიტეტში წასვლაა, ან ისევ საწოლში შეცოცება და სადმე თავისუფალ ადგილას მოკალათება.
… ლექციებიდან მალე ვბრუნდები და ჩაცმული ვწვები საწოლში. ამჯერად ჩემი ცხვირი სადღაც ბალიშსა და თბილ კისერს შორის თბება…
მიყვარს დილა, მიუხედავად იმისა, რომ გაღვიძებისას მთელ სხეულში ტკივილი დამივლის ხოლმე, გეგონება კომიდან ეს-ესაა გამოვედი.
ადგომა ისევ მეზარება. ამჯერად ძალიან მეზარება. სახლში ვრჩები და კმაყოფილი, სინდისის გარეშე ვაცმაცუნებ ფეხებს დიაგონალზე: მარტო ყოფნით ვსარგებლობ და საბანს ოთხად ვიხვევ ტანზე. სემინარი გავაცდინე. ხვალ ორი საათით მეტს გავატარებ ბიბლიოთეკაში. სამაგიეროდ, მთელი ტანით ვგრძნობ, როგორ თბება ოთახი განიერი აივნიდან შემოსული მზის სხივებით და სახეს მიწვავს. ცხვირს ისევ სადღაც, ლეიბსა და ბალიშს შორის ვაკვეხებ და ხუთიოდე წუთით ვწყვეტ ფეხების ცმაცუნს…

მიყვარს დილა, მიუხედავად იმისა, რომ გაღვიძებისას მთელ სხეულში ტკივილი დამივლის ხოლმე, გეგონება კომიდან ეს-ესაა გამოვედი.
თვალები ჯერ არ გამიხელია, ისე მესმის სამზარეულოდან ტაფის იატაკზე დახეთქების, ან ჭიქების ლეწვის ხმა. აი თურმე ვის დავემსგავსე. ჯერ დილის 9 საათია და დედაჩემმა უკვე მოასწრო ქათმის შეწვა, ხაჭაპურის გამოცხობა, ან სულაც, ტოლმის გაკეთება. ერთი კვირა ჭამის მეტს არაფერს გავაკეთებ, გადაწყვეტილია.
ადგომას არ ვჩქარობ, სახლი დალაგებულია. ლეპტოპს მივათრევ საწოლში და ყურსასმენებს ვირგებ ნახევრად, ცალ ყურზე: დედაჩემის რეპლიკები რომ არ გამომრჩეს. გუმანით გრძნობს როდის ვიწყებ მუსიკის მოსმენას და მომენტალურად მითრევს დიალოგში.

ჩემი ყველა დილა მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ გაღვიძებისას მთელ სხეულში ტკივილი დამივლის ხოლმე და გეგონება კომიდან ეს-ესაა გამოვედი.

როცა გაზაფხულდება, დილით, მზის ამოსვლამდე გავიღვიძებ, გავალ აივანზე და თვალებდახუჭული, წარმოდგენაში დავინახავ როგორ ამოდის ჩემი აივნის წინ არსებული უზარმაზარი შენობის უკნიდან მზე

7 thoughts on “მე მიყვარს

  1. wissner says:

    დილით განსაკუთრებით ადგომის მცდელობები მაქვს საოცარი, ვცქმუტავ და ზეწარში ისე ვიბლანდები, თითქოს ერთ დიდ ლაბირინთში ვეხვევი. :დ

  2. Mari says:

    რამდენი ხანია დილა არ მინახავს.. ორი ვარიანტია: ხან სულ ვერ ვნახულობ, ხან კიდევ ჩემი თანდასწრებით თენდება.

  3. BigCrow says:

    ყველაფერი კაია, მაგრამ ბალკონში წაუიაღლიშე, სამხრეთისკენ იყურება ეგ :)))

  4. siyvarulovna says:

    ვერ ვიტან დილას, მითუმეტეს ადრე გაღვიძებას და კიდევ უფრო მითუმეტეს ადრე ადგომას😐

  5. Wickly says:

    ყველაფერს, რომ თავის ხიბლი აქვს ამაში დღითიდღე უფრო და უფრო ვრწმუნდები :დ

  6. vekoo says:

    ყველაზე მაგარი გაყინული ცხვირის თბილ კისერში ჩარგვის მომენტია ^_^ მერე გათბობს…

Comments are closed.