დაგვიანებული ახალი წელი

ეს პოსტი რამდენიმე დღის წინ უნდა დამეწერა, მაგრამ დამეზარა, ამიტომ ახლა ჩავაბარებ ჩემს ბლოგს მოკლე რეპორტს იმის შესახებ, თუ როგორ შევხვდი ახალ წელს.

მე და ახალ წელს საერთოდ, უცნაური ურთიერთობა გვაქვს. როცა რაღაცას ველოდები მისგან და მიხარია ხოლმე მისი მოსვლა, ყველაფერი ფლავდება, ამიტომ კარგა ხანია ნეიტრალიტეტს ვიცავ. წელს გადავწყვიტე ურთიერთობის გამოსწორება და გრინჩის ბუნაგიდან გამოვძვერი, მაგრამ ალბათ სიცივე ვეღარ ავიტანე და ჩავვარდი ლოგინად, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

მოკლედ, 29 დეკემბერია და წესით ჩემს სახლში ახალი წლის ციებ-ცხელება უნდა მქონდეს , მეკი ვწევარ და ფეისბუქს ვარეფრეშებ ძილთან მონაცვლეობით. ხელი ჩავიქნიე და ჩემს ბიჭს მივწერე ჩემთან ერთად მისცემოდა აპათიას და ყველაფერი დაეკიდებინა. დედაჩემი აინუშშიც არ აგდებს ჩემს სიცხეს და მოვალეობის მოხდის მიზნით ხაჭაპურებს მიცხობს და საცივს აკეთებს.

საღამოს ამოვიდა ყვავა, ამომიტანა წამლები, დადგა ნაძვისხე და მიბრძანა 31ისთვის გამოვჯანმრთელებულიყავი. ბრძანების მხოლოდ ნაწილი შევასრულე და ოთახში გავიარ-გამოვიარე. იმის მაგივრად რომ საღამოს სადმე წავსულიყავი და შინ დილით შემოვსულიყავი, ვიჯექით მე ჩემი ბიჭი და დედაჩემი და ვსვამდით. ბოლოს ახალი წელი მოვიდა. მეორე დღეს გამახსენდა მხოლოდ რომ სურვილის ჩაფიქრება დამავიწყდა.

მეკვლედ ეგრეთ წოდებული მაზლი გვყავდა, 1ზე ნათია ქეთო და ანინა მოვიდნენ. ვისხედით და უაზროდ ვიცინოდით რაღაცებზე. მეორე ახალი წელია ჩემი და გოგოების და ძალიან მიხაროდა, ყველა გვერდით მყავდა, ყველა. ახალ წელს შევხვდი დედასთან, ჩემს ბიჭთან, მეგობრებთან ერთად – ამაზე უკეთესი რამე წარმოუდგენელი იყო: ვიჯექი და ვუყურებდი ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ალბათ ძალიან ბევრ წელს გავატარებ კიდევ. (მომიტევე მკითხველო ჩემთვის ასეთი შეუფერებელი სიყვარულობანასთვის)

მერე ბავშვები წავიდნენ და დავიძინე. ასე დამთავრდა ის ღამე. 1 იანვარს გარეთ გასვლის უფლება მოვიპოვე და ყვავასთან გადავედი. მხოლოდ იმ დღეს ვიგრძენი ახალი წლის სუნი. საღამო იყო და ცივ ჰაერში კიდევ შუშხუნების და დამწვრობების სუნი იდგა. გზაში ვფიქრობდი, მართალია თუ არა ის სიბრძნე, რომლის მიხედვით, ახალ წელს როგორც დაიწყებ და რასაც დაიბედებ, ისე გაატარებ მთელ წელს-მეთქი. ალბათ სისულელეა. იმიტომ რომ ყველა დაბრკოლებას თუ წინსვლას, რაც ჩვენს თავს ხდება საკუთარივე ხელით ვიქმნით, ასე რომ გადავწყვიტე ნაკლებად მჯეროდეს გარემო ფაქტორების და ნაკლებად დავუშვა ხოლმე სისულელეები .

რადგან იმ ჯადოსნურ ღამეს სურვილის ჩაფიქრება დამავიწყდა, ჩემს თავს დავუდე პირობა. მთელი წელი იმაზე უკეთესი ვიქნები, ვიდრე შარშან ვიყავი და საფუძვლიან ნიადაგს მოვუმზადებ შემდეგ წელს იმისთვის რომ მორიგი ახალი წელი კიდევ უფრო კარგი იყოს.

მოგვიანებით გილოცავთ ახალ წელს.

 

10 thoughts on “დაგვიანებული ახალი წელი

  1. siyvarulovna says:

    სოუ ჩუყდ <3<3<3
    მთელი საღამოა იმენა თვალებიდან ცრემლებს ვიწმენდ :დ

  2. wissner says:

    მხოლოდ იმ დღეს ვიგრძენი ახალი წლის სუნი. საღამო იყო და ცივ ჰაერში კიდევ შუშხუნების და დამწვრობების სუნი იდგა.

    აწწწ, გულმა რეჩხი მიყო.

  3. teennewson says:

    jobs gvian, vidre arasdros.. ase, rom gilocav axal wels da shobas.. : * mshvenieri axali weli gagitarebia.. gaxsovs mainc ra moxda 1 shi, chemgan gansxvavebit😀

Comments are closed.