გოგონა დრაკონის ტატუთი

იშვიათად მომწონს ხოლმე წიგნები. პრინციპში, იშვიათად თუ წააწყდები სადმე კარგ წიგნს და ეს კარგი წიგნებიც კატეგორიებად იყოფა ხოლმე ჩემთვის: ისინი, რომელიც ჩემს ხასიათში ზუსტად ჯდებიან პერსონაჟებით და გარემოს აღწერით და ისინი, რომლებზეც მიუხედავად ჩემს გემოვნებასთან შეუთავსებლობის გამო ცუდს ვერ ვიტყვი.

მსოფლიო ბესტსელერად აღიარებულ წიგნს, “გოგონა დრაკონის ტატუთი”, ვაღიარებ, თავიდან ცოტა უდიერად მოვეკიდე, აღარაფერს ველოდებოდი წიგნისგან რომლის პირველი ათი ფურცლის წაკითხვის შემდეგ მისი თავიდან მოცილება მომინდა. მაინც გადავწყვიტე გამეგრძელებინა და აგერ უკვე დღეს, იხილავთ ჩემს ე.წ “რეცენზიას” მასზე. ვეცდები უბრალოდ დადებით და უარყოფით მხარეებზე ვისაუბრო და წაკითხულის მოკლე შინაარსი არ გამომივიდეს.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნი საკმაოდ სქელტანიანია და ზარმაცი მკითხველი შესაძლოა დააფრთხოს კიდეც, ყბადაღებულ ათ ფურცელს თუ მოერევით, დანარჩენის წაკითხვა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. სხვათაშორის , ამბობენ რომ არც ისე კარგი თარგმანია, თუმცა ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ, შედარების გასაკეთებლად ორიგინალის წაკითხვა ნამდვილად არ შემიძლია. წიგნის პლიუსად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტიც , რომ სიუჟეტები ერთმანეთს ენაცვლება და სწრაფად იცვლება ვითარება, ამიტომ მათთვის, ვისთვისაც უცხოა ეკონომიური გამოთვლები და სხვა მსგავსი დეტალები, რომლებც საკმაოდ ხშირად შეგხვდებათ წიგნში, სიუჟეტიდან სიუჟეტზე გადანაცვლება ერთგვარი შვებაა.

მიმდინარე მოვლენები და ზოგადად მოთხრობილი ამბავი წიგნის სახელწოდებისგან საკმაოდ შორსაა. მთავარი გმირი გოგონას, ლიზბეთის ტატუ სრულებით არ ფიგურირებს ამბავში და მეტიც, ყურადღება მეტად გამახვილებულია ქალის სხვა ღირსებებსა თუ ნაკლოვანებებზე, ვიდრე ტატუს, ამიტომ ცოტა გაუგებარია ჩემთვის, რატომ ითარგმნა წიგნის ნამდვილი სახელწოდება “ქალთმოძულე კაცები”, როგორც “გოგონა დრაკონის ტატუთი” , თუმცა ეს ავტორის შეცდომად ალბათ არ შეიძლება ჩაითვალოს და ჩემს თვალში ნაწარმოები ამით სრულიადაც არ დაკნინებულა.

დიდი ყურადღება მივაქციე ავტორის თხრობის სტილს. ალბათ ყველა ამჩნევს ხოლმე, როგორ განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურა და მწერლების თხრობის სტილი ერთმანეთისგან. კარგი მწერალი აუცილებლად შეუქმნის მკითხველს შთაბეჭდილებას, თითქოს ეს უკანასკნელი ამბის უშუალო მონაწილეა. მე ამჯერად შვედეთში ვიმოგზაურე და წავიკითხე წიგნი, სადაც თვით სასიყვარულო სცენებიც კი რეალობასთან სრულ თანხვედრაშია. არაფერი ზედმეტი, გაზვიადებული და მაღალფარდოვანი.. თუმცა, ვისაც უყვარს რომანტიკა და გადაჭარბებული ვნებათაღელვები, შესაძლოა არათუ ზემოთხსენებული მომენტები, სრული წიგნიც კი მეტისმეტად მშრალი შეიძლება მოეჩვენოს.

მგონი ჯერჯერობით მხოლოდ დადებით მხარეებზე ვისაუბრე, ამიტომ ორიოდე სიტყვით შევეხები წიგნის მინუსებს:

დასაწყისში ტყუილუბრალოდ არ მიხსენებია ვრცელი ეკონომიური მიმოხილვები. ჩემი მოკრძალებული აზრით , ავტორს შეეძლო უფრო ვრცლად ესაუბრა მთავარ გმირებზე და მათ ურთიერთობებზე, რაც უფრო საინტერესო და ფაბულისთვის შესაფერისი იქნებოდა, ვიდრე ერთგვარი აუდიტები გამოძიების დეტალებზე თუ ბირჟების გაკოტრების საშიშროებაზე. როგორც წესი, საქმეში ჩაუხედავ მკითხველს, მაგალითად ისეთს, როგორიც თქვენი მონა მორჩილია, სულაც არ სურს მოწყდეს მთავარ მოვლენებს და რამდენიმე ფურცელი ვრცელი და უინტერესო მიმოხილვის კითხვაში გაატაროს.

და ბოლოს, დასასრული:

ამბობენ, რომ ბესტსელერის გაგრძელება მალე დაიბეჭდება და მეც სულმოუთქმელად ველოდები. არამხოლოდ იმიტომ , რომ მომეწონა და მინდა გავაგრძელო. იმიტომაც რომ ძალიან სწრაფად სრულდება და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას ტოვებს, თითქოს ავტორმა იჩქარა და სასწრაფოდ დაასრულა პირველი ნაწილი, დანარჩენი კი შემდეგისთვის შემოინახა. ასეა თუ ისე, თუ ორიოდე ლაფსუსს და “დაჩქარებულ” დასასრულს არ ჩავთვლით, ძალიან მომეწონა წიგნი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მისი წაკითხვა ნამდვილად ღირს.

18 thoughts on “გოგონა დრაკონის ტატუთი

  1. Herman ამბობს:

    Anna, შენგან განსხვავებით მე შესავალი ძალიან მომწონს – გარკვეულწილად გამზადებს იმისათვის, რაც შემდგომში ხდება. დანარჩენი, საინტერესოა, თუმცა დიდი ლიტერატურული ღირებულებისა ამ წიგნს არაფერი არა აქვს – ბესტსელერია მორიგი, თუმცა კარგად დაწერილი და ეგაა 🙂 მეორე წიგნიც საინტერესოა და მესამეც, თუმცა პირველი ჯობია ყველას (ეს ჩემი აზრია რა თქმა უნდა). 🙂

    • siyvarulovna ამბობს:

      დასაწყისში პირველი გვერდი არ უგულისხმია სადაც მოხუცი საჩუქარს იღებს :დ
      ბლუკვისტის ისტორია და ეკონომიკური მაქინაციები რომ იწყება ეგ არის საოცრად მოსაბეზრებელი,

      ფაქტიურად ორი სხვადასხვა ისტორიაა და სულაც არ იყო საჭირო ერთ წიგნში მოქცევა :დ იმჰო

  2. Herman ამბობს:

    ჰმ… რია ვიცი, მგონი რომ ძალიან კარგადაა აღწერილი ის ფაქტორები, თუ რამ აიძულა ბლუმკვისტი დათანხმებულიყო ვანგარის შეთავაზებას! უფრო იმფჰო!!!

    • siyvarulovna ამბობს:

      მაგის თქმა აღწერა სხვა სიტუაციიდაც შეიძლებოდა ფინანსური მაქინაციები სულაც არ იყო საჭირო, იმიტომ რომ ბევრს, ჩემსავით მოსწყინდება რაღაცა უაზრო კომპანიის მაქინაციები

  3. Herman ამბობს:

    ის, რომ შენ და ანას შეიძლება მოგწყინდეთ, ავტორს მგონი ამ შემთხვევაში არ აღელვებს 🙂

    • siyvarulovna ამბობს:

      არა და წესით უნდა აღელვებდეს, იმიტომ რომ ჯერ არ მინახავს ვინმე, სენს გარდა, ვისაც ეგ ეკონომიკური საკიტხები მოეწონა

  4. Herman ამბობს:

    მე მომეწონა – იმიტომ, რომ ეგ ეკონომიკური საკითხები განსაზღვრავენ ბევრ რამეს წიგნში – რამდენი გვერდი აქვს დათმობილი ეკონომიკურ საკითხებს წიგნში? ძალიან ბევრი – ეს არის პოპულარული ხერხი თუნდაც საყოფაცხოვრებო ეკონომიკაში რომ ჩავიხედოთ :))) რაღაც დონეზე აზრზე ხომ უნდა იყო არა? 🙂 მე ვთვლი, რომ აბსოლუტურად სწორედაა წიგნი შედგენილიც და დაწერილიც 🙂

    • anna ამბობს:

      საყოფაცხოვრებო ეკონომიკა ვერ დავინახე რაღაც, რომელი იყო წვრილი ეკონომიკით დაკავებული, ვენერსტრომი თუ ვანგერი?:დ

  5. TFromJungle ამბობს:

    ორიგინალი რა ენაზეა? ბოლო წიგნი გამოსულია? ან ცნობილი თუა როდის გამოვა. რას ჰარი პოტერს ველოდე, იმას მეორედ ვერ გადავიტან

  6. Kate_AlukaЯD ამბობს:

    აჰა დავწერე მეც და სუფთა სინდისით წავიკითხე შენი და ნათიას პოსტებიც :დ

    ხოდა ტატუ რატომ უნდა ფიგურირებდეს გოგონა დრაკონის ტატუთი ქვია წიგნს “დრაკონის ტატუ გოგონათი” კი არა :დდდდ მეორე ნაწილს ქვია გოგონა რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა და მესამეს არ მახსოვს მაგრამ მალე მინდა რომ გამოვიდეს ^^ მეშინოდა რომ არ მოგეწონებოდა ^^

  7. Mr. Nomad ამბობს:

    ძალიან მომეწონა ეს წიგნი, ყველა იმ დეტექტივისგან განსხვავდება, რომელიც აქამდე წამიკითხავს.

    შენი პოსტიც კარგია ❤

    მალე ჩემსას შემოგთავაზებთ 🙂

დისკუსია დახურულია.