ფესტივალის დასასრული – გზა შინისკენ

დღეს ფესტივალის დახურვაა. ცოტა გულიც მწყდება, მით უმეტეს, ბოლო ორი დღე არც ერთი ფილმი არ მინახავს. ჩამოვიდა ნათია და ყველაფერს მომწყვიტა. პრინციპში, ერთადერთი ფილმი, რომლის ნახვაც მინდოდა, მელანქოლია იყო, სხვა დანარჩენს დიდად არ დავლოდებივარ. საბოლოოდ, იმდენჯერ გადაიდო, უკვე აღარ მქონდა იმედი, რომ ვნახავდი, შესაბამისად კინოთეატრში მისვლით თავი არ შემიწუხებია.

როგორც აღმოჩნდა არცთუ ტყუილად: მელანქოლია არც გუშინ აჩვენეს და არც გუშინწინ. ამბობენ რომ დღეს ვნახავთ, თუმცა საინტერესოა როგორ, როცა დღის განრიგი უკვე გაწერილია და მით უმეტეს დახურვის ცერემონიალი და რეჟისორების დაჯილდოვებაა.

ჩემი ფავორიტი ორი ფილმია:

“when we leave”, რომელიც როგორც ერთ-ერთ პოსტში აღვნიშნე, თურქულ ოჯახში არსებულ მენტალურ პრობლემებს ასახავს და და “გოლჩერეჰი” , ირანელი რეჟისორის ფილმი, თალიბანების მმართველობის დროს წარმოქმნილ პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის მცდელობებზე. საინტერესოა, რა ფილმებს აირჩევენ ჟიურის წევრები. ძალიან მინდა ჩემი და ჟიურის გადაწყვეტილება ერთმანეთს დაემთხვეს🙂

დღეს ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმს “გზა შინისკენ” გვიჩვენებენ და ფესტივალიც დამთავრდება. თბილისში დაბრუნება არ მინდა. რაც ნათია ჩამოვიდა, განსაკუთრებით მას შემდეგ. მზიანი ამინდები , სითბო, ფილმები, პრესკაფე, ანუ ბათუმური “ელვისი” , მოკლედ, გამიტკბა აქ ყოფნა და უკვე ვიცი, მომავალ წელს, ამ დროს ისევ ჩამოვალ, ისევ ვნახავ ბევრ ფილმს, ისევ ვივლი მასტერკლასებზე და პრესკონფერენციებზე და ამ ყველაფრის გამო ისევ მომიწევს დილით ადრე გაღვიძება ზღვაზე🙂

გარდა იმისა რომ აპოლო და ფესტივალის დღეები მომენატრება, თბილისში სიცივეც მელოდება . აქ თბილ ამინდებს შეჩვეული, სულაც არ მინდა ცივი შემოდგომის დადგომას შევეგუო. ჰო, კიდევ, როდის გავატარებ კიდევ ველოსიპედს, არ ვიცი, ან სად გავატარებ ისე უსაფრთხოდ, როგორც ბათუმის ბულვარში. ქუჩაში ჩემი გაშვება ჯერჯერობით შეუძლებელია , ფაქტიურად მოსიარულე ნაღმი ვარ, ღმერთმა იცის ვის შევეჯახები და სულს გავაფრთხობინებ. ბათუმში ჯერჯერობით საკუთარი მუხლი და რამდენიმე ურნა ვიმსხვერპლე . პალმებმა მედგრად გამიძლეს ..

ცალკე პოსტის დაწერა მინდოდა ბათუმზე. აქ ხომ პირველად ვისვენებ, მაგრამ გადავიფიქრე. ჩამოსვლისას ვეცადე უცხოელის თვალით შემეხედა ყველაფრისთვის და ისეთივე აღფრთოვანებული გამომეტყველება მქონოდა, ტელევიზორში, კურიერის სიუჟეტში მოსაუბრე ტურისტებს რომ აქვთ ხოლმე, მაგრამ ამაოდ.

ბათუმს კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი დრო სჭირდება იმისთვის რომ კარგ საკურორტო ზონად იქცეს და მით უმეტეს უცხოელი ტურისტების მოთხოვნები დააკმაყოფილოს. განვითარება მიდის ერთი მიმართულებით, ბულვარის და ღამის კლუბების აღმშენებლობის გარდა ქალაქში არაფერი ახსოვოთ . ღამის ცხოვრება მარტო კლუბებში გრძელდება, ისიც არ ვიცი როდემდე, არის თუ არა შეზღუდვა დროზე .. რაც შეეხება წყნარ, მოსასვენებელ ადგილს, სადაც შეიძლება 12 საათის შემდეგ შეხვიდე, დაჯდე, იმუშაო, გქონდეს ინტერნეტი ან უბრალოდ ყავა დალიო, არ არსებობს, ან დიდი იმედი მაქვს, მე ვერ ვიპოვნე..

ქალაქი საცხოვრებლად მოუხერხებელია, წყლის პრობლემა დღემდე არსებობს, ვერ იშოვნი სასურველ პროდუქტს, სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში თითქმის მხოლოდ ელემენტარული მოხმარების საგნები მოიპოვება.. განსხვავებით საკვებისა და ყოველდღიური მოსახმარი საგნებისგან, დიდი ყურადღება ექცევა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიებს , აქსესუარებს და თითქმის ყოველ ნაბიჯზე მხვდებოდა გადასარევი სამოსის ასორტიმენტი🙂 თუ ოდესმე დიდი შოპინგის მოწყობას გადავწყვეტ და ფული მექნება, ბათუმში წამოვალ და გავღარიბდები🙂

სხვა გითხრათ, რით გაგახაროთ? ჰო, სუფთა და კრიალა ქალაქია, ისეთი სუფთა, რომ ქალაქს ურნების არსებობითაც კი არ აბინძურებენ. თუმცა ეს სისუფთავე მხოლოდ ბულვარის მიმდებარე მიდამოებში შეინიშნება . რა თქმა უნდა, ჯერაც ბევრია ისეთი ტერიტორია, რასაც მიხედვა სჭირდება. იმედია ოდესმე მართლა ვიამაყებ ბათუმით, მანამდე კი ისევ ვიფიქრე რომ თურქეთში სრულიად უბრალო სანაპიროზეც კი უკეთეს დროს გაატარებ, ვიდრე შერატონის პლაჟზე …

5 thoughts on “ფესტივალის დასასრული – გზა შინისკენ

  1. siyvarulovna says:

    ჰო დამაბრალე ეხლა მე :დ
    სამაგიეროდ მე რომ არა შენ ზღვაზე ცხვირს არ გაჰყოფდი ალბათ :დდდ

    ბათუმური ელვისი მაგარი იყო :დდ

    • siyvarulovna says:

      უი და ჰო :დ ველოსიპედს ჩემი ძმა თუ გათხოვებს გამოფენაზე ისეირნე :დ

      ოღონდ იქ გააცილებით ბევრი ხალხია + მანქანები :დ

    • anna says:

      კარგი, დავწერ მაშ, სათქმელი ბევრი მაქვს , ძალიან ბევრი ;დ;დ;დ;

  2. Kate Alukard says:

    სგ სგ ^^ გოგო ისე მართლა ბატუმზე თუ დაწერ ცალკედ კარგი იქნება მართლა :))) მომავალ წელს იმედი მაქვს ერთად წავალთ :)))

Comments are closed.